ნერვული სისტემა
ნერვული სისტემა (ლათ. nervus — ნერვი) — ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ცენტრალური (თავისა და ზურგის ტვინი) და პერიფერიული ანუ ვეგეტატიური ნაწილებისგან შედგება. ცენტრალურ ნაწილს მიეკუთვნება თავისა და ზურგის ტვინი; პერიფერიულს – ნერვული კვანძები, მათგან გამომავალი ნერვები და ნერვული წნულები. ვეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილებით. მათი მოქმედება ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად სიმპატიკური ნერვული სისტემა აძლიერებს და ახშირებს გულის რიტმულ მუშაობას, პარასიმპატიკური კი თრგუნავს მას. თავის ტვინი წარმოდგენილია მოგრძო ტვინით, ხიდით, ნათხემით, შუა ტვინით, შუამდებარე ტვინით და დიდი ნახევარსფეროებით. თავის ტვინში რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების სახით გვხვდება თეთრი ნივთიერების შიგნით. რუხი ნივთიერება ტვინსა და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის თავის ტვინის ქერქს ,მთელი ნერვული სისტემა წარმოდგენილია ნერვული ქსოვილით. იგი ემსახურება ორგანიზმის გარემოსთან შეგუებასა და შინაგანი ერთიანობის შენარჩუნებას. ნერვული სისტემა აგებულებით ურთულესია და მრავალმხრივ ფუნქციებს ასრულებს: გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან, არეგულირებს თითოეული ორგანოს ფუნქციებს, ათანხმებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას ერთმანეთთან, განაპირობებს აზროვნებას, მეტყველებას, დამახსოვრებას, ემოციებს და სხვა ფიზიკურ პროცესებს.
შედგენილობა
რედაქტირებანერვულ ქსოვილს ქმნის ნერვული უჯრედები, რომლებსაც ნეირონები ეწოდება. ნეირონებს გარს აკრავს პატარა ე. წ თანამგზავრი უჯრედები, რომლებიც ასრულებენ საკვებ ფუნქციას, მათ გლიური უჯრედები ჰქვიათ. ისინი ნეირონებზე ათჯერ მეტია. ნეირონი შედგება სხეულისა და მისგან წარზიდული მორჩებისგან. მორჩები არის ორი სახის: დენდრიტები, რომლებიც ხესავით დატოტვილ სტრუქტურას ქმნიან, და ერთი ნეირონის შემთხვევაში შეიძლება მრავალი იყოს; მეორე სახის მორჩია აქსონი. ყოველ ნერვულ უჯრედს მხოლოდ ერთი აქსონი აქვს და ის უფრო გრძელია ვიდრე დენდრიტები.
ნერვული იმპულსი რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ანალიზატორით აღიქმება, დენდრიტების საშუალებით მიდის ნეირონის სხეულში, სადაც მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და შესაბამისი ფიზიოლოგიური პასუხის ფორმირება, რაც პერიფერიაზე გავრცელდება აქსონების საშუალებით. აქსონებს ხშირ შემთხვევაში გარს აკრავს თეთრი ფერის გარსი, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. ნერვულ სისტემაში რუხი შეფერილობა განპირობებულია დენდრიტებისა და ნეირონების სხეულთა გროვებით, ხოლო თეთრი შეფერილობა, კი აქსონების გროვებით. ნეირონები, თავიანთი ფუნქციის შესაბამისად არიან მგრძნობიარე ან მამოძრავებელი. მგრძნობიარე ნერვები გრძნობათა ორგანოებიდან ზურგის ტვინში გადასცემენ იმპულსებს, რათა ზურგის ტვინში მოხდეს შესაბამისი პასუხის ფორმირება და განხორციელლდეს პერიფერიაზე ესა თუ ის მოტორული პასუხი. მამოძრავებელ ნეირონებს იმპულსები ზურგისა და თავის ტვინიდან, კუნთებთან და შინაგან ორგანოებთან მიაქვთ. ნერვები, ნერვული უჯრედების გროვებია, რომელიც გარედან დაფარულია მიელინის გარსით. ისინიც თავიანთი ფუნქციის შესაბამისად შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.
მოგრძო ტვინი და ხიდი
რედაქტირებამოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა და რეფლექსურ და გამტარ ფუნქციებს ასრულებენ. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვები არეგულირებენ: საჭმლის მონელებას, სუნთქვას, ვაზო-მოტორულ აქტივობას, გულის მუშაობას. შესაბამისად მისი დაზიანება სიცოცხლისთვის საშიშია. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვების საშუალებით ხორციელდება ღეჭვის, ყლაპვის, წოვის, გულისრევის, ცემინებისა და ხველის რეფლექსები.
ნათხემი
რედაქტირებამისი ზედაპირი წარმოდგენილია რუხი ნივთიერებით, ხოლო შიგნით თეთრ ნივთიერებაში რუხი ნივთიერება გროვების სახით გვხვდება. ნათხემი არეგულირებს მოძრაობის აქტს. როცა ნათხემის ნორმალური მუშაობა ირღვევა, ადამიანი ზუსტი მოძრაობის უნარს კარგავს. ნათხემი შედგება ორი ჰემისფეროსაგან და ჭიისაგან. ნათხემის ჰემისფეროებში მოთავსებულია კიდურების კოორდინაციის, ხოლო ჭიაში ტორსის კოორდინაციის ცენტრი. ნათხემის დაზიანებისას ვითარდება სხეულის კოორდინაციის უნარის დარღვევა – ატაქსია. ატაქსია არის სამი სახის:
- სენსორული - იგი ვითარდება ორმაგი მგრძნობელობის მოშლის დროს.
- ვესტიბულური - ვითარდება ვესტიბულური აპარატის (წონასწორობის აპარატი, რომელიც მოთავსებულია ყურში) აპარატის დაზიანებისას.
- საკუთრივ ნათხემის ატაქსია - ვითარდება ნათხემის ჭიის დაზიანებისას.
ზურგის ტვინი
რედაქტირებაზურგის ტვინი მოთავსებულია ზურგის ტვინის არხში. მისი ცენტრალური ნაწილი წარმოდგენილია რუხი ნივთიერებით, ხოლო მისგან გარეთ განთავსებულია თეთრი ნივთიერება. ტვინის რუხ ნივთიერებას პეპელას მოყვანილობა აქვს. მასში არჩევენ წინა, უკანა და გვერდით რქებს. ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერება წარმოდგენილია სვეტების სახით. წინა რქებს შორის მოთავსებულია წინა სვეტები, უკანა რქებს შორის უკანა სვეტებია, ხოლო წინა და უკანა რქებს შორის კი გვერდითი სვეტებია. ზურგის ტვინი შედგება 31 სეგმენტისგან, საიდანაც გამოდის 31 წყვილი ზურგის ტვინის ნერვი და შედის ამდენივე უკანა ფესვი, რომლებიც ქმნის წნულებსა და ფესვებს. ზურგის ტვინის ცენტრში მთელ სიგრძეზე გადის არხი, რომელსაც ზურგის ტვინის არხი ეწოდება და მასში მოძრაობს თავ-ზურგ-ტვინის სითხე.
ზურგის ტვინში არის:
- კისრის 8 სეგმენტი;
- გულ-მკერდის 12 სეეგმენტი;
- წელის 5 სეგმენტი;
- გავის 5 სეგმენტი;
- კუდუსუნის 1 სეგმენტი
ზურგის ტვინის სეგმენტური დაყოფა ხერხემლის მალების ტოპოგრაფიულ განლაგებას არ შეესაბამება. ზურგის ტვინი ხერხემლის წელის განყოფილების პირველი მალის ზედა საზღვრამდე აღწევს, რომლიდანაც გამოდის ბოჭკოების კონა.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა
რედაქტირებავეგეტატიური ნერვული სისტემა წარმოდგენილია სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილებით. მათ ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებთ, თუმცა მათი ანტაგონიზმი აბსოლუტური არ არის. ეს ნერვები შემსრულებელ ორგანოზე გავლენას ახდენენ ქიმიური ნივთიერებებით, რომელთაც ამ ნერვების ბოჭკოები გამოიმუშავებენ. ამ ნივთიერებებს ნეიროტრანსმიტერები ანუ ნერვული მედიატორები ეწოდება. სიმპატიკური ნერვული სისტემის მედიატორია ნორადრენალინი, რომლის გავლენითაც გულის რიტმული მუშაობა ძლიერდება, აღგზნებადობა მატულობს, იმპულსის გატარების სიჩქარე მატულობს. გარდა ამისა სიმპატიკური ნერვების გავლენით ბრონქების სანათური ფართოვდება, რის გამოც წარმატებით გამოიყენება ადრენალინის ინჰალაცია სხვადასხვა გენეზის ბრონქოსპაზმების დროს. ადრენალინი ისეთივე გავლენას ახდენს ორგანოებზე, როგორსაც ნორადრენალინი. სიმპატიკური ნერვების ტონუსის მომატებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული და სეკრეციული ფუნქციები ითრგუნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფართოებს კორონარული სისხლძარღვების სანათურს, რის გამოც აძლიერებს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას. პარასიმპატიკური ნერვების მედიატორია აცეტილქოლინი. მისი გავლენით გულის რიტმული მუშაობა, აღგზნებადობა და იმპულსის გატარების სიჩქარე ქვეითდება, მეორეს მხრივ აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ და სეკრეციულ აქტივობას, ავიწროებს ბრონქების სანათურსა და კორონარულ სისხლძარღვებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნათაძე, ლ.; მაჭავარიანი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 392.
- ევექსი კორპორაცია. ქუთაისის კვლევითი და სასწავლო ცენტრი მაისი. 2014 წ. ლექციების კურსი. ნერვული სისტემა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Human Brain Project Homepage დაარქივებული 2017-07-08 საიტზე Wayback Machine.