ნობელის პრემია (შვედ. Nobelpriset [nʊˈbɛ̂lːˌpriːsɛt]; ნორვ. Nobelprisen) — ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოვებენ ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. 1895 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა საფუძველი ჩაუყარა ნობელის პრემიის დაარსებას.

1901 წელს პრემია პირველად გაიცა: ქიმიის, ლიტერატურის, მშვიდობის, ფიზიკის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში. დღესდღეობით კი, ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.[1]

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია ნობელის პრემიას გასცემს ქიმიისა და ფიზიკის დარგებში. შვედეთის ცენტრალური ბანკი, რიკსბანკი კი ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში. ასევე, ნობელის პრემია გაიცემა კაროლინსკას ინსტიტუტის მიერ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ხოლო, შვედეთის აკადემია პრემიას გასცემს ლიტერატურის დარგში. ნორვეგიის ნობელის კომიტეტი ჯილდოს გასცემს მშვიდობის დარგში.

1901-2019 წლებში, ნობელის პრემია გაიცა 597-ჯერ, 950 პირსა და ორგანიზაციაზე.[2] თუმცა, პრემიას რამდენჯერმე ერთი და იგივე გამარჯვებული ჰყავდა, რის გამოც დაჯილდოებულ ინდივიდუალურ პირთა რაოდენობა შეადგენს 908-ს, ხოლო ორგანიზაციათა რაოდენობა - 27-ს. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია იმართება სტოკჰოლმში, შვედეთში, გარდა მშვიდობის დარგში დაჯილდოებისა, რომელსაც მასპინძლობს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო.

თითოეული გამარჯვებული, რომელიც იწოდება ლაურეატად, ჯილდოვდება ოქროს მედლით, დიპლომითა და თანხით, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ნობელის ფონდის მიერ (2020 წლისთვის ეს თანხა შეადგენს 9,000,000 შვედურ კრონს, რაც დაახლოებით არის 935,366 ამერიკული დოლარი და 848,678 ევრო).

ნობელის პრემია არ ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის დაჯილდოებას, თუმცა თუ პიროვნება გარდაიცვლება ლაურეატად გამოცხადების შემდეგ, პრიზის მიღებამდე, ასეთ შემთხვევაში, პრიზი კვლავ მის საკუთრებად ითვლება. ნობელის პრემია არ შეიძლება გადაეცეს სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს, მსგავსი შეზღუდვა არ მოქმედებს ორგანიზაციის ლაურეატად დასახელებისას.[3]

ნობელის ფონდი

რედაქტირება

ალფრედ ნობელი — დაიბადა შვედეთში, სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს, ინჟინრის ოჯახში. ქიმიკოსმა, ინჟინერმა და გამომგონებელმა სახელი სხვადასხვა გამოგონებით გაითქვა და წარმატებაც სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა. მისი 355 გამოგონებიდან ყველაზე ცნობილი ბალისტიტი (უკვამლო დენთი) და დინამიტია.

1888 წელსს ალფრედის ძმა — ლუდვიგი გარდაიცვალა. ფრანგულმა ჟურნალმა აღნიშნული ინფორმაცია არასწორად გამოაქვეყნა და სტატია სახელად — „სიკვდილით მოვაჭრის გარდაცვალება“ თავად ალფრედ ნობელის გარდაცვალებას მიუძღვნა. საკუთარი ნეკროლოგის წაკითხვამ ალფრედ ნობელს დაანახა თუ როგორ შემორჩებოდა მისი სახელი კაცობრიობას, დენთისა და ბალისტიტის გამოგონების გამო, რამაც მას ანდერძის შეცვლა გადააწყვეტინა. 1896 წლის 10 დეკემბერს, 63 წლის ასაკში ალფრედ ნობელი იტალიაში, სან-რემოში, თავის ვილაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ცერებრალური ჰემორაგია გახდა.

სიცოცხლის განმავლობაში ნობელს რამდენიმე ანდერძი ჰქონდა დაწერილი, თუმცა საბოლოო — გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, პარიზში შვედურ-ნორვეგიულ კლუბში 1895 წლის 27 ნოემბერს შეადგინა. თავის უკანასკნელ ანდერძში, ყველასათვის გასაკვირად, ის ითხოვდა შეექმნათ პრემია, რომლითაც დაჯილდოვდებოდნენ ადამიანები — ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის, თუ მათ საქმიანობას „უდიდესი სიკეთე მოჰქონდა კაცობრიობისათვის“,[4] ამისათვის ნობელმა თავისი ქონების 94% გამოყო, რაც 31 მილიონი შვედური კრონი იყო. თუმცა, თავდაპირველად ანდერძმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ის არ იქნა კანონიერად ცნობილი ნორვეგიის პარლამენტის მიერ 1897 წლის 26 აპრილამდე. მიუხედავად ამისა, ანდერძი მაინც აღსრულდა რაგნარ სოლმანისა და რუდოლფ ლილეჟისტის მიერ.

ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება ყოველი წლის 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს. ეს დღე გამოცხადებულია ნობელის დღედ. ამ დღესვე იმართება ნობელის წვეულებაც, რომელიც დიდი ხანია გაცდა შვედეთსა და ნორვეგიას და მთელ მსოფლიოში გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით. ნობელმა გაითვალისწინა, რომ მიღწევების შეფასება რთული იყო, ამიტომ, ანდერძის შესაბამისად, ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში — 1969), კაროლინის სამეფო სამედიცინო — ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება. კომიტეტს ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს. შვედეთის აკადემია ყოველწლიურად აქვეყნებს განცხადებას ნობელის პრემიის კანდიდატთა შერჩევის შესახებ ლიტერატურის დარგში. კანდიდატების წარდგენის უფლება გააჩნიათ თავად აკადემიის წევრებს, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოებების წევრებს, ენისა და ლიტერატურის პროფესორებს, ნობელის პრემიის ყოფილ ლაურეატებს, მწერალთა ორგანიზაციის პრეზიდენტებს. აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა. წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობა 50-ს არ უნდა აჭარბებდეს. 1 თებერვალს კანდიდატთა სიების მიღება წყდება. კანდიდატთა რაოდენობა ნელ-ნელა იცვლება. აპრილისთვის 20 კანდიდატამდე მცირდება, ხოლო ზაფხულში ქვეყნდება 5 კანდიდატის სია. ოქტომბრის თვეში კანდიდატებს კენჭი ეყრებათ და ხმების უმრავლესობით ირჩევენ ლაურეატს ლიტერატურის დარგში.

ნობელის ფონდის დაარსება

რედაქტირება

ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, რომელიც 1896 წელს იქნა გახსნილი, ნობელის ფონდი ემსახურება იმ პიროვნებების დაჯილდოვებას, რობლებსაც წვლილი შეაქვთ კაცობრიობის განვითარებაში. ოფიციალური წყაროების თანახმად, ფონდის შექმნისათვის ნობელმა თავისი ქონების 94% გაიღო.

ნობელის ფონდი კერძო ორგანიზაციაა, რომელიც 1900 წლის 29 ივნისს შეიქმნა. მისი მიზანი ნობელის პრემიის ფინანსური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფაა. ნობელის ფონდის დაარსებისათვის საკმარისი რესურსების შეგროვება მოხერხდა ლუდვიგ და რობერტ ნობელების ნავთობის ბიზნესიდან, რომლებიც საქმიანობას ახორციელებდნენ აზერბაიჯანში, კერძოდ კი ბაქოში.

ნობელის ფონდი მონაწილეობას არ იღებს ნობელის ლაურეატების შერჩევის პროცესში. ფონდი თავისი არსით საინვესტიციო კომპანიის მსგავსია, რომელიც ზრუნავს შექმნას სოლიდური ფონდი პრემიის გაცემისთვის და ადმინისტრირებას უწევს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ შვედეთში ნობელის ფონდი გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადებისგანაც.

ფონდის კაპიტალი და ხარჯები

რედაქტირება

ნობელის ფონდი სხვადასხვა ინვესტიციას ეწევა, კერძოდ ფონდის ქონების 50 % დაბანდებულია როგორც წილები, 20% როგორც ობლიგაციები, 30 % კი სხვადასხვა სახით (უძრავი ქონება და სხვა.)

2011 წლისთვის ფონდის ყოველწლიურმა ღირებულებამ 120 მილიონი შვედური კრონი შეადგინა. აქედან 50 მილიონი კრონი გამოყოფილი იყო პრემიისთვის. სხვადასხვა ინსტიტუტისა და დამხმარე პერსონალისთვის 27.4 მილიონი კრონი. ყოველწლიური შეხვედრები და წვეულებები ნობელის კვირეულის დროს, სტოკჰოლმსა და ოსლოში კი — 20.2 მილიონი კრონის ღირებულებისაა. ადმინისტრირებისთვის, ნობელის სიმპოზიუმისა და სხვა სახის მსგავსი აქტივობებისთვის კი 22.4 მილიონი კრონია გათვალისწინებული. ეკონომიკურ მეცნიერებებში გამარჯვებულთათვის კი 16.5 მილიონი კრონი რისკბანკის მიერ არის გამოყოფილი.[5]

პირველი პრიზები

რედაქტირება

მას შემდეგ რაც ნობელის ფონდი და მისი სახელმძღვანელო მითითებები შესრულდა, ნობელის კომიტეტემა დაიწყო პრიზების ნომინაციების შეგროვება. ამის შემდეგ, მათ წინასწარი კანდიდატების სია გაგზავნეს პრიზების დაჯილდოვების დაწესებულებაში.

