ბაგვალური ენა

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგვალალური ენა)

ბაგვალური ენა, ბაგვალალური ენა, ბაგულალური ენა, კვანადური ენაიბერიულ-კავკასიური ენების ოჯახის, ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა, ანდიურ ქვეჯგუფის ენა.

ბაგვალურ ენაზე მეტყველთა ძირითადი აულებია: კვანადა, თლონდოდა, ხუშტადა, ჰემერსო, თლისი, თლიბიშო. პირველი წუმადის რაიონშია, ხოლო ორი უკანასკნელი — მეზობელ ახვახის რაიონში. ბაგვალელთა საერთო რიცხვი 1447 ადამიანს (2010 წ. აღ.) შეადგენს.

სამწერლო ენად ბაგვალები ხუნძურს ხმარობენ. დაღესტნის მცირერიცხოვან ერთა დაახლოების პროცესში ბაგვალები სხვა ანდიურ-დიდოურ ტომებთან ერთად ერწყმიან ხუნძებს, რომლებიც მათთან ახლოს დგანან ენითაც და კულტურითაც. ეროვნებით ბაგვალები ხუნძებად აღირაცხებიან. ხუნძური ენის ცოდნა ბაგვალებში ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ხშირად ეს ცოდნა სასაუბრო მეტყველების ფარგლებს არ სცილდება. ბაგვალელთა ერთმა ნაწილმა (ხუშტადელებმა, თლონდოდელებმა) იცის ტინდიური ენაც. ტინდიელები ბაგვალების მეზობლები არიან (სამხრეთით) და ენობრივად მათთან ძალიან ახლოს დგანან.

ბაგვალური ენისა და ხალხის აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინს ხმარობენ. თვითონ ბაგვალებში „ბაგვალების“ აღსანიშნავად ზოგადი ტერმინი არა ჩანს (წარმომავლობას ასახელებენ ფუძე აულის მიხედვით). ახლო მეზობელ ტომებთან ურთიერთობის დროს თავიანთ თავს ხუნძურად ბაგვალ-ებს ეზახიან, სხვა ხალხებთან ურთიერთობის დროს კი, თავს ხუნძებს მიაკუთვნებენ. ხუნძურად (და აქედან რუსულადაც) ბაგვალებს ბაგვალალ-ს ან ბაგულალ-ს ეძახიან. ბოლო -ალ წარმოადგენს ხუნძურ მრავლობითი რიცხვის ნიშანს (მხ. რ. ბაგვალ-ავ I კლ., ბაგვალ-აჲ II კლ., მრ. რ. ბაგვალ-ალ). ამ -ალ სუფიქსის მოკვეცისა ან შენარჩუნების კვალობაზე ასეთიასეთი ვარიანტები ჩნდება: (რუს. багвалаль-цы, багулаль-цы, багвалин-цы; ქართულად: ბაგვალალები, ბაგულალები, ბაგვალები). ზოგჯერ ბაგვალური ენის აღსანიშნავად ხმარობენ „კვანადურ ენას“ (რუს. кванадинский язык) — ბაგვალელთა ერთ-ერთი უმთავრესი აულის მიხედვით.

ადგილობრივად (წუმადის რაიონში, მეზობელ ხუნძურ მოსახლეობაში) ტერმინს „ბაგვალური“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს: ასე აღნიშნავენ საკუთრივ ბაგვალებსაც და ტინდიელებს ერთად აღებულს, ე. ი. მდინარე ანდიის ყოისუს მარჯვენა ნაპირის მცხოვრებლებს საერთოდ. ამ გაგებით „ბაგვალური“ უპირისპირდება „ჭამალურს“, რომელიც ამავე მდინარის მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ ხალხს აღნიშნავს.

ანდიური ენები ერთმანეთისაგან დიდად დაშორებულნი არ არიან. სხვაობის უკიდურესი წერტილებია ანდიური და ახვახური. მათ შორის (ერთმანეთისაგან მეტ-ნაკლები დაშორებით) ლაგდება ანდიური ქვეჯგუფის დანარჩენი ენები.

ბაგვალური ენა ძალიან ახლოს დგას მეზობელ ენებთან — ჭამალურთან და განსაკუთრებით ტინდიურთან. ეს სამი ენა ანდიურ ენათა ქვეჯგუფში ქმნის გარკვეულ წრეს, რომელიც ღოდობერიულის მეშვეობით ბოთლიხურსა და ანდიურს უკავშირდება. არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ ტინდიური და ბაგვალური ერთმანეთის მიმართ მივიჩნიოთ დიალექტებად, რომლებიც ერთმანეთისაგან უფრო შორს, რა თქმა უნდა, არ არიან, ვიდრე, მაგალიტად, ხუნძური ენის ხუნძახური და ანწუხური დიალექტები.

ყოველ ბაგვალურ აულს ახასიათებს გარკვეული ენობრივი თავისებურება, თუმცა მეტწილად ეს სხვაობა დიდი არ არის. შეიძლება გამოიყოს სამი კილოკავი: კვანადურ-ჰემერსოული (კვანადური და ჰემერსოული თქმებით), თლონდოდურ-ხუშტადური (თლონდოდური და ხუშტადური თქმებით), თლისურ-თლიბიშოური (თლისური და თლიბიშოური თქმებით). ამ სამ კილოკავთან პირველი ორი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, ხოლო თლისურ-თლიბიშოური შედარებით ცალკე დგას.

ბაგვალური ენის შესახებ პირველი ცნობები მოცემულია რ. ერკერტის წიგნში[1]. ანდიური ენები აქ წარმოდგენილია ორი ჯგუფის სახით: ანდიური დიალექტები (საკუთრივ ანდიური, ბოთლიხური, ჰიჰათლური [ე. ი. ჭამალური] და ტინდიური) და კარატული დიალექტები (კარატული, ღოდობერიული და კვანადური ანუ ბაგვალალური). ღოდობერიული და კვანადური ფრაზები ერთადაა წარმოდგენილი. კვანადური მასალა, რომელიც სახელდობრ აულ კვანადის მეტყველებას ასახავს, შეიცავს 40-მდე მოკლე შესიტყვებას. ამასთან უმარტივეს შესატყვისებატა მნიშვნელოვანი ნაწილი ზმნის პარადიგმის გამოვლინებას ემსახურება და ფაქტობრივ არაფერს იძლევა, რადგან პირის კატეგორია, რის გარკვევაც ამ შესიტყვებათა მიხედვით უნდა მომხდარიყო, ბაგვალურს არ გააჩნია.

ერკერტისეული ჩანაწერებისნაკლოვანებები საკმაოდ ცნობილია. მეტად დაბალ დონეზე დგას ბაგვალური მასალის ჩაწერის ფონეტიკური მხარეც, მაგალიტად, ერთმანეთისაგან გარჩეული არაა მკვეთრები და შესაბამისი ფშვინვიერები ( და , და , და ), არაა გარჩეული ძლიერი და სუსტი თანხმოვნები (შჾ და , სჾ და ), არეულია და , არეულია ლატერალური თანხმოვნები, ასევე აღნიშული არაა თანხმოვანთა პალატალიზაცია, ხმოვანთა სიგრძე და სხვა.

შედარებით მეტი და უფრო სანდო მასალა ბაგვალური ენის შესახებ მოცემულია ა. დირის ნაშრომში[2]. დირის მასალა, ისევე როგორც ერკერტისა, აულ კვანადის მეტყველებას ასახავს. წარმოდგენილია მოკლე გრამატიკული ცნობები (ბრუნებისა და უღვლილების შესახებ) და 65 მოკლე ფრაზა. უზუსტობანი ა. დირის ჩანაწერებშიც არის, მაგალიტად, გარკვეული არაა ცჾ და წჾ, და შჾ და სხვა. აღნიშნული არაა პალატალიზაცია, ხმოვნის სიგრძე. ზოგჯერ პალატალიზებული (და ) წამოდგენილია როგორც . არასწორედაა ჩაწერილი ზოგი ფორმა. მართალია, ა. დირის მასალების მიხედვით შეუძლებელია ბაგვალური ენის აღნაგობის წარმოდგენა, მაგრამ რ. ერკერტის მასალებთან შედარებით წინგადადგმული ნაბიჯია.

ბაგვალურ ენაზე თავისი წერილები გამოაქვეყნა ზ. მაჰომედბეკოვამ[3]. მის წერილებში წარმოდგენილია მოკლე ცნობები ბაგვალური ენის ბგერითი შედგენილობისა, ზოგი ფონეტიკური პროცესისა, ბუნებისა და უღვლილების უმთავრესი საკითხების შესახებ. გამოკვლევა ასახავს აულ თლონდოდის მეტყველებას.

ტ. გუდავას ნაშრომი ემყარება ყველა აულის მეტყველებას. გუდავამ ბაგვალური ენის შესწავლა 1952 წლიდან დაიწყო[4].

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. R. Erckert, „Die Sprachen des kaukasiscen Stammes“, Vien, 1895
  2. А. Дирр, «Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы», Тифлис. 1909
  3. З. М. Магомедбекова, «Багвалинский язык» (предварительное сообщение). Сб. Вопросы изучения иберийско-кавказских языков, Москва, 1961
  4. ტ. გუდავა, „ბაგვალური ენა“, თბილისი 1971