ბაცბური ენა
ბაცბური ენა,[2] წოვა-თუშური ენა, წოვათუშური ენა — ნახურ-დაღესტნური ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის უმწერლობო ენა. მასზე ლაპარაკობენ საქართველოში ახმეტის რაიონის სოფ. ზემო ალვანის მცხოვრები წოვა-თუშები, დაახლოებით 500 კაცი (1997).[1] ქართულად უწოდებენ თუშურსაც, რაც აისახა სამეცნიერო ლიტერატურაშიც. საგრძნობია განსხვავება მოხუცებისა და ახალგაზრდების მეტყველებას შორის, შეინიშნება მცირე სხვაობა სოფლის სხვადასხვა უბანში.
ბაცბური ენა ბაცბა | |
გავრცელებულია | საქართველო, კახეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 500 (1997)[1] |
ოფიციალური სტატუსი | - |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ნახურ-დაღესტნური ენები |
დამწერლობის სისტემა | უმწერლობო |
ენის კოდები | ISO 639-1: - ISO 639-2: - ISO 639-3: bbl |
რუკა | |
მოლაპარაკეთა არეალი |
ბაცბური ენის ხმოვანთა სისტემა რთულია. გარდა ხუთი ხმოვნისა (ა, ე, ი, ო, უ), გამოიყოფა მეორეული, მაგრამ ფონემატური მნიშვნელობის მოკლე და ნაზალური ხმოვნები. არის გრძელი ხმოვნები და დიფთონგები. თანხმოვანთაგან სპეციფიკური ფონემია ლატერალი, ლარინგალი, რამდენიმე ფარინგალი და ზოგიერთი გემინატი.
ბაცბური ენაში გამოიყოფა 4 გრამატიკის კლასის ნიშანი: ვ-, ბ-, ჲ-, დ-. არსებით სახელთა დაყოფა გრამატიკის კლასებად მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის მიხედვით 8 ჯგუფს აღწევს. გრამატიკის კლასის პრეფიქსები წარმოდგენილია ზმნასა და ზედსართავში, ნაცვალსახელში „ყველა“ და რიცხვით სახელში „ოთხი“. სახელთა სისტემა რთულია. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, ნათესაობითი, მიცემითი. ნივთთა კლასში ერგატივი ემთხვევა მოქმედებითს, ადამიანთა კლასში კი იმთავითვე გარჩეულია. ადგილობრივი ბრუნვებია ლოკატივი და რამდენიმე მიმართულებითი. არის ერთ- და ორთანდებულიანი ფორმები. ზოგი ბრუნვის ნიშანი და თანდებული სიტყვაწარმოების აფიქსადაც გამოიყენება. ბრუნება ორფუძიანია; ჯგუფები გამოიყოფა ფონეტიკურ-მორფოლიგიური ნიშნის მიხედვით. ზმნა მდიდარია დრო-კილოთა ფორმებით. უღვლილება კლასოვან-პიროვანია. პიროვანი საბოლოოდ ჩამოყალიბებული არაა. გრამატიკის კლასით გადმოცემულია გარდაუვალი ზმნის სუბიექტი და გარდამავალის ობიექტი. პირის ნაცვალსახელთაგან მომდინარე პირის ნიშნებით ჩვეულებრივ აღინიშნება სუბიექტი, იშვიათად - ობიექტი. ზმნის უძველესი კატეგორიაა ასპექტი. მას ემყარება დროთა წარმოება. გარდამავლობა გარჩეულია სინტაქსურად. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის, გარდაუვალი - ნომინატიურს. სპეციფიკური კონსტრუქციის მარტივი წინადადების პარალელურად ქართული ენის გავლენით ბაცბური ენაში ჩნდება რთული წინადადება სათანადო ახალი კავშირებით.
ბაცბურ ენაში დიდი რაოდენობითაა შესული ქართულიდან ნასესხები სიტყვები. მკაფიოდ გამოხატული სესხების წესები ჩამოყალიბებულია ბაცბური ენის ლინგვისტური მოდელის მიხედვით.
რიცხვითი სახელი
რედაქტირებაბაცბურში განირჩევა რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები. ზოგადად ბაცბურ ენაში არის თვლის ოცობითი სისტემა.
- 1 — ცჰა
- 2 — ში
- 3 — ჴო
- 4 — დჵივ'
- 5 — ფხი
- 6 — ჲეთხ
- 7 — ვორლ'
- 8 — ბარლ'
- 9 — ისა
- 10 — იტა
ლიტერატურა
რედაქტირება- Дешериев Ю. Д., „Бацбийский язык“ — Языки Российской Федерации и соседних государств: энциклопедия I, Москва, 1997.
- გაგუა რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 252-253.
- გაგუა რ., ზოგიერთი ფონეტიკური პროცესი ბაცბური ენის ხმოვნებში, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, 1956, ტ. 8;
- Гагуа Р., Склонение имен существительных в бацбийском языке, კრ. Вопросы изучения иберииско-кавказских языков, М., 1961;
- ჭრელაშვილი კ., ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა, თბ., 1975;
- Дешериев Ю. Д., Бацбиский язык, М. 1953;
- Дешериев Ю. Д., Бацбиский язык, კრ. Языки народов СССР, т. 4, М. 1967;
- Schiefner A. A., Versuch über die Thusch-Sprache oder die khistische Mundart in Thuschetien, St.-Pt., 1956
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Дешериев, 1997
- ↑ მ. ქურდიანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“, თსუ, 2007