ფარფლფეხიანები

(გადამისამართდა გვერდიდან სელაპები)

ფარფლფეხიანები (ლათ. Pinnipedia), ასევე ცნობილი, როგორც სელაპები — წყლის ძუძუმწოვრების ჯგუფი. მათი სხეული თითისტარისებურია. უმეტესობა შემოსილია უხეში ფაცახით. თივთიკი არა აქვთ. კუდი მოკლეა. ხუთთითიანი კიდურები ფარფლებადაა გარდაქმნილი. ზოგის კანქვეშა ცხიმის სისქე 8 სმ აღწევს. აქვთ 18-იდან (მორჟები) 38-მდე (ყურებიანი სელაპები) კბილი, მძლავრი ეშვები, კარგად განვითარებული თავის ტვინი. ფარფლფეხიანები წყალში კარგად ხედავენ, გრძნობენ ბგერებსა და სუნს. ნესტოები იხსნება მხოლოდ ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის დროს. ფარფლფეხიანებს ხანგრძლივად შეუძლიათ წყალქვეშ ყოფნა. წყალში საკმაოდ სწრაფად, ხოლო ხმელეთზე მოუხეშავად მოძრაობენ. იკვებებიან თევზებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით და სხვა. ყვინთვის დროს პულსი კლებულობს (წუთში 55—180-იდან 4—15-მდე). სხეულის ტემპერატურაა 36—37°C. ფარფლფეხიანები უფრო მეტ დროს წყალში ატარებენ, დროდადრო ზედაპირზე ამოტივტივდებიან ან ნაპირზე გამოდიან დასასვენებლად. განსაკუთრებით გამრავლების დროს, დედალი სელაპები, ზღვის კატები და ზოგიერთი სხვა ფარფლფეხიანები სქესობრივად მწიფდებიან 3 წლისა, მორჟი — 6 წლისა. მამლები კი ერთი წლის დაგვიანებით აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს. მაკეობა გრძელდება 8—12 თვემდე. შობენ ერთ (იშვიათად ორ) ნაშიერს. რძე დაახლოებით 36—52%-მდე ცხიმს შეიცავს. ფარფლფეხიანები მეტწილად გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ცივი და ზომიერი სარტყლების ზღვებში. თითო სახეობა მოიპოვება კასპიის ზღვაში, ბაიკალის, ლადოგისა და საიმის ტბებში. ფარფლფეხიანების უმრავლებობა ხროვად ცხოვრობს და ყინულოვან სანაპიროებზე ქმნის საკმაოდ ფართო საწოლარებს.

ფარფლფეხიანები
სამეცნიერო სახელი
Pinnipedia
მშობლიური ტაქსონი
მტაცებლები
ოჯახები
სურათები ვიკისაწყობში
Pinnipedia ვიკისახეობებში

ერთიანდებიან 20 გვარსა და 3 ოჯახში (მორჟისებრნი, ყურებიანი სელაპები და ნამდვილი სელაპები). მრავალ მათგანს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს თეთრმუცელა სელაპი, რომელიც ზოგჯერ შავ ზღვაში შედის და იშვიათად საქართველოს სანაპიროსთანაც გვხვდება. იგი მცირერიცხოვანი და გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა, შეტანილია „წითელ წიგნში“.

ნამდვილ სელაპებს (Phocidae) ყურის ნიჟარები არ გააჩნიათ, მათი ორივე წყვილი კიდური გარდაქმნილია ფარფლებად და ბრჭყალებით ბოლოვდება. უკანა ფარფლები უკნისაკენაა მიმართული და წყალში სამოძრაო აპარატს წარმოადგენს. აერთიანებს 12 გვარის 20-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული; განსაკუთრებით ბევრია პოლარული წრის განედებში.

ყურებიან სელაპებს (Otariidae) ყურის პატარა ნიჟარები აქვთ, მათი წინა ფარფლები მოკლებულია ბრჭყალებს, უკანა ფარფლები წინისაკენ მოიკეცება და, ისე როგორც წინა ფარფლები, წარმოადგენს სხეულის საყრდენს ხმელეთზე მოძრაობისას. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში: ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მხოლოდ წყნარ ოკეანეში, სამხრეთში — ყველა ოკეანეში. მათ განეკუთვნება ზღვის ლომები (5 გვარი 5 სახეობით) და ზღვის კატები (2 გვარის 6 ან 9 სახეობა).

ლიტერატურა

რედაქტირება