სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე.

ალექსანდრე IV (გ. 1695), იმერეთის მეფე 1683-1690, 1691-1695. ბაგრატ IV-ის უკანონო შვილი.

ალექსანდრე IV
იმერეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1683
მმართ. დასასრული: 1695
წინამორბედი: გიორგი III
მემკვიდრე: არჩილ II
გარდ. თარიღი: 1695
გარდ. ადგილი: რუისი
მეუღლე: თამარი, გიორგი აბაშიძის ასული
შვილები: სიმონი
გიორგი VI
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ IV

1681 წელს, როდესაც ბაგრატ IV გარდაიცვალა, ალექსანდრე IV ქართლის მეფე გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა. ამით ისარგებლა გიორგი გურიელმა და იმერეთის ტახტი მიიტაცა. იმერეთის დიდებულთა და გიორგი XI-ის შუამდგომლობით ოსმალეთის სულთანმა იმერეთის ტახტი ალექსანდრე IV-ს უბოძა და იგი ახალციხის ფაშის დახმარებით ტახტზე ავიდა. პოლიტიკური მიზნით მან თავისი და დარეჯანი მიათხოვა პაატა აბაშიძეს, რომლის გავლენას მთელი ზემო იმერეთი ემორჩილებოდა. 1684 წელს როკითის ბრძოლაში ალექსანდრე IV-მ დაამარცხა გურიელი და მისი მომხრეები - გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრე IV-მ შაჰთან დაამყარა ურთიერთობა, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო სულთანმა მას მეფობა ჩამოართვა (1690 წლის აგვისტო). ალექსანდრე IV ქართლში გადავიდა და გორს დადგა. ქართლში ახლად გამეფებული ერეკლე I-ის მეცადინეობით ირანის შაჰმა ოსმალეთის სულთანთან იშუამდგომლა და 1691 წელს ალექსანდრე IV იმერეთის ტახტზე აღადგინეს.

ალექსანდრე IV-ის მეფობის დროს გაძლიერდა ფეოდალური ანარქია, გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, მორალურად დაქვეითდა არისტოკრატია. 1695 წელს ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო მისივე სიმამრის გიორგი აბაშიძის თაოსნობით. შეთქმულებმა ალექსანდრე IV შეიპყრეს და გიორგი XI-ს გადასცეს, რომლის ბრძანებით იგი რუისში მოკლეს და იქვე ეკლესიაში დამარხეს.

წყარო რედაქტირება

  • გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2;
  • ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, [ნაწ.] 2, ზ ჭიჭინაძის გამოც., ტფ., 1913

ლიტერატურა რედაქტირება

  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV-XVII სს.), [წგნ.] 2, თბ., 1965
წინამორბედი:
გიორგი III
იმერეთის მეფე
1683 - 1690
შემდეგი:
არჩილ II
წინამორბედი:
არჩილ II
იმერეთის მეფე
1691 - 1695
შემდეგი:
არჩილ II