ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება

(გადამისამართდა გვერდიდან ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება 1774)

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება (1774) — რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზეკინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.

მემორიალური დაფა ზავის ხელმოწერის ადგილზე

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლი საქართველოს ეხებოდა. ოსმალეთი „საზეიმოდ“ აცხადებდა, რომ იგი ამიერიდან „სამუდამოდ“ იღებდა ხელს იმერეთისაგან ხარკის მოთხოვნაზე, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შევიწროვებაზე. ხელშეკრულებაში იყო სადავო ადგილებიც — იმერეთის ციხებს (ბაღდათი, შორაპანი, ქუთაისი), რომელიც რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა, რუსეთი იმის საკუთრებად ცნობდა, „ვისაც იგი ძველთაგან ეკუთვნოდა“, ხოლო ოსმალეთს უკრძალავდა საქართველოში ახალი რაიონების (ის, რაც „ძველთაგან არ ეკუთვნოდა“) მითვისებას; დამარცხებულმა ოსმალეთმა ვერ შეძლო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების სადავო მუხლების თავის სასარგებლოდ გამოყენება. ამიტომ სოლომონ I-მა საშუალება არ მისცა ოსმალეთს ხელახლა გაბატონებულიყო იმერეთში, ქვეყანა დამშვიდდა და მოსახლეობამაც მნიშვნელოვნად იმატა.

ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით რუსეთმა მიიღო უფლება გამოსარჩლებოდა ოსმალეთის უღელქვეშ მყოფ ქრისტიან ხალხებს (ქართველები, მოლდაველები, რუმინელები), რაც ოსმალეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავდა. ეს კი ხელს უწყობდა ბალკანეთისა და კავკასიელი ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება