იმერული დიალექტი
იმერული დიალექტი — ქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს იმერეთის მოსახლეობა. „იმერეთი“ თავდაპირველად ეწოდა ლიხის ქედის იქითა (დასავლეთის) მხარეს მთლიანად, შესაბამისად, „იმერელი“ იყო დასავლეთ საქართველოს ყველა მცხოვრები. შემდეგ „იმერეთის“ მნიშვნელობა დავიწროვდა და ერთი კუთხის სახელად იქცა, ხოლო „იმერელმა“ ეთნოგრაფიული ერთეულის მნიშვნელობა მიიღო.
იმერეთი ორ ნაწილად იყოფა: ზემო და ქვემო იმერეთად. ამის შესაბამისად იმერულ კილოში გამოყოფენ ორ კილოკავს: ზემოიმერულს (ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი) და ქვემოიმერულს (თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი, ვანი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). კილოკავებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ზოგი მკვლევარი მათ ცალ-ცალკე დიალექტებად მიიჩნევდა (კლარა კუბლაშვილი), ზოგი კი საჭიროდ თვლიდა შუაიმერულის ცალკე კილოკავად გამოყოფას (ვლადიმერ ფანჩვიძე). კილოკავებში გამოიყოფა რამდენიმე თქმა: ზემოიმერულში: ხარაგაულური, საჩხერულ-ჭიათურული, ზესტაფონური; ქვემოიმერულში: თერჯოლური, ოკრიბული, ბაღდათური, ვანური, სამტრედიული, ხონური.
იმერული დიალექტი გამოირჩევა როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ფონეტიკური ცვლილებების მრავალფეროვნებით. მასში სპორადულად დასტურდება ჲ, 'უ̂' ბგერები, რომლებიც ამა თუ იმ ფონემის პოზიციურ ნაირსახეობას წარმოადგენენ (შჲაჭრა, ძმაჲ, მოჲ, ჩუ̂'ენ, მუ̂'აჭრა...). გავრცელებულია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა კონტაქტური ასიმილაცია (მიუტანა → მუუტანა, შეუყვარდა → შოუყვარდა, ნემსი → ნეფსი, ტბა → ტპა...), დისიმილაცია (შეაგდო → შიაგდო, ერთჯერ → ერთჯელ, წლეულს → წრეულს...), ხშირია მეტათეზისის, აფრიკატიზაციის, სუბსტიტუციის შედეგად გამოწვეული ცვლილებები.
მახვილი იმერულ დიალექტში მკვეთრად განსხვავებულია კილოკავებისა და ზოგჯერ თქმების მიხედვითაც, მაგრამ ხერხდება მეტ-ნაკლებად საერთო ტენდენციის დადგენაც. ივარაუდება, რომ ზემოიმერულში გვაქვს დინამიკური მახვილი ტონური მახვილის ელემენტებით. ფრაზაში შემავალ რომელიმე სიტყვაში, ხანდახან ყოველ სიტყვაშიც კი, ხმოვანი გაგრძელებულად წარმოითქმის და ტონიც მაღლდება: „ვისვავ ხომე წამალს და მირჩება“. ქვემოიმერულში მახვილი მოუდის წინადადების ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან მეორე ხმოვანს, ხოლო მომდევნო ხმოვანი სუსტდება: „იმან არ იცოდა თხოვა“. თავისებურად გამოხატული მახვილი ახასიათებს ოკრიბულს: წინადადების ბოლოკიდური სიტყვის ბოლოდან პირველი ხმოვანი ტონური მახვილის გამო გრძელდება, ბოლოდან მეორე ხმოვანს კი მკვეთრი მახვილი მოუდის: „ძლივს არ ამოვაწიე ამ სიცხეში“.
იმერულ დიალექტში სახელთა ბრუნებისას თავს იჩენს რიგი თავისებურებანი: სახელობითში ხმოვანფუძიან სახელებთან გვაქვს -ი (ძმაი, ვინმეი...), ნათესაობითი და მოქმედებითი ბრუნვის -ის, -ით ნიშნები ფუძეს ვერ კვეცენ და არც თავად რედუცირდებიან (და-ის, ღელე-ით...), მავრცობ ხმოვნად გამოიყენება -ა (ძმასა, ძმისა...) და -ი (ძმისი, ძმითი...), რომლებიც შეიძლება დაერთოს თანდებულსაც (მაღლიდანა, მაღლიდანი...). თავისებურად იწარმოებენ მრავლობითი რიცხვის ფორმებს პირის ნაცვალსახელები: ქვემოიმერულში გვაქვს: ეგენი, ამგენმა, ამგენს და ა.შ., ზემოიმერულში — ესენი, ამათმა // ემათმა, ამათ და სხვა. შეინიშნება მრავლობითის ორმაგი წარმოების შემთხვევებიც: აგენები, ეგენები...
ზმნებში მაზმნისწინი დასტურდება მ-ს წინ (გამამიგზავნა, გამამიტანა); რთული ზმნისწინის შემადგენლობაში შე-ს ნაცვლად გვაქვს შა- (შამეიტანა). შეინიშნება III სუბიექტური პირის ნიშნების უნიფიკაციის ტენდენცია: წერ-ენ, წერდ-ენ, დაწერ-ენ; ჭრი-ენ, ჭრიდენ, დაჭრ-ენ. ქვემოიმერულში მრავლობითობის გამოსახატავად გამოყენებულია -ყე (//-ყენ //-კენ, მორფემათა ზღვარზე – -სკენ //-წყენ) და -არიენ //-ლარიენ ფორმანტებიც (რ- ნარევ ფუძეებთან -არიენ მეშველი ზმნის დართვისას ხდება დისიმილაცია: დამჟდარარიენ → დამჟდალარიენ. -ლარიენ ელემენტი სხვა ფუძეებთანაც გამოვლინდება, რაც შედეგია მისი დამოუკიდებელ ფორმანტად გააზრებისა: მოდი-ლარიენ). ამ ფორმანტებით გამოიხატება მრავლობითობა: ა) ობიექტისა (გეკუთვნისყენ „გეკუთვნით“, გიცდილარიენ „გიცდით“); ბ) პირდაპირი ობიექტისა (ღმერთმა გაცოცხლოსყენ „გაცოცხლოთ“); გ) რეალური სუბიექტისა (უყვარსყენ, უყვარლარიენ „უყვართ“); დ) რეალური ობიექტისა (უყვარლარიენ „უყვარს მას ისინი“). გვაქვს დამთხვევები: „უყვარლარიენ“ ნიშნავს – მათ ის, მას ისინი, მათ ისინი... იმერულ დიალექტს ახასიათებს თავისებურებანი ზმნის დრო-კილოთა წარმოების მხრივ. აწმყოში თავს იჩენს ფუძის გაერთფორმიანების ტენდენცია, ფუძე რთულდება თემის ნიშნებით: წერ-ავ-ს, ტეხ-ავ-ს... ქართლის მომიჯნავე რეგიონში -ავ → -ამ, -ევ → -ემ პაუზისა და თანხმოვნის წინა პოზიციაში (თიბ-ამ-ს, ყეფ-ამ-ს, აძლ-ემ-ს...) და საპირისპიროდ, -ამ→ -ავ (ჩაასხავ-ს, იზ-ავ-ს...). ფუძეში ხმოვანმონაცვლე ზმნები პარალელურ ვარიანტებს გვიჩვენებენ (კრეფ-ავ-ს // კრიფ-ავ-ს, კპეჩ-ავ-ს // კპიჩ-ავ-ს...). ფართო გამოყენებისაა მიმღეობის ფუძისაგან -ობ → -ოფ თემის ნიშნით ნაწარმოები ზმნები (ხმარულოფ-ს, ტანულ-ოფ-ს...).
