Sturmabteilung
Sturmabteilung, მოიერიშე რაზმები (გერმანული წარმოთქმა: [ˈʃtʊɐ̯mʔapˌtaɪlʊŋ] ( მოსმენა), Sturmabteilung), შემოკლებით — SA, მოიერიშეები, ასევე ცნობილნი როგორც ყავისფერპერანგიანები — ნაცისტური პარტიის 1921–1945 წლებში არსებული სამხედრო ფორმირებები.
ორგანიზაცია შეიქმნა 1921 წლის 3 აგვისტოს „ნებაყოფლობითი კორპუსის“ რამდენიმე ქვედანაყოფის ბაზაზე. იმავე წლის 4 ნოემბერს ორგანიზაციამ თავისი სახელი — „მოიერიშე რაზმები“ მიიღო. ლუდის პუტჩის შემდეგ SA აკრძალეს, თუმცა, ორგანიზაციამ სხვა სახელით გააგრძელა მუშაობა 1925 წლამდე — აკრძალვის მოხსნამდე. აღსანიშნავია, რომ SA-ს ლიდერებს მუდმივად ჰქონდათ უთანხმოებები ნაცისტური პარტიის ლიდერებთან, რაც 1930 წელს შტენესის ამბოხში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადოლფ ჰიტლერი პირადად ჩაუდგა სათავეში SA-ს და ორგანიზაციის უმაღლესი ფიურერი გახდა (თანამდებობას 1945 წლამდე იკავებდა).
მოიერიშეები დიდ როლს თამაშობდნენ ნაცისტური პარტიის აღზევებაში, თუმცა, 1934 წელს მომხდარი გრძელის დანების ღამის შემდეგ, რომელშიც SA-ს ელიტის „წმენდა“ მოხდა, ორგანიზაციამ თავისი ძველებური მნიშვნელობა დაკარგა, ნაცისტური პარტიის ძირითადადი სამხედრო ორგანიზაცია კი შუცშტაფელი გახდა.
SA-მ 1945 წლამდე იარსება. 1943 წლამდე მას სათავეში ედგა ჰიტლერის მიერ დანიშნული ვიქტორ ლუტცე, მისი ავიაკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ კი ვილჰელმ შეპმანი, მაგრამ, არსებობის ბოლო 10 წელიწადში მოიერიშეებს დიდი როლი არ ჰქონიათ. შესაძლებელია, რომ ნიურნბერგის პროცესზე SA-ს წევრები ზუსტად ამიტომ არ შერაცხეს დანაშაულებრივ ჯგუფად (შუცშტაფელისგან განსხვავებით), თუმცა, როგორც ნაცისტურ პარტიასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაცია, აკრძალეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- XX საუკუნის ისტორია — ფაშიზმი // TIME // ISBN 978-9941-21-394-6