წყალტუბო

ქალაქი საქართველოში

წყალტუბო — ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე.

ქალაქი
წყალტუბო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°19′35″ ჩ. გ. 42°36′02″ ა. გ. / 42.32639° ჩ. გ. 42.60056° ა. გ. / 42.32639; 42.60056
ადრეული სახელები წყალტბორი
ამჟამინდელი სტატუსი 1953
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 11 281[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
რუსები 0,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 436[2]
საფოსტო ინდექსი 5400[3]
ოფიციალური საიტი https://tskaltubo.gov.ge/
წყალტუბო — საქართველო
წყალტუბო
წყალტუბო — იმერეთის მხარე
წყალტუბო

წყალტუბო ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი.

ქუთაისიდან დაშორებულია 7, ხოლო თბილისიდან 250 კმ-ით.[4] ქალაქს აქვს საფეხბურთო კლუბი „სამგურალი“.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 11 281 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[5] 17 393 -- --
2002[5]   16 841 7 577 9 264
2014[1]   11 281 5 124 6 157

ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერის, პროფესორ ნ. ბერძენიშვილის ცნობით ადგილობრივ მოსახლეობას წყალტუბოს წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ უძველესი დროიდან ჰქონდა ინფორმაცია. წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში. განსაკუთრებული პოპულარობით, ეს წყლები, თამარის მეფობის პერიოდში სარგებლობდა. აქ არსებული აბანოები სამეფო კარის საკუთრებას წარმოადგენდა. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ სწორედ აქ ისვენებდნენ და მკურნალობდნენ თამარ მეფის მეომრები.

წყალტუბოს შესახებ ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი ცნობები XIII საუკუნეში ჩნდება. გელათის მონასტრის შემოწირულობების წიგნში აღნიშნულია, რომ წყალტუბოს სამკურნალო წყაროები და აბანოები მეფემ გელათის მონასტრის წინამძღვარ იაკობს გადასცა.

XIII-XIV საუკუნეებში წყალტუბო კვლავ მეფეთა საკუთრებაში გადადის.

1586 წელს წყალტუბოს მარცხენა სანაპირო მეფე გიორგიმ თავად წულუკიძეს უბოძა. XVII საუკუნის 60-იან წლებში მარჯვენა სანაპიროს მიდამოები კი იმერეთის მეფე ალექსანდრე სოლომონის ძე ბაგრატიონმა ეზია იოსელიანს გადასცა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, მრავალსაუკუნოვანმა ომებმა ამ ადგილსაც დააჩნია კვალი. XVIII-XIX საუკუნეებში აქ არსებული შენობანაგებობების უმეტესი ნაწილი განადგურდა, დარჩენილი ნაწილი კი დაზიანდა, რასაც მოწმობენ ამ პერიოდის ისტორიული წყაროები, რომლებიც გვამცნობენ რომ დამსვენებლებს ღია ცის ქვეშ, დაზიანებულ აუზებში უწევდათ ბანაობა. პირობების არარსებობის გამო წყალტუბოში ჩასვლა მხოლოდ წლის თბილ პერიოდში იყო შესაძლებელი. მიტოვებულ შენობებში სახურავებიდან ჩამოსული წვიმის წყალი ძველ აუზებსა და აბანოებს ავსებდა. ეს ფაქტი ხშირად მეცნიერთა კრიტიკის საგანი ხდებოდა.

მაგალითად, 1772 წლის 14 აგვისტოს პეტერბურგის აკადემიის წევრი, გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ი. ა. გიულდენტშტედტი წყალტუბოს სანატორიუმებზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ „წყლები არის მღვრიე, უსუნო...“ ზემოთქმულიდან გამომდინარე მას ეჭვი შეჰქონდა ამ წყლებში სამკურნალო ნივთიერებების არსებობის თაობაზე. სამკურნალო წყლების შესახებ პირველი ცნობები 1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომებში“ გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა. 1787 წელს, გამოიცა გერმანელი აკადემიკოსის პ. ს. პალასის მიერ დამუშავებული იოჰან გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერები წყალტუბოს შესახებ. 1809 წელს გერმანულიდან რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი“ წყალტუბოს მინერალური წყლების შესახებ ცნობებით.

წყალტუბოს მინერალური წყლების სასიკეთო თვისებებზე ინფორმაცია მოყვანილია 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველის იულიუს ფონ კლაპროთის ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში — „მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში 1807-1808 წლებში“ და 1897 წელს, პროფესორ ა. ოილენბურგის საენციკლოპედიო გამოცემაში — „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენციკლოპედია“.

1844 წელს უილიამსისა და 1865 წელს ი. პანტიუხოვის მიერ ჩატარებულმა წყალტუბოს წყლების ქიმიურმა ანალიზმა უარყო მათში სამკურნალო ნივთიერებების არსებობა. 1898 წელს გ. სტრუვემ მესამედ გაკეთებული ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყლები ინდიფერენტული წყაროების კატეგორიას მიაკუთვნა. 1913 წელს, ქიმიკოსმა რ. კუპცისმა ჩატარებული კვლევებისგან განსხვავებით წყალტუბოს წყლებში სამკურნალო თვისებების მქონე ნივთიერებები აღმოაჩინა. 1892 წლიდან წყალტუბოს ჰიდრომინერალური რესურსების კვლევა მოხდა და სამკურნალო-დასასვენებელ კურორტად ჩამოყალიბდა. 1920 წელს, წყალტუბომ ტერიტორიის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქცია შეიძინა, 1953 წელს კი ქალაქისა და საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი.

წყალტუბოში აღმშენებლობითი სამუშაოები დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან: აიგო და ექსპლუატაციაში შევიდა პირველი სააბაზანო შენობა, სამკურნალო წყაროების ირგვლივ მოეწყო რამდენიმე აუზი, დაიწყო საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობის პროცესი. კურორტის ინტენსიური განაშენიანება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო. 1925 წელს არქიტექტორ მ. კალაშნიკოვის თაოსნობით, პირველი კაპიტალური შენობა საკურორტო სტაციონარი აშენდა.

1926 წლისთვის წყალტუბოს თემი შედგებოდა ორი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 7528 ადამიანს, ხოლო ფართობი 104,3 კმ²-ს.[6]

1926 წელს შეიქმნა კურორტის მშენებლობის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო ახალი სააბაზანოები და შენობები. მათი მშენებლობა ერთიანი გეგმის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო, ამიტომ საჭირო გახდა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება. 1931 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, წყალტუბო კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა. 1933 წელს, ა. ზუბინმა, ა. სმირნოვმა და ა. არტიუხოვმა, წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი განვითარების პირველი გეგმა შეადგინეს. ის არ იყო შესაბამისობაში კურორტის განვითარების მოთხოვნებთან, ამიტომ უარყვეს. შემდგომ გეგმებზე არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად, ნ. სევეროვი მუშაობდა. მათ მიერ შექმნილი გეგმა დაედო საფუძვლად წყალტუბოს განაშენიანებას და კურორტის სამკურნალო ფუნქციებზე მორგების მეშვეობით განხორციელდა.

განაშენიანების პირველი პროექტი 1936 წელს შედგა არქიტექტორ ნ. სევეროვის მიერ. 1938 წელს სოფელ წყალტუბოს დაბის სტატუსი მიენიჭა[7]. 1939 წელს წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორია გამოეყო ქუთაისს და ჩამოყალიბდა ცალკე ერთეულად, რის გამოც წყალტუბომ შეიძინა ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი. 1953 წელს წყალტუბომ მიიღო ქალაქისა და საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი.

1950-1951 წლებში არქიტექტორების: ი. ზაალიშვილისა და ვ. კედიას ხელმძღვანელობით, შემუშავდა წყალტუბოს ახალი გენერალური გეგმა, რომელსაც საფუძვლად წყალტუბოს კურორტის განვითარების რადიალურწრიული სქემა დაედო. გეგმის თანახმად დადგინდა ბალნეოლოგიური, სანატორიული, სამოსახლო, სარეკრიაციო და სხვა ზონები (დიდი საპარკო ზონით ცენტრში). გეგმის მიხედვით პარკის ჩრდილოეთი ნაწილი უნდა დათმობოდა ბალნეოლოგიურ ფუნქციებს, სამხრეთისა კი — რეკრეაციას.

XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში დღის წესრიგში დადგა წყალტუბოს გენერალური გეგმის განახლების საკითხი, ამიტომ 1983 წელს სამხატვრო აკადემიის საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში, არქიტექტორ ი. ზაალიშვილის ხელმძღვანელობით, შემუშავდა ახალი „ქალაქ-კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმა”. 1991 წელს, საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ ტერიტორიული დაგეგმარების სახელოსნოში არქიტექტორებმა, ბ. პოპიაშვილმა და მ. ზაალიშვილმა გააგრძელეს გენგეგმის განახლების პროცესი. სხვადასხვა დროს წყალტუბოს ტერიტორიაზე ცხრამეტი სანატორიუმი და პანსიონატი, ცხრა სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი გაშენდა. ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სანატორიუმები: „მეგობრობა“ (1937-40 წწ. არქ. ლენტოვსკი), „თბილისი“ (1951 წ., არქ. ვ. ოლტარჟევსკი, ბ. სობოლევსკი), „იმერეთი“ (1961 წ. არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ლ. ჯანელიძე). განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევიან სანატორიუმები: „მეშახტე” (1952 წ. არქ. გ. მ. ხიმშიაშვილი და გ. ვ. მელეგი), „მეტალურგი” (1957 წ. არქ. ვ. ა. კედია და ნ. ს. სოლოვიოვა) და სს „ბალნეოსერვისის” №6 წყაროს შენობა (1951 წ. არქ. მ. ვ. ტარასოვა და გ. მ. ხიმშიაშვილი), რომელიც სპეციალურად ი. ბ. სტალინისთვის აიგო. 80-იანი წლების ბოლოს წყალტუბო იყო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება მთელს საბჭოთა კავშირში. წყალტუბოში სულ 5800 საწოლი იყო. მოქმედებდა პირდაპირი მატარებელი მოსკოვი-წყალტუბო. წყალტუბოს სამკურნალო-დასასვენებელი კურორტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თუმცა, დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში განხორციელებულმა კონფლიქტებმა წყალტუბოს დიდი ზიანი მიაყენა.

აფხაზეთის ომის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია ნელ-ნელა დასტაბილურდა. შეიმჩნეოდა წინსვლა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით. 2012 წლის 14 სექტემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დაანონსა. ამავე წელს საქართველოს მთავრობამ წყალტუბოს რეკონსტრუქციის გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიზანი წყალტუბოს თანამედროვე საკურორტო ქალაქად ქცევა იყო. კურორტის რეაბილიტაციის პროექტი, უმეტესწილად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. სწორედ მისი დაფინანსებით დაიწყო „ცივი ტბის“ ტერიტორიაზე მცირე ზომის ნაგებობების მშენებლობა, დაიწყო რადიალურ-წრიული გეგმარების მქონე კურორტის გზების რეაბილიტაცია.

2014 წელს, საპარტნიორო ფონდის დაკვეთით, „წყალტუბოს სპა კურორტის განვითარების ტექნიკური წინადადება“ შემუშავდა. დოკუმენტში წარმოდგენილი ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტები და მისი განვითარების საპროექტო წინადადებები ქალაქის მთლიანი სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურის ანალიზს ეფუძნება. იგი დამატებით მოიცავს აქ არსებული საინვესტიციოდ შერჩეული შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაციისა და კვლევის შედეგებსაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექსპერტთა შეფასებით, შესწავლილი თექვსმეტი ობიექტიდან თორმეტი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს იმსახურებს. ასეთ ძეგლებზე მხოლოდ სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით (2019 წლის 19 დეკემბრის №2653 განკარგულების საფუძველზე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქალაქ წყალტუბოს დასაგეგმარებელი ტერიტორიის საორიენტაციო საზღვრებში ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების უზრუნველყოფა დაევალა. წყალტუბოს გენერალური გეგმისა და ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების მიზნით, სამინისტრომ, კანონმდებლობის შესაბამისად, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევის პროცედურა დაიწყო. საპროექტო მომსახურების მომწოდებელს ევალება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების გათვალისწინება ისტორიულ-კულტურულ საყრდენ გეგმაში.

წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35 °C.

წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები. წყალტუბოში აგრეთვე მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერებრალური დამბლებით დაავადებულები. ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.

 
ცივი ტბა

წყალტუბოში მკურნალობის ვადა 20-24 დღეა.

კურორტში ფუნქციონირებს სანატორიუმი „ოაზისი“, პანსიონატი „წყალტუბო“ და სასტუმრო „საქართველო“. ქალაქში აგრეთვე ფუნქციონირებს სამი სააბაზანო, პოლიკლინიკა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა“, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ოთარ შავიანიძე, კურორტი წყალტუბო, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1973
  • წითლანაძე გ., წყალტუბო - სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი, თბილისი, „საქმედგამი“, მთავარპოლიგრაფგამომც. მე-4 სტამბა. 1958
  • იოსებ საღინაძე, წყალტუბოს ვულკანური ყელის პეტროგრაფია, ქუთაისი, 1941
  • გიორგი ერისთავი, წყალტუბოს მინერალური წყლის გამოყენების ბალნეოტექნიკა, თბილისი, 1987
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ფიზიოლოგთა VII რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები (30/IX-4/X-1989 წ. წყალტუბო), წყალტუბო - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • „კურორტული და სხვა არამედიკამენტური ფაქტორების კომპლექსური გამოყენების აქტუალური საკითხები“ საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო შრომათა კრებული, წყალტუბო, 2005, სარედ. კოლ.: ნ. სააკაშვილი და სხვ., თბილისი, საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი, 2005.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. ქართული კურორტები. ქალაქი წყალტუბო
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  6. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
  7. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, გვ. 1, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023