ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები კავკასიის რეგიონში

იბერიულ-კავკასიური ენები[1][2], კავკასიური ენები, იაფეტური ენები, პალეო-კავკასიური ენები, ქართულ-შარომატული ენები, ალაროდიული ენები — კავკასიის რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7.000.000 ადამიანი) მონათესავე ენათა ოჯახი. ჯგუფში 32 (უბიხურით 33) ენობრივი ერთეულია. ლინგვისტური კვლევების კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. ქართველი ლინგვისტი არნოლდ ჩიქობავა ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს: იბერიულ-კავკასიური ენები.

ჯგუფის აღმნიშვნელი ტერმინებირედაქტირება

იბერიულ-კავაკსიური ენები სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, ესენია: „კავკასიური ენები“, „იაფეტური ენები“, „პალეო-კავკასიური ენები“ და „ალაროდიული ენები“.

აქედან „კავკასიური ენები“ ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო და ახლაც ხშირად იყენებენ. სათანადო ენები ამჟამად თითქმის მხოლოდ კავკასიაში იხმარება; ერთი გარემოება რომ არა, ეს საკმაო საფუძველს შექმნიდა იმისათვის, რომ ტერმინი „კავკასიური ენები“ მიჩნეულიყო შესაფერის ტერმინად. კავკასიაში გავრცელებულია ასევე ინდოევროპული (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური, თალიშური, თათური, ქურთული, ბერძნული...), ალთაური ენები (აზერბაიჯანული, ყუმიკური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, თათრული, თურქმენული) და სემიტური (სირიული, იგივე ასირიული ანუ აისორული). „კავკასიური“ ენების გამიჯვნა „კავკასიის“ ენებისაგან ძნელდება, გარჩევა კი საჭირო არის.

ტერმინი „იბერიულ-კავკასიური“ საშუალებას იძლევა ეს ენები გაირჩეს „კავკასიის ენებისაგან“: იბერიულ-კავკასიური ენები ესაა იბერიული (ქართველური) და მონათესავე ენები. ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ შემოღებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 1946 წელს.

ნ. მარი ამ ენებს იაფეტურს უწოდებდა. „იაფეტური ენები“ მეთვრამეტე საუკუნეში ინდო-ევროპულ ენატა აღსანიშნავად იყო გამოყენებული. იბერიულ-კავკასიური ენებისათვის ეს ტერმინი ნ. მარმა შემოიღო. ოღონდ ტერმინის მნიშვნელობა ნ. მარის მოძღვრებაში იცვლებოდა: 1908-1915 წლებში „იაფეტური ენები“ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენათაგან მხოლოდ „ქართველურ ენებს“ გულისხმობდა, ხოლო 1915-1923 წლებში კი ქართველურსა და მის მონათესავე კავკასიურ ენებს, სახელდობრ: აფხაზურ-ადიღურ, ნახურსა და დაღესტნურ ენებს. მომდევნო წლებში „იაფეტური ენები“ მონათესავე ენათა ერთეულს აღარ აღნიშნავს და გენეალოგიური კლასიფიკაციის ცნებას აღარ წარმოადგენს.

„იბერიულ-კავკასიური ენების“ სინონიმად ტერმინი „პალეო-კავკასიურიც“ გვხვდება[3]. ტერმინი „პალეო-კავკასიური“ („ძველისძველი კავკასიური“) ჰოლანდიელ ენათმეცნიერს კ. ულენბეკს ეკუთვნის.

ტერმინი „პალეო-კავკასიური“ გულისხმობს, რომ სათანადო ენები კაკასიის სხვა ენებთან (ინდოევროპულ და თურქულ ენებთან) შედარებით უფრო ძველია კავკასიის მიწაყალზე. თუ ასე გავიგებთ, „პალეო-კავკასიური“ მართებული ტერმინია. მაგრამ თუ მას გავიგებთ როგორც კავკასიის ენდოგენური მოსახლეობის ენებს, ზუსტი არ იქნებოდა: „ძველი კავკასიური“ კიდევ არ ნიშნავს „კავკასიაში წარმოქმნილს“.

იბერიულ-კავკასიური ენები ფრიც ჰომელმა მოაქცია ალაროდიულ ენათა წრეში, ე. ი. იმ ენათა წრეში, რომელსაც წინააზიის ძველი, აწ მკვდარი ენები (ურარტული, ჰურიტული, პროტოხეთური, შუმერული...) განეკუთვნება. ბუნებრივია, უპირატესობა მიეცეს ტერმინს, რომელიც ახლანდელ ვიტარებას ემყარება და მასთან გეოგრაფიულ ტერმინში („კავკასიის ენები“) არ აირევა.

ივ. ჯავახიშვილი ამ ენებს უწოდებდა — ქართულ-შარომატულს.

ი. კარსტი ტერმინ „იბერიულ-კავკასიური ენების“ ქვეშ მოიაზრებდა „კავკასიურ“ (ჩრდილოკავკასიურ და ქართველურ ენებს) და „იბერიულ“ (პირინეის ნახევარკუნძულის ძველი იბერებისა და ახლანდელი ბასკების) ენას[4]. ამ შემთხვევაში იბერიულ-კავკასიური ძველისძველი ჰიპოთეზური ენობრივი წრის „მაკროსამყაროს“ გულისხმობს.

შესაბამნისად ტერმინი — „იბერიულ-კავკასიური ენები“, როგორც რეალური „მიკროწრე“ თავისთავში არ გამორიცხავს ჰიპოთეზური ენების „მაკროსამყაროს“ არსებობას. ამრიგად აღნიშნული ტერმინი უფრო გამოსადეგია ყველა არსებული ტერმინისაგან განსხვავებით.

ისტორიარედაქტირება

XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის ათვისებასთან ერთად, ევროპელმა მეცნიერებმა დაიწყეს კავკასიაში არსებული ენების მეცნიერული შესწავლა. ნაწილობრივ, აღნიშნული საქმის წამოწყებას მიაწერენ პ. პალლას და ი. გიულდენშტადტს, რომლებიც აგროვებდნენ რა სხვადასხვა (ჩეჩნური, ინგუშრი, ბაცბური, ქართული, მეგრული, სვანური, ყაბარდოული, აფხაზური, დარგინული, ლაკური, ხუნძური, დიდოური, ანდიური) ენის ლექსიკურ მარაგს, პარალელურად ქმნიდნენ ლექსიკონებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი საქმიანობა ისაზღვრებოდა მხოლოდ ლექსიკონებით და არ ითვალისწინებდა ენების გრამატიკულ შესწავლას. აქვე ხაზგასასმელია გ. კლაპოტის ნაშრომიც[5], რომელშიც ენის საკითხები მხოლოდ გაკვრით განიხილებოდა.

ევროპელ მეცნიერთა ყურადღება კავკასიის ენების მიმართ მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც განვითარდა შედარებითი-ისტორიული ენათმეცნიერება. იბერიულ-კავკასიური ენების პირველ მკვლევარად შეიძლება ჩაითვალოს მარი ბროსე, რომელმაც 1834 წელს პარიზში გამოაქვეყნა ქართული ენის გრამატიკა. მარი ბროსემ, ისევე როგორც შემდგომში ფრ. ბოპმა ენა ინდოევროპულ ენათა ჯგუფში შეიტანეს. 1854 წელს მაქს მიულერი, რომელიც თვლიდა რომ ქართული ენის ინდოევროპულ ენათა ჯგუფში შეტანისათვის არასაკმარისი მტკიცებულება არსებობდა, ქართული სხვა დანარჩენ მსგავსი კავკასიური ენები დამოუკიდებელ ტურანულ ენათა ჯგუფში შეიტანა. და მხოლოდ 1864 წელს ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ფრიდრიხ მიულერმა ყურადღება მიაქცია აგრეთვე რამოდენიმე სტრუქტურულ ნიშანს, რომლებიც დამახასიათებელია იბერიულ-კავკასიური ენებისათვის (ხმოვნებით ღარიბია, თანხმოვნებით მდიდარი; ხშულები „მაგრად“ გამოითქმის; თანხმოვნები თავს იყრის... აგლუტინაციის პრინციპი... სუფიქსაციის გვერდით პრეფიქსაცია... ფორმებით მდიდარია ზმნაც, სახელიც... ჩრდილო-კავკასიურ ენებში გაირჩევა „სქესები“, „ცოცხალი“, „არაცოცხალი“, „გონიერი“, „არაგონიერი“ გარჩევის საფუძველზე... ზმნის უღლებამ შეიძლება ობიექტიც აღნიშნოს ბასკურის მსგავსად... თვლის სისტემა — ზოგი ენის გამოკლებით ოცობითია) და გამოთქვა მოსაზრება, რომ, კავკასიური ენები — ესაა ოდესაღაც მრავალმრიცხოვანი ენათა ოჯახი, რომელიც გავრცელებული იყო კავკასიაში და მის სამხრეთით, სანამ აქ ინდოევროპული და სემიტური ენები გავრცელდებოდა.

იბერიულ-კავკასიური ენათა ისტორიულ-გენეზისური ერთიანობა 1864 წელს პირველად პ. უსლარმა გაკვრით, მაგრამ გარკვევით აღნიშნა: კავკასიური ენები ცალკე ოჯახს ქმნიანო. ამ ენებს გასაოცარ სხვაობასთან ერთად, ღმად ნათესაური კავშირებიც მოეპოვებათო. იბერიულ-კავკასიური ენათა ნათესაობას იცავდნენ ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი... უარყოფდა ნ. ტრუბეცკოი.

ჯგუფის ნიშან-თვისებებირედაქტირება

დიდი სხვაობა დასტურდება იბერიულ-კავკასიურ ენათა სხვადასხვა ჯგუფებს შორის და არაიშვიათად ერთი ჯგუფის ენებს შორის შორისაც. აფხაზურში სახელის ბრუნება არა აქვს, ზმნის მორფოლოგია კი ძალზე მდიდარია (კერძოდ, გამოხატავს პირს, კლასს, რიცხვს სუბიექტისას და ობიექტისას). ლეზგიურში ბრუნება მდიდარია (სახელს ოთხი ძირითადი ბრუნვის გარდა ლოკატიურ ბრუნვათა წყება მოეპოვება), ზმნა კი არც პირებს განარჩევს, არც გრამატიკულ კლასებს, არც რიცხვში იცვლება... აფხაზურისა და ლეზგიურის მორფოლოგია ორ პოლუსს ქმნის. სტრუქტურის მიხედვით, მათ შორის თავსდება ყველა სხვა იბერიულ-კავკასიური ენები — ადიღეური ენები, ქართველური, ნახური თუ დაღესტნური. ქართული, მაგალითად თავისი მორფოლოგიით აფხაზურთანაც უფრო ახლოს არის და ლეზგიურთანაც, ვიდრე ეს ორი კავკასიური ენა — აფხაზური და ლეზგიური ერთმანეთთან.

სხვაობას იბერიულ-კავკასიური ენათა სხვადასხვა ჯგუფებს შორის ხშირად მიაწერენ ამ ენათა წარმოშობითს სხვადასხვაობას: განსაკუთრებიბთ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქართველურ ენებს გრამატიკული კლას-კატეგორია არა აქვს, მთის კავკასიური ენებისათვის კი ეს კატეგორია ნიშანდობლივია... სხვაობა იბერიულ-კავკასიური ენებში პირველადია, საერთო მოვლენები დაახლოების შედეგია, კავკასიური ენები „ენათა კავშირს“ წარმოადგენს. ენათა კონტაქტის შედეგად საერთო მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩნდება (როგორც სხვადასხვა წარმოშობის, ისე მონათესავე ენებში), მაგრამ „ენათა კავშრად“ არავის მიუჩნევია დაღესტნური ენები (მით უფრო — დაღესტნური ენების ლეზგიური ქვეჯგუფის ენები), რომელთა შორის ისეთივე არსებითი სტრუქტურული სხვაობა შეიმჩნევა, როგორიც, ვთქვათ, დაღესტნურ და ქართვეურ ენებს შორის დასტურდება.

ზოგიერთი ლეზგიური ენა (წახური, რუთულური, არჩიბული, ბუდუხური, კრიწული) განასხვავებს გრამატიკულ კლასებს, ზოგი (ლეზგიური, ალუღური, უდიური) — არა. თაბასარანულ ენაში ერთ კილოში ეს კატეგორია დაუცავს, მეორეში იგი მოშლილია. ლეზგიურის, აღულურისა და უდიურის მკვლევარებმა (მ. ჰაჯიევმა, უ. მეილანოვამ, რ. შაუმიანმა, ა. მაჰომეტოვმა, ე. ჯეირანაშვილმა, გ. თოფურიამ) დაადასტურეს ამ ენებში გრამატიკული კლას-კატეგორიის კვალი: ეს კატეგორია ყველა ლეზგიურ ენაში ყოფილა გარჩეული, სადაც არა გვაქვს, დაკარგულია. სხვაობა მეორეულია.

ზმნის უღლება გრამატიკულ კლასებში განასხვავებს წახურულში, რუთულურში, არჩიბულში, ბუდუხურში, კრიწულში. პირებს განასხვავებს უდიურში, კლასებსა და პირებს — თაბასარანულში. არც პირებსა და არც გრამატიკულ კლასებს ზმნა არ განასხვავებს ლეზგიურსა და აღულურში. ჯერ გრამატიკული კლასი, მერე — კლასი და პირი, შემდეგ — მხოლოდ ანდა უკლასო და უპირო ზმნა. ამგვარად, თანამედროვე ვითარება საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ისტორიული პროცესი, რომლის სხვადასხვა საფეხურიც წარმოდგენილია ამ ნაირსახეობებში.

მოვლენის ისტორიული გათვალისწინება ლეზგიური ქვეჯგუფის ენებში ცხადყოფს, რომ ამოსავალში ერთგვარობა გვქონდა იქ, სადაც ამჟამად ნაირგვარობა დასტურდება. ის, რაც ლეზგიური ქვეჯგუფის ენებში გვაქვს, მიკროისტორიას წარმოადგენს. იბერიულ-კავკასიური ენათა ისტორიას იმავე დასკვნამდე მივყავართ: წარსულში გვქონდა იქ, სადაც ახლა სხვაობა გვაქვს. სტრუქტურული მსგავსება ნათესაობას ვერ ცხადყოფს, და პირიქით — სტრუქტურული სხვაობაც ნათესაობას არ გამორიცხავს. სტრუქტურულ მსგავსებას, თუ ის არსებითს მომენტს ეხება, შეუძლია ნათესაობის საკითხი დაგვასმევინოს.

იბერიულ-კავკასიური ენებისათვის დამახასიათებელი ჩანს ისტორიულად:

