ტყვეთა სყიდვა
ტყვეთა სყიდვა ან ტყვის სყიდვა — ადამიანებით ვაჭრობის ფორმა, რომელიც საქართველოში XIV-XV საუკუნეებში გაჩნდა და განსაკუთრებით მასშტაბური გახდა მომდევნო XVI - XVIII საუკუნეებში.
ტყვეებად ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყიდებოდა. ტყვეების ყველაზე დიდი ექსპორტიორი დასავლეთი საქართველო იყო – იმერეთის სამეფო, სამეგრელო და გურია. ამ რეგიონებში მოგროვილი ტყვეები ან ანაკლიიდან მიჰყავდათ გემით სტამბოლის ბაზარში, ან აჭარაში გადმოყავდათ, რომელიც იმ პერიოდში ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, და აჭარიდან ანაწილებდნენ.[1]
ყმა-გლეხებით ვაჭრობა ფეოდალებს შორის
რედაქტირებაყმა გლეხის კომლის წევრების ცალ-ცალკე და უმიწოდ გაყიდვას „ტყვედ გასყიდვა“ ერქვა. განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ბატონი გლეხის კომლს შლიდა და მის წევრებს „ტყვეებად“ ჰყიდდა. ამ შემთხვევაში სამართალი ბატონს ყმის უცხოეთში გაყიდვის უფლებას არ აძლევდა, დანაშაულის გამო „ტყვედ“ გაყიდვა უკვე XIII საუკუნეშია დადასტურებული. „ტყვედ“ გაყიდვა გლეხს ფაქტობრივად მონის მდგომარეობაში აყენებდა. ასე გაყიდული გლეხი „ნასყიდის“ სტატუსს იძენდა. ჩვეულებრივ ფეოდალური ქართული სამართლის მიხედვით, ბატონს უფლება ჰქონდა ყმა-გლეხი მთლიან კომლად, საკომლოსთან ერთად გაეყიდა, რაც ამ გლეხის იურიდიულ და ეკონომიკურ სტატუსს არ ცვლიდა და მეურნეობას ზიანს არ აყენებდა.
მეკობრეობა
რედაქტირებასაქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა ტყვის სყიდვის სხვა სახეც: უცხოელი თუ ადგილობრივი მეკობრეები ადამიანებს იტაცებდმემ და უცხოეთში ყიდდნენ. ბერძენთა, რომაელთა, ბიზანტიელთა და სხვების ბატონობის დროს არსებული მონათვაჭრობა განსაკუთრებით გაძლიერდა შავი ზღვის ნაპირებზე გენუელთა კოლონიზაციის დროს (XIV—XV საუკუნეები). მონათვაჭრობის ცენტრი იმ დროს აქ ცხუმი იყო. XVI საუკუნიდან გენუელი მონათვაჭრები ოსმალებმა შეცვალეს.
ტყვეებით საერთაშორისო ვაჭრობა
რედაქტირებაგვიანდელი შუა საუკუნეებში გავრცელდა ტყვეებით ვაჭრობა უცხოეთში. ეს ქართული ფეოდალური სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა. ტყვეებით ვაჭრობა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში იმ მასშტაბის გახდა, რომ იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ საეკლესიო კრება მოიწვია და ტყვეებით ვაჭრობაზე სიკვდილით დასჯა დააწესა.
ტყვეებით ვაჭრობამ განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო XVII საუკუნეში დასავლეთ საქართველოში. ჟან შარდენის ცნობით მხოლოდ სამეგრელოდან ყოველწლიურად 3000 ტყვე გაჰყავდათ ოსმალეთის იმპერიაშ, სადაც ვაჟებს იანიჩარების რაზმში რიცხავდნენ, ხოლო ქალებს ჰარამხანებში. შარდენისვე ცნობით ტყვეთა სყიდვამ სამეგრელოს მოსახლეობა 30 წლის განმავლობაში 40 ათასიდან 20 ათასამდე შეამცირა. შარდენის გარდა ტყვეებით ვაჭრობის შესახებ ცნობებს იძლევიან ქრისტეფორე კასტელი, ჟან ბატისტ ტავერნიე, არქანჯელო ლამბერტი, ევლია ჩელები და სხვები.
ირანი და ოსმალეთი მათზე დამოკიდებულ ქართველ მეფე-მთავართაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ტყვეებით ვაჭრობა არ აეკრძალათ. ტყვის სყიდვას პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა — იგი ფეოდალთა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. ტყვეებით ვაჭრობდნენ როგორც საერო, ისე სასულიერი პირები ― უმთავრესად მთავრები და თავადები. ტყვეებით ვაჭრობის ცენტრები იყო ზღვისპირა პუნქტები (გონიო, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ანაკლია, სოხუმი) და ახალციხე. XVII საუკუნის შუა რიცხვებში ზღვის სანაპირო პუნქტებიდან ყოველწლიურად დაახლოებით 4 ათასი ტყვე იყიდებოდა. პროგრესული საერო და საეკლესიო მოღვაწეები ენერგიულად ებრძოდნენ ტყვეებით ვაჭრობას, როგორც ეროვნულ უბედურებას და „სჯულია საწინააღმდეგო“ საქმეს. კათალიკოსები შეჩვენებით ემუქრებოდნენ ტყვეებით მოვაჭრეებს. კათოლიკე მისიონერების დაჟინებით ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ 1640-იან წლებში გარკვეული ზომები მიიღო ლევან II დადიანმა.
1701 წელს იერუსალიმის პატრიარქის მოთხოვნით თავიანთ საბატონოებში ტყვის სყიდვა აკრძალეს დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა, ტყვეებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეზღუდა ვახტანგ VI-მ. ტყვეებით ვაჭრობასთან ბრძოლაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა. 1759 წელს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე გურიაში ქაიხოსრო ბატონიშვილის მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი და მათთვის მძიმე სასჯელი დააწესა: მსხვილ ფეოდალებს ყმა-მამულს ართმევდნენ, სხვებს კი ცოცხლად წვავდნენ. როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება შესუსტდებოდა, ტყვეებით ვაჭრობა კვლავ გაცხოველდებოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ტყვის სყიდვის შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ აქა-იქ შუა წლებშიაც შეინიშნებოდა.
ხარკი
რედაქტირებაXVII—XVIII საუკუნეებში ირანი და ოსმალეთი ხელქვეითი ქართული სახელმწიფოების მიერ შაჰისა და სულთნისთვის გასაგზავნი ხარკი და მისართმეველი („ძღვენი“, „ფეშქაში“) ტყვეებსაც გულისხმობდა. XVII საუკუნეში სულთნის ყოველწლირად იმერეთის მეფე 80, დადიანი 40, გურიელი კი 46 ქალ-ვაჟს უგზავნიდა. ქართლის მეფე სიმონ I შაჰს ნაყიდ არაქართველ ტყვეებს უგზავნიდა. სპარსეთში ქართველი ტყვეების გაგზავნა მეფე როსტომმა დააწესა. ვახტანგ VI კვლავ ირანში არაქართველ ნაყიდ ტყვეებს აგზავნიდა. შემდეგში ქართლ-კახეთის სამეფო შაჰს ორ წელიწადში ერთხელ 9 ტყვეს უგზავნიდა. ტყვეთა გაგზავნა მორჩილების ერთ-ერთი ძიერითადი ნიშანი იყო და მასზე უარის თქმა აჯანყებას ნიშნავდა. სპარსეთისა და ოსმალეთისათვის ტყვეების გაგზავნა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774 წლების ომის შემდეგ შეწყდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 88.
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 395-425.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;