სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი V.

გიორგი V გურიელიგურიის მთავარი 1756-1758, 1765-1771 და 1776-1788; გიორგი IV გურიელის ძე.

გიორგი V გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1756, 1765, 1776
მმართ. დასასრული: 1758, 1771, 1788
წინამორბედი: მამია IV გურიელი (1756), მამია IV გურიელი (1765), მამია IV გურიელი (1776)
მემკვიდრე: მამია IV გურიელი (1758), მამია IV გურიელი (1771), სიმონ III გურიელი (1788)
მეუღლე: მარიამ ბაგრატიონი
შვილები: სიმონ III გურიელი, ვახტანგ III გურიელი, ქაიხოსრო ბატონიშვილი, დავით გურიელი, ლევან გურიელი, აღათი
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი IV გურიელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1756 წელს მთავრად დასვა სოლომონ I-მა, რომელმაც დასაჯა მამია IV მის წინააღმდეგ აჯანყებაში მონაწილეობისთვის.[1] შემდეგ სოლომონმა მამია IV შემოირიგა და მთავრად დააბრუნა. 1765 წელს გიორგი მთავრად ჰასან-ფაშამ დასვა. მთავრობდა ოსმალეთის ხელშეწყობით. 1768 წელს იბრძოლა სოლომონის წინააღმდეგ ჩხარის ბრძოლაში თეიმურაზთან და რაჭის ერისთავთან ერთად, მაგრამ დამარცხდა.[2]

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1770 წელს გიორგი V-მ დადო პირობა, რომ დაეხმარებოდა გენერალ ტოტლებენსა და სოლომონ I-ს ფოთის ალყაში, თუმცა პირობა არ შეასრულა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. 1771 წლის 4 იანვარს სოლომონ I-მა ილაშქრა გურიაში, გადააყენა გიორგი V და კვლავ მამია IV გაამთავრა. 1771 წლის ოქტომბერში რუსეთის კორპუსის გენერალ ალექსეი სუხოტინის ჩარევით მამიამ გურიაში დააბრუნა გიორგი V და მას საბატონიშვილო მისცა. სოლომონ I აპირებდა გურიის სამთავროს გაუქმებას, სოლომონმა მამიას ვაჟი დავითი ქუთაისში გაიწვია აღსაზრდელად, მაგრამ დააბრმავა და გურიაში შეჭრა გადაწყვიტა, მაგრამ მას წინ აღუდგნენ ადგილობრივი თავადები და ეპისკოპოსები. ასეთ პირობებში 1776 წელს მამია უკვე საბოლოოდ ტახტიდან გადააყენა გიორგი V გურიელმა. ის მოულოდნელად თავს დაესხა მთავარს და ცოლ-შვილითურთ ბაილეთის ციხეში დააპატიმრა და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მთავრის ტახტზე მდგომარეობა გაიმყარა.

გიორგი V იძულებული იყო შეენარჩუნებინა მშვიდობა გაძლიერებულ იმერეთის სამეფოსთანაც და ოსმალეთის იმპერიასთანაც, რომლის ვასალადაც ითვლებოდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით. 1777 წელს მაქსიმე II-ს მოთხოვნით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის საეპისკოპოსო კათედრები, განაწესა ეპისკოპოსები, დაუბრუნა მათ ფეოდალებისგან მიტაცებული ყმები და მამულები, მიიღო ზომები ტყვის სყიდვის წინააღმდეგ. 1779 წელს მონაწილეობდა რუხის ბრძოლაში. 1784 წელს, ახლი წლის გამთენიისას, ოსმალების დავალებით სოფელ აკეთში შეიჭრა აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი. მამუკა თავდგირიძის სარდლობით გურულებმა სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. თვით აბდულა ბეგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამ შემოსევის საპასუხოდ და ქვემო გურიის გასათავისუფლებლად სოლომონმა იმერეთ-გურიის ჯარით ბათუმისკენ ილაშქრა 1784 წლის მარტში. მან გიორგი გურიელის ვაჟი, სიმონი, მძევლად ქუთაისში დატოვა, ხოლო მეორე ვაჟი, ვახტანგი თან იახლა. სოლომონმა დალაშქრა ჩაქვი და ბათუმის მიმდებარე სოფლები, მაგრამ უკან დაბრუნებისას ციხისძირში გადააწყდა ჩასაფრებას. კაცია II დადიანმა ფოთის ფაშას წინასწარ აცნობა ამ ლაშქრობის შესახებ. ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა და ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა. ბრძოლა გაიმართა 1784 წლის 9 მარტს. ამ ლაშქრობის მარცხის შედეგად გურიის სამთავრომ ვერ შეძლო ქობულეთის მხარის დაბრუნება.

სოლომონის გარდაცვალების შემდეგ გიორგი გურიელმა მხარი არ დაუჭირა ქაიხოსრო აბაშიძეს, რომელიც იმერეთში გამეფებას ცდილობდა. 1784 წლის 30 ოქტომბერს ქაიხოსრო აბაშიძე 6 000-იანი ჯარით გურიაში შეიჭრა. მან ოზურგეთამდე მიაღწია, თუმცა მოსახლეობა გახიზნული დახვდა და ტყვეები ვერ ჩაიგდო ხელში. დავით II 4 000-იანი ჯარით სასწრაფო დაიძრა გურიელის დასახმარებლად და საჯავახოში დადგა, აქედან მან დახმარება სთხოვა კავკასიის ხაზის სარდალს პოტიომკინს, მაგრამ უარი მიიღო. მეფემ ყალბი ხმები გაავრცელა, რომ მის დასახმარებლად რუსეთის ჯარის ნაწილები მოდიოდა. ოსმალები დაფრთხნენ და მთელი საბრძოლო აღჭურვილობა გურიაში დატოვეს. ქაიხოსრო აბაშიძე სტამბოლში გაიქცა. ამის შემდეგ გიორგი V გურიელი შეეცადა რუსეთთან დაკავშირებას, მაგრამ ეს ცდა უშედეგოდ დამთავრდა.

1788 წელს ღრმად მოხუცებული გიორგი V გურიელს ეურჩებოდა ვაჟი, ვახტანგ გურიელი. ვახტანგი ითვისებდა მთავრის ზოგიერთ პრივილეგიას, როგორიც იყო ეპისკოპოსის გამწესება და გადასახადების დადგენა. ასეთ ვითარებაში გიორგი V იძულებული გახდა ტახტი უფროსი ვაჟის, სიმონისათვის დაეთმო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 27.
  • ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან // მაცნე, ტ. 4, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1964. — გვ. 118-141.
  1. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973
  2. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. გელაშვილმა, თბ., 1962, ტ. I, გვ. 169