ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასობრივი გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალებისა და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ინგლისური სიტყვა „holocaust“ გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს „სრულად დაწვას“. ინგლისური ტერმინი „holocaust“ დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

ჰოლოკოსტის განმასხვავებელი ნიშნები

რედაქტირება
  ნაციონალ-სოციალიზმი  
იდეოლოგია

ფიურერპრინციპი სოციალ-დარვინიზმი ევგენიკა რასიალიზმი არიანიზმი ანტისემიტიზმი ლებენსრაუმი უბერმენშენი გროსრაუმი ათასწლოვანი რაიხი სისხლი და მიწა მილიტარიზმი მესამე გზა

ლიტერატურა

„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ „ჩემი ბრძოლა“ „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება პოლიტიკური მუშათა წრე გერმანელ მუშათა პარტია ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი ევროპელი ებრაელობის კატასტროფა ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი ალფრედ როზენბერგი

ორგანიზაციები

ნსდაპ შტურმაბტაილუნგი შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო ვერვოლფი გოგონათა კავშირი Deutsche Glaubensbewegung ანენერბე გერმანული სამუშაო ფრონტი Kraft durch Freude რწმენა და სილამაზე მექანიზირებული კორპუსი ავიაკორპუსი სახალხო ქველმოქმედება ქალბატონთა ორგანიზაცია სტუდენტთა კავშირი ექიმთა კავშირი მასწავლებელთა კავშირი იურისტთა კავშირი ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი ჩრდილოეთი კავკასია ბელგია ნიდერლანდები დანია ჩეჩნეთი ნორვეგია ლატვია ბელარუსი ჩილე

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი რასობრივი ნაციონალიზმი ეზოთერული ჰიტლერიზმი შტრასერიზმი ნაციონალ-ბოლშევიზმი

  1. შეგნებული ცდა მთელი ეროვნების სრული განადგურებისა, რომელმაც ევროპის 60 % ებრაელის და მსოფლიოს თითქმის 35 % ძირითადად ევროპელი მოსახლეობის განადგურებამდე მიიყვანა. ასევე ბოშების მეოთხედი თუ მესამედი მოსახლეობის, დაახლოებით 10 %-ის, უფრო მეტად ინტელიგენციისა. განადგურებული იქნა ასევე 50 ათასამდე სულით ავადმყოფი და ინვალიდი, 2 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე (ძირითადად შიმშილით), 10-დან 25 ათასამდე ჰომოსექსუალი, ათასობით იეჰოვას მოწმე და ა.შ.
  2. სისტემა გათვალისწინებული ადამიანთა მასობრივი განადგურებისთვის: ნაპოვნი იყო პოტენციურ მსხვერპლთა და მკვლელობების დამადასტურებელი ათასობით საბუთი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენებულ იქნა „სიკვდილის ბანაკები“, მილიონ ადამიანთა მკვლელობისთვის განსაზღვრული. ამასთან ერთად ადამიანთა მასობრივი განადგურების ტექნოლოგია ვითარდებოდა.
  3. გრანდიოზული მასშტაბების განადგურებანი: გერმანიის მიერ ევროპის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლნი იდევნებოდნენ და იგზავნებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებსა და გამანადგურებელ ბანაკებში. გარდა ამისა, ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, გერმანელები გეგმავდნენ ებრაელთა განადგურებას აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და პალესტინაში მათი დაპყრობის შემდეგ. ასევე ჰომოსექსუალთა და სხვა „საშიში“ და რასობრივად „არასრულფასოვანი“ ჯგუფებისა. განადგურება გრძელდებოდა გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრამდე და მის შემდეგ კაპიტულაციამდე 1945 წლის მაისში.
  4. სასტიკი და ხშირად სასიკვდილო სამედიცინო ექსპერიმენტები, რომელთაც გერმანელები ჰოლოკოსტის მსხვერპლზე ატარებდნენ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლნი

რედაქტირება

შოა (ებრ. კატასტროფა) - ტერმინი, რომელსაც ხმარობენ ებრაელები გერმანელი ნაცისტების პოლიტიკის, ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად. ამ სიტყვამ ებრაულ ტრადიციაში უფრო ნაკლებად კორექტული ტერმინი „ჰოლოკოსტი“ შეცვალა. 2005 წელს BBC-სთან ინტერვიუში ე. ვიზელმა განაცხადა, რომ უარს აცხადებდა სიტყვა „ჰოლოკოსტის“ ხმარებაზე ებრაელებთან მიმართებაში.

ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა (თანასწორად სლავებისა და საბჭოთა ტყვეებისა, რომელთაგან უკანასკნელნი ითვლებოდნენ „ბოლშევიზმით დაავადებულებად“). პროგრამა „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“ იყო ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი დავალება გერმანული პოლიტიკისა.

შოას მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს. ომის ბოლოს ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ. დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში, „იად ვაშემში“ (Yad Vashem) ინახება პერსონალური დოკუმენტები დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა „იად-ვაშემ“, „ჰოლოკოსტის ენციკლოპედია“, დაიღუპა 3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140 ათასი ლიტველი ებრაელი და 70 ათასი ლატვიის ებრაელი, 560 ათასი უნგრეთის ებრაელი, 280 ათასი - რუმინეთის, 140 ათასი გერმანიის, 100 ათასი-ჰოლანდიის, 80 ათასი - საფრანგეთის, 80 ათასი ჩეხეთის, 70 ათასი - სლოვაკეთის, 65 ათასი - საბერძნეთის, 60 ათასი - იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. ბალტიისპირეთს გერმანულმა სახელმწიფომ „ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა“ (judenfreie Zone) უწოდა - ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტით იქნა განადგურებული.

ებრაელების მდგომარეობა გერმანიაში 1933-1939 წწ.

რედაქტირება

მიუხედავად შეუნიღბავი დისკრიმინაციული პოლიტიკისა ებრაელების მიმართ, გენოციდი არ დაწყებულა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ნაცისტები თავიდან ცდილობდნენ ებრაელები გაეძევებინათ ქვეყნიდან, მაგრამ მათ წასასვლელი არსად ჰქონდათ. ევროპელი ებრაელებისათვის, ჰაიმ ვეიცმანის (ისრაელის I პრეზიდენტი) ცნობილი გამონათქვამით, „მსოფლიო გაიყო ორად: ადგილად, სადაც მათ არ შეეძლოთ ცხოვრება და ადგილად, სადაც არ შეეძლოთ მოხვედრა.“ დევნილებს ზურგი შეაქციეს სხვა ქვეყნებმა. საერთაშორისო კონფერენცია დევნილების შესახებ ევიანში (საფრანგეთი) მოწვეული 1938 წლის ივლისში, აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიერ, დასრულდა სრული მარცხით. დომინიკანური რესპუბლიკის გარდა, 32 მონაწილე ქვეყნებიდან არც ერთმა არ მისცა მცირეოდენი შანსიც კი გერმანიიდან და ავსტრიიდან დევნილ ებრაელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ზღუდავდა ემიგრანტების დინებას მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პალესტინაში.

„ნიურნბერგის კანონმა“ 1935 წლის 15 სექტემბრიდან წერტილი დაუსვა გერმანიაში ებრაელების თანასწორუფლებიანობას და ამიერიდან მათ რასობრივი ტერმინებით განასხვავებდა.

ანტისემიტურმა ისტერიამ გერმანიაში მიიყვანა 1938 წლის (9-10 ნოემბრის ღამე) ებრაელთა სინაგოგებისა და მაღაზიების მასობრივ გაჩანაგებამდე, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ბროლის ღამე“ (მინის ნამხსვრევთა გამო, რომლითაც იყო მიმოფენილი გერმანული ქალაქები).

1933-1939 წლებში გერმანიიდან და ავსტრიიდან 330 ათასი ებრაელი გაიქცა. დაახლოებით 110-100 ებრაელი დევნილები გერმანიიდან და ავსტრიიდან მეზობელ ქვეყნებში გადავიდნენ, მაგრამ იდევნებოდნენ უკვე ომის პერიოდში.

1939 წლის დასაწყისში ჰიტლერმა „4 წლიანი გეგმის შემსრულებელს“ გერმან გერინგს დაავალა მოემზადებინა გეგმა ებრაელების გერმანიიდან განსადევნად. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის არამარტო გაიზარდა მათი რიცხვი (გერმანიისთვის პოლონეთის მიერთების შემდეგ), არამედ გაართულა კიდეც ლეგალური ემიგრაცია.

1940 წელს-1941 წლის დასაწყისში ნაცისტები ამუშავებდნენ რამდენიმე ვარიანტს ებრაული საკითხის გადასაწყვეტად: სთავაზობენ საბჭოთა კავშირს მიეღო რეიხის ებრაელები, გეგმა „მადაგასკარი“ (ყველა ებრაელის აფრიკის ამ კუნძულზე გადასახლება) და „ლიუბლინი“. არც ერთი ამ პროექტთაგან არ იყო შესრულებული.

ებრაელების მდგომარეობა ომის პერიოდში

რედაქტირება

ომის დასაწყისისთვის, ნაცისტებმა დაიპყრეს ის რეგიონები, რომელიც ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული ებრაელებით - პოლონეთი, ბალტიისპირეთი, უკრაინა, ბელორუსია.

დიდ ქალაქებში (უფრო მოგვიანებით პატარა ქალაქებში) იქმნებოდა ებრაული გეტოები (დიდი ქალაქების რაიონები, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, ნებით თუ ძალით, მძიმე სიტუაციაში, სიტყვას ისტორიული საფუძველი აქვს და უკავშირდება ვენეციურ გეტოს, სადაც უნდა ეცხოვრათ ებრაელებს), სადაც ებრაელები მიჰყავდათ. უდიდესი გეტო იყო შექმნილი ვარშავაში, იქ 480 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. იგი 1943 წელს ლიკვიდირებულ იქნა მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ტრებლინკაში 1942 წლის ზაფხულში და 1943 წლის იანვრისა და აპრილის აჯანყების შემდეგ: ქ.ლოძის (პოლონეთი) გეტო - 160 000-მდე ებრაელი იმყოფებოდა. ეს გეტო თანდათან განადგურებულ იქნა: პირველი დეპორტაციის ნაკადი ჰელმნოში 1942 წლის იანვარსა და მაისს შორის იყო, შემდეგ სხვა რიგი დეპორტაციებისა სხვა ბანაკებში, 1944 წლის 1 სექტემბერს კი საბოლოოდ იქნა ლიკვიდირებული.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი გეტოები იყო ლვოვში (409 ათასი ადამიანი, არსებობდა 1941 წლის ნოემბრიდან 1943 წლის ივნისამდე), მინსკში (დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანი) 1943 წლის 21 ოქტომბერს იქნა ლიკვიდირებული. თავდაპირველად ვილნიუსში (ლიტვის დედაქალაქი) გეტო 57 ათას ადამიანს მოიცავდა, მათი უმეტესობა დახვრეტილ იქნა. ვილნიუსის გეტოში გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ბოლო რამდენიმე ათასი ებრაელი 1943 წლის 23 სექტემბერს გადაგზავნილ იქნა ესტონეთის ბანაკებში. ბელოსტოკის გეტო, რომელსაც 50 000 ებრაელი ჰყავდა თავდაპირველად, 1943 წლის 16 აგვისტოს იქნა ლიკვიდირებული ებრაელებთან ბრძოლის მეხუთე დღეს.

საბჭოთა კავშირში ებრაელებით დასახლებული რეგიონი ნადგურდებოდა. 1941 წლის ოქტომბრის შუაში დაიწყო ებრაელების დეპორტაცია გერმანიიდან და რამდენიმე დღის შემდეგ აკრძალულ იქნა ებრაელების ემიგრაცია. ასევე ოქტომბერში იყო არჩეული ადგილები „გამანადგურებელი ბანაკების“ ჰელმნოსა და ბელჟეცის ასაშენებლად. დეკემბრის დასაწყისისთვის პირველმა მათგანმა, ჰელმნომ, ფუნქციონირება დაიწყო. იქ ებრაელებს ხოცავდნენ გაზით, რომელსაც დიდი დიზელის მატორები გამოიმუშავებდა და უშვებდნენ გაზის კამერებში.

1942 წელს, ვაზენში (Wannssee) ნაცისტები იმუშავებენ „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტის“ პროგრამას. ეს გადაწყვეტილება არ არის აფიშირებული და ცოტას (მათ შორის მომავალ მსხვერპლსაც) თუ შეეძლო დაეჯერებინა, რომ მეოცე საუკუნეში ასეთი რამ შესაძლებელი იყო. გერმანიის, საფრანგეთი, ჰოლანდიის, ბელგიის ებრაელებს გზავნიდნენ აღმოსავლეთით, პოლონეთისა და ბელორუსიის ბანაკებსა და გეტოებში, უყვებოდნენ მათ რა დროებითი გადასახლების შესახებ. პოლონეთში იქმნებოდა ე.წ. „სიკვდილის ბანაკები“, რომლებიც საერთოდ გათვალისწინებული იყო არა დიდი რაოდენობის ხალხის საცხოვრებლად, არამედ ახალმოსულების სწრაფი განადგურებისთვის.

შეხვედრის პროტოკოლი ფიგურირებდა ნიურბერგის სასამართლოზე, როგორც „ებრაელების დევნის“ საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამამტკიცებელი საბუთი. ხშირად ეს თათბირი ხასიათდება, როგორც „ევროპელი ებრაელების გასანადგურებლად გამომუშავებული გეგმა“, თუმცა შეხვედრაზე არ არის პირდაპირ ნათქვამი არაფერი ებრაელების განადგურებაზე.

თათბირის ერთ-ერთი მთავარ ფრაზაში ნათქვამი იყო: „ფიურერთან შეთანხმებით გადასახლების მაგიერ ამ წუთიდან მოქმედებს ამ საკითხის სხვა გადაწყვეტილება: დაიწყო ებრაელების ევაკუაცია აღმოსავლეთით.“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყო სიკვდილის ბანაკების მშენებლობა პოლონეთში.

მსოფლიო ხალხის წმინდანები და წინააღმდეგობა

რედაქტირება

ნაცისტების გეგმების ინფორმაციის უქონლობის გამო, ბანაკებსა და გეტოებში მყოფნი ცდილობდნენ ყველა მოთხოვნისა და ბრძანების დაკმაყოფილებას გადარჩენის მიზნით. მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი გასვლების მიზეზი, ბანაკებსა და გეტოებში დაიწყო აჯანყებები; ყველაზე ცნობილია ვარშავის გეტოს აჯანყება 1943 წლის იანვარში. ყველაზე აქტიური წინააღმდეგობის ცენტრი იყო მინსკის გეტო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელების ბედი განსაზღვრული იყო. როგორც წესი, ადგილობრივი მცხოვრებლების მხარდაჭერას მოკლებულებს, არ ჰქონდათ შანსი გეტოს გარეთ გადარჩენის. შოაში გადარჩენილი ებრაელები, არიან ის მცირედი, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გადამალეს (არაებრაელებმა, „მსოფლიო წმინდანებად“ წოდებულნი, გადაარჩინეს სიკვდილს ათობით ათასი ებრაელი), რომელნიც იყვნენ პარტიზანულ მოძრაობაში. ბელორუსიაში პარტიზანულ მოძრაობაში 30 ათასი ებრაელი ირიცხებოდა.

შოას შედეგი

რედაქტირება

პოლონელი ებრაელებისგან გადარჩა 300 ათასი: 25 ათასი პოლონეთში, 30 ათასი დაბრუნდა იძულებით სამუშაო ბანაკებიდან, დანარჩენი კი საბჭოთა კავშირიდან. ებრაელების განადგურების, ანტისემიტიზმის აფეთქების შემდეგ, რომლის პიკი 1946 წლის ივლისში, კელცში მოხდა, აიძულა პოლონელი ებრაელები დაეტოვებინათ ქვეყანა და გაემგზავრნენ ცენტრალურ ევროპაში. 1946 წლის შემდეგ პოლონეთში მხოლოდ 50 000 ებრაელიღა დარჩა.

განადგურებულნი იყვნენ, არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ასევე ადგილობრივი უნიკალური ებრაული კულტურა; განადგურებულ იქნა მოგონება იმაზე, რომ ის საუკუნეების განმავლობაში განუყრელი ნაწილი იყო აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა. ამის დამამტკიცებელი არაფერი არ არის შემონახული.

შეიძლება ითქვას,რომ ნაცისტებმა ებრაელების საბოლოოდ განადგურების საკითხს წარმატებით გაართვეს თავი.

ბოშები შუა საუკუნეებიდან მოყოლებული იყვნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი.[1] მათ მიმართ სტერეოტიპები აზიიდან ევროპაში მიგრაციიდან იწყება. მათი მუქი კანის ფერისა და განსხვავებული გარეგნობის გამო ევროპელებმა ისინი თურქებთან გააიგივეს, რამაც მათ მიმართ სიძულვილი წარმოშვა. თუმცა სამხრეთ ევროპაში ეს სტერეოტიპი მალევე გაქრა, რადგან სამხრეთის ქვეყნებს ნამდვილ თურქებთან ადრევე ჰქონდათ კონტაქტი და განსხვავებაც მალევე დაინახეს, თუმცა უფრო ჩრდილოეთით, გერმანულად მოლაპარაკე ხალხში, რომლებსაც აზიასთან ფაქტობრივად არ ქონდა შეხება, ბოშების მიმართ ცუდი დამოკიდებულება გაგრძელდა.[2] ეს ძალიან გავს სსრკს დაშლის შემდეგ შემორჩენილ სტიგმას, რომ თითქოს ყოველი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა სლავური იყო და მისი მოსახლეობა აუცილებლად საუბრობდა რუსულად. ამასთანავე, ბოშებს არ გააჩნდათ სამშობლო და ნებისმიერ ქვეყანაში უცხოდ მიიჩნეოდნენ, რაც მათ კიდევ უფრო არასასურველად ხდიდა.[2] საუკუნეების განმავლობაში უფრო და უფრო დაგროვდა მათ მიმართ სიძულვილი, რის გამოც წარმოიშვა ანტი-ბოშური კანონები. მსგავსი კანონები კი უფრო გამკაცრდა ნაცისტური პარტიის მოსვლისას.

ხშირად ბოშებზე, როგორც ჰოლოკოსტის მსხვერპლზე, საუბრისას მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, უნდა ჩაითვალონ თუ არა ნაცისტური რეჟიმის პირდაპირ მსხვერპლად, როგორც ებრაელები. ბევრი ამბობს, რომ მთავარი მიზანი მაინც ებრაელების განადგურება იყო, რადგან რაოდენობრივად მათ უფრო მეტად იშორებდნენ,[1] თუმცა თუ დავაკვირდებით ბოშების საწინააღდეგოდ გაკეთებულ ქმედებებს, ძალიან ბევრ საერთოს ვნახავთ ებრაელებთან. საყურადღებოა, რომ მხოლოდ ებრაელებს, ბოშებსა და შავკანიანებს მოიხსენიებდნენ, როგორც უცხო სისხლის მქონეებს. ეს მიგვითითებს, რომ მათ მიმართ გამოხატული აგრესია წმინდად რასობრივი იყო. ამასთანავე ორივე ჯგუფისთვის შეიქმნა სპეციალური კანონები, რომელთა მიზანი არიელების მათგან გამიჯვნა იყო, რათა არ მომხდარიყო რასებს შორის აღრევა. ასევე ორივე რასას ჩამოერთვა სამოქალაქო უფლებები და ებრაელების მსგავსად, დაიწყო ბოშების სტერილიზაცია.[3] მათი მოშორების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა არის მსგავსება ბროლის ღამესა (Kristal Nacht) და ბოშების გასუფთავების კვირას (Zigeuner-aufräumungs-woche) შორის, რომლის დროსაც ასობით ბოშა დააპატიმრეს გერმანიასა და ავსტრიაში. ამ ქმედებით მშვიდობიან მოსახლეობას მიეცა ერთგვარი ნიშანი, რომ ებრაელებისა და ბოშების მიმართ ცუდი მოპყობა დასაშვები იყო.[2] 1937 წელს გერმანელმა ანთროპოლოგმა, ადოლფ ვურთმა, აღწერა ებრაელებსა და ბოშებს შორის მსგავსება და განაცხადა, რომ ბოშების პრობლემაც ისევე უნდა გადაწყდეს, როგორც ებრაელების.[3] 1942 წელს კი ანტისემიტური კანონები სრულიად გავრცელდა ბოშებზე.[3]

ამ ქმედებებიდან აშკარა ხდება, რომ ბოშებიც პირდაპირი სამიზნეები იყვნენ, თუმცა ფაქტები ასევე გვაჩვენებს, რომ ებრაელებთან შედარებით გადარჩენილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტია. ამის მიზეზი კი გეოგრაფიული ფაქტორი იყო. ისინი უფრო მეტად გერმანიის მოკავშირე ქვეყნებში ცხოვრობდნენ, სადაც ნაცისტური კანონები არ ვრცელდებოდა.[1] მაგალითად დანიამ, ფინეთმა და იტალიამ უარი განაცხადა როგორც ბოშების, ასევე ებრაელების დეპორტზე. თუმცა საფრანგეთში ბოშების მდგომარეობა უფრო რთული იყო, რადგან ისინი გერმანულის გარდა, ფრანგული აგრესიის მსხვერპლნი იყვნენ და მათი დაჭერა უფრო გამარტივდა.[1] 

საბოლოოდ, ნათლად ჩანს, რომ მართალია ებრაელები ნაცისტების პირველ სამიზნეებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ამასთანავე გერმანია ბოშების მოშორების შანსსაც არ უშვებდა ხელიდან, როგორც ეს საფრანგეთის შემთხვევაში დავინახეთ. თუ მათ ქმედებებს დავუკვირდებით, არ იქნებოდა გამორიცხული, რომ ებრაელების სრული მოშორების შემდეგ, მთავარი მსხვერპლი ბოშები გამხდარიყვნენ.

გერმანიაში ნაცისტები ბოშებს თვლიდნენ საშიშებად, იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში ასიმილირებული ბოშები არ იდევნებოდნენ.

პარაიმოსის მსხვერპლთა სია ზუსტად არ არის დადგენილი, რადგან იმ დროს აღმოსავლეთ ევროპის ბოშათა ორგანიზაცია არ იყო ორგანიზებული და ძალიან ძნელია შეფასება მსხვერპლთა რაოდენობისა. და მაინც, თვლიან, რომ იგი მერყეობს 200 000-სა და 2 მილიონს შორის.

ჰომოსექსუალები

რედაქტირება

175-ე მუხლის თანახმად, ნაცისტურ გერმანიაში კაცები - ჰომოსექსუალები ექვემდებარებოდნენ „ხელახალ აღზრდას“. ნაცისტები ჰომოსექსუალებს განასხვავებდნენ ასე — ისინი, რომლებიც მხოლოდ ერთხელ იქნენ წასწრებულნი „დანაშაულზე და ჰომოსექსუალი-რეციდივისტები“.

1940 წლიდან დაიწყეს „რეციდივისტი“ ჰომოსექსუალების კონცენტრაციულ ბანაკებში გაგზავნა, მათთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ. 1942 წელს ნებადართული იყო ბანაკების ხელმძღვანელების მიერ ჰომოსექსუალების კასტრაცია. კონცენტრაციულ ბანაკებში იქმნებოდა განსაკუთრებით აუტანელი პირობები მათთვის; ასევე იყო ამ სახის პატიმრების განმასხვავენელი ნიშანი - ვარდისფერი სამკუთხედი (რომელიც შემდგომ გეი-მოძრაობის სიმბოლოდ იქცა) - იხატებოდა მათ ტანსაცმელზე უფრო დიდ ზომებში, რათა სხვა კატეგორიის პატიმრებს შორიდანვე ეცნოთ მათში პირველრიგოვანი მსხვერპლნი.

საკმაოდ საინტერესოა, რომ ნაცისტური პარტიის მოსვლამდე LGBTQ ხალხის მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა. ბერლინში ასობით გეი ბარი არსებობდა, სადაც ადამიანებს ღიად შეეძლოთ შესვლა. პარაგრაფი 175, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა მამრობითი სქესის ადამიანებს შორის სქესობრივი კაშირი, თანდათან კარგავდა თავის ძალას და კანონებიდან ამოღების პროცესში იყო. ამ საზოგადოებისთვის ეს პერიოდი ოქროს 20-იანი წლებითაა (“Golden Twenties”) ცნობილი.[4]

XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეცნიერი არის მაგნუს ჰირშფელდი, რომელმაც დააარსა სქესობრივი კვლევის ინსტიტუტი და დიდი წვლილი მიუძღვის დისკუსიების დაწყებაზე სქესობრივი ორიეტაციების შესახებ. იგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჰომოსექსუალები ცალკე სქესს წარმოადგენდნენ, კონკრეტულად მამრობითი სქესის ჰომოსექსუალებს კი უფრო მდედრობითი მახასიათებლები გააჩნდათ. თუმცა მრავალი კვლევის შემდეგ, მან უარყო თავისი თეორია, მაგრამ სწორედ ეს მოსაზრება გახდა ჰომოსექსუალების მიმართ, განსაკუთრებით კი მამრობითი სქესის მიმართ, აგრესიის საბაბი. ნაცისტურმა პარტიამ სწორედ ეს სიტყვები გამოიყენა მის საწინააღმდეგოდ და ჰომოსექსუალები წარმოადგინა, როგორც „არასრულყოფილი კაცები“.[4]

პარაგრაფი 175, პირიქით, გაძლიერდა და დაემატა უფრო კონკრეტული წესები. კაცებს შორის ჩახუტებაც კი ითვლებოდა არაბუნებრივად და ისჯებოდა კანონით. ათასობით კაცი დაიჭირეს ამ კანონების მიხედვით, რომელთაგანაც ზოგიერთი არც იყო ჰომოსექსუალი და მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვის გამო დააკავეს. [4] ხშირად ნაცისტები ჰომოსექსუალობის იარლიყს მათთვის არასასიამოვნო ხალხს ანიჭებდნენ და მათი დაჭერისთვის ამ საბაბს იყენებდნენ. ამ დროს მარტივი მოსყიდვით კრიმინალები „გამოიჭერდნენ“ ნაცისტების მტრებს ჰომოსექსუალურ ქმედებაში.[4]

ბანაკებში მათთვის ცალკე იყო გამოყოფილი ბლოკები, რადგან ჰომოსექსუალობას ავადმყოფობად მიიჩნევდნენ და არ სურდათ, რომ ის სხვა ტყვეებსაც „გადასდებოდა“, რადგან ეს „ავადმყოფობა“ ხალხს დაასუსტებდა.[4] ბანაკებში არსებობდა ფერების კოდირების სისტემა, რომელიც აღწერდა რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ ადამიანები, ფერადი სამკუთხედები ხშირად ფორმებზე იყო მიკერებული: წითელი აღნიშნავდა პოლიტიკურ პატიმრებს, შავი - ასოციალებს ან ბოშებს, იასამნისფერი - იეჰოვას მოწმეებს, ხოლო ვარდისფერი - ჰომოსექსუალებს.[5] ხშირად მათი სამკუთხედები უფრო დიდი იყო, რათა მათი ამოცნობა გამარტივებულიყო. ჰომოსექსუალები მცველების ძალადობის გარდა, სხვა ჯგუფების აგრესიის მსხვერპლიც ხდებოდნენ.[4]

მშრომელთა რიცხვის დანაკლისის გამო, მათთვის გააკეთეს ცალკეული პროგრამა, რომლის მიზანი იყო მათი ქცევის შეცვლა. ეს იყო ერთგვარი ტესტი: ჰომოსექსუალს აიძულებდნენ, რომ სექსუალური კავშირი დაემყარებინა ქალთან ბანაკის ბორდელში. თუ ის ამას საკმარისი სიხშირით გააკეთებდა, ის განკურნებულად ჩაითვლებოდა და მას ათავისუფლებდნენ. თუ მიზანს ვერ აღწევდნენ, შემდეგი გამოსავალი კასტრაცია ხდებოდა, რის შემდეგაც თავისუფლდებოდნენ მძიმე შრომის ასაღებად.[6]

რაც შეეხება მდედრობით ჰომოსექსუალებს, ნაცისტები თვლიდნენ, რომ მათ, ამისდა მიუხედავად, მაინც შეეძლოთ გამრავლება, ამიტომ პრობლემა არ ქონდათ, რადგან შეძლებდნენ მათთვის გამრავლების დაძალებას. ამასთანავე, ის მოსაზრება, რომ ჰომოსექსუალები უფრო სუსტები არიან ლესბოსელებზე არ ვრცელდებოდა, რადგან ქალები ისედაც მიიჩნეოდნენ სუსტი სქესის წარმომადგენლებად.[4]

ომის დასრულების შემდეგ, ბოშების მსგავსად, არც ჰომოსექსუალებს მიეცათ კომპენსაცია, რადგან ითვლებოდა, რომ ორივე ჯგუფი კანონის მიხედვით იყო დაკავებული და მათ მიმართ დისკრიმინაცია, ბოშების შემთხვევაში - რასობრივი დისკრიმინაცია, არ იგრძნობოდა. ჰომოსექსუალების შემთხვევაში ამის მიზეზად პარაგრაფი 175 დასახელდა, რადგან იგი ძალაში ჯერ კიდევ ნაცისტური პარტიის მოსვლამდე იყო და ჰომოსექსუალობა, ფაქტობრივად, არ იყო ლეგალური.[4]

სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 7 ათასიდან რამდენიმე ათეულათასამდე ჰომოსექსუალი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სულ, მესამე რეიხის არსებობის წლებში (1933-1945) დაკავებულ იქნა დაახლოებით 100 000 ადამიანი, 50 000 იყო აღიარებული ჰომოსექსუალად და გასამართლებული (ამასთან ერთად, გერმანიაში 1928 წლისთვის ჰომოსექსუალების საერთო რიცხვი ფასდებოდა 1 200 000 ადამიანად). ჰაინც ჰეგერას გამოკვლევის თანახმად, ჰომოსექსუალებისადმი მოპყრობა კონცენტრაციულ ბანაკებში იყო ყველაზე სასტიკი, სიკვდილიანობა კი უფრო მაღალი ვიდრე პოლიტიკურ პატიმრებსა და იეჰოვას მოწმეებში.

იეჰოვას მოწმეები

რედაქტირება

1933 წლისათვის გერმანიაში 25 000 იეჰოვას მოწმე ითვლებოდა. ათასობით მათგანი აღმოჩნდა იმ პირველთა შორის, ვინც გაგზავნილ იყვნენ ნაცისტურ ბანაკებსა და ციხეებში. ისინი აფიქსირებდნენ თავიანთ ნეიტრალურ პოზიციას ნებისმიერ საკითხში, რომელიც პოლიტიკასა და ომს ეხებოდა. ისინი უარს ამბობდნენ წარმოეთქვათ „Heil Hitler!“, ეღიარებინათ ნაციზმის შოვინისტური იდეოლოგია და ყოფილიყვნენ ჰიტლერის საომარი მანქანის ნაწილი. დაახლოებით 2000 მოწმე დაიღუპა, მათ შორის თითქმის 250 იყო დასჯილი.

შავკანიანი გერმანელები

რედაქტირება

გერმანელი მოსახლეობა, რომელთაც მშობლები ჰყავდათ - აფრიკიდან გადმოსახლებულნი ან აფრო-ამერიკელები, ისჯებოდნენ სტერილიზაციით. მათ შორის ბავშვებიც. სულ დაახლოებით 400-დან 3000-მდე.

საბჭოთა ტყვეები

რედაქტირება

ჰოლოკოსტის მსხვერპლად მიჩნეულ არიან ასევე საბჭოთა ტყვეები. მასობრივად იღუპებოდნენ ბანაკებში იმის გამო, რომ უარს ამბობდნენ გერმანელი ხელისუფალნი მათ გამოკვებაზე, ასევე ცალკე სიკვდილის ბანაკებში მიზანდასახულად ანადგურებდნენ. მხოლოდ 1942 წლის განმავლობაში ამ გზით დაიღუპა დაახლოებით 3 000 000 საბჭოთა ტყვე. პირველად კონცენტრაციულ ბანაკებში საბჭოთა ტყვეები ნადგურდებოდნენ, უკვე შემდეგ კი ებრაელები.

სლავები მიიჩნეოდნენ არასრულ რასად. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა ომის პერიოდში სლავური რასის კატეგორიებად დაყოფა, რაც ომამდე არ არსებობდა. ყველაზე დაბალ საფეხურზე იყვნენ რუსები, ბელორუსები და უკრაინელები, რომელთა ტერიტორიის გამოყენება გერმანელებს საცხოვრებლად უნდოდათ, ხოლო მოსახლეობას მუშაობით ექსპლუატაციას უწევდნენ.[7] ჰეინრიხ ჰიმლერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სხვა ერების მდგომარეობა მისთვის მხოლოდ მაშინ წარმოადგენს ინტერესის სფეროს, როდესაც ეს ეხება გერმანიის განვითარებას მათი მონური მუშაობის საშუალებით.[5] მართალია რუსეთის ტერიტორია დიდი ხნით არ ჰქონდათ გერმანელებს დაკავებული, თუმცა დროის ნაკლებობდა სისატიკით აანაზღაურეს: მათ დეპორტი გაუკეთეს მოსახლეობას და გაანადგურეს ყველანაირი ინდუსტრიული აღჭურვილობა.[7]

უდაბლეს საფეხურზე იყო ასევე პოლონეთი, რომელმაც ყველაზე დიდ ხანს გაუძლო ნაცისტურ რეჟიმს. ომის განმავლობაში საერთოდ არ არსებობდა პოლონური მთავრობა ან რაიმე ადმინისტრაცია. მოსახლეობას კი პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებდნენ.[7] განსაკუთრებით მწვავე კი იყო ბავშვების მდგომარეობა. „კარგი“ რასული და ფიზიკური მახასიათებლების მქონე ბავშვებს აგზავნიდნენ სპეციალურ ბანაკებში, სადაც ბიჭები, კასტრაციის შემდეგ, იძულებული იყვნენ ჯარში ემსახურათ, ხოლო ჰორმონების მეშვეობით ხდებოდა 8-დან 11 წლამდე გოგოების დაჩქარებული მომწიფება და გასამრავლებლად გამოყენება. [6] დაახლოებით 200 000 პოლონელი ბავშვი ემსხვერპლა მოტაცებას.

ყველაზე მაღალ საფეხურს მიეკუთვნებოდნენ ხორვატიელები, სლოვაკები და ბულგარელები. ეს ქვეყნები მიიჩნეოდნენ გერმანიის მოკავშირეებად. ბულგარეთს საშუალება მიეცა, რომ ჰქონოდა საკუთარი მთავრობა და საკუთარი წესები ებრაელების შესახებ. მსგავსი სიტუაცია იყო ხორვატიასა და სლოვაკეთშიც, სადაც მათ საკუთარი სურვილით გაატარეს ანტისემიტური კანონები.[7]

თუმცა ჩნდება კითხვა, თუ რატომ იყვნენ აგრესიის მსხვერპლი მხოლოდ კონკრეტული სლავური ჯგუფები და რატომ დაიყვნენ მაინცდამაინც ასე. მით უმეტეს საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1939 წლამდე გერმანიის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ საკმაოდ პოზიტიური იყო. 1934 წელს გერმანიასა და პოლონეთს შორის არააგრესიულობის პაქტიც კი დაიდო, ასევე ნაცისტური პარტიის არაერთი ლიდერი პატივს სცემდა პოლონეთს, მათ შორის ჰიტლერიც. თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც პოლონეთმა უარყო გერმანიის მოთხოვნები დანციგის დათმობის შესახებ და ამასთანავე მიიღო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა მისი ტერიტორიების დაცვაში. სწორედ წინააღმდეგობის გაწევის გამო გერმანიამ გამოაცხადა პოლონელები რასობრივად მდაბლად. პოლონეთის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ხელს უწყობნენ გერმანიას, როგორებიც იყო ბულგარეთი და სლოვაკეთი, შესაბამისად ღირსეულად ითვლებოდნენ, ხოლო წინააღმდეგობის გამწევი ქვეყნები გერმანიის თვალში პირიქით არაფრის ღირსნი ხდებოდნენ.

ჰოლოკოსტის უარყოფა

რედაქტირება

არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ჰოლოკოსტი, როგორც მოვლენა არ არსებობდა იმ სახით, როგორადაც მას საერთაშორისოდ მიღებული ისტორიოგრაფია აღწერს. „გაეროს“ გენერალური ასამბლეა 2005 წლის 21 ნოემბრის რეზოლუციით უარყოფს ნებისმიერ მთლიან ან სანახევროდ უარყოფილ ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას. 2007 წლის 26 იანვარს კი, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის წინა დღით, „გაეროს“ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული ფაქტის გასამართლებისა. დოკუმენტს დაეთანხმა 103 ქვეყანა 192 გენასამბლეის წევრთაგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება