დემოგრაფია (ძვ. ბერძნ. δῆμος, dêmos – ხალხი, -γραφία, graphía – წერა) — საზოგადოებრივი მეცნიერება მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებების შესახებ, მისი ხასიათის დამოკიდებულებაზე სოციალურ-ეკონომიკურ, ბუნებრივ პირობებზე, მოსახლეობის ეთნიკურ, ენობრივ, რელიგიურ შემადგენლობაზე და ა.შ. ტერმინი „დემოგრაფია" შემოიღო ფრანგმა მეცნიერმა აშილ გიიარმა 1855 წელს.

ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

დემოგრაფიული კატეგორიები და კანონები

რედაქტირება

დემოგრაფია, როგორც მეცნიერება, იკვლევს დემოგრაფიულ კატეგორიებსა და კანონებს. დემოგრაფიული კატეგორია მასობრივი, განმეორებადი, დემოგრაფიული შემთხვევებისა და პროცესების, საერთოდ დემოგრაფიული ურთიერთობათა განზოგადებული, თეორიული გამოხატულებაა. დემოგრაფიული კატეგორიებია: მოსახლეობა, ეთნოსი, კოჰორტა, შობადობა, მოკვდაობა, ქორწინება, განქორწინება, ოჯახი, დეპოპულაცია და სხვ.

დემოგრაფიული კანონი არის დემოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზშედეგობრივი, აუცილებელი, მყარი, მუდმივგანმეორებადი არსებითი კავშირი და ურთიერთგანპირობებულობა. დემოგრაფიული კანონებია: თაობათა განახლების, მოსახლეობის აღწარმოების, დემოგრაფიული კომპენსაციის, დემოგრაფიული გადასვლის, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის, მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების და სხვ.

დემოგრაფიული განვითარება აისახება ისეთ ძირითად მაჩვენებელთა დინამიკაში, როგორებიცაა: შობადობის ჯამური და ასაკობრივი კოეფიციენტები; შობადობისა და მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტები; მოკვდაობის ასაკობრივი და ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტები; მოსახლეობის ბუნებრივი მატების ზოგადი კოეფიციენტი; მოსახლეობის აღწარმოების ბრუტო და ნეტო კოეფიციენტები; მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების კოეფიციენტი; მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებლები და სხვ.

დემოგრაფიის ამოცანები

რედაქტირება

დემოგრაფიის, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების, მთავარ ამოცანებში შედის:

  • დიდძალი ფაქტობრივი მასალის მეცნიერული ანალიზი, მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით, და მის საფუძველზე მეცნიერულ-თეორიული და პრაგმატული მნიშვნელობის მქონე დასკვნების გაკეთება;
  • დემოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის რთული პირდაპირი მიზეზშედეგობრივი და არაპირდაპირი კორელაციური კავშირების კავშირების წარმოჩენა;
  • დემოგრაფიული განვითარების ტენდენციის გამომწვევი მიზეზებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების დადგენა;
  • მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი ტიპების თანმიმდევრული მონაცვლეობის კანონზომიერებათა ანალიზი;
  • რეპროდუქციული ქცევისა და ოჯახში ბავშვებზე მოთხოვნილების განმსაზღვრელ ფაქტორთა სისტემური ანალიზი;
  • დემოგრაფიული დაბერების განმსაზღვრელ ფაქტორთა დადგენა და მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა;
  • განათლებისა და დასაქმების, მოსახლეობის მიგრაციის, მატერიალური კეთილდღეობის, უმუშევრობის და სხვა ფაქტორების დემოგრაფიულ პროცესებზე ზეგავლენის გარკვევა;
  • დემოგრაფიული პროცესების მოდელირება და პროგნოზირება ა.შ.

თანამედროვე დემოგრაფია მეცნიერებათა სისტემას წარმოადგენს. იგი დემოგრაფიის ზოგად თეორიასთან ერთად მოიცავს: ეკონომიკურ, ისტორიულ, სამედიცინო, სოციოლოგიურ, ეთნიკურ, პოტენციურ, ეკოლოგიურ, რეგიონულ, მათემატიკურ, სამხედრო, გამოყენებით, აღწერილობით დემოგრაფიებს; დემოგრაფიულ მოძღვრებათა ისტორიას, დემოგრაფიულ სტატისტიკას. დემოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული მომიჯნავე მეცნიერებებთან: ეკონომიკურ თეორიასთან, სოციოლოგიასთან, ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, სტატისტიკასთან, ეთნოლოგიასთან, სოციალურ ჰიგიენასთან, ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებასთან.

დემოგრაფიის ისტორია

რედაქტირება

დემოგრაფიის, როგორც მეცნიერების, ისტორია იწყება 1662 წლიდან, როდესაც ლონდონში გამოქვეყნდა ინგლისელი მეცნიერის ჯონ გრაუნტის მოსახლეობის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი პირველი ფუძემდებლური გამოკვლევა — „ბუნებრივი და პოლიტიკური დაკვირვებანი მოკვდაობის ბიულეტენთა საფუძველზე". დემოგრაფიის სწრაფი განვითარება აღიარება დაიწყო 1880-იანი წლებიდან, ჰიგიენისა და დემოგრაფიის საერთაშორისო კონგრესების ჩატარების შემდეგ. 1970-იან წლებამდე დემოგრაფია ძირითადად მოსახლეობის სტატისტიკის სინონიმად იხმარებოდა, მაგრამ შემდგომში მისი მიზნები და მასშტაბი გაფართოვდა. ამიერიდან იგი უკვე აღარ კმაყოფილდება შობადობის, მოკვდაობის, ქორწინების, განქორწინების, მოსახლეობის ბუნებრივი მატებისა და ანალოგიური ხასიათის სხვა პროცესების თაობაზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვებითა და არსებული მდგომარეობის აღწერა-წარმოსახვით.

დემოგრაფიის, როგორც მეცნიერების, დაფუძნებასა და განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით უ. პეტის, გ. კინგს, ა. დეპარსიეს, ი. ზიუსმილხს, ჟ. ბერტილიონს, თ. მალთუსს, ა. კეტლეს, გ. მაირს, ა. სოვს, ლ. რაბინოვიჩს, ა. ლანდრის სხვ.

დემოგრაფია საქართველოში

რედაქტირება

რუსეთის იმპერიაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერების დაწყებამდე (1897), საქართველოში არსებული სტატისტიკური მონაცემები ზუსტ დემოგრაფიულ მაჩვენებელთა გაანგარიშების საშუალებას არ იძლეოდა. მოსახლეობის მიახლოებითი რიცხოვნობის განსაზღვრის ერთადერთი წყარო მოსახლეობისა და მისი ქონების პერიოდული აღწერები იყო, რომელთა უშუალო მიზანს საგადასახადო პოლიტიკის გატარება და ლაშქარში გასაწვევთა რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოსახლეობის აღწერამ საქართველოში (ისე, როგორც მთლიანად ყოფილ სსრ კავშირში) რეგულარული ხასიათი მიიღო (1926, 1939, 1959, 1970, 1979, 1989 წწ.). დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი საყოვლეთაო ეროვნული აღწერა 2002 წელს ჩატარდა, მომდევნო — 2014 წელს.

დემოგრაფიული კვლევის თვალსაზრისით, პირველი ნაბიჯები საქართველოში ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში გადაიდგა, მაგ., ე. ჯანდიერისა [„ქალაქ ტფილისის მოსახლეობა (1922 და 1926 წ. წ. აღწერით)", ტფ., 1930] და ა. ჯიჯაძის („შობადობა და ბავშვთა სიკვდილიანობა კაპიტალისტურ ქვეყნებში და ჩვენში“, ტფ., 1935) მეცნიერული გამოკვლევები. უმაღლეს სასწავლებლებში იკითხებოდა „მოსახლეობის სტატისტიკა" და „სოციალური ჰიგიენა", რომელთა სასწავლო პროგრამა გარკვეულწილად მოიცავდა დემოგრაფიული მეცნიერების პრობლემატიკასაც. 30-იანი წლების II ნახევრიდან სსრ კავშირში, მ. შ. საქართველოში, ტაბუ დაედო დემოგრაფიის საკითხების მეცნიერულ კვლევასა და სწავლებას.

ამ სფეროში მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა II მსოფლიო ომის (1939–45), როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დემოგრაფიული სტატისტიკის“ კურსის წაკითხვას შეუდგა გიორგი გამყრელიძე (გამოიცა სახელმძღვანელოდ 1955 წელს).

საქართველოში დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პაატა გუგუშვილმა, რომლის მიერ 1960-იან წლებში ეკონომიკის ინსტიტუტში დაარსებული სოციოლოგიისა და დემოგრაფიის განყოფილების ბაზაზე 1990 წელს ჩამოყალიბდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების კვლევების ცენტრი. ამ უკანასკნელისა და სოციოლოგიური კვლევის ცენტრის შეერთების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში 1991 წელს დაარსდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი (2009 წლიდან აფილირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში). ამასთან, 1973–1987 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებობდა დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შემსწავლელი საბჭო, რომელმაც სამეცნიერო ექსპედიციების უნიკალურ მასალებს მოუყარა თავი საქართველოს რეგიონებში არსებული დემოგრაფიული ვითარების თაობაზე. თსუ-ში 2000–2006 წლებში ფუნქციონირებდა დემოგრაფიის კათედრა.

საქართველოშ დემოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე ვახტანგ ჯაოშვილმა, კონსტანტინე ანთაძემ, მზია ბექაიამ, ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ა. კაცაძემ, ა. ჯიჯაძემ, ი. აბაშიძემ, ლ. ბერიძემ, ა.თოთაძემ, ვ. ლორთქიფანიძემ, ნ. მაღლაფერიძემ, გ. მელაძემ, ე. მენაბდიშვილმა, ა. სახვაძემ, ა. სულაბერიძემ, მ. ტუხაშვილმა, გ. ფირცხალავამ, მ. შელიამ, ო. შურღაიამ, ლ. ჩიქავამ, გ. წულაძემ, მ. ხმალაძემ და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება