ლეჩხუმური დიალექტი
ლეჩხუმური დიალექტი — ქართული ენის დიალეტი, საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხის — ლეჩხუმის — მცხოვრებთა მეტყველება. ლეჩხუმური დიალექტი კილოკავურად ერთიანია და თუ რაიმე დიფერენციაცია შეიმჩნევა, ეს აიხსნება მომიჯნავე კილოთა თუ ენათა გავლენით. მომიჯნავე კილოები რაჭული და იმერულია, მომიჯნავე ენები — სვანური და ზანური.
ლეჩხუმურ დიალექტში დასტურდება ჲ, უ̂', ჷ. ჲ გვხვდება: ა) ა → ე დაბოლოების მქონე სახელებთან ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში: ბიცოლეჲს, ბიცოლეჲთ; ბ) კონტამინირებულ ფორმებთან სახელობით ბრუნვაში: დედა || დედე დედაჲე; უ̂ დასტურდება: ა) თანხმოვნის მომდევნო ხმოვნის წინ: ყუუ̂ ა; ხმოვნის მომდევნოდ თანხმოვნის წინ: ბეუუ̂ რი; ჷ დამოწმებულია მავრცობი -ე ხმოვნის პოზიციაში: კაცსე || კაცსჷ; სპორადულად ისმის გრძელი ხმოვანი, მიღებული ორი ხმოვნის შერწყმით: მერე → მეე → მე.
ლეჩხუმურ დიალექტში ფართოდაა წარმოდგენილი ფონეტიკიური მოვლენები; აე → ეე: ბიძაები → ბიძეები; ოე → ეე: ჩამოეკიდა → ჩამეეკიდა; აი, ოი → ეი: ბიცოლაჲ → ბიცოლეი → ბიცოლე; აუ → ოუ: შინაური → შინოური; ეუ → ოუ: აპეური → აპოური და სხვა.; ვე → ო ფართოდაა გავრცელებული ყველა პოზიციაში: სჩვევია → სჩოვია; თავკიდური ო ხმოვნის წინ ვითარდება ვ || უ̂' : ორი → ვორი.
გვხვდება თანხმოვანთა როგორც რეგრესული (საევს → საფსე), ასევე პროგრესული (წახდება → წახთება) ასიმილაციის შემთხვევები; თანხმოვანთა დისიმილაცია (არაფერი → არაფელი, სულელი → სუნელი). ხშირია ბგერათა დაკარგვა და ჩართვა (ხშირად ერთი და იმავე ბგერისა ერთსა და იმავე პოზიციაში). სისტემურად იკარგება ს: ეს კაცი → ე კაცი, არის → არი.
ლეჩხუმური დიალექტისთვის ერთ-ერთი ნიშანდობლივი ფონეტიკური მოვლენაა სუბსტიტუცია: მალავ → მალამ, ყავს → ყამს, თევზი → თებზი, ბურღი → ბულღი, საქონელი → სახონელი. ხშირად იცვლება სწ კომპლექსი: ნასწავლი → ნასტავლი, სწორი → სტორი. ბგერათშენაცვლების ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა აფრიკატიზაცია: მოხარშავს → მოხარჩამს. სახელობით ბრუნვაში ა ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები = ი ნიშანს არ დაირთავენ, მაგრამ მისი კვალი მაინც ჩანს: ტომარე (← ტომარეი ← ტომარაჲ). ხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ერთ ან ორმარცვლიან სახელებს შესაძლოა დაერთოს ი ბრუნვის ნიშანი: კტეი, უროი. თანხმოვანზე ფუძედაბოლოებულ ორმარცვლიან საკუთარ სახელებში = ი სახელობით ბრუნვის ნიშანი ფუძისეულად გაიაზრება: ვახტანგიმ, მაგრამ გვაქვს საპირისპიროც: აკაკი – აკაკმა.
უთანდებულო მიცემითი გამოიყენება ლოკატივის დანიშნულებით: ჩამევიდა ლაილაშ. ასევე ლოკატივს გამოხატავს ნანათესაობითარი მიცემითი: მეზობლისას. ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვებში ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები, ჩვეულებრივ, არ იკვეცება და არც ბრუნვის ნიშანი რედუცირდება: ქვაის//ქვაჲს, ქვაით//ქვაჲთ. ვით. ბრუნვის ნიშნად გვაქვს -ად → -ათ (||- დ → თ), -ა (სწორა). წოდებით ბრუნვაში გვაქვს – ო (დავითო, მარიამო). თანდებულთაგან ნიშანდობლივია -კე ← -კენ: ლეჩხუმისკე; -თვინ ← -თვის: ქალისთვინ; -გან თანდებულიანი მოქმედებითი გვხვდება სამი სახით: ოჯახითგან // ოჯახიდგან // ოჯახიდან. სახელის მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელია -ებ, შეინიშნება და-ნ-ი, ძმა-ნ-ი ტიპის მრავლობითიც.
II სუბიექტური და III ობიექტური პირები მეტ-ნაკლებად დაცულია ჰ- || ს- ნიშნით: სჭამ, სთხოვ. ზმნის ფუძისეული თანხმოვანი ფონეტიკურად ცვლის ნიშანს: ჰყავს → ხავს; ზოგჯერ ჰ- ფონეტიკურად ცვლის ფუძისეულ თანხმოვანს: მოჰპარა → მოფარა, ჰკითხა → ქითხა. მრავლობით რიცხვში III სუბიექტური პირის ნიშანია -ენ; წერენ, წერდ-ენ, გათბ-ენ, გარდამავალ ზმნათა აორისტში – -ეს: დაწერ-ეს, კავშირებითში – -ნ: წერდე -ნ.
მრავლობითის აღსანიშნავად ლეჩხუმურ დიალექტში გამოიყენება -ყე და არიენ || ლარიენ. -ყე გამოხატავს: ა) ირ. ობიექტის მრავლობითობას: ის მათ უფუჭებდა-ყე; ბ) პირდაპ. ობიექტის მრავლობითობას: მე დავტოვე-ყე; გ) რეალური სუბიექტის მრავლობითობას: ის მათ ხავს-ყე (ჰყავთ); დ) ზოგჯერ რეალური ობიექტის მრავლობითობას: ვენახები გვაყვე ← გვაქვს-ყე ← არიენ; ლარიენ: ისინი დგანლარიენ || დგილარიენ; მას ყავლარიენ; დაწოლილარიენ, ნაცემლარიენ.
-ავ თემის ნიშანი დაერთვის წარმოშობით უთემისნიშნო ზმნებს: წერ-ავ-ს. I სერიაში ფართოდ გამოიყენება მიმღეობის ფუძისაგან -ობ თემის ნიშნით ნაწარმოები ფორმები: სროულობს → სროულოფს. დამახასიათებელია IV სერიის ფორმათა პოვნიერება: ნაპარავა, ნაპარავიყო.
შეუზღუდავად იწარმოება ნასახელარი ზმნები: სახურავი → მოასახურავეფს. ქვე || ქე გვხვდება დადასტურებითი მნიშვნელობით. სპეციფიკური მოვლენაა -სე ნაწილაკ-მორფემოიდის პოვნიერება. იგი დაერთვის ხმოვანზე დაბოლოებულ სახელებსა და ზმნებს: დაეჭირა კაცი-სე, იკითხა-სე. სახელდების პრინციპის თვალსაზრისით საინტერესოა მცენარეთა სახელწოდებანი, ნაწარმოები მო – ო კონფიქსით: მოჭარხლუა// მოჭარხლუე.
ლეჩხუმური დიალექტი ყურადღებას იქცევს მდიდარი დარგობრივი ლექსიკით. მრავლადაა ზანიზმები: რაგადობს – ლაყბობს, ძღაბი – გოგო; სვანიზმები – მექვი (სვ. მექ) – თივის ბულული, მოღავი (სვ. მოღა) – ჭირნახული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
- ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი, თბ., 2019;
- ძიძიგური შ., ლეჩხუმური დიალექტი, თბ., 1956;
- ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, წგ. 1, თბ., 1989.