გენოციდი (ბერძ. γένος — ჯიში, თემი და ლათ. caedo — ვკლავ) — რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს. გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი ორგანულად უკავშირდება რეაქციულ „თეორიებს“, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე. წ. „უმაღლესი“ რასის გაბატონებას „დაბალ“ რასაზე და სხვა. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.

ბუხენვალდის საკონცეტრაციო ბანაკი

მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.

თავად ტერმინი „გენოციდი“ ხმარებაში XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. იგი, პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.

გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)

რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.

XX საუკუნის ყველაზე ცნობილი გენოციდის ფაქტები:

  1. ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება (ჰოლოკოსტი), სლავების, ბოშების (პარაიმოსი) და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლები, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
  2. სამი მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტასა და იენ სარის რეჟიმის დროს 1974-79 წლებში, კამბოჯაში.
  3. 1994 წელს-მასობრივი განადგურება რუანდეში, რის შედეგადაც ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაანადგურეს 800 ათასი ტუტსის ტომის წარმომადგენელი.

ტერმინის წარმოშობის ისტორია

რედაქტირება

საერთაშორისო სამხედრო სასამართლოს მიერ გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირების გასამართლების საკითხს, ანუ ნიურნბერგის პროცესს უკავშირდება შემდეგი ტერმინების დამკვიდრება; „კაცობრიობის წინააღმდეგ (მიმართული) დანაშაული“ და გენოციდი.

ნიურნბერგის ქარტიაში ტერმინ „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის“ შეტანა, ჰერშ ლაუტერპახის დამსახურებაა, რომელიც შემდეგ საერთაშორისო სამართლის პროფესორი გახლდათ კემბრიჯის უნივერსიტეტში. ხოლო, მის შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა მეორეც – რაფაელ ლემკინი, რომელმაც 1943 წელს შეიმუშავა სიტყვა გენოციდი და მასში ჯგუფების განადგურების საზრისი ჩადო.

ლემკინი „გენოციდის“ იდეის განმარტებისას აღნიშნავდა, რომ ეს ტერმინი მოიცავს „ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას და გულისხმობს შეთანხმებული გეგმის არსებობას, მიმართულს ინდივიდუალურად ამორჩეული პირების სრული განადგურებისაკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ჯგუფების წევრები. მისდა საპირისპიროდ, ლაუტერპახს სახიფათოდ მიაჩნდა ეს კონცეფცია - მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა, რომ ადამიანები ინდივიდები არიან და სამართლებრივად დაცულნი უნდა იქნენ როგორც ინდივიდები – არა იმიტომ, რომ რომელიმე ჯგუფის წევრები არიან. ლაუტერპახის გაგებით, საფრთხე მდგომარეობდა იმაში, რომ ლემკინის იდეა, რომელიც ჯგუფების დაცვას ემსახურება, შექმნიდა სწორედ იმის პირობებს, რომელთაგანაც ლემკინს ყველას დაცვა სურდა – კერძოდ, ერთ ჯგუფს დაუპირისპირებდა მეორე ჯგუფს. ის კონკრეტულად ჩამოაყალიბებდა იდეას, რომ ჯგუფებს აქვთ სამართლებრივი იდენტობა და საჭიროა მათი, როგორც ჯგუფების, დაცვა. ამდენად, ამ ორ იურისტს შორის ღრმა კონცეპტუალური დაპირისპირება არსებობდა.

ხშირად ხდება გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ცნებათა აღრევა. კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებსა და გენოციდს შორის ძირითადი განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ცნება ეხება ადამიანების დიდი რაოდენობის მოკვლას. ძალიან ბევრი ინდივიდის სისტემატური, მასობრივი დახოცვა მიჩნეულია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად. გენოციდი მისგან განსხვავდება: გენოციდის ფოკუსშია არა ინდივიდების დახოცვა, არამედ ჯგუფების განადგურება - სხვაგვარად რომ ვთქვათ, განადგურება დიდი რაოდენობით ინდივიდებისა, რომლებიც ერთი გარკვეული ჯგუფის წევრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერმინი ახლადდამკვიდრებულია, გენოციდის პრაქტიკას კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა ადგილი (თუმცა, მეცნიერთა უმეტესობა იშვიათი შემთხვევების გარდა ტერმინის გამოყენებას არ ემხრობა). ჯერ კიდევ ძვ. წ. V-IV საუკუნეში, თუკიდიდეს თანახმად, მაგალითად, პელოპონესის ომის დროს, ათენელებმა, მილოსის ხალხი მასობრივი სიკვდილით დასაჯეს არ დანებების გამო. ზოგადად, ანტიკურ ეპოქაში ომში გამარჯვებულებისთვის ჩვეული ქცევა იყო დაპყრობილი მოსახლეობის სრულიად ამოხოცვა. XIII საუკუნეში ალბიგოური ჯვაროსნული ლაშქრობაინოკენტი III-ის ინიციატივით წამოწყებული ოცწლიანი სამხედრო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ლანგედოკში, საფრანგეთის სამხრეთში აღმოცენებული რელიგიური მიმდინარეობის, კათარების ერესის ლიკვიდაციას, ხშირად მოხსენიებულია როგორც გენოციდის ადრეული ფაქტი. თუმცა, შუა საუკუნეების ეპოქის მკვლევარები ტერმინ გენოციდის ხმარებას ეწინააღმდეგებიან.

ნიურნბერგის პროცესი და საერთაშორისო სასამართლო

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებმა სსრკ-მა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დააარსეს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი, რომელსაც უნდა გაესამართლებინა დამარცხებული სახელმწიფოს გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები. ტრიბუნალმა ბინა დაიდო გერმანიის ქ. ნიურნბერგში. ნიურნბერგის პროცესი დაიწყო 1945 წლის 20 ნოემბერს და დასრულდა 1946 წლის 1 ოქტომბერს. გენოციდი, ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო გერმანელი ნაცისტების მიმართ.

ნიურბერგის პროცესზე დასაჯეს მესამე რაიხის პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, იდეოლოგიური და პროპაგანდისტული სტრუქტურის ხელმძღვანელები. სასამართლოზე ასევე განიხილებოდა დასჯილიყვნენ ნაციონალ-სოციალისტური პარტია, SS, SD, გესტაპო და გენშტაბი.

საყურადღებოა გაერთიანებული ერების პირველი ინიციატივები 1946 წლიდან, რომ შეიქმნას საერთაშორისო სამართლის კომისია (სსკ), საერთაშორისო სამართლის შემუშავების და კოდიფიცრებისთვის, ასევე, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს სტატუსის მომზადებისთვის. 1948 წლის 9 დეკემბერს გაერო-ს მიერ მიღებულ იქნა საერთაშორისო კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ. კონვენციით განიმარტა დანაშაულის შემადგენლობა.

საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის კრიტიკა

რედაქტირება

სამეცნიერო ლიტერატურაში აქტუალურია საკითხი ნიურნბერგის პროცესის სამართლიანობის თაობაზე. მკვლევართა ნაწილი ტრიბუნალს მიკერძოებულად მიიჩნევს და დასამოწმებლად ხშირად ხდება ჰერმან ვილჰელმ გერინგის სიტყვების ციტირება:

 
„რატომ არ ზის ჩემ გვერდით ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელმაც ახლახან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობისა და მშვიდობის წინააღმდეგ, როდესაც იაპონიის ქალაქების - ჰიროსიმასა და ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობას ატომური ბომბები დაუშინა?“

დღემდე განსჯის საგანია რის გამო შეიკრიბა ტრიბუნალი, იყო ეს მართლაც სასამართლო პროცესი თუ უბრალოდ ტერიტორიების ახლებული გადანაწილება ევროპაში. მოკავშირეებმა, ნაცისტური გერმანიის პოლიტიკური ელიტა გაასამართლეს არა გერმანული კანონმდებლობით, არამედ ახალშემოღებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და მათ მიანიჭეს საერთაშორისო დამნაშავეების სტატუსი. გერმანული კანონმდებლობით ვერ მოხდებოდა მათი გასამართლება იმ მიზეზით, რომ გერმანული კანონმდებლობა მათ ამ შინაარსის ბრალის წაყენების შესაძლებლობას ვერ მისცემდა. ბევრი მკვლევარისა და ისტორიკოსის აზრით, ნიურბერგის პროცესი არ გულისხმობდა სამართლიანობის აღდგენის ცდას და იგი შეფასებულია როგორც გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულთა დასჯა.

გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენცის მოკლე მიმოხილვა და მნიშვნელოვანი ფაქტები

რედაქტირება

1948 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენციის II მუხლის თანახმად, გენოციდი განისაზღვრა, როგორც საერთაშორისო დანაშაული, რაც გულისხმობს: ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:

  • ჯგუფის წევრთა მკვლელობა;
  • ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;
  • ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;
  • ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა;
  • ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.

კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან ამ დანაშაულის განხორციელება, ან მისი განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა დასჯა. კონვენციის მე-3 მუხლში მოცემულია დასჯადი ქმებების ნუსხა: გენოციდი, შეთქმულება გენოციდის ჩადენის მიზნით, პირდაპირი და საჯარო წაქეზება გენოციდის ჩადენისთვის, გენოციდის ჩადენის მცდელობა, თანამონაწილეობა გენოციდში.

გენოციდი ისტორიაში

რედაქტირება

კონგოს თავისუფალი სახელმწიფო

რედაქტირება

კონგოს თავისუფალ სახელმწიფოს მართავდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II, 1885-1908 წწ, რომელიც სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ატარებდა - იძულებითი შრომის მეშვეობით ის დაეპატრონა კონგოს მიწის მთელ სიმდიდრეს; კონგოს მაცხოვრებლებს როგორც მონებს ისე ექცეოდნენ – სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. სიკვდილის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო მკვლელობა, შეურაცხმყოფელი და სასტიკი სასჯელი, ექსპლუატაცია. ამასთან, რეგიონისთვის მანამდე უცნობმა ახალმა დაავადებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სავარაუდო მოკლულთა რაოდენობამ 10 000 000-ს მიაღწია. ევროპა აღშფოთებული იყო კონგოში ლეოპოლდის მიერ ჩადენილი სისასტიკით, რის გამოც 1908 წელს ბელგიის მთავრობამ აიძულა ის კოლონიის კონტროლი სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაეცა.

ჰოლოდომორი

რედაქტირება

ჰოლოდომორი - უკრაინელთა განადგურება მასობრივი შიმშილობის გამოწვევით საბჭოთა ხელისუფლების მიერ, რომლის სათავეში იოსებ სტალინი იყო. 1932-1933 წლებში. გარდაცვლილთა სავარაოდო რაოდენობა 7, 500, 000 ადამიანია. 1933 წელს მოსავლის სრული კონფისკაციის ხარჯზე გლეხებს საკუთარი თავის გამოსაკვებად მიზერული რაოდენობის საკვები დაუტოვეს. აკრძალული იყო რაიმე სახის საკვების შეტანა უკრაინის რესპუბლიკაში. უმძიმესი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სოფლებში – ხალხი შიმშილისგან მასობრივად იღუპებოდა, აღრიცხულია კანიბალიზმის ასობით შემთხვევა.

2008 წელს ევროპის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად სცნო. 2010 წლის 13 იანვარს უკრაინის სასამართლომ იოსებ სტალინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, ლ.კაგანოვიჩი, სტანისლავ კოსიორი, პაველ პოსტიაშევი, ვლას ჩუბარი და მენდელ ხატაევიჩი დამნაშავეებად სცნო უკრაინელი ხალხის გენოციდში.

რუანდას გენოციდი

რედაქტირება

რუანდას გენოციდი მოეწყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა ჰუტუს ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ. 1994 წლის 6 აპრილიდან მოყოლებული დაიწყო რუანდას მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც 100 დღის მანძილზე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც რუანდას პატრიოტულმა ფრონტმა დაიბრუნა ძალაუფლება, გენოციდიც დასრულდა. თუმცა, 2 000 000 რუანდელი ლტოლვილად იქცა (ძირითადად ჰუტუს ტომის წარმომადგენლები), ხოლო დაახლოებით 1 000 000 ადამიანი მოკვდა.

აღნიშნული გენოციდი სამოქალაქო ომის პერიოდში განხორციელდა, რომელიც 1990 წელს დაიწყო ჰუტუს მთავრობასა და პატრიოტულ ფრონტს შორის. რამაც საშინელი ზეგავლენა იქონია შემდგომში რუანდასა და მის მეზობელ ქვეყნებზე. გენოციდის დროს მასიურად ადგილი ჰქონდა გაუპატიურების შემთხვევებს, რის შედეგადაც გაიზარდა აივ ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა.

კამბოჯის გენოციდი

რედაქტირება

კამბოჯის გენოციდი განხორციელდა კომუნისტური პარტიის კამპუჩეას მიერ, გენერალ პოლ პოტის მეთაურობით, 1975-1979 წლებში. ქჰმერის რეჟიმის მიზანი იყო „მოსახლეობის გაწმენდა“ აგრარულ- სოციალისტური საზოგადოების შექმნის მიზნით. უსწორდებოდნენ ყველას, ვინც კი მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგე იყო – ინტელიგენციას, სასულიერო პირებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, შიმშილობამ და მონურმა შრომამ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსახლეობას მასიურად ხოცავდნენ და ერთად მარხავდნენ. აღმოჩენილია 20 000 ასეთი სასაფლაო, მსხვერპლთა რაოდენობა კი მიახლოებით 1 000 000-3 000 000 კაცია.

სომეხთა გენოციდი

რედაქტირება

სომეხთა გენოციდი იყო სომეხი ხალხის სისტემური განადგურება ოსმალეთის მმართველთა მიერ. 1915-1923 წლებში. გენოციდი დაიწყო 1915 წლის 24 აპრილს, როდესაც თურქეთის მთავრობამ 250 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა. ამის შენდეგ თურქმა სამხედროებმა სომხები საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და აიძულეს ასობით კილომეტრი ეარათ საკვებისა და წყლის გარეშე უდაბნოსკენ, რომელიც ამჟამად სირიაშია. ხოცვა-ჟლეტის დროს ანგარიშს არ უწევდნენ ასაკსა და სქესს – გაუპატიურება და სხვა სექსუალური ძალადობის აქტები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. გენოციდი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც მიმდინარეობდა. ხდებოდა ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და უნარშეზღუდული მოსახლეობის მასიური დეპორტაცია, შრომისუნარიან მამაკაცებს ხოცავდნენ. გენოციდის პერიოდში 1 500 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ბერძნების გენოციდი

რედაქტირება

ბერძნების გენოციდი - 1914-1923 წლებში. გენოციდი თურქეთის ტერიტორიაზე პირველი მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდს მოიცავს, როდესაც ხდებოდა ეთნიკური ბერძნების სისტემური განადგურება აღმოსავლეთ თრაკიასა და მცირე აზიაში. გენოციდი ჩაიდინა თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ. ისევე როგორც სომხები და ასირიელები, ბერძნებიც სასტიკ დევნას განიცდიდნენ „ახალგაზრდა თურქების“ მიერ, დაფიქსირდა – „სიკვდილის მარში“, მასიური ხოცვა-ჟლეტისა და გაძევების შემთხვევბი. სავარაუდოდ მოკლულთა რაოდენობა 1 400 000-1 700 000 ადამიანია.

ნიგერიის სამოქალაქო ომი იყო კონფლიქტი ეთნიკურ და პოლიტიკურ ნიადაგზე ჩრდილოეთში მცხოვრებ მუსლიმ ჰაუსას და სამხრეთში მოსახლე ქრისტიან იგბოს ხალხებს შორის. 1960 წელს ნიგერიამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 7 წლის შემდეგ კი, იგბოებმა ნიგერიიდან გამოყოფა სცადეს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ახლადშექმნილ სახელმწიფოს ბიაფრის რესპუბლიკა უწოდეს. გარდა სისხლიანი ხოცვა-ჟლეტისა, რასაც ნიგერია-ბიაფრას ომის დროს ჰქონდა ადგილი, ფედერალურმა მთავრობამ თვითგამოცხადებული სახელმწიფოს საზღვაო ბლოკირება მოახდინა, რასაც მოჰყვა ჰუმანიტარული კრიზისი და შედეგად შიმშილობა – ორ წელიწად ნახევარში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებებით. საბოლოოდ ბიაფრა 1970 წლის 15 იანვარს დანებდა, როდესაც მათი სამხედრო მეთაური კოტ დიუვარში გაიქცა. გენოციდი 1967-1970 წლებში იყო, რომლის შედეგადაც 1 000 000-3 000 000 ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანელთა გადასახლება აღმოსავლეთ ევროპიდან

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეთნიკური გერმანელები, რომლებიც გერმანიის ყოფილ აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ (მათ შორის, რუსეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და პოლონეთის ომამდელ მიწებზე), გამოდევნეს. ამ პერიოდში დაახლოებით 14 მილიონმა გერმანელმა მიგრაცია განიცადა. ეს იყო ყველაზე დიდი, ომის შემდგომი იძულებითი გადასახლება რაც კი მომხდარა ევროპის ისტორიაში. ბევრი ეთნიკური გერმანელი გააგზავნეს შრომით ბანაკებში, სადაც ისინი ხშირ შემთხვევაში იღუპებოდნენ. ეს მოვლენა შეფასდა როგორც ეთნიკური წმენდა. გერმანელთა გადასახლება აღმოსავლეთ ევროპიდან 1945-1950 წლებში მიმდინარეობდა, მოკლულთა სავარაუდო რაოდენობა კი 3 000 000-ს აღწევს.

ჰოლოკოსტი

რედაქტირება

ჰოლოკოსტი ყველაზე ცნობილი გენოციდია მსოფლიო ისტორიაში (1941-1945). ჰოლოკოსტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა – მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მიიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ებრაელები სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად აღარ ითვლებოდნენ და მათ რასობრივი ნიშნით განასხვავებდნენ. 1938 წლის 9-10 ნოემბერს გერმანია ანტისემიტურმა ისტერიამ მოიცვა, დაარბიეს ებრაელთა სინაგოგები და მაღაზიები. ეს ღამე ისტორიაში „ბროლის ღამის“ სახელით შევიდა (ქუჩებში მოფენილი მინის ნამსხვრევების გამო). დაარსეს საკონცენტრაციო ბანაკები. როდესაც მესამე რეიხმა აღმოსავლეთ ევროპა დაიპყრო, სპეციალური შენაერთები გაუშვეს, რომელთაც ევალებოდათ ებრაელთა და სხვა პოლიტიკურ ოპონენტთა მასიური მკვლელობა. ებრაელებსა და ბოშებს გეტოებში ათავსებდნენ, სანამ სატვირთო მატარებლით „სიკვდილის ბანაკებში“ გადაიყვანდნენ. უმრავლესობას გაზის კამერებში ხოცავდნენ. ამასთან, საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე შემზარავ და არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ჰოლოკოსტის დროს მოკლულთა რაოდენობამ 17 000 000 კაცს მიაღწია.

ადგილობრივი ამერიკელების გენოციდი

რედაქტირება

ადგილობრივ ამერიკელთა გენოციდი, (1492-1900) ცნობილი ასევე როგორც „500 წლიანი ომი“ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჰოლოკოსტია, რომელიც დაიწყო ევროპელთა მიერ „ახალი სამყაროს“ კოლონიზაციით და რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ით შემცირება. ამის შედეგად ინდიელები გადაიქცნენ მეორე კლასის მოქალაქეებად საკუთარ მიწა-წყალზე, რომლებიც მუდმივად დამცირებასა და შევიწროვებას განიცდიდნენ. ამერიკის ევროპულმა კოლონიზაციამ სამუდამოდ შეცვალა ადგილობრივი ამერიკელების ცხოვრება და კულტურა. XV-XIX საუკუნეებში მათი დასახლებები გაანადგურეს, მოსახლეობა კი ამოწყვიტეს ან დაიმონეს. გენოციდის მსხვერპლთა რაოდენობა 70 000 000-100 000 000 ადამიანია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 57.
  • Kakar, M. Hassan. Afghanistan: The Soviet Invasion and the Afghan Response, 1979–1982. Berkeley: University of California Press, 1995. ISBN 0-520-08591-4.
  • Lemkin, Raphael (1944). Axis Rule in Occupied Europe: Laws of Occupation – Analysis of Government – Proposals for Redress. Washington, D.C: Carnegie Endowment for International Peace. 
  • Andreopoulos, George J., ed. (1994). Genocide: Conceptual and Historical Dimensions. University of Pennsylvania Press. ISBN 0-8122-3249-6. 
  • Ball, P., P. Kobrak, and H. Spirer (1999). State Violence in Guatemala, 1960–1996: A Quantitative Reflection. Washington, D.C.: American Association for the Advancement of Science.
  • Chalk, Frank; Kurt Jonassohn (1990). The History and Sociology of Genocide: Analyses and Case Studies. Yale University Press. ISBN 0-300-04446-1. 
  • გაჩეჩილაძე, რევაზ (2011) ჩემი მეოცე საუკუნე, I ტომი 1901-1953, მეორე შესწორებული გამოცემა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი
  • საერთაშორისო დანაშაული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: