წერეთლები
წერეთლები — ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში.
წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან. მათი თავდაპირველი სამყოფელი იყო მდინარე ტანას ხეობის სოფლები დიდი და მცირე წერეთი. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ჩანს წერეთლების ორი შტო, იმერეთისა და ქართლის. XVII საუკუნეში წერეთლები იხსენიებიან როგორც იმერეთის სამეფო კარის მაღალი მოხელეები: სახლთუხუცესი, სარდალი, მანდატურთუხუცესი, ასრულებდნენ იმერეთის მეფის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ დავალებებს. წერეთლებს თავიანთ თხზულებებში იხსენიებენ ფეშანგი, არჩილი, ბეიკი.
წერეთელთა სათავადო იყო საწერეთლო, რომელიც მდებარეობდა ზემო ქვეყანაში. მათი რეზიდენცია საჩხერე XVIII საუკუნეში იყო მრავალეროვანი დაბა. სოლომონ I-ის მიერ აბაშიძეთა სათავადოს დაკნინების შემდეგ წერეთლები განსაკუთრებით დაწინაურდნენ. წერეთლები ფლობდნენ მოდინახესა და სხვა ციხეებს, ერთ-ერთ საძვალედ ჰქონდათ ჯრუჭის მონასტერი. საწერეთლოში XIX ს. დამდეგს 57 სოფელი შედიოდა, რომლებშიც 1000 კომლზე მეტი ყმა-გლეხი ცხოვრობდა. რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობის პერიოდში (1810) წერეთლების ნაწილი იმპერიას მიემხრო, ნაწილი კი სოლომონ II-ს ერთგულობდა.
წერეთლების ერთი შტო 1724 წ. ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა და იქ დამკვიდრდა. ეს შტო ცნობილი იყო ცერტელევების გვარით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 269-270.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გვარის ისტორია — Nobility.pro