საჩხერე

ქალაქი საქართველოში

საჩხერე — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ზესტაფონსა და სოფელ გომს, სარკინიგზო ხაზით უკავშირდება ზესტაფონს. ქალაქში ბაზირებულია საფეხბურთო კლუბი ჩიხურა.

ქალაქი
საჩხერე

საჩხერე მოდინახეს ციხიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დაქვემდებარება მუნიციპალიტეტის ცენტრი
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°20′20″ ჩ. გ. 43°24′14″ ა. გ. / 42.33889° ჩ. გ. 43.40389° ა. გ. / 42.33889; 43.40389
პირველი ხსენება XVII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 500-550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6140[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 435[2]
საფოსტო ინდექსი 4000[3]
საავტომობილო კოდი DAK ; DAU :
ოფიციალური საიტი http://sachkhere.gov.ge/
საჩხერე — საქართველო
საჩხერე
საჩხერე — იმერეთის მხარე
საჩხერე

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ყვირილის ნაპირებზე, საჩხერის ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქის ძირითადი ნაწილი განაშენიანებულია მდინარის მარჯვენა ნაპირის სუსტად დახრილ ტალღოვან ფერდობზე. ზღვის დონიდან 500-550 მეტრი, მანძილი თბილისიდან 170 კილომეტრი საავტომობილო გზით, 232 რკინიგზით, ქუთაისიდან 91 კილომეტრი.

საჩხერეში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,7 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,4 °C, ივლისისა — 20 °C. აბსოლუტური მინიმუმი -28 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 37 °C. ნალექები 900 მმ წელიწადში.

ქალაქის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია არქეოლოგიური ძეგლი ნაჩერქეზევი, რომელიც ადრინდელ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება.

საჩხერე, როგორც დასახლებული პუნქტი, ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით საჩხერე მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს იყო გაშენებული. ის მდებარეობდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც „ჭერათხევის“ ხეობით კვეთდა ლიხთ-იმერეთის მთას; ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი და ევროპელი მისიონერები თავიანთ ჩანაწერებში მიუთითებდნენ სწორედ ამ მარშრუტს, რომელიც ინდოეთიდან და ირანიდან მომავალ სავაჭრო გზას წარმოადგენდა და თბილისს იმერეთის სამეფოსთან აკავშირებდა. საჩხერის სტრატეგიულ ადგილმდებარეობას ხაზი აქვს გასმული მეფე-პოეტ არჩილ II-ის ნაწარმოებში „თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასება“, სადაც საჩხერე წარმოდგენილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ პოლიტიკურ ხიდად. საჩხერე წერეთლების საკუთრება იყო. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დამდეგს შაჰ-აბასისაგან ლტოლვილმა კახეთისა და ქართლის მეფეებმა, თეიმურაზ პირველმა და ლუარსაბ მეორემ თავიანთი მხლებლებით გარკვეული დრო სწორედ საჩხერეში, წერეთლებთან დაჰყვეს.

1830-იან წლებში საჩხერე მცირე დაბას წარმოადგენდა, სადაც ქართველები და სომხები ცხოვრობდნენ. წერეთლების სახლები განლაგებული იყო დაბის ჩრდილოეთით მდებარე ბორცვზე. 1926 წლისთვის საჩხერის თემი შედგებოდა 15 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 8103 ადამიანს, ხოლო ფართობი 142,9 კმ²-ს.[4]

ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო კვების და მსუბუქი მრეწველობა. მოქმედებდა ღვინისა და საკონსერვო ქარხნები, ბამბის სართავი ფაბრიკა, სხვადასხვა წვრილი საწარმოები.

ისტორიული ძეგლები

რედაქტირება

საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ აშენებული ციხე სიმაგრე მოდინახე, იგივე მოდიმნახე. გადმოცემის თანახმად თავად პაპუნა წერეთელს მოუსურვებია დიდი ფეოდალის, დავით აბაშიძის ქალის შერთვა, მაგრამ აბაშიძეს უარით გამოუსტუმრებია, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“. სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდინახე ცნობილი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ გაითხარა 3 ნამოსახლარი, მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ნივთი, კოლხური და რომაული მონეტა.

საჩხერიდან 10 კილომეტრით დაშორებულია ეხვევი, X საუკუნის ერთნავიანი ეკლესია.

გარდა ამისა, ქალაქში დგას XIX საუკუნის რამდენიმე შენობა. მათ შორისაა ნასტამბარი იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ ქუთაისის სტამბამ მუშაობა შეწყვიტა. თავადმა ზურაბ წერეთელმა და მისმა შვილმა, გრიგოლმა სტამბა საჩხერეში, თავიანთ სასახლეში გადაიტანეს.

აღსანიშნავია რკინიგზის სადგურის შენობა. 1904 წელს ელისაბედ წერეთლის ინიციატივით რკინიგზის ხაზი საჩხერემდე გაიყვანეს და შესაბამისად აშენდა რკინიგზის სადგურიც. შენობა მიწისძვრამ დაანგრია, თუმცა 2000 წელს პირვანდელი სახით აღადგინეს. შემორჩენილია ასევე ელისაბედ წერეთლის სასახლეც.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 6140 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[5] 7778 -- --
2002[5]   6660 -- --
2014[1]   6140 2931 3209

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

საჩხერეში დაიბადნენ:

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.