თავდგირიძეები (ზოგჯერ თავდირიძე, თაქთირიძე თადგირიძე, თაგდირიძე) — ფეოდალური საგვარეულო სამხრეთ საქართველოში.

თავდგირიძეები
პერიოდი XIV საუკუნე - XIX საუკუნე
წარმოშობის ადგილი სამცხე-საათაბაგო
ქვეშევრდომობა ოსმალეთის იმპერია, გურიის სამთავრო
სამფლობელოები ქვემო გურია, აკეთი
სასახლეები მამუკას ციხე
სამოქალაქო საქმიანობა გურიის სამთავროს ბოქაულთუხუცესი
ჩურუქ-სუს ბეგი

წარმოშობა

რედაქტირება

იოანე ბატონიშვილის ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე „თადგირ“, ბუზმუნიელთა თავადი ვანის მხარეს, 1211 წელს, რომლებიც ახალციხეში მოვიდნენ. ეს ცნობა სარწმუნოდ არ მიიჩნევა გარდა იმ ნაწილისა, რომლის მიხედვითაც გვარი მისი მამათავრის, თადგირის სახელიდან მომდინარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით თავდგირიძეების თავდაპირველი საცხოვრისი სამცხე-საათაბაგოში იყო. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა“. გვარის პირველი წარმომადგენლები არიან ფოცხუერ თავდგირიძე (XIV ს.) და ამირა თავდგირიძე (XV ს.)

თავდგირიძეები გურიის სამთავროში

რედაქტირება

სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, XVII საუკუნის შუა წლებში თავდგირიძეები გადავიდნენ გურიაში. გურიაში დამკვიდრებულ თავდგირიძეებს შორის პირველები არიან მირზაბეგ და გიორგი თავდგირიძეები. თავდგირიძეებს სჭირდებოდათ მთავრის ხელისუფლების კეთილგანწყობა. ისინი მალე დაწინაურდნენ. გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო ქაიხოსრო I გურიელის ასული დარეჯანი. გიორგი III გურიელმა კი მიზარბეგ თავდგირიძეს უბოძა მაჭუტაძეების და მელიმონაძეების ბეითალმანი მამულები, თითქმის მთელი ქვემო გურია: აჭყვისთავი, ჭახათი, ჩაქვი, ქობულეთი, ასევე აცანა. გიორგი III-მ მირზაბეგ თავდგირიძეს აევე მისცა ბოქაულთუხუცესობა. ამის შემდეგ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, გურიის სამთავროში ბოქაულთუხუცესის თანამდებობას თავდგირიძეები მემკვიდრეობით იღებდნენ.

XVII საუკუნის ბოლოს თავდგირიძეები დაწინაურდნენ, მათ ს ეჭირათ მთელი ხინოწმინდის საეპისკოპოსო მისი საწმყსოთი, ბათუმი და გონიო. 1772 წელს იოჰან გიულდენშტედტის ცნობით თავდგირიძეები ფლობდნენ ქობულეთსა და ალამბარს. ალამბარში მათ ჰქონდათ საგვარეულო ციხე-სიმაგრე მამუკას ციხე. თავდგირიძეებმა მალევე დაარღვიეს გურიელებისადმი ვასალური ერთგულების პირობა, რის გამოც მთავარმა მათ ბათუმის მხარე ჩამოართვა და თავის სახასოდ განაწესა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავდგირიძეთა სახლის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა ბათუმს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი. დაიწყო დაპირისპირება მართლმადიდებელ და მუსლიმ თავდგირიძეებს შორის, რამაც ოსმალეთს კიდევ უფრო გაუადვილა ქვემო გურიის დაპყრობა.

გიორგი თავდგირიძის შემდეგ თავდგირიძეთა ფეოდალური სახლის ქრისტიანულ შტროს მეთაურობდა გიორგის ძე, მამუკა. მამუკა თავდგირიძე დაუკავშირდა სოლომონ I-ს, რომელიც აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ, და ცოლად შეირთო მისი და. 1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მამუკა თავდგირიძე სოლომონ I-სა და რუსეთის ჯარს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. მან აცნობა სოლომონს 1770 წელს ოსმალეთის 6000-იანი ჯარის მოძრაობა ბათუმიდან ფოთისკენ. ამ ინფორმაციის ფლობამ გადაარჩინა რუსეთის ჯარი, რომელიც ფოთის ალყას ახორციელებდა.

ქუჩუქ-კაინარჯის ზავით ოსმალეთი ქვემო გურიას და თავდგირიძეების სათავადოს დაეპატრონა. მამუკა თავდგირიძემ გაქცევა მხოლოდ ცოლ-შვილის, მათ შორის მემკვიდრე მაქსიმეს ოსმალებისთვის მძევლად დატოვების შედეგად შეძლო. თავდგირიძე საჯავახოში გადავიდა, მას თან ახლდა 400 ადამიანი, აქედან 60 შეიარაღებული კაცი. მამუკა თავდგირიძეს მამია IV გურიელმა უბოძა სოფელი აკეთი. აკეთში გადასული თავდგირიძეები ემზადებოდნენ ქვემო გურიის დაბრუნებისთვის. ამის ხელშესაშლელად ოსმალეთის დავალებით აჭარის ბეგმა აბდულ ხიმშიაშვილმა აკეთში ილაშქრა. მისი ამოცანა თავდგირიძეთა სახლის განადგურება იყო. 1784 წლის ახალ წელს აბდულ-ბეგის ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. მამუკა თავდგირიძეს გიორგი გუგუნავა დაეხმარა და ბრძოლაში აბდულ-ბეგი მოკლეს. ამის საპასუხოდ, იმავე წლის მარტში სოლომონ I-მა ბათუმზე გაილაშქრა, მაგრამ ნაჭიშკრევის ბრძოლაში დამარცხდა და ქვემო გურიის ოსმალეთისგან გათავისუფლება ვერ შეძლო.

მამუკა თავდგირიძე შეეგუა, რომ ძველ სათავადოს ვერ დაიბრუნებდა, შეირთო მეორე ცოლი, მაქსიმელიშვილის ასული და ეყოლა ექვსი ვაჟი: გიორგი, მირზაბეგ, სოლომონ, ალექსანდრე, ფრიდონ, ალმასხან. გიორგი თავდგირიძემ და მისმა შვილებმა, როსტომმა, მამუკამ და მაქსიმემ აკეთში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირას ააშენეს სასახლე, ციხე და აღადგინეს მაცხოვრის ტაძარი. მასვე შესწირეს თეთროსნის ეკლესიიდან გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატი.

1817 წელს გიორგი თავდგირიძე გარდა ბოქაულთუხუცესობისა, ასევე ფლობდა გურიის სამთავროს სარდლისა და მდივანბეგის სახელოებსაც. გიორგი თავდგირიძე შედიოდა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭოში, სადაც აქტიურად იცავდა დედოფალ სოფიოს ინტერესებს. იმავე პოზიციაზე იყო მისი ძმა, ალექსანდრე თავდგირიძე. თავდგირიძე თან გაჰყვა ოსმალეთში გაქცეულ სოფიოს. კიდევ ერთი ძმა, ფრიდონ თავდგირიძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 1819-20 წლების აჯანყებაში და აჯანყების დამარცხების გამო ოსმალეთს აფარებდა თავს, 1832 წელს შეურიგდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას და დაბრუნდა. 1850 წელს თავდგირიძეებს რუსეთის მთავრობამ თავადთა წოდება დაუმტკიცა.

თავდგირიძეები ოსმალეთის იმპერიაში

რედაქტირება

ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ თავდგირიძეთაგან პირველმა ისლამი მამუკა თავდგირიძის ვაჟმა, მაქსიმემ მიიღო. მას ცოლად ჰყავდა დავით გურიელის ასული. აქტიურად ეწეოდა ტყვეთა საყიდვას, მონაწილეობდა ხინოწმინდის საეპისკოპოსოს გაუქმებაში. ისლამის მიღების შემდეგ სულეიმანად იწოდა და დაინიშნა ჩურუქ-სუს კაზის ბეგად. სულეიმანის შვილი იყო მემედ-ბეგი, ხოლო მემედ-ბეგის შვილები ოსმან-ბეგი და ალი-ფაშა.

ოსმან-ფაშა თავდგირიძე

რედაქტირება

1877-1878 წლებში ბათუმის მუთესარიფი იყო ოსმან-ფაშა. ოსმალ-ფაშა იყო ალი-ფაშას ძმა. კარად იცოდა ქართული. ცხობრობდა ქედაში და იყო აჭარის ფაშა. 1878 წელს მან დიდი ძალისხმევა გასწია, რომ აჭარა გამოჰყოფოდა ოსმალეთის იმპერიას და ცალკე საფაშოდ ან საატაბაგოდ ჩამოყალიბებულიყო. ასეთი მოთხოვნით მან ხელი მოაწერა ბრიტანეთის მონარქისადმი გაგზავნილ თხოვნასაც. ამის გამო ოსმალეთის იმპერიის ხელმძღვანელობამ ოსმან-ფაშას ღალატში დსდო ბრალი. 1878 წელს ომსან-ფაშა იმპერიის შიდა რეგიონებში გადასახლდა და ვისაც ნახავდა ქართველ მაჰმადიანს, ყველას მოუწოდებდა, ოსმალეთი დაეტოვბინათ და რუსეთის იმპერიაში გადასულიყვნენ.[1]

ცნობილი თავდგირიძეები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: