თამარ მუხრანბატონი

თამარ მუხრანბატონი (გ. 1683) — დედოფალთ-დედოფალი[1], ვახტანგ V-ის ძმის კონსტანტინეს ასული, ბაგრატ IV-ის მეუღლე, იმერეთის დედოფალი. ლევან III დადიანის მეუღლე, გიორგი III გურიელის მეუღლე.

1661 წელს თამარ მუხრანბატონი ლევან III დადიანს გააყოლეს ცოლად. იმერეთში გამეფებული შინაფეოდალური ბრძოლების დროს, მას შემდეგ რაც ბაგრატ IV მეორედ ავიდა სამეფო ტახტზე (1663 წ.), იგი კათალიკოს სვიმონ ჩხეტიძის მეთაურობით გააშორეს ლევან III-ს და ბაგრატს შერთეს ცოლად.

1678 წელს იმერეთის სამეფო ტახტს ბაგრატ IV-ის ნაცვლად იკავებს არჩილ II, რომელმაც სკანდის ციხეში მეფისაგან საგანგებოდ გამოკეტილი თამარი გამოიყვანა და თავის პირველ ქმარს ლევან III დადიანს დაუბრუნა.

1679 წელს სამეფო ტახტს და თამარსაც იბრუნებს ბაგრატ IV. 1681 წელს გარდაიცვალა ბაგრატ IV და იმერეთის ტახტზე ადის უზურპატორი გიორგი III გურიელი, რომელმაც გაუშვა თავისი ცოლი დარეჯანი (ბაგრატ IV-ისა და თამარის ასული) და შეირთო სიდედრი, თამარ მუხრანბატონი.

1683 წელს სამეფო ტახტიდან ჩამოაგდეს გიორგი გურიელი, რომელმაც თამარი დადიანთან გაუშვა მოციქულად, რათა ოდიშელები ალექსანდრე მეფეს არ მიმხრობოდნენ. სწორედ ამ დროს მოციქულობის ჟამს გარდაიცვალა თამარ მუხრანბატონი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • ლ. სანიკიძე, უქარქაშო ხმლები, წიგნი III, თბ., 1978
  1. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. II, თბ., 1993, გვ. 284