ალბერტ შპეერი

გერმანელი პოლიტიკოსი და არქიტექტორი

ბერთოლდ კონრად ჰერმან ალბერტ შპეერი[1] (გერმანულად: [ˈʃpeːɐ̯] ( მოსმენა), Albert Speer; დ. 19 მარტი, 1905, გერმანია — გ. 1 სექტემბერი, 1981, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — გერმანელი არქიტექტორი, მეორე მსოფლიო ომის დროს მესამე რაიხის შეარაღების და საომარი მომარაგების მინისტრი (მინისტრული თანამდებობის დაკავებამდე იყო ადოლფ ჰიტლერის პირადი არქიტექტორი). იგი ცნობილია როგორც „ნაცისტი, რომელმაც ბოდიში მოიხადა“. ნიურნბერგის პროცესზე მან აიღო მორალური პასუხისმგებლობა ნაცისტების მოქმედებებზე, ასევე, იგი წერდა მათზე თავის მემუარებშიც, თუმცა, ამავე დროს, აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა ჰოლოკოსტზე.

ალბერტ შპეერი

ალბერტ შპეერი 1933 წელს
მშობლიური სახელი გერმ. Berthold Konrad Hermann Albert Speer
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1905
მანჰაიმი, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 სექტემბერი, 1981 (76 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება გერმანელი
მოქალაქეობა გერმანიის იმპერიის დროშა გერმანიის იმპერია (1905-1918)
ვაიმარის რესპუბლიკის დროშა ვაიმარის რესპუბლიკა (1918-1933)
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია (1933-1945)
გერმანიის დროშა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1945-1981)
ალმა-მატერი ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი
კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა არქიტექტორი, დიზაინერი, სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი
პარტია ნსდაპ (1931-1945)
განაჩენი 20 წლიანი პატიმრობა
შვილ(ებ)ი 6
მშობლები მამა: ალბერტ ფრიდრიხ შპეერი
დედა: ლუიზ მატილდა ვილჰელმინა
ჯილდოები
ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ოქროს პარტიული ნიშანი
ხელმოწერა

ნაცისტურ პარტიაში შპეერი 1931 წელს გაწევრიანდა, რის შემდეგაც დაიწყო მისი 14-წლიანი პოლიტიკური კარიერა. არქიტექტორული ცნობების წყალობით, იგი საკმაოდ ცნობილი გახდა ნაცისტურ პარტიაში და მალევე შევიდა ჰიტლერის ახლო გარემოცვაში. ფიურერი შპეერს სხვადასხვა „დაკვეთებს“ აძლევდა. მათ შორის იყო რაიხსკანცელარია და ცეპელინფელდის (Zeppelinfeld) სტადიონი ნიურნბერგში, სადაც პარტიის ყრილობები ტარდებოდა. შპეერს ასევე ჰქონდა „ბერლინის რეკონსტრუქციის“ გეგმა, რომლის მიხედვითაც რაიხის დედაქალაქში უნდა ყოფილიყო გრძელი ბულვარები, უზარმაზარი შენობები და რეორგანიზებული სატრანსპორტო სისტემა.

1942 წლის თებერვალში ჰიტლერმა შპეერს საომარი მომარაგების და შეიარაღების მინისტრად. იმ დროს მან დიდი პატივი მოიპოვა, მისივე დროს დაიწყო „შეიარაღების სასწაული“, რომლის დროსაც საომარი პროდუქციის წარმოება ბევრად გაზარდა. „სასწაულს“ ბოლი მოეღო 1943 წლის ზაფხულში, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მოკავშირეთა მიერ დაბომვების დაწყება გახდა.[2].

ომის შემდეგ შპეერს ნიურნბერგის სასამართლოზე 20 წელი მიუსაჯეს, ამაზე კი განსაკუთრებით იმოქმედა სამუშაო ძალის გამოყენებამ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა ადრეული განთავისუფლების მოპოვებას, მას მაინც მოუწია სასჯელის სრულად მოხდა, რომლის დიდი ნაწილიც დასავლეთ ბერლინის შპანდაუს ციხეში გაატარა. 1966 წლის განთავისუფლების შემდეგ შპეერმა გამოაქვეყნა თავისი ორი ავტობიოგრაფიული ნამუშევარები („მესამე რაიხის შიგნით“ და „შპანდაუ: საიდუმლო დღიურები“), რომლებიც ბესტსელერები გახდა. ნამუშევრებში შპეერმა დეტალურად აღწერა თავისი ახლო ურთიერთობა გერმანელ ფიურერთან. მისმა ნამუშევრებმა საშუალება მისცა ისტორიკოსებს და მკითხველებს სხვანაირად შეეხედათ ნაცისტთა მოქმედებებისთვის. მოგვიანებით, მან დაწერა მესამე წიგნი, ამჯერად „შუცშტაფელზე“ — „ინფილტრაცია“. ალბერტ შპეერი გარდაიცვალა საკუთარი სიკვდილით 1981 წელს, ლონდონში თავისი ვიზიტის დროს.

ადრეული წლები

რედაქტირება

შპეერი დაიბადა ქალაქ მანჰეიმში საშუალო კლასის წარმომადგენელთა ოჯახში. იგი გახდა ლუიზ მატილდა ვილჰელმინა და ალბერტ ფრიდრიხ შპეერის მესამე შვილი.[3] 1918 წელს ოჯახი საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად თავიანთ ვილაში, შლოს-ვოლფსბრუნენვეგში, ჰაიდელბერგში.[4] ნიურნბერგის პროცესის პროკურორის მოადგილემ, ჰენრი კინგმა მოგვიანებით მასზე წიგნიც დაწერა, სადაც წერია, რომ „არქიტექტორის ახალგაზრდობის დროს შპეერთა სახლი სიყვარულით და სითბოთი იყო სავსე“.[5] შპეერი დაკავებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობებით, როგორიცაა თხილამურები, ალპინიზმი და გერმანიისთვის უჩვეულო ჰაიდელბერგის სკოლის მიერ შეთავაზებული რაგბით.[6] სპორტული აქტივობის მიუხედავად, შპეერს მათემატიკოსობა სურდა, თუმცა, მამამისმა მას უთხრა, რომ ამ საქმიანობის არჩევის შემთხვევაში მას ელოდა „ცხოვრება ფულის, გავლენის და მომავლის გარეშე“.[7] შპეერმა მამას დაუჯერა და წინაპრების მსგავსად არქიტექტურით დაკავება გადაწყვიტა.[8]

არქიტექტურის შესწავლა შპეერს კარლსრუჰეს უნივერსიტეტში მოუწია, რადგანაც 1923 წლის ჰიპერინფლაციამ მისი მშობლების შემოსავალი შეზღუდა, რამაც მას უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის საშუალება არ მისცა.[9] 1924 წელს, როდესაც ჰიპერინფლაციას ბოლო მოეღო, იგი გადავიდა „ბევრად პატივსაცემ“ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.[10] 1925 წელს შპეერმა კვლავ შეიცვალა უნივერსიტეტი; ამჯერად იგი გადავიდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მას ჰაინრიხ ტესენოუ ასწავლიდა, რომლითაც ალბერტი აღფრთოვანებული იყო.[11] 1927 წელს, გამოცდების ჩაბარების შემდეგ შპეერი ტესენოუს ასისტენტი გახდა, რაც 22 წლის ასაკის ადამიანისთვის დიდი პატივი იყო.[12] შპეერი ტესენოუს ზოგიერთ აუდიტორიასაც კი ასწავლიდა და ამავე დროს აგრძელებდა სწავლას, თუმცა, უკვე უნივერსიტეტდამთავრებული.[13] მიუნხენში, ხოლო შემდეგ კი ბერლინში, შპეერმა გაიჩინა ახალი მეგობარი, რომელთანაც საბოლოოდ 50 წელი ურთიერთობდა. ეს ადამიანი იყო რუდოლფ უოლტერსი, რომელსაც ასევე ტესენოუ ასწავლიდა.[14]

1922 წლის შუა თვეებში შპეერმა დაიწყო ურთიერთობა მარგარეტ უებერთან (1905-1987), წარმატებული ოსტატის შვილთან. ამ რომანს ეწინააღმდეგებოდა შპეერის დედა, რომელიც ფიქრობდა, რომ უებერთა ოჯახი მათზე „სოციალურად დაბალი“ იყო. მისი პოზიციის მიუხედავად, შპეერი და უებერი ბერლინში 1928 წლის 28 აგვისტოს დაქორწიდნენ. უკვე მარგარეტ შპეერი ქმრის მშობლებმა ქორწილიდან მხოლოდ შვიდ წელიწადში მიიწვიეს.[15]

ნაცისტების არქიტექტორი

რედაქტირება

პარტიაში გაწევრიანება

რედაქტირება

შპეერმა განაცხადა, რომ იგი აპოლიტიკური ადამიანი იყო, თუმცა, 1930 წლის დეკემბერში თავისი სტუდენტების რეკომენდაციის გამო ბერლინში ნაცისტთა ყრილობას დაესწრო.[16] 1931 წლის 1 მარტს მან პარტიაში გაწევრიანების განცხადება შეიტანა და პარტიის 474,481-ე წევრი გახდა.[17][18]

1931 წელს მან დატოვა ტესენოუს ასისტენტის თანამდებობდა და მანჰეიმში გადავიდა, სადამ მამამისმა მას „უფროსი შპეერების“ საკუთრების მენეჯერის თანამდებობა მიანიჭა. 1932 წლის ივლისში შპეერი ბერლინში ჩავიდა, რათა ნაცისტებს რაიხსტაგის არჩევნებში დახმარებოდა. სანამ იგი იქ იყო, მისმა მეგობარმა და პარტიულმა ჩინოვნიკმა, კარლ ჰანკემ, ახალგაზრდა არქიტექტორზე იოზეგ გებელსს მოახსენა და შესთავაზა შპეერეისთვის ბერლინში პარტიის ოფისის გარემონტების დავალება. შპეერი სამუშაოს შესრულებას დათანხმდა, დასრულების შემდეგ კი მანჰეიმში დაბრუნდა, სადაც ჰიტლერის კანცლერად დანიშვნამდე (1933 წლის 30 იანვარი) იმყოფებოდა.[19][20]

1933 წლის ნიურნბერგის ყრილობის ორგანიზატორებმა შპეერს ყრილობისთვის დიზაინის შემუშავება სთხოვეს, რის შედეგადაც იგი პირველად შევიდა კონტაქტში ადოლფ ჰიტლერთან, იმის გამო, რომ არც რუდოლფ ჰესმა და არც ყრილობის ორგანიზატორებმა იცოდნენ, ღირდა თუ არა გეგმის დამტკიცება, რის გამოც შპეერი მიუნხენში ჰიტლერის შტაბ-ბინაში გაუშვეს.[21] შპეერმა თანხმობა მოიპოვა, სამუშაომ კი მას პირველი თანამდებობა — „პარტიის ყრილობების და დემონსტრაციების ტექნიკური და არტისტული წარმოდგენის კომისარი“ მოუტანა.[22]

შპეერის შემდეგი თანამდებობა გახდა „დამაკავშირებელი რგოლი“ პაულ ტროსტის მიერ კანცელარიის განახლების დროს. როგორც კანცლერს, შენობაში ჰიტლერს რეზიდენცია ჰქონდა, სადაც იგი ყოველდღე მიდიოდა, რათა შპეერს და სხვებს იგი დაერწმუნებინათ განახლების პროგრესზე. ერთ-ერთი ასეთი „დარწმუნების“ შემდეგ ჰიტლერმა ახალგაზრდა არქიტექტორი ლანჩზე დაპატიჟა, რამაც შპეერი ძლიერ ააღელვა.[23] ლანჩის დროს ჰიტლერი ყურადღებიანი იყო შპეერის მიმართ, ხოლო მოგვიანებით კი უთხრა, რომ ეძებდა ახალგაზრდა არქიტექტორს, რომელიც შეძლებდა მისი ოცნებების შესრულებას ახალი გერმანიის არქიტექტურასთან დაკავშრებით. ამის შემდეგ შპეერი მალევე გახდა ჰიტლერის ახლო გარემოცვის წევრი; წესით, ჰიტლერს იგი დილის გასეირნებაზე სხვადასხვა არქიტექტურულ საკითხებზე კონსულტაციისთვის და იდეების დისკუსიისთვის უნდა მიეწვია ხოლმე, თუმცა, არქიტექტორი ფიურერს ძირითადად სადილის დროს ხვდებოდა.[24]

ორ ადამიანს ბევრი საერთო ჰქონდა: ჰიტლერი შპეერს თავის „ტყუპ სულად“ მიიჩნევდა, რომლის მიმართაც ყოველთვის „თბილ ადამიანურ გრძნობებს“ განიცდიდა.[25] ახალგაზრდა და ამბიციური არქიტექტორი გაოცებული იყო სწრაფი კარიერული განვითარებით და ჰიტლერთან ახლო ურთიერთობით. ეს ყველაფერი მისთვის პარტიის ელიტისგან ბევრი შეკვეთის მიღების გარანტია იყო.[26] ნიურნბერგში შპეერმა განაცხადა: „მე ვეკუთვნოდი წრეს, რომელიც მისი პირადი მომსახურებისგან და სხვა არტისტებისგან შედგებოდა. ჰიტლერს რომ მეგობრები ჰყოლოდა, მე ნამდვილად მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ვიქნებოდი.

ნაცისტური გერმანიის პირველი არქიტექტორი

რედაქტირება
 
Lichtdom-ი ცეპელინტრიბუნაზე.

პაულ ტროსტი 1934 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა, მისი შემცვლელი, შესაბამისად პარტიის პირველი არქიტექტორიც კი შპეერი გახდა. ჰიტლერმა იგი მშენებლობის მთავარ სამმართველოში ხელმძღვანელად დანიშნა, რის გამოც ფორმალურად იგი ჰესზე დაქვემდებარებულ პერსონალში გადავიდა.[27]

ტროსტის გარდააცვალების შპეერისთვის ერთ-ერთი პირველი შეკვეთა გახდა ცეპელინფელდის სტადიონი ნიურნბერგში, რომელიც ლენი რიფენშტალის ფილმში, „ნების ტრიუმფში“ გამოჩნდა. სტადიონზე დაახლოებით 340,000 ადამიანს შეეძლო ერთდროულად ყოფნა.[28] შპეერის დაჟინებით, ღონისძიებები ძირითადად ღამის საათებში ტარდებოდა. შპეერს სურდა სინათლის ეფექტების ჩვენება და ზოგიერთი ჭარბწონიანი ნაცისტის დამალვა.[29] სექტორს „უყურებდა“ 130 საჰაერო-საზენიტო პროჟექტორები. ალბერტ შპეერმა სტადიონი თავის ულამაზეს ნამუშევრად შერაცხა. ის ასევე ერთადერთია, რომელმაც „დროის გამოცდას“ გაუძლო.[30]

შპეერის გეგმებში იყო ასევე „გერმანული სტადიონის აშენება“, რომლის ტრიბუნებზე 400,00 მაყურებელი, თვითონ მოედანზე კი ნახევარი მილიონი ადამიანი უნდა დატეულიყო.[28] მათი დაგეგმვის დროს შპეერი აქცენტს აკეთებდა „ნანგრევების ფასუელობაზე“, რომლის მიხედვითაც შენობები ისე უნდა აეშენებინათ, რომ მათი ნანგრევები ათასი წელიწადის შემდეგაც ყოფილიყო „ცოცხალი“. ასეთი ნანგრევები იქნებოდა ნაცისტური გერმანიის დიდების სიმბოლო, როგორც ძველი ბერძნების და რომაელების, რომელთა შენობების ნანგრევები მათი ცივილიზაციების დიდების სიმბოლო გახდა.[31]

შპეერმა ცვლილებები შეიტანა ვერნერ მარხის 1936 წლის ოლიმპიური სტადიონისთვის მომზადებულ გეგმაში, რომელსაც ჰიტლერი „ზედმეტად თანამედროვედ“ თვლიდა.[32] შპეერმა ასევე შეიმუშავა პარიზის 1937 წლის გამოფენის (სადაც საბჭოთა და გერმანული პავილიონები ერთმანეთის გვერდით იყო) გერმანული პავილიონიც. „ჩუმად ყურებისას“ შპეერმა დაინახა, რომ საბჭოთა დიზაინს ჰქონდა ორი კოლოსალური ფიგურა, რაც, სავარაუდოდ გერმანელებზე გამარჯვების მიზნით იყო გაკეთებული. ამის შემდეგ შპეერმა ცვლილებები შეიტანა გეგმაში, რომელსაც მან გიგანტური კუბური ფიგურა და საბჭოთა პავილიონზე ზემოდან მოყურე არწივი დაამატა.[33] მუშაობისთვის შპეერმა ჰიტლერიუგენდის (და მოგვიანებით შპანდაუს ციხის პატიმარმა) ლიდერისგან, ბალდურ ვონ შირახისგან ჰიტლერიუგენდის ოქროს ღირსების ნიშანი (მუხის ფოთლებით) მიიღო.[34]

1937 წელს ჰიტლერმა შპეერი რაიხის კაპიტალის შენობების გენერალურ ინსპექტორად დანიშნა, ამას კი რაიხის ხელისუფლებაში სახელმწიფო მდივნის მოადგილეობა დაემატა. ბერლინში შპეერს უკიდურესი ძალაუფლება ჰქონდა, რამაც იგი მხოლოდ ჰიტლერის მიმართ გახადა პასუხისმგებელი.[35] ამან მას ასევე რაიხსტაგის წევრობა მოუტანა, თუმცა, ერთ ხმას მაშინ პატარა ძალა ჰქონდა.[36] ამის შემდეგ, ჰიტლერმა შპეერს ბერლინის თავიდან აშენების გეგმის შემუშავების ბრძანება მისცა. გეგმები ძირითადად კონცენტრირებული იყო სამი მილის სიგრძის ბულვარზე ჩრდილოეთიდან სამხრეთზე, რომელსაც შპეერი „Prachtstrasse“-ს, „დიდების ქუჩას“[37] ან „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ღერძს ეძახოდა.[38] ბულვარის ჩრდილოეთის ბოლოში შპეერი აპირებდა Volkshalle-ს აშენებას — გიგანტური სააქტო დარბაზი გუმბათით, რომლის სიმაღლეც 210 მეტრი უნდა ყოფილიყო, მასში კი 180,000 ადამიანი უნდა ჩატეულიყო. ბულვარის სამხრეთის ბოლოში უნდა ყოფილიყო დიდებული და ტრიუმფალური თაღი, რომლის სიმაღლე 120 მეტრი უნდა ყოფილიყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ამ გეგმების გადადება, შემდეგ კი საბოლოო მიტოვება გამოწვია.[39] გეგმებისთვის გამოყოფილი მიწის ნაწილი ბერლინის სარკინიგზო სისტემას დაეთმო. როდესაც შპეერის მამამ ბერლინის ახალი გეგმა ნახა, მან შვილს უთხრა: „თქვენ ყველანი საერთოდ გაგიჟდით“.[40]

 
ახალი რაიხსკანცელარიის მარმარილოს გალერეა.

1938 წლის იანვარში ჰიტლერმა შპეერს ძველი რაიხსკანცელარიის ბაზაზე ახლის აშენება მოთხოვა და განაცხადა, რომ ეს მას საგარეო პოლიტიკის მიერ გამოწვეული დიპლომატიური შეხვედრების ჩასატარებლად დასჭირდებოდა. შპეერს სამუშაო 1939 წლის 10 აპრილისთვის უნდა დაესრულებინა. ეს საკმაოდ რთული და დიდი დავალება იყო, თანაც, არსებული კანცელარიაც ბრწყინვალედ ასრულებდა თავის „სამუშაოს“. თავის ასისტენტებთან კონსულტაციის შემდეგ შპეერი აშენებას დათანხმდა და საქმეს შეუდგა. მან წარმატებას მიაღწია: მიუხედავად იმისა, რომ ადგილის ბოლომდე გასუფთავება 1939 წლის აპრილამდე შეუძლებელი იყო, ცხრა თვის განმავლობაში მან გასაოცარი სტრუქტურის შექმნა მოახერხა. სტრუქტურაში შედიოდა 146-მეტრიანი სიგრძის მარმარილოს გალერეა და ვერსალის სასახლე, რომელშიც სარკეთა დარბაზი იყო. სამუშაოს დროზე შესასრულებლად შპეერმა ათასი მუშა დაიქირავა ორ განაკვეთში. ადოლფ ჰიტლერი, რომელიც პროექტს დიდათ არ აკვირდებოდა, გაოცებული დარჩა, როდესაც შპეერმა გამზადებული შენობა ჩასაბარებელ ვადამდე ორი დღით ადრე წარუდგინა.[41] ფიურერმა შპეერის ძალისხმევა დააფასა: ჯილდოდ მან ნაცისტური პარტიის ოქროს ნიშანი მიიღო.[42] ნაკლებად აღფრთოვანებული დარჩა ტესენოუ, რომელიც ფიქრობდა, რომ შპეერს პროექტზე ცხრა თვე კი არა, წელი უნდა გაეტარებინა.[43] მეორე კანცელარია ბერლინის ბრძოლის დროს დიდად დაზიანდა.[44] საბოლოოდ, საბჭოელებმა მისი დემონტაცია მოახდინეს, მისი ნანგრევები კი ომის მემორიალის მასალა გახდა.[45]

კანცელარიის პროექტის დროს კრისტალნახტის ღამემ იქონია ადგილი. შპეერს არ გაუკეთებია არანაირი მოხსენება კრისტალნახტზე მესამე რაიხის პირველ მონახაზში, თუმცა, გამომცემლის რჩევით, მან დაამატა, რომ მანქანიდან სინაგოგის ნანგრევებს ხედავდა.[46]

იმ დროისთვის შპეერი დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. მოგვიანებით მან გაიხსენა:

მალევე, რაც ჰიტლერმა დიდი არქიტექტორული დავალებები მომცა, მე შიში მტანჯავდა... მტანჯავდა გრძელ გვირაბებში, თვითმფრინავებში, პატარა ოთახებში. ჩემს გულს ცემა უნდა დაეწყო, მე უნდა დავმხრჩვალიყავი, დიფაგრამა უნდა დამძიმებულიყო, მე კი უნდა მეგრძნო, რომ ჩემი სისხლის წნევა იზრდებოდა... ჩემი თავისუფლება და ძალაუფლება შიშით იყო სავსე!

არქიტექტორი მეორე მსოფლიო ომის დროს

რედაქტირება

შპეერი მხარს უჭერდა პოლონეთში შეჭრას და საერთოდ ომს, თანაც, მას ესმოდა, რომ ომი მისი არქიტექტორული ოცნებების გადავადებას გამოიწვევდა.[47] სიცოცხლის ბოლო წლებში თავის მომავალ ბიოგრაფს, გიტა სერენის, შპეერმა თავისი 1939 წლის მდგომარეობაზე მოახსენა:

რა თქმა უნდა, მე ბრწყინვალედ ვიცოდი, რომ ჰიტლერს მსოფლიოზე დომინირება სურდა. იმ დროისთვის მე ამაზე უკეთესი არაფერი მსურდა. ზუსტად ეს იყო ჩემი შენობების აზრი. ისინი გროტესკული იქნებოდა, თუ ჰიტლერი გერმანიაში „დაეტეოდა“. ერთადერთი, რაც ამ დიდი ადამიანისთვის მსურდა, მსოფლიო დომინირება იყო.[48]

ომის დროს შპეერმა თავისი დეპარტამენტი ვერმახტის განკარგულებაში გადაიყვანა. ჰიტლერმა შპეერს უთხრა, რომ ომი მისი საქმე არ იყო და არც მისი გადასაწყვეტი იყო ის, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ მისი მუშები, არქიტექტორმა ფიურერს უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია.[49] ომის დროს მისი იდეა იყო სწრაფი რეაგირების გუნდები, რომლებსაც გზები უნდა აეშენებინათ, ან, ნაგავი აელაგებინათ.[47] ომში დიდი გერმანული წარმატებების გამო შპეერმა გააგრძელა თავისი წინასწარი მუშაობა ნიურნბერგზე და ბერლინზე.[50][51] იგი ასევე კურირებდა ვერმახტისთვის და ლუფტვაფესთვის შენობების შენებას.[52]

1940 წელს იოსებ სტალინმა შპეერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და იგი მოსკოვში მიიწვია. იგი მოხიბლული იყო პარიზში „რაიხის არქიტექტორის“ ნამუშევრებით. ჰიტლერმა მას წასვლის საშუალება არ მისცა, რადგან ეშინოდა, რომ სტალინი მას ახალი მოსკოვის აშენებამდე „ვირთხის ხვრელში“ გადამალავდა.[53] გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ შპეერს ეჭვი გაუჩნდა, რომ მისი გეგმები ბერლინზე ვერასდროს შესრულდებოდა, თუმცა, საპირისპიროს ამბობდა გერმანიის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი.[54]

შეიარაღების მინისტრი

რედაქტირება

დანიშვნა და ძალაუფლების ზრდა

რედაქტირება
 
შპეერი იღებს ტოდტის ბეჭედს ჰიტლერისგან.

1942 წლის 8 თებერვალს შეიარაღების მინისტრი, ფრიც ტოდტი ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. მისმა თვითმფრინავი ჰიტლერის რასტენბურგის შტაბ-ბინიდან გასვლის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. შპეერი, რომელიც რასტენბურგში წინა ღამეს ჩავიდა, წესით ტოდთან ერთად ბერლინში უნდა გაფრენილიყო, თუმცა, გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე მან ფრენა გადაიფიქრა (თავის მემუარებში იგი წერს, რომ დაღლილი იყო გრძელი ფრენით, ღამით კი ჰიტლერტან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი. იმავე დღეს ჰიტლერმა შპეერი ტოდტის ყველა თანამდებობის მემკვიდრედ დანიშნა. თავის წიგნში, „მესამე რაიხის შიგნით“ შპეერი წერს, რომ მას არ სურდა მინისტრული პოსტის დაკავება, თუმცა, მოუწია, რადგანაც ფიურერმა ეს მას უბრძანა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ტოდტის სიკვდილის ამბავის გაგონების შემდეგ ჰერმან გერინგი ჰიტლერის შტაბ-ბინაში ჩავიდა, რადგანაც ტოდტის თანამდებობების დაკავება სურდა, თუმცა, ფიურერმა მის მაგივრად თავისი არქიტექტორი აირჩია.[55]

შპეერის დანიშვნის გერმანული ეკონომიკა, ბრიტანულისგან განსხვავებით, არ იყო მთლიანად ორიენტირებული სამხედრო პროდუქციის გამოშვებაზე. სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სამხედრო. სამხედრო ეკონომიკაზე გადასვლაზე იურისდიქციას არანაკლებ ხუთი „უმაღლესი ძალაუფლების“ ორგანო ფლობდა, მათ შორის იყო ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ჯერ კიდევ 1941 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მდგომარეობა არ აძლეოდა სამხედრო წარმოებაზე გადასვლის საშუალებას. ქარხნებში ძალიან ცოტა ქალი მუშაობდა, ისიც მხოლოდ ერთ განაკვეთში. ერთხელ, დანიშვნის შემდეგ, შპეერი ბერლინის შეიარაღების ქარხანას ეწვია, სადაც მას არავინ დახვდა.[56]

 
შპეერი ამოწმებს ტანკ „პანტერას“.

შპეერმა ამ სირთულეების მოგვარება საომარო ეკონომიკაზე ძალის ცენტრალიზებით მოახერხა. ქარხნებმა ავტონომია მიიღეს, ან კიდევ, როგორც ამას შპეერი მოიხსენიებდა, „თვითპასუხისმგებლობა“. ყველა ქარხანა სპეცილიარიზებული იყო მხოლოდ ერთ რამეზე..[57] ჰიტლერის მხარდაჭერით ზურგგამაგრებულმა შპეერმა (ფიურერმა განაცხადა: „შპეერ, მე ხელს მოვაწერ ყველაფერს, რაც შენგან მოდის“[58]) სხვა რეფორმებიც გაატარა. ასე, შეიარაღების სფერო მან იარაღის სისტემის მიხედვით დაყო, ხოლო დეპარტამენტებში სამოქალაქო პირების მაგივრად ექსპერტები დაასაქმა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო 55 წელიწადზე უფროსი,[59] მისი მოადგილე კი უნდა ყოფილიყო 40 წელიწადზე ახალგაზრდა. ამ დეპარტამენტებზე მაღლა იდგა დაგეგმვის ცენტრალური კომიტეტი, რომელსაც ალბერტ შპეერი ხელმძღვანელობდა. კომიტეტის პასუხისმგებლობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა სამხედრო პროდუქციაზე, მოგვიანებით კი საერთოდ გერმანიის ეკონომიკაზეც კი. ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის კონფერენციის მიხედვით, იმ დროისთვის „მხოლოდ შპეერის სიტყვას ჰქონდა ძალა. მას ყველა დეპარტამენტში შეუძლია ჩარევა. იგი უკვე ყველა დეპარტამენტს აკონტროლებს. ახლა ყველაფერს შპეერის პოზიცია წყვეტს“.[60] გებელსმა თავის დღიუღში 1943 წლის ივნისში დაწერა: „შპეერი ჯერ კიდევ ფიურერთან არის. იგი ნამდვილად გენიოსია ორგანიზაციულ საკითხებში“.[61] შპეერი ისეთი წარმატებული იყო 1943 წლის ბოლოსთვის, რომ ნაცისტური ელიტა მას დიდ პატივს სცემდა და ჰიტლერის მემკვიდრედაც კი განიხილავდა.[62]

 
შპეერი ფელდმარშალ ერნარდ მილხთან ერთად აკვირდება იარაღის ტესტირებას.

მიუხედავად იმისა, რომ შპეერი დიდ ძალაუფლებას ფლობდა, იგი მაინც ჰიტლერის დაქვემდებარებული იყო. ასე, როდესაც მას სურდა რომ ჰანკე გერმანელ მუშათა მეთაურად დაენიშნა, რაც, მისი აზრით, გერმანული სამუშაო ძალის ოპტიმიზაციას მოახდენდა. ჰიტლერმა მარტინ ბორმანის გავლენის ქვეშ ჰანკეს მაგივრად ფრიზ საუკელი დანიშნა. შპეერს, რომელსაც გერმანულ სამუშაო ძალაში ქალების მომატება სურდა, ეწინააღმდეგებოდა საუკელი, რომელიც მუშათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოყვანის მომხრე იყო. საბოლოოდ, გამარჯვებული საუკელი გამოდგა — შპეერის ქარხნებში ძირითადად უცხოელები მუშაობდნენ, მათ გერმანიაში წასაყვანად კი ყველაზე სასტიკ მეთოდებსაც იყენებდნენ.[63]

1943 წლის 10 დეკემბერს შპეერი ესტუმრა მიტელვერკის V-2 სარაკეტო ქარხანას, რომელშიც კონცენტრაციული ბანაკების ტყვეები მუშაობდნენ. მოგვიანებით შპეერმა განაცხადა, რომ იგი იქაური პირობებით შოკირებული დარჩა (მუშათა 5,7% იმ თვეში დაიღუპა).[64][65]

1943 წლისთვის მოკავშირეებმა გერმანიაზე საჰაერო უპირატესობა მოიპოვეს, რის გამოც გერმანული ქალაქების და ინდუსტრიული ობიექტების დაბომბვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. უპირატესობის მიუხედავად, მოკავშირეებმა თავიანთ კამპანიაში ინდუსტრიაზე კონცენტრირება არ მოახდინეს, ამან კი ხელი შეუწყო შპეერს, რომელმაც თავისი იმპროვიზაციის შესაძლებლობებით ბომბარდირებების მიერ მიყენებულ ზარალს „აჯობა“. 1943 წელს ტანკების წარმოება ორჯერ გაიზარდა, თვითმფრინავთა წარმოება 80 პროცენტით, Kriegsmarine-სთვის პროდუქციის წარმოების დრო ერთი წლიდან ორ თვემდე შემცირდა. ეს წარმატებები გაგრძელდა 1944 წლის მეორე ნახევრამდე.[66]

1944 წლის იანვარში შპეერი შეუძლოდ გახდა და ხელისუფლებას სამი თვით ჩამოშორდა. მისი არყოფნის დროს მისმა პოლიტიკურმა მტრებმა (ძირითადად გერინგმა და ბორმანმა) შპეერის ზოგიერთი თანამდებობის და გავლენის სფეროს გადაფარება სცადეს. შპეერზე დაყრდნობით, სს-ის რაიხსფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა მისი ფსიქიკური იზოლაცია სცადა. ამისთვის მასთან მუშაობდა ჰიმლერის პირადი ფსიქოლოგი კარლ გებარდტი, რომელსაც წესით შპეერი უნდა განეკურნა, თუმცა, მას არაფერი გამოუვიდა. შპეერის ცოლმა და მეგობრებმა ეს საქმე შპეერის მეგობარს, დოქტორ კარლ ბრანდტს გადააბარეს, რომლის ქვეშაც შპეერი ნელ-ნელა „აღდგა“.[67] აპრილში შპეერის პოლიტიკურმა მტრებმა მას სამშენებლო საქმეებზე პასუხისმგებლობა მოაშორეს, რის შემდეგაც შპეერმა ჰიტლერს წერილი მიწერა, სადაც თავისი გადადგომის წინადადება წამოაყენა. ფელდ მარშალი ერჰარდ მილხი ფიქრობდა, რომ სამხედრო საქმისთვის შპეერი საჭირო იყო, რის გამოც სცადა ჰიტლერი დაერწმუნებინა შპეერი თანამდებობაზე დაებრუნებინა. ამის შემდეგ ჰიტლერმა მილხს შპეერთან წერილი გაატანა, სადაც არ შეეხო პოლიტიკურ თემებს, თუმცა, დაწერა, რომ შპეერს პატივს სცემდა როგორც არასდროს. ამის შემდეგ შპეერმა თქვა: „ფიურერს შეუძლია უკანალზე მაკოცოს!“[68]. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მილხმა შპეერი დაარწმუნა და უკანასკნელმა გადადგომის განცხადება უკან წაიღო, თუმცა, იმ პირობით, რომ მისი ძალაუფლება აღდგებოდა.[69] 1944 წლის 23 აპრილს ჰიტლერი შპეერს შეხვდა, სადაც ფიურერი დათანხმდა, რომ „ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც იყო, და რომ შპეერი გერმანული მშენებლობის ხელმძღვანელი დარჩებოდა“.[70] შპეერზე დაყრდნობით, ამ შეთანხმებით ჰიტლერიც მოგებული დარჩებოდა: „მას ჩემი ყოლა სჭირდებოდა, რაც მიიღო კიდეც“.[71]

რაიხის დაცემა

რედაქტირება
 
ჩაფიქრებული რაიხსმინისტრი შპეერი.

20 ივლისის შეთქმულების ორგანიზატორებმა შპეერი ჰიტლერის მოკვლის შემდეგი ხელისუფლების სიაში შეიყვანეს, თუმცა, მისი სახელის გვერდით კითხვის ნიშანი იდგა და „ჩვენს მხარეზე გადმობირება“ ეწერა. ამ ფაქტმა შპეერი „ჩისტკებს“ გადაარჩინა, რომელიც ფიურერმა მტრების გეგმის ჩაშლის შემდეგ მოაწყო.[72]

როდესაც შპეერმა გაიგო, რომ წითელმა არმიამ თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია სილეზიის ინდუსტრიული რეგიონი, მან ჰიტლერს წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ სილეზიიდან რაიხი ნახშირის 60 პროცენტს იღებდა. მათ გარეშე, შპეერზე დაყრდნობით, გერმანიის ნახშირის წარმოება 1944 წლის მეოთხედი გახდებოდა, რაც არ იყო საკმარისი ომის გასაგრძელებლად. შპეერმა უთხრა ჰიტლერს, რომ სილეზიის გარეშე „ომის წაგებული იყო“, ჰიტლერმა, თავის მხრივ, მისი წერილი უბრალოდ სეიფში შეინახა.[73]

1945 წლის თებერვლისთვის შპეერი დაკავებული იყო ოკუპიაციასთან ახლო ტერიტორიების საჭმლით და სხვა რესურსებით მომარაგებით, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს ასე თუ ისე გადაეტანათ მომავალი რთული პერიოდი.[74] იმავე წლის 19 მარტს ჰიტლერმა გამოუშვა ბრძანება, რომლის მიხედვითაც გერმანიაში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაში ყველაფერი მიწასთან უნდა გაესწორებინათ.[75] ჰიტლერის ბრძანება, თავისი პირობებით, შპეერს ყველანაირი ძალაუფლების გარეშე ტოვებდა, რის შემდეგაც უკანასკნელი ფიურერს შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ მოახსენა, რომ ომი წაგებული იყო.[76] ამის შემდეგ ჰიტლერმა შპეერს 24 საათი მისცა, რათა უკანასკნელს თავისი პოზიციისთვის გადაეხედა. მეორე დღეს, შეხვედრაზე, შპეერმა ფიურერს უთხრა, რომ მის გვერდით იდგა.[77] ფიურერის „დასახმარებლად“ მან უკიდურესი ძალაუფლება მოითხოვა. ფიურერმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ძალაუფლების გამოყენებით შპეერი ცდილობდა გადაეთქმევინა გენერლები და გაულაიტერები ჰიტლერის გეგმის შესრულებისგან, რომელიც მხოლოდ მსხვერპლს გამოიწვევდა და გაანადგურებდა საწარმოებს, რომელიც ომის შემდეგ გახდებოდა საჭირო.[78]

ნაცისტური გერმანიის კრახის დროს შპეერმა შედარებით უსაფრთხო ადგილს მიაღწია ჰამბურგთან, თუმცა, კიდევ ერთხელ გარისკა და ბერლინში ვიზიტი განახორციელა.[79] ნიურნბერგში შპეერმა განაცხადა: „მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ვალი მშიშარასავით გაქცევა კი არა, მასთან ერთად დადგომა იყო“.[80] იგი ფიურერბუნკერს 22 აპრილისთვის ესტუმრა. ჰიტლერი საკმაოდ წყნარი და ოდნავ გართული ჩანდა. მას და არქიტექტორს სხვადასხვა თემებზე გრძელი დიალოგი ჰქონდა, სადაც ფიურერი თავის მოქმედების გეგმას იცავდა, რომლის მიხედვითაც მას თავი უნდა მოეკლა, მისი სხეული კი უნდა დაეწვათ. თავის წიგნში შპეერი წერდა, რომ ჰიტლერს მოახსენა ბრძანების შეუსრულებლობის შესახებ, თუმცა, ერთგულება შეჰფიცა, რამაც ჰიტლერი აატირა კიდეც.[79]

შემდეგ დილას შპეერმა ფიურებუნკერი დატოვა, ბერლინის დატოვებამდე კი დაზიანებულ რაიხსკანცელარიას ესტუმრა.[79] 29 აპრილს შედგენილ პოლიტიკურ ანდერძში ჰიტლერმა შპეერი შემცვლელ მთავრობაში არ ჩასვა, მისი თანამდებობა კი დაქვემდებარებულმა კარლ-ოტო საურმა დაიკავა.[81]

ნიურნბერგის პროცესი

რედაქტირება
 
ფლენსბურგის მთავრობის წამყვანი წევრები. შპეერი (მარცხნივ), კარლ დენიცი (ცენტრში), ალფრედ იოდლი (მარვჯვნივ).

ჰიტლერის სუიციდის შემდეგ შპეერმა თავისი მომსახურება კარლ დენიცის „ფლენსბურგის ხელისუფლებას“ შესთავაზა და მნიშვნელოვანი როლი მიიღო ახალი გერმანული ხელისუფლების მოღვაწეობაში. 15 მაისს მოკავშირეთა დელეგაციამ ჰკითხა შპეერს, მზად იყო თუ არა ის მიეცა ინფორმაცია საჰაერო ბრძოლასთან დაკავშირებით. შპეერი დათანხმდა და მომდევნო დღეების განმავლობაში მოკავშირეებს სხვადასხვა საკითხებზე საკმაოდ დიდი ინფორმაცია მიაწოდა. 23 მაისს, გერმანიის კაპიტულაციიდან ორი კვირის შემდეგ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს ფლენსბურგის ხელისუფლების წევრები, რითიც ნაცისტური გერმანიის ეპოქა ფორმალურად დასრულდა.[82]

დაპატიმრების შემდეგ შპეერი წაიყვანეს ნაცისტი ჩინოვნიკების ცენტრში, სადაც მისი დაკითხვა მოხდა. 1945 წლის სექტემბერს მას უთხრეს, რომ სამხედრო დანაშაულებისთვის გაასამართლებდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნიურნბერგში გადაიყვანეს.[83] შპეერი გაასამართლეს ოთხივე შესაძლებელი პუნქტით: საერთო გეგმაში ან შეთანხმებაში მონაწილეობა, რომლის მიზანიც არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ; მშვიდობის წინააღმდეგ აგრესიული ომების ინიციირება და წარმოება; სამხედრო დანაშაულები; დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ.[84]

შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ და ნიურნბერგში შტატების მხრიდან მთავარმა პროკურორმა შპეერი დაადანაშუალა „გერმანიის სამხედრო ინდუსტრიაში სამხედრო ტყვეების და უცხოელი მუშების ძალით ჩაყვანის (მაშინ, როდესაც სხვა მუშები შიმშილით იღუპებოდნენ) გეგმაში მონაწილეობისთვის და შესრულებისთვის“.[85] შპეერის ადვოკატმა, ჰანს ფლაშსნერმა შპეერის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ იგი უბრალოდ პოლიტიკაში ჩათრეული აიდეოლოგიური ხელოვანი იყო, რომელსაც ჰიტლერი დაპირდა, რომ ომის შემდეგ არქიტექტურაში დააბრუნებდა.[86] თავის ჩვენებებში შპეერმა პასუხისმგებლობა აიღო ნაცისტური გერმანიის მოქმედებებზე.[87]

სასამართლოზე დამკვირვებლის სახით მყოფმა ჟურნალისტმა უილიამ შირერმა დაწერა, რომ სხვა ეჭმიტანილებისგან განსხვავებით, შპეერმა „შექმნა ყველაზე პირდაპირი წარმოდგენა... და გრძელი სასამართლოს დროს პატიოსნად ლაპარაკობდა და არ უცდია პასუხისმგებლობის თავიდან არიდება“.[88] შპეერმა ასევე განაცხადა, რომ 1945 წლის დასაწყისში ფიურერბუნკერის ვინტილაციაში ტაბუნის მომწამვლელი გაზის შეშვებით ფიურერის მოკვლას აპირებდა.[89][90] მის მცდელობები ჩაიშალა, რადგან ტაბუნი ამ საქმისთვის გამოუყენებელი იყო, თანაც მას არ ჰქონდა ღია წვდომა ვინტილაციასთან.[90] კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი გახდა მაღალი საკვამურის მოულოდნელი მშენებლობა, რომლის გამოც წვდომა ვინტილაციასთან საბოლოოდ შეუძლებელი გახდა.[91] შპეერმა განაცხადა, რომ მკვლელობის ცდის მიზეზი გახდა მისი სასოწარკვეთა, რომელიც გამოიწვია ჰიტლერის სურვილმა გერმანელი ერიც თავისთან ერთად გაეყოლა.[89] შპეერის დაგეგმილი მკვლელობის მცდელობას სკეპტიციზმით შეხვდნენ. მისმა არქიტექტორულმა მტერმა, ჰერმან გიზლერმა გაიცინა: „ქვეყანაში მეორე ადამიანს კიბე არ ჰქონდა“.[92]

საბოლოოდ, შპეერი მხოლოდ ორ პუნტქში აღიარეს დამნაშავედ (სამხედრო დანაშაულები; დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ). მისი აღიარება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ არ იცოდა მასობრივი განადგურებების შესახებ, რამაც იგი სავარაუდოდ სიკვდილით დასჯას გადაარჩინა, ტყუილი აღმოჩნდა. ამის მტკიცებულებაა მისი პირადი კორესპონდენცია 1971 წელს, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა.[93] 1946 წლის 1 ოქტომბერს შპეერს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[94] რვიდან სამმა მოსამართლემ (ორი მათგანი იყო საბჭოთა კავშირიდან, ერთი — შტატებიდან) მისი სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი; მოსამართლეებმა შეთანხმებას 2 დღის შემდეგ მიაღწიეს.[95]

პროცესის მოსამართლეების ვერდიქტი:

ომის ბოლო ეტაპში შპეერი იყო ერთ-ერთი, რომელსაც ეყო სიმამაცე ეთვა ჰიტლერისთვის, რომ ომი წაგებულია და გადაედგა ნაბიჯები საწარმოების განადგურებისგან როგორც გერმანიაში, ისევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგი ჰიტლერის გეგმის ოპოზიციაში იყო ... და პირადი რისკის ხარჯზე საბოტაჟს ახდენდა[96]

 
შპანდაუს ციხე, 1951.

1947 წლის 18 ივლისს შპეერი და კიდევ ექვსი ყოფილი ნაცისტი ჩინოვნიკი ბერლინში დიდი დაცვის თანხლებით გადააფრინეს.[97] მომავალი პატიმრები შპანდაუს ციხეში (ბრიტანეთის ოკუპაციის სექტორი, მომავალში დასავლეთ ბერლინი) გადაიყვანეს, სადაც ყველას სხვადასხვა ნომერი მისცეს, შპეერმა კი მეხუთე ნომერი მიიღო.[98] თავდაპირველად, დაპატიმრებულები კამერებში მარტონი იყვნენ (დღეში ნახევარი საათის გარდა). მათ ასევე აკრძალული ჰქონდათ ერმანეთთან ან მცველებთან საუბარი.[99] გარკვეული დროის შემდეგ სასტიკი რეჟიმი უფრო რბილი გახდა.[100] შპეერი კი სხვა პატიმრების ფონზე თავის თავს ყველაზე მამაცად თვლიდა, რადგან მხოლოდ მან აიღო პასუხისმგებლობა ნაცისტთა მოქმედებებზე.[101]

შპეერი ცდილობდა დაპატიმრების დრო პროდუქტიულად გამოეყენებინა. მან დაწერა: „მე შეპრყობილი ვარ ამ დროის მნიშვნელოვანი წიგნისთვის გამოყენების იდეით... ასე, ციხე შეიძლება მეცნიერის ბუნაგად გადაიქცეს“.[102] შპეერს ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ პატიმრებს აკრძალული ჰქონდათ მემუარების წერა, მათ მიერ გაგზავნილი წერილების რაოდენობა კი შეზღუდული იყო და ცენზურას გადიოდა. მიუხედავად აკრძალვისა, გამოჩნდა მორიგე (რომელიც, როგორც ჩანს, ალბერტის მიმართ სიმპათიას განიცდიდა), რომელმაც გერმანელ არქიტექტორს მემუარების წერის საშუალება მისცა. ციხეში დაწერილი ფურცლები მოგვიანებით მისი წიგნის ძირითადი მასალა გახდა.[103] შპეერს ასევე შეეძლო წერილების გაგზავნა (მათ შორის ფინანსური ინსტრუქციებისაც) და მიღებაც.[104] წერილები, რომლებსაც იგი შვილებს წერდა, მოგვიანებით მისი წიგნის, „შპანდაუ: საიდუმლო დღიურების“-ს მასალა გახდა.[105]

როდესაც შპეერს თავისი მემუარები დასრულებული და ციხიდან გატანილი ჰქონდა, მან ახალი პროექტი დაისახა მიზნად. იდეა მას მაშინ მოუვიდა თავში, როდესაც იგი ციხის ეზოში წრეებს ურტყავდა. იგი ფრთხილად ზომავდა გავლილ დისტანციას, რომლის მიხედვითაც მან მოგვიანებით გამოთვალა მანძილი ბერლინსა და ჰაიდელბერგს შორის. მოგვიანებით მან თავისი იდეა თავგადასავლად გადააქცია და უკვე მთელ მსოფლიოში „მოგზაურობდა“. „მოგზაურობის“ ფარგლებში ნამყოფ ქვეყნებში და იქ მცხოვრებ ხალხებზე ცოდნის მომატებისთვის შპეერი სხვადასხვა ბროშურებს და საინფორმაციო ბუკლეტებს უკვეთავდა ხოლმე.[106] „ციხის მოგზაურობა“ შპეერმა რეალურ დისტანციაში გადაიყვანა და გამოვიდა, რომ მან დაიწყო ჩრდილოეთი გერმანიაში, შემდეგ იყო აზიაში, იქიდან წავიდა სიბირში, შემდეგ კი გადაკვეთა ბერინგის სრუტე და სიარული სამხრეთში გააგრძელა. პატიმრობის დასრულების დროს იგი გვადალახარასგან 35 კილომეტრით სამხრეთით დაასრულა.[107]

თავისი ენერგიის და დროის საკმაოდ დიდ ნაწილს შპეერი კითხვაში ხარჯავდა. შპანდაუს ციხეში ბიბლიოთეკა არ იყო, რის გამოც ისინი წიგნებს შპანდაუს მუნიციპალური ბიბლიოთეკიდან იღებს,[108] 1952 წელს კი მათ უფლება მისცეს წიგნები შეეკვეთათ ბერლინის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან.[109] შპეერს კითხვა უყვარდა, რის გამოც პატიმრობის პირველ სამ წელიწადში მან დაახლოებით 500 წიგნი წაიკითხა.[110] იგი კითხულობდა კლასიკურ ნოველებს, თავგადასავლებს, ბიოგრაფიებს (ლუკას კრანახი უფროსი, ედუარ მანე და ჩინგიზ-ყაენი) და წიგნებს ძველ ეგვიპტეზე.[109] იგი ასევე მუშაობდა ციხის ბაღში, როდესაც შემოქმედებითი კრიზისი სჭირდა.[111] მას ბაღის აშენების უფლებაც კი მისცეს, რომელიც მან აღწერა როგორც „ველური ბუნება“, ამერიკელმა კაპიტანმა კი ბაღს „შპეერის ედემის ბაღი“ შეარქვა.[112]

შპეერის მხარდამჭერები არაერთხელ ითხოვდნენ მის განთავისუფლებას. შპეერის პატიმრობის გახანგრძლივებას კი ემხრობოდნენ შარლ დე გოლი,[113] ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ბელი,[113] ჯონ მაკლოი[114] და ნიურნბერგის პროცესის ყოფილი პროკურორი ჰარტლი შოუკროსი[114]. მათგან განსხვავებით ფიქრობდა ვილი ბრანდტი.[115] შპეერის განთავისუფლების დღეზე მან მის ქალიშვილს ყვავილები გაუგზავნა.[116] დე-ნაციფიკაციის ფარგლებში აღძრული საქმეც, რომელმაც მისი ქონების კონფისკაციის საკითხი დააყენა,[117] შპეერმა ბრანდტის დახმარებით „დახურა“.[118] მისი დროზე ადრო გამოშვება მაინც ვერ მოხერხდა, რადგანაც ამას ოთხივე გამარჯვებულის (აშშ, საბჭოთა კავშირი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი) თანხმობა სჭირდებოდა, სსრკ კი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო.[114] შპეერმა სასჯელი ბოლომდე მოიხადა და ციხე 1966 წლის 1 ოქტომბრის შუაღამეს დატოვა.[119]

განთავისუფლება და ბოლო წლები

რედაქტირება
 
შპეერის სასაფლაო ჰაიდელბერგში.

შპეერის განთავისუფლება მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება გახდა. რეპორტიორები და ფოტოგრაფები შეიკრიბნენ, რათა დაენახათ შპეერის პირველი „თავისუფალი საათები“ 20 წლიანი პატიმრობის შემდეგ.[120] იგი არც თუ ისე ბევრს ლაპარაკობდა, რათა „შეენახა“ ფიქრები Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში (1966 წლის ნოემბერი), სადაც მან კვლავ აიღო პირადი პასუხისმგებლობა ნაცისტური გერმანიის მოქმედებებზე.[121] განთავისუფლების შემდეგ შპეერი არქიტექტურაში აღარ დაბრუნდა (შესაძლოა იმიტომ, რომ ორი მისი პარტნიორი უკვე გარდაცვლილი იყო).[122] ამის მაგივრად შპანდაუში დაწერილი მემუარები მან ორ ავტობიოგრაფიულ წიგნად აქცია („მესამე რაიხის შიგნით“[123] და „შპანდაუ: საიდუმლო დღიურები“), რომელმაც ნაცისტურ ეპოქაში ჩახედვის უნიკალური შესაძლებლობა წარმოადგინა. მისი მესამე ნამუშევარი გახდა კვლევა ჰიმლერზე და შუცშტაფელზე. ნამუშევრების შედგენაში და ფორმირებაში შპეერს იოახიმ ფესტი და ვოლფ სიდლერი ეხმარებოდნენ.[124] მიუხედავად ლიტერატურული წარმატებისა, შპეერმა ვერ მოახერხა ურთიერთობის აღდგენა თავის შვილებთან. მისმა ქალიშვილმა, ჰილდემ განაცხადა: „ერთმანეთის მიყოლებით ჩემი დები და ძმები ნებდებოდნენ. ჩვენ აღარ გვქონდა ურთიერთობა“.[125]

გამოცემული წიგნებიდან მიღებული ფული შპეერმა ებრაულ ქველმოქმედებას შესწირა. სიდლერზე დაყრდნობით, ამ საქმეს მან თავისი ჰონორარის 80% შესწირა. შპეერი ამას ანონიმურად აკეთებდა, რადგანაც ეშინოდა, რომ ამაზე ან უარს იტყოდნენ, ან კიდევ, მას პირფერად შერაცხავდნენ.[126]

უკვე 1953 წელს, როდესაც უოლტერსი სასტიკად შეეწინააღმდეგა მემუარების გამოქვეყნებას, სადაც ჰიტლერი დამნაშავედ იყო მოხსენიებული, შპეერმა იწინასწარმეტყველა, რომ მემუარების გამოქვეყნების შემდეგ „ბევრ კარგ მეგობარს“ დაკარგავდა.[103] ეს ყველაფერი ახდა „მესამე რაიხის შიგნით“ გამოქვეყნების შემდეგ, რის შემდეგაც უოლტერსი და სკულპტორი არნო ბრეკერმა მასგან დისლოცირება მოახდინეს. ჰანს ბაურმა, ჰიტლერი პირადმა პილოტმა განაცხადა: „შპეერი, როგორც ჩანს, გაგიჟდა“.[127]

განთავისუფლების შემდეგ შპეერი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა.[128] 1971 წლის ივნისში მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალ „Playboy“-ს, რომელშიც განაცხადა: „თუ მე ამას ვერ ვხედავდი, ეს იმიტომ, რომ მე ამის დანახვა არ მინდოდა“.[129] 1973 წლის ოქტომბერში იგი პირველად ესტუმრა დიდი ბრიტანეთს (ლონდონში იგი მოგონილი სახელით ჩაფრინდა),[128] რათა ინტერვიუ მიეცა BBC-ისთვის.[130] მისვლისას ბრიტანეთის იმიგრაციის სამსახურმა მისი ნამდვილი იდენტობა გაიგო, რის გამოც იგი რვა საათით დააკავეს. რობერტ კარმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, შპეერს ქვეყანაში 48 საათით დარჩენის უფლება მისცა.[131] იმავე წელს მან მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო პროგრამაში მეორე მსოფლიო ომზე. შპეერი გარდაიცვალა 1981 წლის 1 სექტემბერს, კვლავ ლონდონში ყოფნის დროს.[132] იმ დროისთვის იგი ურთიერთობაში იყო გერმანული წარმოშობის ინგლისელ ქალბატონთან, რომელთანაც ერთად სიკვდილის დროს იყო.[133]

სიცოცხლის ბოლოსაც კი შპეერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა თავის მოქმედებებს ჰიტლერის ხელმძღვანელობის ქვეშ. თავის ბოლო წიგნში, „ინფილტრაცია“-ში იგი კითხვას სვამს: „რა მოხდებოდა, თუ ჰიტლერი მომთხოვდა ისეთი გადაწყვეტილებების მოთხოვნას, რომელსაც სისასტიკე სჭირდება? რამდენად შორს წავიდოდი? სხვა პოზიცია რომ დამეკავა, რამდენად ველურ ბრძანებებს გავცემდი, თუ მე ამას ჰიტლერი მომთხოვდა?“.[134] კითხვები ალბერტ შპეერმა პასუხის გარეშე დატოვა.[134]

რეპუტაცია და მემკვიდრეობა

რედაქტირება

არქიტექტორული მემკვიდრეობა

რედაქტირება

ამ დროისთვის, უფრო შემონახულია შპეერის გეგმები და ფოტოები, ვიდრე მისი ნამუშევრები. დღესდღეობით, ბერლინში აღარ არსებობს მის მიერ აშენებული შენობა, გარდა Schwerbelastungskörper-ისა (დიდი ბოძი).[135] ცეპელინფილდის სტადიონზე, ნიურნბერგში, ჯერ კიდევ არის შპეერის აშენებული ტრიბუნა, მართალია, მისი ნაწილობრივი დემონტაჟი მოხდა, თუმცა, დანახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.[136] ბერლინისგან განსხვავებით, მისი ნამუშევრები არის ლონდონში, სადაც შპეერმა გერმანიის საელჩოს დიზაინის განახლება მოახდინა. 1967 წლიდან შენობა იყო სამეფო საზოგადოების ერთ-ერთი ოფისი. მისი იქ შესრულებული ნამუშევარი მხოლოდ ნახევრადაა შემონახული.[137]

კიდევ ერთი მისი მემკვიდრეობა არის Arbeitsstab Wiederaufbau zerstörter Städte (განადგურებული ქალაქების რეკონსტრუქციაზე მომუშავე ჯგუფები) — პროექტი, რომელმაც შპეერმა 1943 წელს დააარსა დაბომბილი გერმანიის რეკონსტრუქციისთვის, ოღონდ, რეკონსტრუქციის ფარგლებში უნდა მომხდარიყო მათი „მომზადება“ მანქანური ერასათვის.[138] ჯგუფის წევრები ასევე ითვალისწინებდნენ ომში დამარცხების შესაძლებლობასაც.[138] ჯგუფის რეკომენდაციები გამოიყენეს ომის შემდეგ, მისი წევრები კი მონაწილეობას იღებდნენ განადგურებული გერმანიის აღდგენაში.[138]

ებრაელებთან დაკავშირებული მოქმედებები

რედაქტირება

როგორც მშენებლობის გენერალური ინსპექტორი, შპეერი პასუხისმგებელი იყო გადასახლების ცენტრალურ დეპარტამენტზეც.[139] 1939 წლიდან მოყოლებული, ნიურნბერგის კანონზე დაყრდნობით დეპარტამენტი ასახლებდა ებრალელებს ბერლინის რაიონებიდან, რათა მათი ადგილი დამქირავებლებს ან დაბომბვის გამო ემიგრირებულ ადამიანებს დაეკავათ.[139] ამ გადასახლებებს „ემსხვერპლა“ 75 000 ებრაელი.[140] შპეერმა იცოდა ამ მოქმედებების შესახებ და მათ პროგრესზე ინფორაციასაც იღებდა.[141] ჯერ კიდევ არის შემონახული ამ ამბავთან დაკავშირებული შპეერის ერთი მემუარი მაინც,[141] ისევე როგორც უოლტერსის მიერ შენახული დეპარტამენტის ქრონიკა.[142]

შპანდაუდან განთავისუფლების შემდეგ გერმანიის ფედერალურ არქივს შპეერმა ქრონიკის ვერსია მიაწოდა, სადაც ებრაელებზე არაფერი იყო.[143] როდესაც დავიდ ირვინგმა ქრონიკას და სხვა დოკუმენტებს შორის განსხვავება აღმოაჩინა, უოლტერსმა სიტუაცია შპეერს მოახსენა, რომელმაც უოლტერს უთხრა, რომ ქრონიკის ორიგინალის ზოგიერთ გვერდებს არსებობა უნდა შეეწყვიტა.[144] უოლტერსმა ეს არ გააკეთა, და მას შემდეგ, რაც შპეერთან ურთიერთობა გაუფუჭდა, დოკუმენტებთან წვდომა მატიას შმიდტს მისცა, რომელმაც მოგვიანებით დაწერა წიგნი „ალბერტ შპეერი: მითის დასასრული“.[145] შპეერმა უოლტერსის მოქმედებები ღალატად და ზურგში დანის ჩარტყმად ჩათვალა.[146] ქრონიკამ არქივებს უკვე 1983 წელს მიაღწია, როდესაც შპეერიც და უოლტერსიც გარდაცვლილები იყვნენ.[142]

ცოდნა ჰოლოკოსტზე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Angolia, John (1978), For Fuhrer and Fatherland: Political and Civil Awards of the Third Reich, R. James Bender Publishing, ISBN 978-0-912138-16-9
  • Conot, Robert (1983), Justice at Nuremberg, New York: Harper & Row, ISBN 978-0-88184-032-2
  • Durth, Werner; Gutschow, Niels (1988), Träume in Trümmern, ("Dreams in rumbles"), Vieweg Friedr. + Sohn Ver, ISBN 978-3-528-08706-7
  • Fest, Joachim (1999), Speer: The Final Verdict, Harcourt, ISBN 978-0-15-100556-7
  • Fest, Joachim (2007), Albert Speer: Conversations with Hitler's Architect, Polity Press, ISBN 978-0-7456-3918-5
  • Fishman, Jack (1986), Long Knives and Short Memories: The Spandau Prison Story, Breakwater Books, ISBN 0-920911-00-5
  • King, Henry T. (1997), The Two Worlds of Albert Speer: Reflections of a Nuremberg Prosecutor, University Press of America, ISBN 978-0-7618-0872-5
  • Leigh, David (October 24, 1973), "Delay, then Albert Speer is allowed in", The Times (UK)
  • Schmidt, Matthias (1984), Albert Speer: The End of a Myth, St Martins Press, ISBN 978-0-312-01709-5
  • Schubert, Philipp (2006), Albert Speer: Architekt - Günstling Hitlers - Rüstungsminister - Hauptkriegsverbrecher, Munich: GRIN Verlag, ISBN 978-3-638-59047-1
  • Sereny, Gitta (1995), Albert Speer: His Battle With Truth, Knopf, ISBN 978-0-394-52915-8
  • Shirer, William (1990), The Rise and Fall of the Third Reich (30th anniversary (original publication 1960) რედ.), New York: Touchstone Books, ISBN 978-0-671-72868-7
  • Speer, Albert (1970), Inside the Third Reich [Translated by Richard and Clara Winston], New York and Toronto: Macmillan, ISBN 978-0-297-00015-0. Republished in paperback in 1997 by Simon & Schuster, ISBN 978-0-684-82949-4 (Original German edition: Speer, Albert (1969). Erinnerungen [Reminiscences]. Berlin and Frankfurt am Main: Propyläen/Ullstein Verlag. OCLC 639475. )
  • Speer, Albert (1976), Spandau: The Secret Diaries [Translated by Richard and Clara Winston], New York and Toronto: Macmillan, ISBN 978-0-02-612810-0 (Original German edition: Speer, Albert (1975), Spandauer Tagebücher [Spandau Diaries], Berlin and Frankfurt am Main: Propyläen/Ullstein Verlag, ISBN 978-3-549-17316-9, OCLC 185306869)
  • Speer, Albert (1981), Infiltration: How Heinrich Himmler Schemed to Build an SS Industrial Empire, Macmillan, ISBN 978-0-02-612800-1 (Original German edition: Speer, Albert (1981), Der Sklavenstaat : meine Auseinandersetzungen mit der SS [The Slave State: My Battles with the SS], Deutsche Verlags-Anstalt, ISBN 978-3-421-06059-4, OCLC 7610230)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. van der Vat, 1997, გვ. 11.
  2. Tooze, 2006, გვ. 357–8
  3. Schubert, 2006, გვ. 5.
  4. Speer, 1970, გვ. 7.
  5. King, 1997, გვ. 27.
  6. van der Vat, 1997, გვ. 23.
  7. Schmidt, 1984, გვ. 28.
  8. Fest, 1999, გვ. 11–13.
  9. Speer, 1970, გვ. 9.
  10. Sereny, 1995, გვ. 63.
  11. Speer, 1970, გვ. 10–11.
  12. van der Vat, 1997, გვ. 34–36.
  13. Sereny, 1995, გვ. 71–73.
  14. van der Vat, 1997, გვ. 33–34.
  15. Sereny, 1995, გვ. 47–49.
  16. Sereny, 1995, გვ. 79.
  17. Speer, 1970, გვ. 15–17.
  18. Fest, 1999, გვ. 29.
  19. Fest, 1999, გვ. 28–30.
  20. Speer, 1970, გვ. 22–25.
  21. Sereny, 1995, გვ. 100–101.
  22. van der Vat, 1997, გვ. 49.
  23. Sereny, 1995, გვ. 101–03.
  24. Sereny, 1995, გვ. 106.
  25. Fest, 1999, გვ. 42.
  26. Fest, 1999, გვ. 54.
  27. van der Vat, 1997, გვ. 60.
  28. 28.0 28.1 van der Vat, 1997, გვ. 59.
  29. Sereny, 1995, გვ. 131
  30. Speer, 1970, გვ. 58–59.
  31. Speer, 1970, გვ. 55–56.
  32. van der Vat, 1997, გვ. 65.
  33. Paris World Exposition 1937
  34. Angolia, 1978, გვ. 194.
  35. Fest, 1999, გვ. 64.
  36. Sereny, 1995, გვ. 144.
  37. Sereny, 1995, გვ. 140.
  38. Sereny, 1995, გვ. 141.
  39. Fest, 1999, გვ. 71.
  40. Sereny, 1995, გვ. 158.
  41. Fest, 1999, გვ. 101–06.
  42. Speer, 1970, გვ. 137.
  43. Fest, 1999, გვ. 110.
  44. Fest, 1999, გვ. 273.
  45. Fest, 1999, გვ. 351.
  46. Sereny, 1995, გვ. 164.
  47. 47.0 47.1 Fest, 1999, გვ. 115.
  48. Sereny, 1995, გვ. 186.
  49. Fest, 1999, გვ. 111–12.
  50. Speer, 1970, გვ. 176–78.
  51. Speer, 1970, გვ. 180–81.
  52. Speer, 1970, გვ. 182.
  53. Fest, 2007, გვ. 66–67.
  54. Fest, 2007, გვ. 69.
  55. Speer, 1970, გვ. 193–96.
  56. Fest, 1999, გვ. 139–41.
  57. Sereny, 1995, გვ. 295.
  58. Fest, 1999, გვ. 143.
  59. Fest, 2007, გვ. 76.
  60. Fest, 1999, გვ. 142–44.
  61. Schmidt, 1984, გვ. 75.
  62. Sereny, 1995, გვ. 376–77.
  63. Fest, 1999, გვ. 146–50.
  64. van der Vat, 1997, გვ. 175–76.
  65. Speer, 1970, გვ. 370.
  66. Fest, 1999, გვ. 168–70.
  67. Speer, 1970, გვ. 330–313.
  68. Fest, 1999, გვ. 210.
  69. Fest, 1999, გვ. 207–12.
  70. Speer, 1981, გვ. 232–33.
  71. Sereny, 1995, გვ. 429.
  72. Fest, 1999, გვ. 224–26.
  73. Shirer, 1990, გვ. 1096–1097.
  74. Sereny, 1995, გვ. 482.
  75. Fest, 1999, გვ. 250–51.
  76. Sereny, 1995, გვ. 486–92.
  77. Speer, 1976, გვ. 4–6.
  78. Sereny, 1995, გვ. 498–504.
  79. 79.0 79.1 79.2 Fest, 1999, გვ. 263–70.
  80. Speer cross-examination
  81. van der Vat, 1997, გვ. 234.
  82. Fest, 1999, გვ. 273–81.
  83. Sereny, 1995, გვ. 561.
  84. Fest, 1999, გვ. 285.
  85. Conot, 1983, გვ. 471.
  86. Fest, 1999, გვ. 287–88.
  87. Speer, 1970, გვ. 516.
  88. Shirer, 1990, გვ. 1142–1143.
  89. 89.0 89.1 Fest, 1999, გვ. 293–97.
  90. 90.0 90.1 Speer, 1970, გვ. 430–31.
  91. Fest, 1999, გვ. 245–46.
  92. Fest, 1999, გვ. 246.
  93. Kate Connolly. Letter proves Speer knew of Holocaust plan. The Guardian.
  94. van der Vat, 1997, გვ. 281–82.
  95. Sereny, 1995, გვ. 29.
  96. Fest, 1999, გვ. 306.
  97. Speer, 1976, გვ. 65–67.
  98. Speer, 1976, გვ. 66–67.
  99. Fest, 1999, გვ. 309–10.
  100. Sereny, 1995, გვ. 602.
  101. Speer, 1976, გვ. 244.
  102. Speer, 1976, გვ. 75.
  103. 103.0 103.1 Fest, 1999, გვ. 316.
  104. Fest, 1999, გვ. 310–11.
  105. Sereny, 1995, გვ. 672.
  106. Fest, 1999, გვ. 316–17.
  107. Speer, 1976, გვ. 447.
  108. Speer, 1976, გვ. 69.
  109. 109.0 109.1 Speer, 1976, გვ. 195.
  110. Fishman, 1986, გვ. 129.
  111. Fest, 1999, გვ. 312.
  112. Sereny, 1995, გვ. 654.
  113. 113.0 113.1 Fest, 1999, გვ. 319.
  114. 114.0 114.1 114.2 Speer, 1976, გვ. 440.
  115. van der Vat, 1997, გვ. 319.
  116. Speer, 1976, გვ. 448.
  117. van der Vat, 1997, გვ. 299–300.
  118. van der Vat, 1997, გვ. 324.
  119. van der Vat, 1997, გვ. 324–25.
  120. Fest, 1999, გვ. 320–21.
  121. van der Vat, 1997, გვ. 333–34.
  122. Speer, 1976, გვ. 441.
  123. Sereny, 1995, გვ. 5.
  124. van der Vat, 1997, გვ. 329–30.
  125. Sereny, 1995, გვ. 664–665.
  126. van der Vat, 1997, გვ. 348.
  127. Fest, 1999, გვ. 345–46.
  128. 128.0 128.1 van der Vat, 1997, გვ. 354.
  129. Fest, 1999, გვ. 329.
  130. Chicago Jewish Star, 21.11.2003, გვ. 7, 9.
  131. Leigh, 1973.
  132. Fest, 1999, გვ. 337.
  133. van der Vat, 1997, გვ. 362–63.
  134. 134.0 134.1 Speer, 1981, გვ. 12–13.
  135. van der Vat, 1997, გვ. 75.
  136. Museen der Stadt Nürnberg
  137. Iconic Photos, A Nazi Funeral in London
  138. 138.0 138.1 138.2 Durth, Gutschow
  139. 139.0 139.1 Fest, 1999, გვ. 116.
  140. Fest, 1999, გვ. 120.
  141. 141.0 141.1 Fest, 1999, გვ. 119.
  142. 142.0 142.1 Fest, 1999, გვ. 124.
  143. van der Vat, 1997, გვ. 339–343.
  144. Sereny, 1995, გვ. 226–27
  145. van der Vat, 1997, გვ. 359–61.
  146. Fest, 2007, გვ. 196.