ბონი
ფედერალური ქალაქი ბონი (გერმ. Bundesstadt Bonn) — ქალაქი გერმანიაში. მდებარეობს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სამხრეთში, მდინარე რაინის ორივე სანაპიროზე.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბონი გერმ. Bonn | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
ფედერალური მხარე | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია | ||||
შიდა დაყოფა | ბად-გოდესბერგი[1] , ბოიელი[1] , ბონი[1] და ჰარდტბერგი[1] | ||||
კოორდინატები | 50°44′02″ ჩ. გ. 7°05′59″ ა. გ. / 50.73389° ჩ. გ. 7.09972° ა. გ. | ||||
მმართველი | Katja Dörner | ||||
ფართობი | 141.06 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 60±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 335 789 (31 დეკემბერი, 2023)[2] | ||||
სიმჭიდროვე | 2 300 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0228 | ||||
საფოსტო ინდექსი | 53111–53229 | ||||
საავტომობილო კოდი | BN | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.bonn.de/ | ||||
ბონი რომაელების მიერ 2000 წლის წინ დაარსებული, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. XVIII საუკუნის ბოლომდე ბონი კიოლენლი კურფიურსტების რეზიდენცია იყო. სწორედ აქ დაიბადა 1770 წელს დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი XIX საუკუნის განმავლობაში გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უმაღლეს სასწავლებლად იქცა.
1949-დან 1990 წლამდე ბონი დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი იყო, ხოლო გერმანიის გაერთიანების გამო, დედაქალაქის ბერლინში გადატანის შემდეგ - 1999 წლამდე ბუნდესტაგისა და მთავრობის რეზიდენცია. პარლამენტისა და მთავრობის ერთი ნაწილის ახალ დედაქალაქში გადასვლის შემდეგ ბონში ექვსი ფედერალური სამინისტრო დარჩა. ყოფილ ე.წ. ფედერალურ უბანს (გერმ. Bundesviertel) დღეს დიდი გერმანული კომპანიების სათავო ოფისები ამშვენებენ. 2006 წლის ივლისში კი, აქ გაეროს კამპუსი „UN-Campus“ გაიხსნა, რომელშიც ბონში მოქმედი გაერთიანებული ერების თორმეტი ორგანიზაცია დამკვიდრდა.
მუზეუმები
რედაქტირებაბონში ბევრი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ავსტრიელი არქიტექტორის გუსტავ პაიხელის მიერ აგებულ შენობაში 1992 წელს გახსნილი გერმანიის ხელოვნებისა და გამოფენების დიდი დარბაზი (Kunst- und Ausstellungshalle der Bundesrepublik Deutschland - „Bundeskunsthalle“) და 1994 წ. „გაერთიანების“ კანცლერის - ჰელმუტ კოლის მიერ გახსნილი გერმანიის ისტორიის სახლი (Haus der Geschichte) დაარსების დღიდან ქვეყნის ათ ყველაზე ხალხმრავალ მუზეუმთა სიაში შევიდა. ყოველი მათგანი წლიურად 500000-ზე მეტ მნახველს იზიდავს.
აგრეთვე 1990-იან წლებში დაფუძნდა ბონის ხელოვნების მუზეუმი (Kunstmuseum Bonn) და გერმანული მუზეუმი (რომელიც მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებს ეთმობა). ეს მუზეუმები ერთ გამზირზეა თავმოყრილი, აქვეა უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის გაელრეა (ifa-Galerie) და მდიდარი ტრადიციების მქონე ზოოლოგიური მუზეუმი კიონიგი (Zoologisches Forschungsmuseum Alexander Koenig).
ცნობილი პიროვნებების სახლ-მუზეუმებიდან აღსანიშნავია ბეთჰოვენის, რობერტ შუმანის და აუგუსტ მაკეს სახლები. 2005 წლიდან ბონგასე - ქუჩა, რომელზეც ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, ბონში დაბადებული, მოღვაწე ან მცხოვრები ცნობილი პიროვნებების პორტრეტებითაა მოპირკეთებული.
ბონის ალმა მატერსაც მრავალი მუზეუმი თუ გამოფენა გააჩნია:
ეგვიპტოლოგიის მუზეუმში 3000-მდე ობიექტის ნახვაა შესაძლებელი. აკადემიურ ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია უნივერსიტეტის არქეოლოგიური კოლექცია, ხოლო არითმეუმში ძველი და ახალი გამომთვლელი მანქანები. საინტერესოა ბოტანიკური ბაღიც, რომელშიც 2003-2005 წლებში მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი გაზარდეს. აღსანიშნავია აგრეთვე მინეროლოგიის მუზეუმი ძვირფასი ქვებისა და მეტეორიტების გამოფენით და გოლდფუს მუზეუმი წარმოდგენილი ფოსილური გადმონაშთებით.
1981 წელს ბონში გაიხსნა იმ დროისთვის, როგორც სახელწოდებით ასევე შინაარსით, უნიკალური - ქალთა მუზეუმი (Frauenmuseum). ამ დაწესებულებამ მალევე გაითქვა სახელი და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
1995-2003 წლებში სრულიად რეკონსტრუირებულ რაინლანდის მუზეუმში (Rheinisches Landesmuseum) ამ მიწის კულტურულ-ისტორიული წარსულის არქეოლოგიური ძეგლებია წარმოდგენილი.
ცნობილი პიროვნებები
რედაქტირებაკომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, უთუოდ ბონის ყველაზე ცნობილი შვილია. სახლი, რომელშიც იგი დაიბადა ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. არანაკლებ ცნობილმა კომპოზიტორმა რობერტ შუმანმა სიცოცხლის ბოლო წლები ბონში გაატარა და ბონის ძველ სასაფლაოზეა დაკრძალული. მეორე მსოფლიო ომამდე სწორედ ბონში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ექსპრესიონისტი აუგუსტ მაკე.
200 წელიწადზე მეტია ბონის უნივერსიტრეტი იზიდავს ცნობილ მეცნიერებსა თუ შემოქმედებს, მათ შორის იყვნენ: მწერლები ერნსტ მორიც არნდტი და აუგუსტ შლეგელი, ფიზიკოსები ჰაინრიხ ჰერცი და ნობელის პრემიის ლაურეატი ვოლფგანგ პაული.
გალერეა
რედაქტირება-
ბონის ხელოვნების მუზეუმი
-
ახალი თვითმმართველობა
-
ბონის უნივერსიტეტი
-
ყოფილი ბუნდესთაგი და დოიჩე ფოსტის ახალი ცათამბჯენი რაინის პირზე
-
ფოსტის 41 სართ. ცათამბჯენი
-
გაეროს კემპი
-
ბეთჰოვენი
-
ძველი მერია
-
ბონის კათედრალური ტაძარი
Bonner Muenster -
აკად. ხელოვნების მუზეუმი
-
რკინიგზის სადგური
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-08-30 საიტზე Wayback Machine. (ინგლ.)
- ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტი