იოზეფ გებელსი

ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იოზეფ გებელსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იოზეფ გებელსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

პაულ იოზეფ გებელსი (გერმ. Paul Joseph Goebbels; დ. 29 ოქტომბერი, 1897, რაიდტი, გერმანია — გ. 1 მაისი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში. უამრავ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებობასთან ერთად 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი. ის იყო გერმანიის დიქტატორ ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და ყველაზე ერთგული მიმდევარი. გებელსი ცნობილი იყო შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით; მრავალი ისტორიკოსი მას მიაწერს კრისტალნახტის ორგანიზაციას.

იოზეფ გებელსი
Joseph Goebbels
იოზეფ გებელსი Joseph Goebbels
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი, 1945 – 1 მაისი, 1945
პრეზიდენტი  კარლ დენიცი
წინამორბედიადოლფ ჰიტლერი
მემკვიდრელუდვიგ კროზიგკი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი, 1933 – 30 აპრილი, 1945
კანცლერი  ადოლფ ჰიტლერი

დაბადებული29 ოქტომბერი 1897
რაიდტი, გერმანია
გარდაცვლილი1 მაისი, 1945 (47 წლის)
ბერლინი
პოლიტიკური პარტიანსდაპ
მეუღლემაგდა გებელსი
რელიგიაკათოლიკე

გებელსმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1921 წელს, სადაც სადოქტორო დისერტაცია XVIII საუკუნის გერმანული რომანტიზმის თემაზე დაიცვა. მომდევნო წლებში ის ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბანკის კლერკად და სააქციო ბირჟის გარიგებების დარბაზში კოტირებების აგენტად. ამ პერიოდში მან რამდენიმე რომანი და პიესა დაწერა, თუმცა გამომცემლები მათ დაბეჭდვაზე უარს ამბობდნენ. გებელსი ნაცისტურ პარტიას 1923 წელს გაეცნო ფრანგების მიერ რურის ოკუპაციის პერიოდში, 1924 წელს კი მისი წევრი გახდა. ამავე წელს ის პარტიის ბერლინის რეგიონალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის საკუთარ პროპაგანდისტულ ნიჭს სრულად ამჟღავნებს, რისი წყალობითაც წარმატებით ებრძვის ადვილობრივ სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებს მის მიერ მომზადებული ნაცისტური პროკლამაციებით. 1928 წლისთვის ის უკვე ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი გახდა.

1933 წელს ნაცისტების გერმანიის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ის პროპაგანდის მინისტრად დაინიშნა. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ამ პოსტზე ნაცისტების მიერ უარყოფილი წიგნების სახალხო დაწვა იყო. ის მალე გერმანიის ყველა საინფორმაციო წყაროზე სრულ კონტროლს აწესებს. მისი დანიშვნიდანვე თავდასხმები გერმანელ ებრაელებზე სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. ებრაელებზე დევნამ კულმინაციას 1938 წელს კრისტალნახტში მიაღწია, რომელიც ნაცისტების მიერ განხორციელებული პირველი ღია „პოგრომი“ გახდა.

ომის ადრეულმა და თავდადებულმა მომხრემ, გებელსმა ყველაფერი იღონა, რაც მის ძალაუფლებაში იყო, რათა გერმანელი ხალხი მორალურად მოემზადებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ გავლენას სხვა ნაცისტ ლიდერებთან ალიანსის დამყარებით. 1943 წლის ბოლოსთვის, როდესაც ომის ბედი აქსისის ძალთა საწინააღმდეგოდ შემობრუნდა, გებელსმა კიდევ უფრო გაამწვავა პროპაგანდა, მოუწოდებდა რა გერმანელებს ტოტალური ომისა და მობილიზაციისკენ. გებელსი ბოლომდე დარჩა ჰიტლერთან ბერლინში და ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ მეორე პირი იყო, რომელმაც მესამე რაიხის კანცლერის როლი შეასრულა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. მისი სიცოცხლის ბოლო საათებში, ისტორიკოსთა მტკიცებით გებელსმა ნება მისცა მის ცოლს, მაგდას, მათი ექვსივე შვილი მოეწამლა, რის შემდეგაც გებელსი ცოლთან ერთად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

ადრეული წლები

გებელსი დაიბადა 1897 წელს რაიდტში (გერმ. Rheydt) (რაინლანდი) დღიური მუშის ფრიც გებელსის და მისი მეუღლის კატარინას (გერმ. Katharina Odenhausen) კათოლიკურ ოჯახში. ჰყავდა ორი უფროსი ძმა, კონრადი და ჰანსი და უმცროსი და მარია. 4 წლის ასაკში გებელსი დაავადდა ძვლის ტვინის ანთებით, რამაც მარჯვენა თეძოს ძვალი დაუმახინჯა და იგი მთელი ცხოვრების მანძილზე კოჭლი დარჩა. სოციალურად დაბალი ფენიდან წარმომავლობამ და ფიზიკურმა ნაკლმა (გარდა სიკოჭლისა გებელსი ტანმორჩილიც იყო. დაახ. 155 სმ სიმაღლის) განაპირობა მისი უსაზღვრო პატივმოყვარეობის გრძნობის ადრეულ ასაკშივე ჩამოყალიბება, რისი შედეგიც იყო გებელსის მიერ 1917 წელს წლის საუკეთესო სკოლადამთავრებულის ატესტატის აღება.

იმავე 1917 წელს იგი სამხედრო კომისიის მიერ დაწუნებულ იქნა და აეკრძალა პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წასვლა. რაკი სამხედრო კარიერის გაკეთების შანსი აღარ ჰქონდა გებელსმა სწავლა დაიწყო ნიდერლანდებში იეზუიტთა სემინარიაში და გადაწყვიტა მღვდელი გამხდარიყო. თუმცა მალე ეს გადაწყვეტილება მან შეიცვალა და ლიტერატურასა და ფილოსოფიას ეუფლებოდა ბონის, ბერლინის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1921 წელს მიუნხენის „ლუდვიგ-მაქსიმილიან-უნივერსიტეტში“ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „გერმანულ რომანტიზმზე“.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გებელსი „ორიენტაციადაკარგული“ იყო და „იდეოლოგიურ კრიზის“ განიცდიდა. დამარცხების გრძნობას თან დაერთო ფინანსური პრობლემებიც. მიუხედავად დოქტორის ხარისხისა მის ლიტერატურული ამბიციები სხვადასხვა გამომცემლობათა არქივებში იკარგებოდა. 1920 წელს გებელსი მისმა მეგობარმა ქალმა ანკა შტალჰერმმა (გერმ. Anka Stalherm) მიატოვა. 1922 წლიდან იგი გატაცებული იყო ოსვალდ შპენგლერის და ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლენის ნაშრომებით. ყოველმხრივ გზამოჭრილი გებელსი ამ პერიოდიდან დაუკავშირდა მემარჯვენე რადიკალურ წრეებს და თანდათანობით ანტისემიტი გახდა, რითაც იგი საკუთარ ცხოვრებასთან წინააღმდეგობაში მოვიდა. მისი ახალი მეგობარი ქალი ელზე იანკე (გერმ. Else Janke) დედის მხრიდან ებრაელი იყო.

1923 წელს ელზე იანკეს დახმარებით გებელსმა შეძლო სამსახურის პოვნა „დრეზდნერ ბანკში“, რომელიც მან 9 თვის შემდეგ ისევ დაკარგა. ამ დღიდან კაპიტალიზმში გებელსი ხედავდა ებრაელთა შეთქმულებას მსოფლიოს წინააღმდეგ.

აღმავლობის ხანა

თანამშრომლობა გრეგორ შტრასერთან

გებელსი, რომელიც რაინლანდსა და ვესტფალიაში აგიტატორობდა, გრეგორ შტრასერის პირადი მდივანი გახდა. 1925 წლის 1 ოქტომბრიდან ძმებ შტრასერებთან ერთად იგი გამოსცემდა „ნაციონალ-სოციალისტურ წერილებს“. კრიტიკოსები მემარჯვენე ბანაკიდან გებელსს „კომუნისტურ“ წერის მანერაში დებდნენ ბრალს. იგი ძმებ შტრასერებთან ერთად პარტიის მემარცხენე ფრთის წევრი იყო, რომლებიც „სოციალისტური“ ამბიციებს „ნაციონალურზე“ წინ აყენებდნენ.

ამ პერიოდში გებელსი არათუ უარყოფდა პოლიტიკურ კავშირს სსრკ-თან, არამედ ლენინით იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ ამ უკანასკნელში „რუსეთის ნაციონალურ გამათავისუფლებელს“ ხედავდა. მისი აზრით „გერმანიასაც არ უნდა ებრძოლა კაპიტალიზმითვის“. მიუხედავად ყოველივე ამისა გებელსი არამც და არამც თავს „კომუნისტად“ არ გრძნობდა.

ცხოვრების ამ პერიოდში იგი დისტანციას იკავებდა ჰიტლერის მიმართაც. მისთვის მიუღებელი იყო ინდუსტრიის მაგნატებისაგან პარტიის დაფინანსება, რასაც ჰიტლერი სიამოვნებით აკეთებდა. ამასთან ერთად გებელსის აზრით პარტიის ცენტრალური ოფისი მიუნხენიდან სადმე, ჩრ. გერმანიაში უნდა გადასულიყო და ჰიტლერის ნაცვლად პარტიას სათავეში გრეგორ შტრასერი უნდა ჩადგომოდა.

გებელსის პოზიცია ჰიტლერს შეუმჩნეველი არ დარჩენია. იგი აფასებდა მას როგორც ნიჭიერ პროპაგანდისტს და შეეცადა გებელსი შტრასერის ფრაქციისთვის ჩამოეშორებინა. რაც წარმატებით შეასრულა კიდეც. ჰიტლერმა გებელსს „მაინ კამპფის“ ის თავები წააკითხა, რომელშიდაც პროპაგანდაზე და ორგანიზაციულობაზე დიდ იმედებს ამყარებდა. გებელსი იმდენად არფრთოვანებული დარჩა წანაკითხი თეზებით, რომ იმ დღიდან ჰიტლერის უერთგულეს თანამებრძოლად იქცა.

პირველი საჯარო გამოსვლები ბერლინში

„ანგრიფი“

მომდევნო პერიოდული ორგანო, რომლიეც გებელსმა გამსცა იყო გაზეთი „ანგრიფი“ (გერმ. Der Angriff). მის გამოცემას 1927 წლის 4 ივლისს წინ უძღოდა გებელსის მიერ „პლაკატიზირებული„ სარეკლამო კამპანია. მიუხედავად ამისა გაზეთი თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე კიოსკში იყიდებოდა, რითაც გებელსი უკმაყოფილო დარჩა. მან გაზეთს ახალი, „მუშური“ სახე მისცა და დაუპირისპირა „მჩაგვრელთა“ ფენას.

1927 წლის 29 ოქტომბერს გებელსს ნება დართეს კვლავ თავისუფლად გაეგრძელებინა ჟურნალისტური საქმიანობა. „ანგრიფი“ მის საყვირად იქცა. ამიერად იგი თითქმის ყოველდღიურად მთავარ გვერდზე პოლიტიკური მტრების ლანძღვა-გინებით გაჟღენთილ სტატიას ათავსებდა. ამ პერიოდისათვის გებელსი უკვე „შინაური კაცი“ გახდა ბერლინში. როგორც თვითონ ამბობდა ბერლინმა იგი „მტკიცე“ და „ცივი“ გახადა. იყენებდა რა გესლიან ირონიას და ბერლინულ ჟარგონს იგი თავდაუზოგავად ესხმოდა „მტრებს“ თავის სტატიებში.

პროპაგანდის მეთაური

1939 წლის 9 იანვარს გებელსი დაინიშნა ნაცისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელად მთელი რაიხის მასშტაბით (გერმ. Reichspropagandaleiter). ამ გარემოებამ ფრთები შეასხა მის იდეების — მასობრივი სანახაობრივი ღონისძიებების, მარშების, დაკრძალვების და სხვათა — რეალობაში გადატანას. ყოველივე ამას გებელსი იმდენად დახვეწილად და სრულყოფილად ატარებდა, რომ თვეითოვნე მოდიოდა განცვიფრებაში იმ გარემოებით თუ როგორ ადვილად შეიძლებოდა ფართო მასების სიტყვით მანიპულირება.

პროპაგანდისტულ საქმიანობასთან ერთად გებელსი ხელმძღვანელობდა აგრეთვე პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ გატარებულ მატერორიზებელ აქციებს „SA“-ს წევრების მიერ. მისი გაზეთის ფურცლებზე „SA“-ს მებრძოლები „გმირების“ ეპითეტებით იყვნენ შემკობილნი.

არჩევნები

1930 წლის 14 სექტემბრის არჩევნებისატვის გებელსმა მობილიზება გაუკეთა მთელ პარტიას. მან განაცხადა რომ ნაცისტების პროგრამა-მინიმუმი იყო რაიხსტაგში 40 ადგილის მოპოვება. დაახლოებით 6000-მდე შეკრებაში, რომელზეც გებელსის შერჩეული ორატორები გამოიდოდნენ ხდებოდა ნაცისტური პარტიის პროპაგირება. მისივე ბრძანებით დაბეჭდილ იქნა უამრავი პლაკატი და საინფორმაციო ბროშურა, პარტიის გაზეთები გაოთხმაგებული ტირაჟით გამოდიოდა. არჩევნების შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბეს. „NSDAP“ ამომრჩეველტა ხმების 18% მოაგროვა და რაიხსტაგში 107 დეპუტატი გაიყვანა. ამ წარმატებამ გებელსის ავტორიტეტი უზომოდ გაზარდა. გადაჭრილ იქნა მისი ფინანსური პრობლემებიც. ინდუსტრიის მაგნატების „შემოწირულობებმა“ საშუალება მისცა გებელსს „ანგრიფი“ ყოველდღიურ გაზეთად გადაექცია.

ხელისუფლებაში მოსვლის წინ

1932 წლის 31 ივლისს ნაცისტებმა კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს — მათ რაიხსტაგში გაიყვანეს 230 დეპუტატი. თუმცა ამ წარმატებას ადეკვატური შედეგი ცალკეული მიწების ლოკალური არჩევნების დროს არ მოჰყოლია და პარტია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. შტრასერი ამ პრობლემიდან გამოსავალს სხვა პარტიებთან კოალიციაში ხედავდა, თუმც გებელსმა შეძლო დაერწმუნებინა ჰიტლერი უარეყო კოალიციური შემოთავაზებები.

თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც. 1932 წლის ბერლინის მუშათა გაფიცვის დროს, იმისათვის რომ არ დაეკარგათ ხმები მუშათა რიგებში, ნაცისტები კომუნისტებთან ერთად იბრძოდნენ მათი უფლებების დასაცავად. არსებობს სურათი, რომელზეც გებელსი და ულბრიხტთან ერთადაა მიტინგზე. ამ გამონაკლისმა 1932 წლის არჩევნებში ნაცისტებს ბევრი ხმა დააკარგინა კონსერვატიულად განწყობილ თანამოაზრეებში.

ამ ნეგატიური ტენდენციის შესაჩერებლად გებელსმა უზარმაზარი საარჩევნო კამპანია წამოიწყო ლიპე-დეტმოლდის მიწის არჩევნების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა ძალიან უმნიშვნელო იყო, ნაცისტური პარტიის მთელი ელიტა ჩამოვიდა არჩევნების მხარდასაჭერად. გებელსის შრომამ შედგი გამოიღო. არჩევნებში წარმატება დიდი იყო, რასაც უფრო დიდი პუბლიცისტური ექო მოჰყვა.

1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა და მისმა თანამებრძოლებმა მიზანს მიაღწიეს: ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტმა ჰინდენბურგმა ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერად დანიშნა. „SA“-ს აღლუმის დროს ბერლინში გებელსი ჰიტლერის უკან იდგა. თავის დღიურში მან შემდეგი სიტყვები ჩაწერა:

 
„ახალი რაიხი წარმოიშვა... ჩვენ მიზანთან ვართ. გერმანული რევოლუცია იწყება. ...აქედან მხოლოდ ჩვენს გვამებს თუ გაიტანენ. (გერმ. „Das neue Reich ist erstanden ... Wir sind am Ziel. Die deutsche Revolution beginnt. Hier wird man uns nur als Leichen wieder heraustragen“).“
(გებელსის დღიური)

ხელისუფლებაში

 
„როგორია „არიელი“? ის ლამაზია, როგორც გებელსი.“ ბორის ეფიმოვის მიერ შექმნილი პოპულარული კარიკატურა.

სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრი

1933 წლის 13 მარტს გებელსი დაინიშნა „სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხსმინისტრად“. მისი სამინისტროს დაქვემდებარებაში მოექცა ლიტერატურა, პრესა, თეატრი, რადიომაუწყებლობა, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კინო ინდუსტრია. პროპაგანდის წვეგანყოფილებების და „SS“-ს საშუალებით გებელსმა გერმანია ტოტალური ცენზურის ქვეშ მოაქცია. იგი პერსონალურად ყოველდრე აკონტროლებდა მიმდინარე პროცესებს.

რადიომაუწყებლობა გებელსის ყველაზე ბასრი იარაღი იყო. 1932 წელს მასზე სახელმწიფო მონოპოლია დაწესდა, რამაც ნაცისტებს ხელუსუფლებაში მოსვლის შემდეგ გაუადვილათ ზეგავლენა მოეხდინათ მოსახლეობის ფართო მასებზე რადიომაუწყებლობის საშუალებით. გებელსის დახვეწილი პროპაგანდისტული მანქანის ამუშავების შემდეგ იგი საზოგადოებრივი აზრის შექმნის ინსტრუმენტი გახდა სახელმწიფოს ხელში.

გებელსი და ებრაელები

იმ დროისათვის როდესაც გებელსი ნაცისტურ პარტიაში შევიდა გამოკვეთილი ანტისემიტი არ იყო. უფრო მეტიც, იგი უაზრობად თვლიდა ყოველგვარ რასობრივ თეორიას. თუმცა მან მალევე შეამჩნია, რომ მის კარიერას ჰიტლერის გვერდით მომავალი მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ის ფიურერის ანტისემიტიზმს გაიზიარებდა. როგორც ნიჭიერმა პროპაგანდისტმა კარგად იცოდა თუ როგორ გამოეყენებინა ანტისემიტიზმის სარეკლამო პოტენციალი. ტირადებით, მიმართული ბერლინის პოლიციის შეფის მოადგილის - ვაისის წინააღმდეგ, იგი წლების განმავლობაში ართობდა დედაქალაქის პუბლიკას და ამავე დროს ვაისი, როგორც პიროვნება, მისთვის უმნიშვნელო იყო.

დროთა განმავლობაში გებელსი ფანატიკურ ანტისემიტად იქცა. იგი ყოველთვის ჭირვეულად მოითხოვდა „თავისი ბერლინი საბოლოოდ ენახა გაწმენდილი ებრაელებისგან“. 1943 წლის დასაწყისისათვის გებელსმა უკვე დაზუსტებით იცოდა რა ბედი ელოდათ ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გეტოებში და ამის საწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა.

გებელსი და „რაიხის კრისტალის ღამე“

გებელსი იყო „კრისტალნახტის“ (გერმ. ბროლის ღამე) (9/10 ნოემბერი 1938) პოგრომების ინიციატორი. 9 ნოემბრის ღამეს მიუნხენში ჰიტლერის 1923 წლის პუტჩისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ებრაელები დაადანაშაულა 2 დღით ადრე ერნსტ ედუარდ ფომ რათზე მოწყობილ თავდასხმაში. თავის სიტყვაში მან ახსენა მაგდებურგსა და ჰესენში მომხდარი პოგრომები და გადაკვრით მიანიშნა მსმენელებს რომ პარტია ანტიებრაულ აქციებს წინ არ აღუდგებოდა. ღონისძიებაზე მყოფმა გაულაიტერებმა და „SA“-ს მეთაურებმა ეს სიტყვები პირდაპირ ბრძანებად მიიღეს და შესაბამისი დირექტივები დაუგზავნეს ხელქვეითებს.

პოგრომის აქციები პარტიის მიერ ერთსულოვნად არ ყოფილა გაზიარებული. უპირველეს ყოვლისა „გესტაპო“ და „SS“ იყვნენ ამის მოწინააღმდეგეები. ამის გამო გებელსმა პირდაპირ თავის თავზე არ აიღო დანაშაულის სიმძიმე, არამედ „სახალხო რისხვას“ გაადააბრალა ყოველივე. დღიურში მან შემდეგი სიტყვები ჩაწერა:

 
„მე ფიურერს წარვუდგინე შესაძლებლობა, მან გადაწყვიტა: დემოსტრაციები გაგრძელდეს, პოლიციამ უკან დაიხიოს. ებრაელებმა ერთხელ მაინც უნდა იგრძნონ სახალხო რისხვა. ეს მართებულია. მე შესაბამისი მითითებები მივეცი პოლიციას და პარტიას.“
(გებელსის დღიური)

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომის დაწყება გებელსს არ გახარებია. მან იცოდა. რომ ეს ომი მოსახლეობის ფართო ფენებში არაპოპულარული იყო და დამარცხების შიში ჰქონდა. „ღმერთმა მოიღოს მოწყალება ჩვენზე, თუ ამ ომს წავაგებთ“ — ეს სიტყვები დასცდა მას, როდესაც მიიღო ცნობა დიდი ბრიტანეთის ომში ჩაბმის თაობაზე. მიუხედავ ყოვლისა იგი ძალას და უნარს არ იშურებდა „ფიურერის და ხალხის“ (როგორც თვითონ ამბობდა) გამარჯვებისათვის.

საბრძოლო განწყობის უზრუნველყოფა

ომის დაწყებისთანავე მისი ბრძანებით აიკრძალა უცხოური რადიოსადგურების მოსმენა.

 
„ვინც კი გაავრცელებს ახალ ამბებს, რომლებიც გერმანელი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას ზიანს აყენებს, ციხეში იქნება ჩასმული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სიკვდილით იქნება დასჯილი.“
(განკარგულება რადიომაუწყებლობაზე განსაკუთრებული ზომების მიღების შესახებ.)

1940 წლიდან გებელსი გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთ „რაიხს“ (გერმ. „Das Reich“). თავისი სტატიებით, როგორც გაზეთის წამყვანი კორესპონდენტი, წარმოთქმული სიტყვებით პარტიულ შეკრებებზე და რადიოგამოსვლებით გებელსი ყველანაირად ცდილობდა გერმანელი ხალხის ნების და საბოლოო გამარჯვების რწმენის განმტკიცებას. მისი შეუქცევადი არგუმენტები იყო: ფიურერი, როგორც მსოფლიო ისტორიული მოვლენა და გერმანელი ხალხის ეკონომიკური, სამხედრო და უპირველეს ყოვლისა კულტურული პირველობა მსოფლიოს ხალხებს შორის.

1944 წლის 20 ივლისის პუტჩის ჩაშლა

გებელსმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1944 წლის 20 ივლისის პუტჩის ჩაშლის საქმეში. მაიორ ოტო ერნსტ რემერს დავალებული ჰქონდა გებელსის დაპატიმრება, თუმცა ამ უკანასკნელმა დაარწმუნა რემერი ტელეფონით დაკავშირებოდა ფიურერს და დარწმუნებულიყო რომ ის აფეთქებას ცოცხალი გადაურჩა. რემერი, დარწმუნდა რა ჰიტლერის უვნებლობაში, გებელსის მხარეს გადავიდა.

გებელსმა მოახერხა ბერლინის რადიო მთავრობის ხელში დარჩენილიყო და გადასცა პუტჩის ჩაშლის ამბავი. იმ დღესვე რადიოთი გადაიცა ჰიტლერის მიმართვა გერმანელი ხალხისადმი, რამაც მოსახლეობაში ფიურერის სიკვდილის შესახებ ყოველგვარი ეჭვი გაფანტა.

„ტოტალური ომი“

 
გებელსი აცხადებს „ტოტალურ ომს“

მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმები გერმანიის მრავალ ქალაქს დაატყდა თავს. ქალაქების მთელი საცხოვრებელი რაიონების მიწასთან გასწორება, ურიცხვი მშვიდობიანი მოსახლის მსხვერპლი და გერმანელი მოსახლეობის გააფთრება თავდასხმელთა წინააღმდეგ საშუალებას აძლევდა გებელსს მაქსიმალურად აემუშავებინა თავისი პროპაგანდისტული მანქანა. იგი პირადად ხელმძღვანელობდა პირველადი დახმარების სამუშაობს, ესაუბრებოდა და აიმედებდა ხალხს, აწვდიდა პირველადი დახმარების საგნებს. მისი პროპაგანდის სამინისტრო და განსაკუთრებით კი „დოიჩე ვოხენშაუ“ (გერმ. Deutsche Wochenschau; ქართ. „გერმანული კვირის მიმოხილვა“) ცდილობდნენ ხალხის უკმაყოფილება, გამოწვეული ესოდენ დიდი მსხვეპლით, აეცილებინათ მთავრობისთვის, რომელიც უსუსური იყო საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ და მიემართათ მტრის წინააღმდეგ. გებელსის მიზანი გერმანელი ხალხის მორალის ამაღლება იყო.

1943 წლის 31 იანვარს და 2 თებერვალს სტალინგრადთან ალყაში მოქცეული გერმანიის მე-6 არმია გენერალ-ფელდმარშალ პაულუსის მეთაურობით წითელ არმიას დანებდა. მიუხედავად გებელსის მცდელობისა „შეელამაზებინა“ აღმოსავლეთ ფრონტის რეალობა ამის დაფარვა შუეძლებელი გახდა. ვერმახტის სისუსტე ფრონზე ცხადი იყო. იმისათვის, რომ არ გატეხილიყო გერმანელი ხალხის საბრძოლო ნება და არ დასამარებულიყო იმედი საბოლოო გამარჯვებისა, მან წამოიწყო მანამდე არნახული გლობალური პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიმართული იყო არა მარტო მტრის ცალკეული თავდასხმების წინააღმდეგ, არამედ საზოგადოდ მტრის წინააღმდეგ. გებელსის მიზანი იყო არა მარტო საჰაერო თავდასხმების შედეგად დემორალიზირებული მოსახლეობის ნაწილის გამხნევება, არამედ მთელი გერმანელი ნაციის მობილიზება, ერთ მუშტად შეკვრა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე საბრძოლოდ მომზადება.

მოწოდება „ტოტალური ომისათვის“ მოეწყო 1943 წლის 18 თებერვალს ბერლინის სპორტის სასახლეში. ამ გამოსვლისთვის გებელსი ურბწყინვალესად იყო მომზადებული და ეს საღამო მისი მჭევრმეტყველური ნიჭის გამოვლინება და მისი პროპაგანდისტულ-ორგანიზატორული კარიერის ზენიტი იყო. სპეციალურად შერჩეული ათასობით ადამიანი, მათ შორის გერმანელი ერის ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ჰიტლერის მიმართ ლოიალურად განწყობილი პარტიული და სამხედრო მოღვაწე მისი პუბლიკა იყო. გებელსის სიტყვა და პუბლიკის ერთსულოვანი და აღფრთოვანებული რეაქცია უამრავი ფოტოგრაფისა და ტელევიზიის წყალობით მეორე დღეს მთელმა გერმანიამ იხილა გაზეთსა თუ „ვოხენშაუ“-ში.

მთელი ერთი წელი და 5 თვე გავიდა მანამ, სანამ ჰიტლერმა ოფიციალურად არ გასცა ბრძანება „ტოტალური ომის“ შესახებ. 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერმა დაავალა მარტინ ბორმანს გაეტარება გერმანიის ტოტალური ომის მდგომარეობაზე გადასვლისთვის საჭირო ყოველა რეფორმა პარტიული ხაზით. მეორე დღეს 21 ივლისს ჰერმან გერინგს დაევალა გერმანიის საზოგადო ცხოვრების „ტოტალური ომის“ რეჟიმზე გადაყვანა. გებელსი დაინიშნა „ტოტალური ომის წარმოების გენერალურ შეფად“ (გერმ. "Generalbevollmächtigter für den totalen Kriegseinsatz"; ქართ. „საზოგადო უფლებამოსილი ტოტალურო იმის წარმოებისათვის“).

გებელსების ოჯახი

 
გებელსის ოჯახი

იოზეფ და მაგდა გებელსს 6 შვილი ჰყავდათ: ჰელგა († 12), ჰილდეგარდი († 11), ჰელმუტი († 9), ჰედვიგი († 8), ჰოლდინე († 7) და ჰაიდრუნი († 4). გერმანული საზოგადოება ბავშვებს იცნობდა, როგორც ჰელგა, ჰილდე, ჰელმუტ, ჰედა, ჰოლდე და ჰაიდე. ჰიტლერის პატივსაცემად მაგდა გებელსმა ყველა შვილის სახელის პირველ ასოდ „ჰ“ აირჩია. მას პირველი ქორწინებიდან 1921 წელს შეეძინა ვაჟი ჰარალდ ქვანტი, რომლის სახელიც ასევე „ჰ“-ზე იწყებოდა, თუმცა, ეს უბრალო დამთხვევა იყო.

მასმედიის საშუალებით გერმანია გებელსის ოჯახს იცნობდა როგორც სამაგალითოს. ოჯახი გებელსის პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მისი შვილები უკვე 1938 წლიდან მოწაწილეობას იღებდნენ მამის დავალებით გადაღებულ მრავალ პროპაგანდისტულ ფილმში. მარტო 1942 წელს ისინი გერმანიამ 34-ჯერ იხილა „ვოხენშაუში“. წარმოადგენენ რა იდილიური გერმანული ოჯახის სახეს: ფილმებში ბავშვები ულოცავდნენ მამას 45 წლის იუბილეს, ეხმარებოდნენ დედას სარეცხის გაფენაში ან უბრალოდ თამაშობდენენ ბაღში.

1944 წლის მიწურულს გებელსმა მეუღლე მაგდა და ორი უფროსი ქალიშვილი ფრონტზე დაჭრილთა ლაზარეთში გაგზავნა, სადაც ისინი დაჭრილ მებრძოლებს უვლიდნენ. ყველაფერი ეს შუქდებოდა მასმედიის საშუალებით. ბავშვებისთვის, რომლებიც იმ დროს 12 და 10 წლის იყვნენ დასახიჩრებული მებრძოლების ხილვა აუტანელი შოკი იყო, რის გამოც გებელსმა საბოლოოდ ხელი აიღო ასეთი სახის პროპაგანდაზე.

თვითმკვლელობა

ომის უკანასკნელ დღეებში (1945 წლის აპრილი) იოზეფ გებელსი თავის ოჯახთან ერთად რაიხსკანცელარიის შენობის ბუნკერში გადავიდა საცხოვრებლად. იგი იყო მეჯვარე ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ქორწინებისას 1945 წლის 29 აპრილს. სიკვდილის წინ ფიურერმა თავის პოლიტიკურ ანდერძში გებელსი მემკვიდრედ დატოვა რაიხსკანცლერის თანამდებობაზე. ამ უკანასკნელმა კი ცოტა ხნის შემდგომ 5:30 -ზე მდივანს უკარნახა შემდეგი „დამატება ადოლფ ჰიტლერის ანდერძზე“:

 
„ფიურერმა მიბრძანა თავდაცვის მოშლის შემთხვევაში დავტოვო რაიხის დედაქალაქი ბერლინი და როგორც წამყვანმა წევრმა ვითანამშრომლო მის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობაში. პირველად ჩემს ცხოვრებაში კატეგორიულად უნდა უარვყო ფიურერის ბრძანების შესრულება. ჩემი მეუღლე და ჩემი შვილებიც უერთდებიან ამ უარს. სხვა შემთხვევაში მე ჩემს თავს (...) მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უღირს გარეწრად და მავნე წარმონაქმნად ჩავთვლი, დავკარგავ რა პატივისცემას საკუთარი თავის წინაშე და ხალხის პატივისცემას, რომელიც წინაპირობაა ჩემი პიროვნების შემდეგი სამსახურისათვის გერმანელი ერის და გერმანული რაიხის მომავლის ჩამოყალიბების საქმეში.

(გერმ.: „Der Führer hat mir den Befehl gegeben, im Falle des Zusammenbruchs der Verteidigung die Reichshauptstadt Berlin zu verlassen und als führendes Mitglied an einer von ihm ernannten Regierung teilzunehmen. Zum erstenmal in meinem Leben muß ich mich kategorisch weigern, einem Befehl des Führers Folge zu leisten. Meine Frau und meine Kinder schließen sich dieser Weigerung an. Im anderen Falle würde ich mir selbst (...) für mein ganzes ferneres Leben als ein ehrloser Abtrünnling und gemeiner Schuft vorkommen, der mit der Achtung vor sich selbst auch die Achtung seines Volkes verlöre, die die Voraussetzung eines weiteren Dienstes meiner Person an der Zukunftsgestaltung der Deutschen Nation und des Deutschen Reiches bilden müßte“)“
(ადოლფ ჰიტლერის ანდერძი)

1945 წლის 1 მაისს 22 საათზე იოზეფ გებელსმა და მისმა მეუღლემ მაგდამ თავი მოიწამლეს ციანიდმჟავით. გადმოცემა, თითქოს მაგდა გებელსი მისმა მეუღლემ თვითმკვლელობის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სიმართლეს არ შეესაბამება, რაც დაადასტურა წითელი არმიის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა ნახევრად დამწვარი გვამების ობდუქციამ.

გებელსის თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე „სს“-ის ექიმმა ჰელმუტ კუნცმა ორივე მშობლის თანხმობით მათი ექვსივე შვილი ტკივილგამაყუჩებლით დააძინა, რომლებიც შემდგომ ძილში დედის, მაგდა გებელსის და ჰიტლერის პირადი ექიმის ლუდვიგ შტუმპფეგერის მიერ წყალბადის ციანიდით მოწამვლით მოკლეს.

ცოლ-ქმარ გებელსების გვამები 2 მაისის გამთენიისას რაიხსკანცელარიის ბაღში დაწვეს (არასრულად). 17 საათზე წითელი არმიის ოფიცრებმა გვამები აღმოაჩინეს ფიურერის ბუნკერის საავარიო გასასვლელიდან რამდენიმე მეტრში. გამოძიების დასკვნაში ნათქვამია:

 
„კაცის გვამი მომცრო სიმაღლის იყო, მარჯვენა ფეხის კოჭისქვედა ნაწილი (კოჭლი ფეხი) ნახევრად მოღუნულ და დანახშირებულ მდგომარეობაში იყო. მასზე იყო „NSDAP“-ის პარტიული უნიფორმის ნამწვავები და ოქროს პარტიული ნიშანი. ქალის დანახშირებულ გვამთან აღმოჩენილ იქნა ოქროს პორტსიგარი, გვამზე - ოქროს პარტიული ნიშანი და ოქროს სარჭი. ორივე გვამის თავთან ელაგა 2 ცალი „ვალთერი-Nr.1“ პისტოლეტი. (გერმ.: „Die Leiche des Mannes war von niedrigem Wuchs, der Fuß des rechten Beines (Klumpfuß) steckte in halbgekrümmter Stellung, in einer angekohlten Metallprothese; darauf lagen die Überreste einer verkohlten Parteiuniform der NSDAP und eines angesengten Goldenen Parteiabzeichens; bei der verkohlten Leiche der Frau wurde ein angesengtes goldenes Zigarettenetui entdeckt; auf der Leiche ein Goldenes Parteiabzeichen der NSDAP und eine angesengte goldene Brosche. Zu Häupten der beiden Leichen lagen zwei Walther-Pistolen Nr. 1“)“
(გერმანიის ტელევიზიის პირველი არხი, ინფორმაციები - იოზეფ გებელსი(aus Quelle: Das Erste, Informationen - Joseph Goebbels))

ნაშრომები

  • „ვილჰელმ შიუტცი როგორც დრამატიკოსი“ (სადოქტორო ნაშრომი) - "Wilhelm Schütz als Dramatiker" (Doktorarbeit)
  • „მიხაელი“ (რომანი) — "Michael" (Roman)
  • „მოხეტიალე“ (პიესა) — "Der Wanderer" (Theaterstück)
  • „ბრძოლა ბერლინისთვის“ — "Kampf um Berlin"
  • „საიმპერიო კარიდან რაიხსკანცელარიამდე" - "Vom Kaiserhof zur Reichskanzlei"
  • „მეუღლის გული“ — "Das eherne Herz"
  • „უმაგალითო დრო“ — "Die Zeit ohne Beispiel"
  • „შვეული აღმასვლა“ — "Der steile Aufstieg"

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ადოლფ ჰიტლერი
გერმანიის კანცლერი
30 აპრილი1 მაისი, 1945
შემდეგი:
ლუც შვერინ ფონ კროსიგკი