გრიგოლ გურიელი (დ. 1812, ოზურგეთი — გ. 20 ოქტომბერი, 1891) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, მეცენატი, ბიბლიოფილი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი.

გრიგოლ გურიელი
დაბადების თარიღი 1812
ოზურგეთი, გურიის სამთავრო
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 1891
ოზურგეთი
დაკრძალულია წმ. მარინეს ეკლესია
რეზიდენცია ოზურგეთი
ეროვნება ქართველი
ეთნიკურად ქართველი
ქვეშევრდომობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა მეცენატი, ბიბლიოფილი, სამხედრო მოღვაწე
წოდება გენერალ-მაიორი
მშობლები მამა: დავით გურიელი
ნათესავები გიორგი V გურიელი(ბაბუა)
მამია V გურიელი (ბიძაშვილი)
ლევან გურიელი (ძმა)

ბიოგრაფია

რედაქტირება

გრიგოლ გურიელის მამა, დავით გურიელი, გიორგი V გურიელის შვილი იყო. დავით გურიელი გურიის სამთავროს რუსეთთან შეერთების შემდეგ სტამბოლში წავიდა და იქ დარჩა. მამის ემიგრაციის შემდეგ პატარა გრიგოლ გურიელი კინტრიშის ხეობაში იზრდებოდა ახლო ნათესავ ჯაშის ოჯახში.[1]1818 წლიდან დააბრუნეს ოზურგეთში. ოჯახში შეისწავლა წერა-კითხვა და გურიის სამთავროს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ შევიდა რუსეთის არმიის სამსახურში.

1850 წელს მას უკვე მიღებული ჰქონდა პორუჩიკის წოდება. მონაწილეობდა ყირიმის ომში. შემდეგ გახდა პოლკოვნიკი. 1860-იან წლებში იყო გურიის მილიციის უფროსი, 1877-78 წლის რუსეთ-ოსმალეთის ომამდე იყო ჩოლოქის მონაკვეთზე რუსეთ-ოსმალეთის სასაზღვრო, ე. წ. საკორდონო ჯარის უფროსი. 1873 წელს მხარში ედგა დიმიტრი ბაქრაძეს, რომელიც გურიაში მოგზაურობდა არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მიზნებით. 1874 წელს გაგზავნილ იქნა აჭარაში მის ნათესავ და მეგობარ შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილთან მოსალაპარაკებლად. გურიელის ამალას საიდუმლოდ თან ახლდა რუსეთის არმიის გენშტაბის პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი, რომლის მიზანი იყო შეეგროვებინა სამხედრო და სტატისტიკური ცნობები ოსმალეთის შესახებ.[2] 1877 წელს აწარმოებდა მოლაპარაკებებს ხიმშიაშვილთან და აჭარის მმართველ სხვა ბეგებთან. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშა თავდგირიძეც. 1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, სადაც ორი ორდენი დაიმსახურა. 1878-1880 წლებში იყო ბათუმის ოლქში შემავალი ბათუმის ოკრუგის უფროსი. ამ პერიოდში მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ბათუმის ოკრუგის უფროსობის დროს ცდილობდა, ხელი შეეშალა მუჰაჯირობისთვის, უშუალოდ ხვდებოდა მოსახლეობას და არწმუნებდა, დარჩენილიყვნენ საცხოვრებლად სამშობლოში. 1879 წლის 18 მარტს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე სოფელ ფერიაშ დაუპირისპირდა ვინმე მაჰმუდ-ოღლის. იმავე წლის 27 ოქტომბერს მას შეხვდა ბათუმის ოლქის პირველი გენერალ-გუბერნატორი კომაროვი და მოსთხოვა, ყურადღება მიექცია ოკრუგის მოწესრიგებისთვის და ომისგან დაზარალებული მხარის აღდგენისთვის, ნაცვლად მუჰაჯირობასთან ბრძოლისა. ადგილობრივი მაჰმადიანი მოსახლეობა დიდი პატივს სცემდა და აფასებდა გურიელს. [3]როდესაც 1880 წლის 13 აპრილს ტოვებდა ოკრუგის უფროსის პოსტს, მას მისტიროდა ადგილობრივი მოსახლეობა.[4]

იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის ბიძაშვილი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მის სახლში ოზურგეთში იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები, თეატრალური წარმოდგენები. გურიელის ხარჯით მრავალი მოსწავლე იღებდა განათლებას სამაზრო და სასულიერო სასწავლებლებში, დიდი ამაგი დასდო ოზურგეთში სასულიერო სასწავლებელს. სახლი, რომელიც სპეციალურმა კომისიამ 28000 მანეთად შეაფასა. 13 ათას მანეთად მიჰყიდა მთავრობას სასულიერო სასწავლებლისთვის. 1884 წელს მან 620 მანეთი შესწირა ოზურგეთის სკოლებს.[5] ეხმარებოდა და სწავლაში ხელს უმართავდა ძმისწულს, ვანო დათას ძე გურიელს, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის კლასელი იყო. და აფინანსებდა მის სწავლას პეტერბურგში უნივერსიტეტში. ხელს უმართავდა იაკობ მარის ოჯახს და აფინანსებდა ახალგაზრდა ნიკო მარის სწავლას ჯერ ოზურგეთში და შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ეხმარებოდა მაზრის სკოლებს, განსაკუთრებით ეხმარებოდა ჩიბათის სკოლას, ოზურგეთის სასულიერო და სამაზრო სასწავლებლებს.

ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა სოფელ ორაგვეში. ჰქონდა არქეოლოგიური და ხელნაწერთა კოლექცია. 1886 წელს გურიელის ხარჯით ილია ჭყონიამ გამოსცა „ქილილა და დამანა“, რომლის მთელი ტირაჟი გრიგოლმა გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. გარდა ქილილა და დამანასი გრიგოლ გურიელის გამოცემული წიგნებია: „სიბრძნე სოლომონ მეფისა“; „წიგნი ეკლესიასტე მეფე სოლომონ ბრძენისა“[6], „ქართველ მაჰმადიანთა ლოცვები“. იცოდა რუსული, თურქული და ინგლისური ენები. 1887-1888 წლებში მის ბიბლიოთეკაში მდივნად მუშაობდა ეგნატე ნინოშვილი. 1890 წელს მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოებისგან მიიღო მადლობის წერილი. 1891 წელს მისი ხელშეწყობით მუსლიმი ქართველების ერთო ოჯახი ოსმალეთიდან რუსეთის იმპერიაში გადასახლდა, ხოლო კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველ მუსლიმს სწავლა დაუფინანსა.[7]ფლობდა მამულებს ომფარეთში, სადაც ცდილობდა ნავთობის მოპოვებას.[8] 1894 წელს გამოქვეყნდა მისი წერილი „ცნობები გურიის ძველ ნანგრევთა და სიძველეთა შესახებ“. ოზურგეთის სტამბაში დააბეჭდვინა ქართული ლოცვები, რომლებიც შემდეგ ზაქარია ჭიჭინაძემ გაავრცელა.

შთამომავლობა არ დარჩენია. ანდერძის თანახმად დაკრძალეს ოზურგეთის წმინდა მარინეს ეკლესიის გალავანში.

ნათესავები

რედაქტირება

მისი ძმა, ლევან დავითის ძე გურიელი იყო გენერალ-ლეიტენანტი. მონაწილეობდა ყირიმის ომში 1853–1855 წლებში. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა ნიგოითის ბრძოლასა და ჩოლოქის ბრძოლაში. სარდლობდა გურიის ჯარში შემავალ გურიისა და იმერეთის რაზმებს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსამლეთის 1877–1878 წლების ომში. გარდაიცვალა 1888 წლის 12 მაისს, თბილისში. ლევან გურიელი მონაწილე იყო ტყვეთა სყიდვისა, ხშირად ცდილობდა არა მარტო საკუთარი, არამედ მისი ძმის ყმებიც გაყიდვასაც, რასაც გრიგოლ გურიელი არ ანებებდა.[9] ამის გამო ლევან გურიელს 1860 წელს გლეხები სიკვდილითაც ემუქრებოდნენ.

გრიგოლ გურიელის ძმისშვილი, ვასილ ლევანის ძე გურიელი იყო გენერალ-მაიორი, დაიბადა 1861 წელს. ოზურგეთში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის ადიუტანტი. 1893 წლიდან კავკასიის მეფის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი. გარდაიცვალა 1914 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგოლიშვილი ო. „გამოჩენილი პიროვნება და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ გურიელი“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ გვ. 283-287 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზეთი „ივერია“ N16, 1880
  2. ყაზბეგი გ. „სამი თვე თურქეთის საქართველოში“ – ბათუმი, 1997
  3. ფრენკელი ა. „ბათუმი და ჩურუქ-სუ“ გვ. 36 – ბათუმი 1885 (რუსული)
  4. გაზეთი „დროება“N39 გვ. 2, 1881 წ.
  5. გაზეთი დროება, N320 – 1884 წ.
  6. გაზეთი „ივერია“ N231 — 1890 წ.
  7. გაზეთი „ივერია“ N184 1891 წ.
  8. გაზეთი „ივერია“, N25 გვ. 2 2 თებერვალი, 1895
  9. ლევან ძნელაძე, „ეპიზოდი გრიგოლ გურიელის ცხოვრებიდან“ — „რაეო“ 2009