აბაშიძეთა სათავადო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

აბაშიძეთა სათავადო — ფეოდალური სათავადო დასავლეთ საქართველოში. აღმოცენდა ბაღვაშთა ყოფილ სამფლობელოზე. აბაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო აბაშიძეების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენლის აბაშის მოღვაწეობის დროს, XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე. სათავადოს ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა რაჭის საერისთავო, სამხრეთით მდინარე ძირულა, აღმოსავლეთით ლიხის მთები, დასავლეთით არგვეთა-ჩხარი. რეზიდენცია, კარის ეკლესია და საძვალე სასაფლაო ჰქონდათ ჭალას, კაცხსა და უბისის მონასტერში. აბაშიძეთა სათავადო განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. ამ დროისათვის აბაშიძეთა სათავადოში შედიოდა 78 სოფელი, 4 ეკლესია-მონასტერი, 1500 კომლი ყმა-გლეხი, ვახანის, ჩხერის, სვერის, ნავარძეთის, კაცხის, ხარაგაულისა და სხვა ციხესიმაგრეები. მცირე ხნით შორაპნის, შროშის, ჭალატყისა და ცუცხვათის ციხესიმაგრეებიც. აბაშიძეთა სათავადო იმდენად ძლიერი იყო, რომ ხშირად ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, უკავშირდებოდა მეზობელ სამთავროებს და გამოდიოდა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ სოლომონ I-მა აბაშიძეებს ჩამოართვა სათავადოს მნიშვნელოვანი ნაწილი ციხესიმაგრეებიანად და სახასო საკუთრებად გამოაცხადა. იმერეთის სამეფოში რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ (1810 წ.) აბაშიძეთა სათავადო გაუქმდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ო. სოსელია, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 25-26.
  • ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. I, თბ., 1973