იმერულ დიალექტში აწმყო-მყოფადის ფორმებში ხშირია თემის ნიშანთა შენაცვლების შემთხვევები: - ებ → -ი (აძალის, აბრალის), - ი → -ობ (შეფერობს → შეფეროფს), - ებ → -ობ (ღრიალობს, ფრიალობს), ფონეტიკურ საფუძველზე - ევ → -ოვ (ამტროვ-ს)... თავისებურებებით ხასიათდება სტატ. ზმნების ფორმათა წარმოება ზემოიმერულსა (ჯდია, წვია, დვია) და ქვემოიმერულში (ჯდანა, დენა „დევს“...). ფართოდაა გავრცელებული მეშველზმნიანი წარმოება (ვჯდანვარ, ვგდივარ, ვყვირივარ, ვშვენივარ, ვგორავარ, ვჩქარობვარ...). ნამყო ძირითადში ზოგ ზმნასთან I და II პირის ფორმებში - ე სუფიქსის ნაცვლად გვხვდება - ი (დავაპი, დააპი...) ან - ევ-ი → - ე-ი, უპირატესად ზემოიმერულში (ვიყიდევი // ვიყიდეი, მოვიყვანევი // მოვიყვანეი...). II კავშირებითის წარმოებაში ჩნდება უნიფიკაციის ტენდენცია. ქვემოიმერულში უპირატესობა ენიჭება - ე ფორმანტს (დეიხჩვეს „დაიხჩოს“, დეიდვეს „დაიდოს“), ზემოიმერულში – ო-ს (წახვიდო „წახვიდე“, გედევიდოს „გადავიდეს“). უნიფიკაცია თავს იჩენს III სერიის ფორმათა წარმოების დროსაც. I შედეგობითში ძირითადია - ი დაბოლოებიანი წარმოება (მოუკლია, დოუბია...). ქვემოიმერულისათვის დამახასიათებელია ე. წ. IV სერიის ფორმათა წარმოება, რაც ძირითადად III პირში გამოიყენება (მინავალა, მინავალიყო, მინავალიყოს, ნაყვარება, ნაგდება, ნათბობა...).
იმერული დიალექტისთვის დამახასიათებელი ძირითადი სინტაქსური მოვლენებიდან აღსანიშნავია მსაზღვრელის სახელობითი ბრუნვის ფორმით გამოყენება ყველა ბრუნვაში (დიდი ბოვშმა, დიდი ბოვშს..). ზოგჯერ მსაზღვრელი გვხვდება ფუძის სახითაც (დიდ ბოვშმა). აქტ. სემანტიკის გამომხატველ გარდაუვალ ზმნათა II სერიის ფორმებთან სუბიექტი წარმოდგენილია მოთხრობითი ბრუნვის ფორმით (ბიჭმა მევიდა; გამეემშვიდობა ამ კაცმა...). ეს მოვლენა უფრო ხშირად ქვემოიმერულში იჩენს თავს და მეგრულთან უშუალო კონტაქტის შედეგი უნდა იყოს.
იმერულ დიალექტში უხვადაა წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დარგობრივი ლექსიკის დიალექტური ნაირსახეობანი. გამოიყოფა არქაული ფენა, ეთნოგრაფიული თავისებურებების ამსახველი ლექსიკა, ზანიზმები. იმერული დიალექტის თავისებურებანი ასახულია XV–XVI საუკუნეების სიგელ-გუჯრებში, რაც დიალექტის ისტორიული თვალსაზრისით შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
- გაჩეჩილაძე პ., იმერული დიალექტის ხანურ-ზეგნური მეტყველება, – „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება", 1956, ტ. 8;
- გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961;
- კახაძე ო., ოკრიბულის თავისებურებანი, „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება", 1954, ტ. 6;
- კუბლაშვილი კ., ქართული ენის ქვემოიმერული დიალექტი, თბ., 1985;
- ნოზაძე ლ., კავშირებითის ფორმათა წარმოებისათვის ზემოიმერულში, «იკე», XXV, თბ., 1986;
- ფანჩვიძე ვ., მრავლობითი რიცხვის აღნიშვნისათვის ზმნაში იმერული კილოს მიხედვით, „საქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე", 1945, ტ. 6, N10;
- ძიძიგური შ., იმერული დიალექტი, წგ.: ქართული დიალექტოლოგიური ძიებანი, თბ., 1970;
- ძოწენიძე ქ., ზემოიმერული კილოკავი (ენობრივი მიმოხილვა და ტექსტები), თბ., 1973;
- ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.