სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი III.

გიორგი III გურიელი (გ. 1684, როკითი) — გურიის მთავარი 1664-1684, იმერეთის მეფე 1681-1683, ქაიხოსრო I გურიელის ძე. აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ შინაომებში. მისი მმართველობის დროს სამთავრო ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. სამთავრო შეინარჩუნა ოსმალეთის მოხარკეობის ფასად.

გიორგი III გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1664
მმართ. დასასრული: 1684
წინამორბედი: დემეტრე გურიელი
მემკვიდრე: მალაქია II გურიელი
გარდ. თარიღი: 1684
გარდ. ადგილი: როკითი, იმერეთის სამეფო
მეუღლე: თამარ ჩიჯავაძე (1667-)
დარეჯანი, ბაგრატ IV-ის ასული (-1681),
თამარ მუხრანბატონი (1681-1683),
შოშიტა II-ის ასული (1683 წლიდან)[1]
შვილები: ქაიხოსრო II გურიელი, მამია III გურიელი
დინასტია: გურიელები
მამა: ქაიხოსრო I გურიელი
დედა: ხვარამზე გოშაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი III-ის მმართველობის დასაწყისში გურიის სამთავროს რამდენჯერმე თავს დაესხნენ აფხაზი მეკობრეები. 1664 წელს გიორგი III-მ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით მოაწესრიგა გურიის საეკლესიო საქმეები.

იმერეთის მეფე ბაგრატ მეოთხემ მას თავისი ასული დარეჯანი მისცა ცოლად, მაგრამ გიორგი გურიელს, ლევან III დადიანის ნაცოლარის, ბაგრატ IV-ის ცოლის თამარის ხელში ჩაგდება სურდა. ის დაუკავშირდა ახალციხის ფაშა ასლან I-ს და ბაგრატის ცოლის წართმევაში დახმარება სთხოვა. 1672 წელს გურიელი და ასლან I იმერეთში შეიჭრნენ, უსინათლო ბაგრატ მეფე დაამარცხეს და ტყვედ ჩაიგდეს. დედოფალი თამარი კვარის ციხეში გახიზნა, რომლის აღებაც ოსმალებმა ვერ შეძლეს.[2]იმერეთში ლაშქრობის შემდეგ ასლან I ოსმალთა ჯარით გიორგი გურიელთან ერთად ოდიშის სამთავროს შეესია და აიკლო. ოსმალების წასვლის შემდეგ ბაგრატ მეფემ იმავე წელს შურისძიების გამო გაილაშქრა გურიელის წინააღმდეგ. დაამარცხა, ააოხრა გურია და ალაფით ქუთაისში დაბრუნდა. ამის შემდეგ მან კვლავ გადაწყვიტა, შემოემტკიცებინა გიორგი გურიელი და მას 1674 წელს თავისი ქალიშვილი, თამარის შვილი, დარეჯანი მისცა ცოლად.

1677 წელს გიორგი გურიელი და მაქსიმე ჯუმათელი გორში მყოფ კაპუცინელ მისიონრებს, მკურნალობისა და ქირურგიის მცდონე პატრებს სთოხვდნენ გურიაში ჩასვლას და ჰპირდებოდნენ მათ თეატინელების დანატოვას მამულებს, ეკლესიას, საქონელსა და ერთ სოფელს, სადაც 20 მოსახლე იყო.[3] 1678 წელს იმერეთში არჩილ II-ის გამეფების შემდეგ ბაგრატი სწორედ გურიელს შეეკედლა. ბაგრატ მეფემ და გურიელმა დახმარებისათვის ოსმალეთის სულთანს მიმართეს და არზრუმის ფაშას დახმარებით გაიმარჯვეს. გიორგი III გურიელი მფარველობდა სამცხიდან გურიაში დევნილ თავდგირიძეებს. მისცა მათ მამულები ქვემო გურიაში და სოფელი აცანა.

1681 წელს გურიელმა ისარგებლა იმით, რომ ახლად გარდაცვლილი იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის შვილი ქართლში იყო მძევლად და დაიპყრო იმერეთის ტახტი. გაუშვა თავისი კანონიერი ცოლი, ასული ბაგრატ მეფისა და თამარისა — დარეჯანი და ცოლად შეირთო თავისი სიდედრი დედოფალი თამარი. ამ დროს გიორგი III განაგებდა ოდიშის სამთავროსაც. ლევან III დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო, მისი ერთადერთი კანონიერი ვაჟი მანუჩარი კი გურიელს ჰყავდა მძევლად. ოდიშს ფაქტობრივად ჩიქოვანები განაგებდნენ. გურილმა დროებით მაინც მოახერხა ოდიშის დაუფლება. გიორგი III საქმეებს მართავდა ქუთაისიდან და ოზურგეთიდან.

 
„გურიელმან სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო[4]

1683 წელს სულთანის ბრძანებით მეფობიდან გადააყენეს. მეფობის დაკარგვის შემდეგ გიორგი III გურიელი სათავეში ჩაუდგა დასავლეთ საქართველოს მთავართა და მსხვილ ფეოდალთა კოალიციას იმერეთის მეფის ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ, მას მიემხრნენ რაჭის ერისთავი შოშიტა III, ოდიშის ფაქტობრივი მმართველი გიორგი ლიპარტიანი, ბეჟან ლორთქიფანიძე, ჩიჯავაძეები, ლეჩხუმელი ფეოდალები და სხვები. ალექსანდრე IV-ს მხარი დაუჭირეს გიორგი მიქელაძემ, აბაშიძეებმა, მარგველებმა, როკითის ბრძოლაში კოალიცია დამარცხდა, ხოლო გიორგი გურიელი დაიღუპა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. სოსელია, ო. (1954). „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 138. 
  2. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973, გვ. 840
  3. *თამარაშვილი მ., „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, ტფილისი, 1902. — გვ. 166.
  4. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, თბ., 1926