1901 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში გახდა ვილჰელმ რენტგენი, ქიმიის დარგში — იაკობ ჰენდრიკ ვანტ-ჰოფი, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში — ემილ ადოლფ ბერინგი, ლიტერატურის დარგში — სიული პრიუდომი, ხოლო მშვიდობის დარგში — ანრი დიუნანი და ფრედერიკ პასი.


მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1938 და 1939 წლებში, ადოლფ ჰიტლერმა აუკრძალა გერმანიის სამ ლაურეატს (რიჩარდ კუნი, ადოლფ ფრიდრიხ იოჰან ბუტენანდტი და გერჰარდ დომეგკი) პრიზების მიღება. 1939 წელს მშვიდობის პრემია არავის მიენიჭა. გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის გამო არცერთი კატეგორიის ჯილდო არ გაცემულა 1940 წლიდან 1942 წლამდე.

მედალს აქვს ალფრედ ნობელის სურათი მარცხენა პროფილში. ლაურეატები ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგებში იღებენ იდენტურ მედლებს. მშვიდობისა და ეკონომიკის ლაურეატები კი იღებენ მედლებს ოდნავ განხსვავებული დიზაინით.

დიპლომები

რედაქტირება

ნობელის პრემიის ლაურეატებს დიპლომს აძლევს შვედეთის მეფე, მშვიდობის პრემიის შემთხევაში ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე. თითოეული დიპლომი უნიკალურია, რადგან ის შექმნილია იმ ლაურეატისათვის, რომლებიც პრიზს იღებს.

საპრიზო ფონდის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხა შეუძლია ნობელის ფონდმა ყოველწლიურად მიანიჭოს ლაურეატს. თანხა გაიზარდა 1980-იანი წლებიდან, როდესაც საპრიზო ფონდი იყო 880,000 შვედური კრონი თითო პრიზზე (350,000 აშშ დოლარი). 2009 წელს ფულადი ჯილდო გახდა 10 მილიონი შვედური კრონი (1.4 მილიონი აშშ დოლარი). 2012 წლის ივნისში იგი შემცირდა 8 მილიონ შვედურ კრონამდე. თუ ორი ლაურეატი იზიარებს პრიზს კატეგორიაში, ჯილდოს გრანტი თანაბრად იყოფა მიმღებებს შორის.

უარი ნობელის პრემიის მიღებაზე

რედაქტირება

მიუხედავად ჯილდოს პრესტიჟულობისა, რამდენიმე შერჩეულმა კანდიდატმა უარი განაცხადა ჯილდოს მიღებაზე: ჟან-პოლ სატრმა, რომელიც დაჯილდოვდა ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის უარი განაცხადა იმ მიზეზით,რომ მწერალმა არ უნდა მისცეს საკუთარ თავს ინსტიტუტად ქცევის უფლება, თუნდაც ამას, როგორც მოცემულ შემთხვევაში ხდება, ესოდენ საპატიო ფორმა ეძლეოდეს. ჯორჯ ბერნარდ შოუმ, უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, რომელიც 1925 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის მოპოვებული ნობელის პრემიის გამო უნდა გადასცემოდა, თუმცა დათანხმდა აღნიშნული თანხმა გამოყენებულიყო ანგლო-შვედური ლიტერატურული ფონდის შესაქმნელად.

მესამე რაიხის დროს, ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით, რიჩარდ კოჰს, ადოლფ ბუტენადტს და გეჰარდ დომეგკის აეკრძალათ ჯილდოს მიღება, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პიროვნებები მაინც დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით. 1958 წელს ბორის პასტერნაკმა უარი განაცხადა პრემიის მიღებაზე იმ მოტივით, რომ მისი სტოკჰოლმში პრიზის მისაღებად გამგზავრება საბჭოთა კავშირის მთავრობის განრისხებას გამოიწვევდა. შვედეთის აკადემიამ უარყო პასტერნაკის უარი და მაინც დააჯილდოვა ნობელის პრემიით, რომლის მიღებაც პასტერნაკის შილმა მხოლოდ 1989 წელს შეძლო.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. nobel prize Nobel Foundation. Retrieved 13 May 2020.
  2. nobel prize facts
  3. Schmidhuber, Jürgen (2010). „Evolution of National Nobel Prize Shares in the 20th century“.
  4. Full text of Alfred Nobel’s will
  5. Sjöholm/Tt, Gustav (2 December 2012) abatter räddar Nobelfesten
  6. Finn, Peter (27 January 2007). The Plot Thickens. The Washington Post. Retrieved 21 January 2010.