  1. ხმოვანთა მარტივი სისტემა და თანხმოვანთა რთული შემადგენლობა;
  2. თანხმოვნებში: ფარინგალური და ლარინგალური სერია, ხშულთა სამეულებრივი სისტემა;
  3. ფარინგალური და ლარინგალური სერია გამარტივების ტენდენციას იჩენს, წინა წარმოების ხშულების შედგენილობა რთულდება. ზოგ ენაში (უდიურში) სამეულის წევრი მკვეთრები სპეციფიკურობას კარგავენ (სხვა ენათა გავლენით);
  4. მარტივი ფუძე (ძირეული მორფემა) ერთმარცვლიანია (დახურული);
  5. სრულხმოვნობა ძველია, თანხმოვანთა თავყრა მეორეულია. მიზეზი: ინტენსიური დინამიკური მახვილის მოქმედება, ჰარმონიული კომპლექსები;
  6. სიტყვის აგებულების პრინციპი აგლუტინაციურია;
  7. ზმნა და სახელი გარჩეულია, მაგრამ საერთო ფორმანტებიც შეიმჩნევა (ქართული);
  8. ზმნა სახელისაგან მომდინარეობს (ნასახელარ ზმნათა სიჭარბე);
  9. ზმნის მორფოლოგია სახელისაზე უფრო ძველია. უღლების ჩამოყალიბება უსწრებს ბრუნების ჩამოყალიბებას;
  10. ძირითადი მორფოლოგიური კატეგორია — გრამატიკული კლასები (პიროვნებისა: ვინ-კატეგორია და ნივთისა: რა-კატეგორია) — გაირჩეოდა სახელებში (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი, ნაცვალსახელი), ზმნაში, ნაზმნარ არსებით სახელებში (მასდარში), ნაზმნარ ზედსართავ სახელებში (მიმღეობებში), ზოგ ზმნისართში. ეს გრამატიკული კატეგორია ზოგ ენას დაეკარგა სხვა ენების გავლენით (პერიფერიაზე);
  11. კლასოვანი უღლება ყველაზე ძველია, კლასოვან-პიროვანი მისგან მოდის, პიროვანი უღლება მივიღეთ კლასოვან-პიროვანისაგან (სათანადო ენაში გრამატიკული კატეგორიის დაკარგვის შემდეგ);
  12. ბრუნვათა სისტემაში სპეციფიკურია ერგატივი (მოთხრობითი) და დამახასიათებელია აკუზატივის უქონლობა;
  13. ატრიბუტულ სინტაგმას ისტორიულად პოსტპოზიციური წყობა ახასიათებდა;
  14. პრედიკატულ სინტაგმათაგან სპეციფიკურია გარდამავალი ზმნის ერგატიული კონსტრუქცია.

იბერიულ-კავკასიური ენათა ძირითად ლექსიკაში საერთო კუთვნილებას წარმოადგენს სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ: „გულს“, „მზეს“, „ენას“, ზოგ რიცხვით სახელს („ცალი“, „ტყუპი“), სათანადო ძირები საკუთრივ იბერიულ-კავკასიური ჩანს. კავკასიის მცოდნეთა უმრავლესობა ვარაუდობს იბერიულ-კავკასიური ენათა ყველა ჯგუფის თავდაპირველ წარმოშობით ნათესაობას.

ენათა კლასიფიკაციარედაქტირება

იბერიულ-კავკასიური ენებს მ. ქურდიანი ყოფს სამ[2] (არნოლდ ჩიქობავას მიხედვით დაყოფილია იყო ოთხ: ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ[6][7]) ენობრივ ჯგუფად და მრავალრიცხოვან ქვე-ჯგუფებად. ეს ენებია:

1. ქართველური ენები (ბასკურ-ქართველური ენები[2])
2. აფხაზურ-ადიღური ენები
2.1. აფხაზურ-აბაზური ენები
2.2. ჩერქეზული ენები
2.3. უბიხური (მკვდარი, უდამწერლობო)
3. ნახურ-დაღესტნური ენები
3.1. ნახური ენები (აჴიური დ., ბარის დ., ინგუშური დ., ქისტური დ., შაროული დ., ჭებერლოური დ.)
3.2. დაღესტნური ენები
3.2.1. ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები
  • დიდოურ-ჰინუხური ენები
3.2.2. ლაკურ-დარგუული ენები
  • ლაკური (ვიცხიური კ.ღუმუხური კ.ვიხლიური კ. და სხვ.)
  • დარგუული (ჰურახული დ.ახუშური დ.წუდახარული)
3.2.3. ლეზგიური ენები

ლიტერატურარედაქტირება

  • ჩიქობავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 69, თბ., 1980 წელი.
  • Коряков Ю.Б. Атлас кавказских языков. Москва, 2006

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. არნ. ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 2008 წ.
  2. 2.0 2.1 2.2 მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007
  3. B. Geiger, T. Halasi - Kun, A. Kuipers, K. Menges, „Peoples and Languages of the Caucasus“ 1959
  4. Jos. Karst, „Grundzüge der vergleichenden Grammatik des Ibero-Kaukasischen“, Lpz, 1934
  5. Г. Клапрот, Путешествие на Кавказ и в Грузию, 1814 г.
  6. არნ. ჩიქობავა, „ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 2008 წ.
  7. არნ. ჩიქობავა, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი“, თბ., 1979, გვ. 7