ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტინდიელები (тиндалы, идери, идарии, идарал) — ცენტრალური დაღესტნის ჩრდილოდასავლეთი ნაწილის მკვიდრი მოსახლეობაა [1][2][3]. მათი თვითსახელწოდებაა იდერი. ისინი მიეუკთვნებიან დაღესტნის ხალხთა ხუნძურ-ანდიურ-ცეზური ჯგუფის ანდიურ ქვეჯგუფს. ტინდიელთა მეზობლები არიან ბაგულალები, ჭამალალები, ხვარშიელები, ხუნძები.

ტინდიელები ლაპარაკობენ ტინდიურ ენაზე, რომელიც ჩრდილოეთკავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური შტოს ხუნძურ-ანდიურ-ცეზური ჯგუფის ანდიურ ქვეჯგუფში შედის. ენას განსაკუთრებული დიალექტური დიფერენციაცია არ ახასიათებს. მხოლოდ ტინდიელთა კილო-თქმებზე შეიძლება ვილაპარაკოთ. მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იცის ხუნძური და რუსული ენები. 1995 წლის მონაცემებით, ტინდიელთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია. 1866 წელს 2515 ტინდიელი იყო აღრიცხული, 1886 წელს - 3262, 1916 წელს - 3864, 1926 წელს - 3812, 1939 წელს - 5800. ტინდიელთა რაოდენობასა და მათ კეთილდღეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა 1944 წელს იძულებითმა გადასახლებამ ჩაჩნეთში და 1957 წელს ბარის დაღესტანში უკან გადმოსახლებამ.

არქეოლოგიური მასალებით ძვ. წ.-ის ბოლო საუკუნეებსა და ადრე შუა საუკუნეებში ტინდიელთა წინაპრები ბინადარი მიწათმოქმედები და მესაქონლეები იყვნენ და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ წინა აზიასა და სამხრეთ კავკასიასთან. როგორც სხვა ანდიელი ხალხები, ტინდიელებიც დიდოს ეთნოპოლიტიკურ გაერთიანებაში შედიოდნენ. XV საუკუნეში დიდო დაიშალა და მასში შემავალმა ტომებმა მთელი რიგი სასოფლო საზოგადოებები ჩამოაყალიბეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ტინდიელებისა იყო.

ტინდიელთა მთავარი ტრადიციული საქმიანობა ტერასული ურწყავი მიწათმოქმედება (ქერი, ხორბალი, ფეტვი) და მესაქონლეობა იყო. მისდევდნენ აგრეთვე მონადირეობასა და მეფუტკრეობას. შინამრეწველობიდან იცოდნენ მაუდის წარმოება, ქსოვა, მჭედლობა, ტყავისა და ხის დამუშავება. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მამაკაცების დიდი ნაწილი გარესამუშაოზე საქართველოში მიდიოდა (ძირითადად ზაქათალაში), დაღესტნის ზღვისპირეთში. მათ აქ ქირაობდნენ მეცხვარეებად, მწყემსებად, ქვის მთლელებად. ტინდიელთა დასახლება შუა საუკუნეების დაღესტნის სხვა მხარეების ანალოგიური და რელიეფთან მაქსიმალურად შეთანწყობილი იყო. დასახლება სამოქალაქო და თავდასაცავი ნაგებობების ერთობლიობას წარმოადგენდა. ის ტერასული ტიპის იყო. თითოეული სოფელი რამდენიმე უბნად იყოფოდა, რომლის ცენტრში მეჩეთი იდგა; იქვე იყო სასაფლაო.

ტინდიელები მუსლიმი-სუნიტები არიან. შემორჩენილი აქვთ წარმართობის გადმონაშთებიც (წვიმისა და მზის გამოწვევის რიტუალები). დღემდე აღნიშნავენ პირველი ხნულის გავლებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Всероссийская перепись населения 2010 г. Национальный состав населения Российской Федерации. «Демоскоп». ციტირების თარიღი: 2012-04-22.
  2. М. М. Ихилов. Народности лезгинской группы: этнографическое исследование прошлого и настоящего лезгин, табасаранцев, рутулов, цахуров, агулов / Дагестанский филиал АН СССР, Институт истории, языка и литературы им Г. Цадасы. — Мх., 1967. — С. 330.
  3. Северный Кавказ. Академия Наук СССР. Институт географии. 1957, — С. 507.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტინდიელები“-დან