მოდინახე
მოდინახე ან მოდიმნახეს ციხე — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით.ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.
ისტორია
რედაქტირებაგადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“.
სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს. 1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს აუჯანყდა. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ რამდენიმეჯერ სცადა ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. 1766 წელს, იმერეთში ოსმალთა ლაშქრობის დროს, მოდინახეს ციხეში გაიხიზნა მეფე სოლომონ I. 1767 წელს წერეთლების ფეოდალურმა საგვარეულომ მოდინახეს ციხე მეფეს დაუთმო. იმერეთის აჯანყების (1810) დროს მოდინახეს ციხე აჯანყებულებს ეკავათ. იმავე წლის მარტში რუსული არმიის ნაწილებმა აიღეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. შემდგომში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა.
მოდნახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო. მოდინახე მხოლოდ ერთხელ ჩავარდა მტრის (ამ შემთხვევაში რუსების) ხელში, როდესაც გარნიზონის მეთაური ქალი იყო, მეციხოვნეებს პროდუქტი გამოელიათ და ციხის ბინადართა შორის გამცემი გამოჩნდა.
1830-იან წლებში ციხე სანახევროდ დანგრეული იყო. ციხეზე იდგა ორი ძველი კულევრინი. შემორჩენილი იყო კედლების ნაწილი და შვიდი კოშკი. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული. მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.
არქიტექტურა
რედაქტირებაციხე იდგა ცარცოვანი კირქვის მაღალ თხემზე, რომლის ფერდობზეც ორი მხრიდან ადიოდა გზა. ციხეს ჰქონდა ორი გრძელი კედელი, რომლიდანაც ერთი ჩაკეტილი იყო მაღალი კოშკით, ხოლო მეორე კედლის ბოლოში ორი კოშკი იდგა. შუა სივრცეში იდგა სახლი, სამლოცველო და საპყრობილე. ეზოში ჩამარხული იყო ქვევრები.
არქეოლოგიური გათხრები
რედაქტირებამოდინახე ცნობილი არქეოლოგოური ძეგლიცაა. აქ არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა 1967-1975 წლებში ქართველი მკვლევარი ხელმძღვანელები შალვა ამირანაშვილი და ჯურხა ნადირაძე 3 ეპოქის ნამოსახლარს: ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გვიანდელი საფეხურის (ძვ. წ. XXV-XX სს.), გვიანდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV-VII სს.) და ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ. წ. VI-V სს.) დასახლება გაფართოებულია ძვ. წ. I ათასწლეულის შუა წლებში. მოდინახეს ციხე გორანამოსახლარია და აქ უძველესი მოსახლეობის გაჩენა მოხერხებული სტრატეგიული მდებარეობით იყო გაპირობებული. ციხის შიდა ეზოში აღმოჩნდა ანტიკური ხანის ქვათლილები, უცხოური და ადგილობრივი კერამიკა.
გათხრილია აგრეთვე სხვადასხვა დროის სამაროვნები: შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნის (ძვ. წ. XVI-XV სს.), გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XV-X სს.), ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. III-II სს.) და გვიანდელი ანტიკური ხანისა (ახ. წ. IV ს.).
ძვ. წ. XVI-XV საუკუნეების ქვაყრილიანისამარხები უმთავრესად კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ან ნარცხნივ გვერდზე ხელფეხმოკეცილად. დაკრძალვის ეს წესი შეცვლილა ადრინდელ ანტიკურ და ელინისტურ ხანაში. მხოლოდ გვიანდელი ანტიკური ხანის სამარხებში მამაკაცები ესვენენ გულაღმა. ეს ცვლილება ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებით უნდა აიხსნას.
ნამოსახლარზე და სამარხებში მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული. ადრინდელი ანტიკურ-ელინისტური ხანის სამარხებში მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთი (სამკაული, ჭურჭელი, იარაღი), კოლხური და რომაული მონეტა აღმოჩნდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადირაძე ჯ., ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1975;
- სოსელია ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან, თბ., 1966;
- ბერაძე. თ., ნადირაძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 61.