ფონეტიკა
ფონეტიკა (ბერძ. phōnētikós, „ბგერითი“) — ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სამეტყველო ბგერებს.
სამეტყველო ბგერა შეისწავლება სამი თვალსაზრისით:
1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგად წარმოიქმნება მოცემული ბგერა;
2. აკუსტიკურად (ბერძნ. akustikós, „სმენითი“), ანუ ბგერი ფიზიკური თვისებების მიხედვით.
3. სმენითი შთაბეჭდილების, პერცეფციის (ლათ. perceptio, „აღქმა“) მიხედვით.
ფონეტიკური დამწერლობა
რედაქტირება- დამატებითი ინფორმაცია: IPA ნიშნების სია
ადამიანის სამეტყველო ორგანოთა მიერ წარმოქმნილ ბგერათა რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ნებისმიერი ანბანის სიმბოლოთა რაოდენობას. აქედან გამომდინარე ბევრ დამწერლობაში ერთი და იმავე სიმბოლოთი ხშირად სხვადასხვა ბგერებს აღნიშნავენ, მაგ. ინგლისურში „a“ სიმბოლოთი შეიძლება ხუთი სხვადასხვა ხმოვანი იყოს აღნიშნული. ამიტომ საერთაშორისო ფონეტიკური ასოციაციის მიერ აღიარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი, რაც გულისხმობს სამეტყველო ბგერების ფონეტიკურ ჩაწერას.
არტიკულაციური ფონეტიკა
რედაქტირებასამეტყველო ბგერებს მათი წარმოქმნის ანუ არტიკულაციის მიხედვით სწავლობს არტიკულაციური (არტიკულატორული) ფონეტიკა.
ბგერები არტიკულაციის რაგვარობის მიხედვით
რედაქტირებასამეტყველო ბგერა წარმოიქმნება ადამიანის სამეტყველო მექანიზმში ჰაერნაკადის შეფერხებითა და ცვლილებებით იმ ღრუში, რომელშიც იგი მიედინება. ბგერათწარმომქმნელი ანუ საფონაციო ჰაერნაკადი ამოიდევნება ფილტვებიდან დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის სასუნთქ მილს. |ხორხში, ხახაში, პირისა და/ან ცხვირის ღრუებში ამოსუნთქული ჰაერნაკადი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.
ზოგ შემთხვევაში ბგერათა წარმოქმნა ხდება ჰაერის არა ამოსუნთქვით, ექსპირაციით, არამედ შესუნთქვით, ინსპირაციით. იმის მიხედვით, თუ როგორ გაივლის ამოსუნთქული ჰაერნაკადი გზას ფილტვებიდან ბაგეებამდე ან ცხვირის ნესტოებამდე, გამოიყოფა ბგერათა არტიკულაციის შემდეგი ტიპები:
1. საარტიკულაციო ორგანოების ხშვის შედეგად ზესადგამი მილის (ე.ი. ხახა-ცხვირ-პირის ღრუების) ერთ-ერთ წერტილში ჰაერნაკადი სრულ დაბრკოლებას აწყდება, რასაც განხშვა, „სკდომა“ მოსდევს. ასე წარმოქმნილ ბგერებს ხშულები ანუ ხშულ-მსკდომები (ლათ. occlusivae) ეწოდება (მაგ. ქართ. ბ, გ, დ, პ, ტ, კ.)
2. ზესადგამი მილის ერთ-ერთ წერტილში ხდება არა სრული ხშვა, არამედ საარტიულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერ მიახლოება. მათ შორის რჩება სხვადასახვა ფორმის ნაპრალი, საიდანაც ჰაერნაკადი გამომდინარეობს. ასეთ ბგერებს ნაპრალოვნები, სპირანტები (ლათ. spirans „ამომსუნთქველი“) ანუ ფრიკანტები (ლათ. fricatio, „ხახუნი“) ეწოდება (მაგ. ქართ. ხ, ზ, შ, ჟ, ს, ღ).
3. პირის ღრუ დახშულია ენით, ჰაერნაკადი გამომდინარეობს ღრუს ერთ-ერთ ან ერთდროულად ორივე მხარეს. ასეთ ბგერებს გვერდითი ბგერებიანუ ლატერალები (ლათ. laterales) ეწოდება (მაგ. ქართ. ლ).
4. ჰაერნაკადი იწვევს ერთ-ერთი მოძრავი სამეტყველო ორგანოს თრთოლვას, ვიბრაციას. ასეთ ბგერებს მთრთოლი ბგერები ანუ ვიბრანტები ეწოდება (მაგ. ქართ. რ).
5. რბილი ხახა დაშვებულია, ჰაერნაკადი ნაწილობრივ გაივლის პირის ღრუში, ნაწილობრივ კი ცხვირის ღრუში. ასე წარმოიქმნება ცხვირისმიერი ბგერები ანუ ნაზალები (მაგ. ქართ. მ, ნ).
6. ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის პირისა და ცხვირის ღრუებს. პირის ღრუს ფორმა იცვლება ენისა და ბაგეების სხვადასხვა მოძრაობების შესაბამისად. ასე წარმოქმნილ ბგერებს ხმოვნები ანუ ვოკიდები (ლათ. vocales) ეწოდება (მაგ. ქართ. ა, ე, ი, ო, უ). დანარჩენი ტიპის ბგერები თანხმოვნებია ანუ კონტოიდები, კონსონანტები (ლათ. consonantes).
ერთნაირი რაგვარობის ბგერებს ჰომოგენური ბგერები ეწოდება, ხოლო სხვადასხვა რაგვარობის ბგერები ერთმანეთის მიმართ ჰეტეროგენულია.
ბგერები არტიკულაციის ადგილის მიხედვით
რედაქტირება- ბგერებს, რომლებიც იწარმოება ქვედა ბაგით, როგორც არტიკულატრით, ეწოდება ბაგისმიერი ანუ ლაბიალური (ლათ. labiales) ბგერები. ეს ბგერები:
- წყვილბაგისმიერი ანუ ბილაბიალურია (ლათ. bi(s)- „ორ-“), როდესაც არტიკულაციის წერტილია ზედა ბაგე;
- კბილბაგისმიერი, დენტოლაბიალური (ლათ. dentalis „კბილბაგისმიერი“) ანუ ლაბიოდენტალურია, როდესაც არტიკულაციის წერტილია წინა ზედა კბილები.
- ენის წვერით წარმოქმნილ ბგერებს აპიკალური (ლათ. apicales) ბგერები ეწოდება. ისინი შეიძება იყოს დენტალური ანუ კბილისმიერი, რომლებშიც განარჩევენ:
- ინტერდენტალურ (ლათ. inter „შორის“, dentalis „კბილისმიერი“) ბგერებს, რომლებიც წარმოქმნილია ზედა კბილებთან ან ზედა და ქვედა კბილებს შორის;
- პოსტდენტალურ (ლათ. postadentales, post „შემდეგ“) ბგერებს, რომლებიც წარმოქმნილია ზედა კბილების შიდა მხარესთან;
- ნუნისმიერ ანუ ალვეოლარულ (ლათ. alveoli „ნუნები“) ბგერება;
- კაკუმინალურ (ლათ. cacumen „მწვერვალი“) ნუ ცერებრალურ (ლათ. cerebrum „ტვინი“).
- ენის წინა ნაწილით წარმოქმნილ ბგერებს წინაენისმიერი (ლათ. praelinguales) ანუ ფრონტალური (ფრ. frontales, ლათ. frons „შუბლი“) ბგერები ეწოდება, ხოლო არტიკულაციის წერტილის გათვალისწინებით - მაგარი ხახისმიერი ანუ პალატალური (ლათ. palatum „ხახა“) ბგერები. ამგვარი ბგერები შეიძლება იყოს პრეპალატალური (ლათ. prae „წინა“), მედიოპალატალური (ლათ. medio „შუა“) ან პოსტპალატალური (ლათ. post „შემდეგ“, „უკანა“).
- ენის ზურგით ანუ უკანა ენით წარმოქმნილ ბგერებს უკანაენისმიერი, დორსალური (ლათ. dorsales, dorsum „ზურგი“) ანუ გუტურალური (ლათ. gutturals; guttur „ხახა“) ბგერები ეწოდება, ხოლო არტიკულაციის წერტილის გათვალისწინებით - ველარული (ლათ. velares) ბგერები. განარჩევენ პრეველარულ, მედიოველარულ და პოსტველარულ ბგერებს.
პირისმიერი ანუ ორალური ბგერები წარმოიქმნება როცა ხახის ფარდა იმდენად არის აწეული, რომ ცხვირის ღრუ დახშულია და ჰაერნაკადი მხოლოდ პირის ღრუში მიედინება.
