ალი-ფაშა თავდგირიძე

ალი-ფაშა თავდგირიძე (თურქ. Çürüksulu Ali Paşa; დ. 1828, ქობულეთი, — გ. 1911, სტამბოლი) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი; წარმოშობით ქობულეთელი თავდგირიძე. წლების განმავლობაში ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო.

ალი-ფაშა მის რაზმთან ერთად.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბოლში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში, ქვემო გურიაში, რომელიც უკვე ჩურუქ-სუს სახით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1853–1856 და 1877–1878) ომებში. 1877–1878 ომის დროს მეთაურობდა ადგილობრივებისგან შემდგარ ჯარებს ბათუმსა და მის ოლქში. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში. ალი-ფაშა მოლაპარაკებებისას შეხვდა ქუთაისის გუბერნატორს და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ. სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. 1877 წლის შემოდგომაზე ოსმან-შაფასთან ერთად თავს დაესხა ლეღვაში მდგომ რუსეთის იმპერიის ჯარს და გაანადგურა ის.

ომის შემდეგ ადასახლდა; ხელს უწყობდა ქართველი მუსლიმების მიგრაციას ოსმალეთში, მუჰაჯირობას. ომის შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარა შეიერთა, ბევრი ქართველი მუსლიმი გადასახლდა ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით. ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში. ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და მოუწოდებდა, არ დარჩენილიყვნენ, მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო. ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბოლში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა. ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით.

ოსმალეთში ადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მისი რაზმი გამოირჩეოდა თვითნებობით და დაუმორჩილებლობით. სახელი გაითქვა როგორც მექრთამემ და ფულის გამომძალველმა. ანდაზაც იყო გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“. 1883 წლის ცნობით აკლებული ჰქონდა ორდუ, ფაცა და უნიე. იმუქრებოდა რუსეთის იმპერიაში გადასვლით. ალი-ფაშას მხარს უჭერდა სულთან აბდულჰამიდ II-ის ქართველი იუსტიციის მინისტრი. მისი მხარდაჭერით ალი-ფაშამ გაზარდა საკუთარი სამხედრო შენაერთი და გავლენა. 1886 წლის თებერვალში ბალკანეთში ანტიოსმალური აჯანყების დროს მან ორდუს ქართველებისგან შეაგროვა 10-ათასიანი ლაშქარი და შესთავაზა სამსახური სულთანს. 7 აგვისტოს მან მიიღო სულთნის საპატიო ადიუნატის წოდება. 1887 წლის 25 მაისს გადასახლდა სტამბოლში. გარდაიცვალა სტამბოლში 1911 წელს. დაკრძალულია იქვე, ფათიჰის მეჩეთის ეზოში.

ალი-ფაშას ფაშას დედა იყო ლაზი ქალი დინდინ ხანუმმა. დინდინ ხანუმი ძლიერი და გაბედული ქალი იყო, აქტიურად იბრძოდა ყირიმის ომში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის სულთნის კარამდე ჩავიდა შვილისთვის ფაშას ტიტულის სათხოვნელად.

ალი-ფაშას პირველი ცოლი იყო აბდულა სეფერ-ბეგის ასული ფირუზ-ხანუმი, რომელზეც ის დაქორწინდა ბათუმში 1876 წელს და გაეყარა ტრაპიზონში 1881 წელს. ოსმალეთში მან შეირთო ორი ცოლი ჰამიდე ხანუმი და მერიემ ხანუმი (მენაბდე და ქარცივაძე). 1909 წელს ის „დროების“ ჟურნალისტმა მოინახულა მის სახლში, სტამბოლში. ჟურნალისტი გადმოსცემდა თავდგირიძის ღია და ემოციურ საუბარს ცოლთან, ქარცივაძესთან, გურულ კილოზე.[1]

ხალხურ ფოლკლორში

რედაქტირება

ოსმალეთისადმი ღალატის ფაქტია ასახული მასზე შექმნილ ხალხურ სიმღერაში „ალი-ფაშა“. ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა წყაროების ცნობით ეს ფაქტი არ დასტუდება.

ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეშვი
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 431.
  • ქასაბი მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012;
  • ჭიჭინაძე ზ., „თავდგირიძიანთ გვარის ღალატი და ალი ფაშა თავდგირიძე“, თბილისი: გურიის სულიერი და კულტურული ფასეულობების შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი, 2007 ISBN 978-99940-69-80-4.
  • ჭიჭინაძე ზ., ალი-ფაშა თავდგირიძე, ახალ-სენაკი, 1896.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება