სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი).

არჩილ II, შაჰნაზარ ხანი (დ. 1647 — გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი) — საქართველოს მეფე, პოეტი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663, კახეთში — 1664-1675, კვლავ იმერეთში — 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698.

არჩილ II
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1664
მმართ. დასასრული: 1675
წინამორბედი: თეიმურაზ I
მემკვიდრე: დავით II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1647
გარდ. თარიღი: 1713
გარდ. ადგილი: მოსკოვი
მეუღლე: ქეთევანი (თეიმურაზ I-ის ასული)
შვილები: დარეჯანი, ალექსანდრე, მამუკა, დავითი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ვახტანგ V
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა (1663), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, შაჰნაზარ-ხანი უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს (1664).

ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წელს ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს ერეკლე ბატონიშვილს (ნაზარალი-ხანს) აღუთქვა. არჩილ II-მ 1675 წელს დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. 1680 წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-1688 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1690-იან წლებში არჩილმა დახმარებისთვის მიმართა რომის პაპ ინოკენტი XII-ს.[1] 1699 წელს საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. პეტრე I-მა გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე ალექსანდრე ბატონიშვილი. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით „სესენწკაში“). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.

შემოქმედება

რედაქტირება

არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარებას მიიჩნევდა.

ე. წ. აღორძინების ხანის (XVI - XVII სს.) ქართულ მწერლობაში არჩილ II ეროვნული მიმდინარეობის მეთაურთაგანია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისპარსული ტენდეციის გამტარებელი, იგი ასევე შეუპოვრად ებრძოდა იდეოლოგიურ სფეროში ყოველგვარ სპარსულ გავლენას, რაც მისი აზრით, წალეკვით ემუქრებოდა ქართულ კულტურულ თვითმყოფადობას. არჩილ II მწერლობაში ეროვნული თემატიკის გაბატონებას მოითხოვდა. ენის საკითხებში პურიზმის პოზიციას იცავდა.

ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს მოასწავებდა არჩილ II-ის ე. წ. „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც საგულისხმოა რეალიზმის ისტორიის თვალსაზრისითაც. კონკრეტული ცხოვრებისეული ფაქტებით დაინტერებასთან ერთად, იგი მწერლისაგან ამავე ფაქტების პირუთვნელსა და მიუდგომელ ასახვას მოითხოვდა.

თხზულებაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ არჩილ II ორი პოეტის პაექრობაში ავლენს საკუთარ პოზიციას, თუმცა ორივეს საყვედურობს უცხო სიუჟეტებით გატაცებას („ვეფხისტყაოსანში“ მოთხრობილი უცხო სახელმწიფოთა ამბები მას პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდა და ამ მხრივ გენიალურ პოემას ვერ ასხვავებდა თეიმურაზის ნათარგმნ თხზულებათაგან), მაგრამ მაინც რუსთველის მხარეზეა და მისი აშკარა გავლენით პოეზიას სიბრძნის დარგად მიიჩნევს. „გაბაასება...“ გარკვეული თვალსაზრისით რეალისტური ნაწარმოებია, რომელშიც გაშიშვლებულია თეიმურაზ I-ის დროინდელი ქართული ყოფის მანკიერი მხარეები, ფეოდალების თავგასულობა, ამასთან, ხაზგასმულია ერის ცხოვრებაში გლეხობის დიდი მნიშვნელობა. პოეტი გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც (გიორგი სააკაძე და სხვ.). არჩილ II-ის „გაბაასება...“ ქართულ მწერლობაში ისტორიული პოემის მიმართულებას ამკვიდრებს.

არჩილ II-ს ეკუთვნის აგრეთვე „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, მცირე ზომის სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, რელიგიური ხასიათის რამდენიმე ლექსი და სხვა. რუსეთში ყოფნისას არჩილ II-მ გალექსა ქართულად „ვისრამიანი“, რუსულიდან თარგმნა სერბულ ენაზე დამუშავებული „ალექსანდრიანი“, მსოფლიოს ისტორია („ქრონოგრაფი“) და რამდენიმე სასულიერო შინაარსი თხზულება. რუსეთში მყოფ ქართველ მოღვაწეთა დახმარებით არჩილ II-მ დააარსა ქართული სტამბა, სადაც 1705 წელს დაიბეჭდა „დავითნი“; აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს (არჩილ II-ის მიერ მომზადებული ქართული ბიბლია დაიბეჭდა 1743).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარამიძე ალ, ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV- XVII სს.), წგნ. 2, თბ., 1965;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • ტატიშვილი ვ., ქართველები მოსკოვში, თბ., 1959;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. შარაძე, გ., ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984. — გვ. 436-437.
წინამორბედი:
ვამიყ დადიანი
იმერეთის მეფეები
16611663
შემდეგი:
დემეტრე გურიელი
წინამორბედი:
თეიმურაზ I
კახეთის მეფეები
16641675
შემდეგი:
დავით II
წინამორბედი:
ბაგრატ IV
იმერეთის მეფეები
16781679
შემდეგი:
ბაგრატ IV
წინამორბედი:
ალექსანდრე IV
იმერეთის მეფეები
16901691
შემდეგი:
ალექსანდრე IV
წინამორბედი:
ალექსანდრე IV
იმერეთის მეფეები
16951696
შემდეგი:
გიორგი IV გოჩია
წინამორბედი:
გიორგი IV გოჩია
იმერეთის მეფეები
16981699
შემდეგი:
სიმონი