ნაზალური ბგერების წარმოქმნის დროს ჰაერნაკადის ნაწილს საშუალება ეძლევა გაიაროს ცხვირის ღრუ.
- როდესაც ენის ძირი მოქმედებს ხახის ანუ ფარინქსის (ლათ. pharynx) კედლის მიმართ, წარმოიქმნება ხახისმიერი ანუ ფარინგალური (ლათ. pharyngales) ბგერები.
- როდესაც სახმო სიმები უახლოვდება ერთმანეთს და ქმნის ნაპრალს წარმოიქმნება ხორხისმიერი ანუ ლარინგალური (ლათ. larynx „ხორხი“), იგივე ნაპრალოვანი ბგერები (მაგ. ქართული ჰ). სახმო სიმების სრული ხშვა-სკდომით მიიღება ლარინგალური ხშულ-მსკდომი ბგერები.
სახმო სიმების ვიბრაციის ქონა-არქონის მიხედვით განარჩევენ მჟღერ და ყრუ ბგერებს (მაგ. ქართ. ბ,დ,გ,ზ,ღ მჟღერი ბგერებია, ფ, თ, ქ, ს, ხ კი - ყრუ). ხმოვნები, როგორც წესი მჟღერია, თუმცა ზოგ ენაში ყრუ ხმოვნებიც არსებობს.
ბგერის წარმოქმნის ფაზები
რედაქტირებაცალკეული ბგერის წარმოთქმის პროცესში განირჩევა სამი ძირითადი მომენტი:
- შემართვა ანუ ექსკურსია (ლათ. excursio „გასვლა“): სამეტყველო ორგანოები გამოდიან ინდიფერენტული მდგომარეობიდან, რომელიც წინ უძღვის არტიკულაციას, და მოეწყობიან ბგერის წარმოსათქმელად;
- მწვერვალი ანუ დაყოვნება: სამეტყველო ორგანოები ასრულებენ ბგერის წარმოსათქმელად საჭირო მოძრაობას;
- დამართვა ანუ რეკურსია (ლათ. recursio „დაბრუნება“): სამეტყველო ორგანოები უბრუნდებიან ინდიფერენტულ მდგომარეობას.
ხშულ თანხმოვანთა წარმოთქმისას განირჩევა შემდეგი სამი ფაზა:
- ხშვის მომენტი - იმპლოზია (ფრ. implosion „ჩაგუბება“);
- ხშვითი დაყოვნება - ოკლუზია (ფრ. occlusion „დაკეტვა“);
- განხშვა - ექსპლოზია (ფრ. exposion „აფეთქება“, „სკდომა“).
ორ მეზობელ თანხმოვანს შეიძლება დაყოვნების ფაზა საერთო ჰქონდეთ. ასეთია ე.წ. ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსები ქართულში, მაგ. დგ, თქ და სხვ.
ექსპლოზიციის მიხედვით ხშულ თანხმოვნებში განასხვავებენ:
- ფშვინვიერ ანუ ასპირირებულ ხშულებს - როდესაც ჰაერნაკადი ფილტვებიდან მძლავრად ამოედინება, განხშვას თან ახლავს სახმო სიმებზე ჰაერნაკადის ხახუნით გამოწვეული ჩქამი, რასაც ფშვინვა ანუ ასპირაცია ეწოდება.
- რთულ თანხმოვნებს' ანუ აფრიკატებს - თუ ხშვის შემდეგ არტიკულატორი ნელა სცილდება არტიკულაციის წერტილს, ისე, რომ წარმოიქმნება ნაპრალი. დენტალურ და ალვეოლარულ სპირანტებსა და აფრიკატებს დამახასიათებელი ჩქამის გამო სისინა და შიშინა ბგერებს ან სიბილანტებს (ლათ. sibilans „შიშინა“, „სისინა“) უწოდებენ.
- ნაზალური ხშულები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როცა განხშვამდე რბილი სასა იმდენად არის დაწეული, რომ ჰაერნაკადის ნაწილი ცხვირი ღრუშიც გაივლის.
- ლატერალური ხშულების დროს ხშულის დამართვას ლატერალური განხშვის სახე აქვს.
ბგერათა პროსოდიული მახასიათებლები
რედაქტირებაბგერათა პროსოდიული (ლათ. prosōdía „მახვილი“) ანუ სუპრასეგმენტური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია:
- ბგერათრაოდენობა ანუ ბგერათა სიგრძე-სიმოკლე. ერთი და იმავე საარტიკულაციო ორგანოებით წარმოქმნილი ბგერა სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად ჟღერდეს. მაგ. იტალიურ სიტყვაში fato („ბედისწერა“) [a] ედარებით გრძელია, [t] - შედარებით მოკლე, ხოლო სიტყვაში fatto („შექმნილი“) კი პირიქით, [a] შედარებით მოკლეა, [t] - გრძელი.
- მახვილი. ბგერითი ელემენტების სიძლიერე-სიმაღლით გამოყოფას მახვილი (ლათ. accentus) ეწოდება. სიძლიერით გამოჩინებისას გვაქვს ძლიერი ანუ დინამიკური (ინტენსიური, ექსპირატორული) მახვილი (ინგლ. stress) სიმაღლით გამოჩინებისას კი - მუსიკალური ანუ ტონური მახვილი (ინგლ. pitch). ზოგიერთი ენის სიტყვებში მთავარი მახვილი რიგით რომელიმე ფიქსირებულ მარცვალზე მოდის, ზოგში კი სხვადასხვა მარცვლებზე. პირველ შემთხვევაში მახვილს ფიქსირებული ეწოდება, მეორეში - თავისუფალი, არაფიქსირებული. ფიქსირებული მახვილის მქონე ენათა ნიმუშია ფრანგული ენა, სადაც მთავარი მახვილი სიტყვის ბოლო მარცვალზე მოდის. თავისუფალი მახვილი არის რუსულში, ინგლისურში.
აკუსტიკური ფონეტიკა
რედაქტირებააკუსტიკური ფონეტიკა შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის სამეტყველო ბგერების ფიზიკურ, აკუსტიკურ თვისებებს.
ბგერის ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაისევე, როგორც ზოგადად ყველანაირი ბგერა, სამეტყველო ბგერაც ჰაერის ნაწილაკთა რხევითი მოძრაობაა. ბგერათა ის თავისებურებები, რომლებიც შეიძლება სმენით აღვიქვათ, სამ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული:
- რხევების სიხშირე აღიქმება, როგორც ბგერის სიმაღლე. სამეტყველო ბგერის სიმაღლე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუსიკალური მახვილის მქონე ენებში.
- რხევის ამპლიტუდა აღიქმება, როგორც ბგერის სიძლიერე ანუ ინტენსივობა. რაც უფრო დიდია რხევის ამპლიტუდა, მით უფრო ძლიერ ბგერას აღვიქვამთ. დინამიური მახვილის მქონე მარცვალში ხმოვანი მეტი სიძლიერით წარმოითქმის.
- რხევის ხანგრძლივობა აღიქმება, როგორც ბგერის ხანგრძლივობა. რხევის ხანგრძლივობა ეწოდება. მბგერი სხეულის უძრავი მდგომარეობიდან გამოსვლასა და ამ მდგომარეობაში დაბრუნებას შორის გასულ დროს. პერიოდულ რხევებს აღვიქვამთ როგორც ტონს, არაპერიოდულს კი - როგორც ჩქამს. ტონური ბგერა მხოლოდ ტონისგან შედგება, ჩქამიერი - მხოლოდ ჩქამისგან. არსებობს ასევე შერეული ბგერებიც, რომლებშიც ჭარბობს ტონი ან ჩქამი. მუსიკალური ბგერები ძირითადად ტონურია, სამეტყველო ბგერათა დიდი ნაწილი კი ჩქამიერია. ასეთია ჩურჩულით წარმოთქმული ბგერები, ყრუ თანხმოვნები.
პერცეპტიული ფონეტიკა
რედაქტირებაპერცეპტიული ფონეტიკა სწავლობს იმას, თუ როგორ აღიქმება სამეტყველო ბგერები ადამიანის სასმენი ორგანოების მიერ, აღწერს სასმენ აპარატს და ბგერათა დეკოდირებას.
პერცეპტიული ფონეტიკა ითვალისწინებს იმასაც, რომ ბგერითი მეტყველების აღქმის პროცესში ადამიანები ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ გამონათქვამების აკუსტიკური მახასიათებლებიდან, არამედ ასევე ენობრივი კონტექსტიდან და საკომუნიკაციო სიტუაციიდან.