სოხუმი
სოხუმი (აფხ. Аҟəа [აყჿა], იხსენიებოდა როგორც — „აყუ“; ადრინდელი ქართული სახელწოდება ცხუმი) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, შავიზღვისპირა კურორტი. აფხაზეთის ომამდე იყო საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი, მოქმედებდა ნავსადგური, რკინიგზის ორი სადგური და აეროპორტი. ომის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი წინანდელი მნიშვნელობა. ამჟამად ქალაქზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა და წარმოადგენს მის დედაქალაქს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სოხუმი აფხ. Аҟəа | |||
| |||
ქვეყანა | საქართველო | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | სოხუმის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 43°00′12″ ჩ. გ. 41°00′55″ ა. გ. / 43.00333° ჩ. გ. 41.01528° ა. გ. | ||
ადრეული სახელები |
სებასტოპოლისი, დიოსკურია, ცხუმი, სუხუმ-ყალე | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1847 | ||
ფართობი | 27 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა | ||
მოსახლეობა | 65168 კაცი (2018) | ||
სიმჭიდროვე | 2796 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 და მოსკოვის დრო | ||
საფოსტო ინდექსი | 384900 | ||
საავტომობილო კოდი | ABH | ||
ოფიციალური საიტი | abkhazia.gov.ge/cities/SOKHUMI | ||
გეოგრაფია
რედაქტირებასოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 23,3 კმ². 1987 წლის მონაცემებით განაშენიანებული იყო ქალაქის 42%. მდინარეები გუმისთა, კელსაური და ბესლეთი შავ ზღვას ერთვიან ქალაქის ფარგლებში და მის სიახლოვეს.
ქალაქსა და მის მოდამოებში გავრცელებულია მრავალგვარი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები და ციტრუსოვანთა ნარგავები. სოხუმში მრავალი პარკია, მათგან აღსანიშნავია სოხუმის ბოტანიკური ბაღი და სინოპის დენდროპარკი, სადაც 900-ზე მეტი სახეობის მცენარეა. იქვე არის სპილოს პალმის ხეივანი. 1987 წლის მონაცემებით ქალაქში გამწვანებული იყო 842 ჰა.
ჰავა
რედაქტირებაჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,8-6°C, აგვისტოსი — 23°C. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 15°C. ნალექების წლიური რაოდენობაა 1480 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათი. ყინვები იშვიათია. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ჰაერის შეფარდებითი სინოტივეა 70%, ზაფხულში — 75%.
სახელწოდება
რედაქტირებაქალაქის ძველი სახელწოდებაა „ცხუმი/ცხომი“, რაც ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სავარაუდოდ რცხილას (სვანურად „ცხჳიმრა“, „ცხჳიმ“; ზან. „ცხიმური“) ან თევზის (ზან. „ჩხომი“) სახელებიდან. ქართული „ცხუმიდან“ მიღებულია მისი თურქიზებული ფორმა „სუხუმ“ (თურქ. Suhum), რამაც შემგდომში ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ენებში, მათ შორის თავად ქართულში. ქალაქს აფხაზურად ეწოდება „აყჿა“ (Аҟəа).
ისტორია
რედაქტირებაუძველესი დასახლებები
რედაქტირებასოხუმის მიდამოები დასახლებული იყო ძველი ქვის ხანიდან. ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლებია აჰბიუქი და გუად-იხუ. ეს სამოსახლოები გორაკ-ბორცვებზე განლაგებული წრიული ნაგებობებია, სადაც აღმოჩნდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჭურჭლის, იარაღის და საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი რაოდენობა.
დიოსკურია
რედაქტირებაგვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვან პუნქტად იქცა. ძველი წელთაღრიცხვით VI საუკუნეში მილეთელმა ბერძენმა ვაჭრებმა აქ დააარსეს სავაჭრო ქალაქი, რომელსაც „დიოსკურია“ (ბერძ. Διοσκουριάς) უწოდეს. ამ სახელწოდებას უკავშირებენ არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე ტყუპი ძმების — კასტორისა და პოლიდევკეს, რომლებსაც ძველ სამყაროში უწოდებდნენ დიოსკურებს. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ მიხედვით ისინი თან ახლდნენ იასონს კოლხეთში მოგზაურობისას. არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „დიოსკურია“ ზანური წარმოშობის სახელია — „დიო-/დია-“ — დედა, ქალღმერთი, „-სკური“ — წყალი, მდინარე, ანუ „წყლის დედა/მდინარის ქალღმერთი“.
დიოსკურიის ნანგრევები ამჟამად მოქცეულია წყალქვეშ, სოხუმის ყურეში. დიოსკურია იმართებოდა დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ. აღმოჩენილია ამ პერიოდის რამდენიმე განძი, რაც მიუთითებს დასახლების მაღალ ეკონომიკურ და მატერიუალურ განვითარებას. ელინისტური პერიოდის შემდეგ ქალაქი დროებით დაკნინდა. მისი შემდგომი აღმავლობა უკავშირდება პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს, რომელმაც კოლხეთს დაპყრობის შემდეგ პროვინციულ ცენტრად დიოსკურია არჩა. სადაც მან ააგო რეზიდენცია და ჭრიდა მონეტებს. რომაელებთან დამარცხებული მითრიდატე ძვ.წ. 65-64 წწ ში სწორედ დიოსკურიაში იმყოფებოდა. დიოსკურია საბოლოოდ გაანადგურა მითრიდატეს შვილმა მახარემ, რომელიც ძვ.წ. 47 წელს თავს დაესხა კოლხეთს, ბრძლაში დაამარცხა და მოკლა კოლხეთს მეფე არისტარქე და აფხაზეთის მხრიდან შემოჭრილმა ყველა დასახლება გაანადგურა რაც სანაპიროზე შეხვდა ქალაქ სურიუმამდე (ვანი).
სებასტოპოლისი
რედაქტირებაძვ. წ. I საუკუნეში რომის იმპერიამ დაიპყრო პონტოს სამეფო და შავი ზღვის სანაპირო. მათ დიოსკურიის ადგილას 75 წელს ააგეს ციხე-ქალაქი და მას სებასტოპოლისი უწოდეს. აქ იდგა რომაელთა ერთი კოჰორტა, რომელიც შედიოდა რომის XIII ლეგიონის შემადგენლობაში. სებასტოპოლისი ძველი დიოსკურიის მესამე აღმავლობა იყო. ფლავიუს არიანეს მოგზაურობისას იგი აღწერილია როგორც კარგად გამაგრებული ქალაქი სადაც გაცხოველებული ვაჭრობა მიმდინარეობს და მეზობელი ტომებისთვის სასიცოცხლო ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს. შავი ზღვისპირეთში გუთების შემოსევების პერიდში (138-224 წწ) სებასტოპოლისს ორჯერ დაეხნენ თავს ზღვვიდან 138 და 140 წელს. პირველად რომაელებმა შეძლეს მათ მოგრიება, თუმცა მეორე შემოსევისას გუთებმა გარნიზონი ამოწყვიტეს და ქალაქი გაძარცვეს, რომის დასუსტების შემდეგ დაახლ. IV საუკუნიდან ქალაქი გახდა აფშილეთის სამთავროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი.
VI საუკუნის დასაწყისში სოხუმი ბიზანტიის იმპერიამ დაიქვემდებარა. ბიზანტიელებმა ისარგებლეს ლაზების და აფშლების კონფლიქტით და აქ გარნიზონი ჩააყენეს. ეგრისის დიდი ომის მიმდინარეობისას ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა გაიყვანა ჯარები სოხუმიდან და დაარღვია მისი სიმაგრე. 565 წელს კი მანვე აღადგინა ქალაქი და ციხესიმაგრე. სოხუმი კვლავ დაწინაურდა. VIII საუკუნის ბოლომდე სოხუმი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბიზანტიელთა ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო. 736 წელს ქალაქი დაარბია არაბთა ლაშქარმა მურვან ყრუს სარდლობით.
ცხუმი
რედაქტირებაVIII საუკუნის ბოლოდან აფხაზთა სამეფოს შექმნის შემდეგ სოხუმი ცხუმის საერისთავოს ცენტრი გახდა. აქვე იყო საეკლესიო კათედრალი. აყვავება განიცადა XI-XIII საუკუნეებში საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. პერიოდში ბაგრატიონებმა დიდ ყურადღებას იჩენდნენ ქალაქის მიმართ. აქ მათ ააგეს საკათედრო რეზიდენცია, საზაფხულო სასახლე და სოხუმის ყველაზე მძლავრი ციხე ბაგრატის ციხე, რომელიც 999 წელს ააგო ბაგრატ III-მ. ქალაქი იქცა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად.
XIV საუკუნის დასაწყისში გენუის რესპუბლიკამ დააარსა სავაჭრო ფაქტორია სოხუმში, ისევე როგორც ფოთსა და გონიოში. ფაქტორია ფუნქციონირებდა 1478 წლამდე. მან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. ფაქტორიას მართავდნენ გენუის დოჟის მიერ დანიშნული კონსულები.
კონსულები | მმართვ. წლები |
---|---|
ამბროჯიო დი პიეტრო | 1354 |
ბენისე დრაგუსი | 1373 |
ნეაპოლიტანუს დი სტაპპა | 1374 |
ანტონიუს დი ლაზარო | 1381 |
ინოფიუს დი მარი | 1382 |
სტეფანო დი ფრანჩი | 1448 |
პიეტრო დი ლაველო | 1449 |
პაოლო დი ლაველო | 1450 |
ჯჯოვანი დორია | 1450-1454 |
ფილიპო დი კალავარეცა | 1454 |
ლორენცო დი პინელი | 1455 |
დრანჩესკო ლომელინო | 1456 |
1359 წელს ცხუმის სამთავრო ხელში ჩაიგდეს დადიანებმა და ის ოდიშის სამთავროს შეუერთეს. 1451 წელს სოხუმი მცირე ხნით აიღო ოსმალეთის იმპერიამ. ოსმალური ფლოტი ზღვიდან დაესხა თავს ქალაქს, აქ მათ მოუწიათ არამარტო ადგილობრივებთან არამედ გენუის ფაქტორიის დამცველ კონდოტიერებთან შეტაკება, ოსმალებმა ქალაქის შენარჩნება ხოლოდ ერთი წლით შეძლეს. 1478 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა გენუელთა სავაჭრო ფაქტორიამ.
ოსმალეთის იმპერიაში
რედაქტირებაXVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიამ მეორედ აიღო ქალაქი. ლამაზი მდებარეობის გამო მას „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. 1578 წელს ოსმალეთის იმპერიამ მეორედ აიღო ქალაქი. ლამაზი მდებარეობის გამო ოსმალები სოხუმს „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. სოხუმი აფხაზეთში ოსმალთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. 1724 წელს ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. 1725 და 1728 წლებში ადგილი ჰქონდა ანტიოსმალურ აჯანყებებს, მაგრამ ქალაქი ოსმალთა ხელში რჩებოდა. 1771 წელს აჯანყების შემდეგ ქალაქი განთავისუფლდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალებმა იგი კვლავ დაიკავეს. ოსმალთა ბატონობის ხანაში ქალაქი დაქვეითდა. იგი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი გახდა. XVIII საუკუნის ბოლოდან სოხუმი აფხაზეთის მთავრების რეზიდენცია გახდა, თუმცა შარვაშიძეებმა ვერ შესძლეს ქალაქისთვის ძველი მნიშვნელობის დაბრუნება და ქალაქი ოსმალების დაქვემდებარებაში რჩებოდა.
რუსეთის იმპერიაში
რედაქტირება1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გახდა და სოხუმი რუსეთის ჯარმა აიღო. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო, 1846 წელს ნავსადგურად გამოცხადდა, 1847 წლიდან კი ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის დროს, 1855 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის სამთავრო და სოხუმი დაიკავეს ოსმალებმა. მათ ციხე-სიმაგრე დაანგრიეს, ქალაქი კი გადაწვეს. 1856 წლის 27 მაისს ოსმალები გავიდნენ სოხუმიდან. 1865 წელს გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და სოხუმი გახდა სოხუმის სამხედრო განყოფილების ცენტრი. 1866 წელს მოხდა საერთო-სახალხო აჯანყება. აჯანყებულებმა აიღეს ქალაქი, მაგრამ ვერ მოახერხეს ციხე-სიმაგრის აღება. აჯანყება ჩახშობილ იქნა. რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1877-78 წლების ომის დროს სოხუმი კვლავ აიღეს ოსმალებმა და დაარბიეს. 1883 წლიდან იყო სოხუმის ოკრუგის ცენტრი. 1892 წელს სოხუმმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო. 1904-1905 წლებში შედგა ნოვოროსიისკი-სოხუმის ტროლეიბუსის ხაზის პროექტი, თუმცა არ განხორციელდა.[1]
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
რედაქტირება1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სოხუმი აღმოჩნდა ამიერკავკასიის კომისარიატის მმართველობის ქვეშ. 1918 წელს იყო ორი მცდელობა ქალაქში ბოლშევიკური ხელისუფლების დმაყარებისა. პირველი ცდა განხორციელდა 15-21 თებერვალს. 15 თებერვალს სოხუმის ნავსადგურში გაჩერდა კრეისერი „დაკია“, რომელზეც კავკასიის ფრონტიდან დეზერტირი რევოლუციონერები იმყოფებოდნენ. ინციდენტი მოხდა გემის მატროსებსა და თავად ნიკოლოზ ემხვარს შორის. ემხვარსა და მატროსებს შორის კონფლიქტს შედეგად მოჰყვა ემხვარის მხრიდან ერთი ჯარისკაცის მკვლელობა და ერთის დაჭრა. გემის კაპიტანმა ქალაქის ხელისუფლებამას მოსთხოვა ემხვარის გადაცემა, რაზეც უარი მიიღო. ამის შედეგად ჯარისკაცებმა სოხუმი დაბომბეს და ქალაქი აიღეს. 1918 წლის 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო „აფხაზეთის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა“ ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები ერთი მხრივ აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და მეორე მხრივ რევოლუციურ კომიტეტს შორის, რასაც მოჰყვა ინტენსიური ბრძოლები სოხუმსა და ეშერაში.[2] გემ „დაკიას“ შემდეგ სოხუმს შავი ზღვის ფლოტის სხვა გემები, საესკადრო ნაღმოსანი „დერსკი“ და ჯავშნოსანი „პრინც კარლი“ მიადგნენ, ისინი შიშსა და ტერორს ნერგავდნენ მოსახლეობაში.[3] შავი ზღვის ფლოტის გემებმა სოხუმი დატოვეს 21 თებერვალს და ქალაქში აღდგა წესრიგი და კანონიერი ხელისუფლება.
1918 წლის 4-9 მარტს სოხუმში ჩატარდა აფხაზ გლეხთა დეპუტატების II ყრილობა, რომელსაც სხვადასხვა ეროვნების 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. სხდომა გახსნა არზაყან ემუხვმარმა. სოხუმის ქალაქის თავად არჩეულ იქნა ბენიამინ ჩხიკვიშვილი. ყრილობაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აფხაზეთი შესულიყო ამიერკავკასიის ხალხთა ერთიან ოჯახში, აღკვეთილიყო სოხუმში ბოლშევიკების ბატონობა.[4]
11 აპრილს დაიწყო კიდევ ერთი აჯანყება ეფრემ ეშბას, ნესტორ ლაკობას და გეორგ ათარბეგოვის მეთაურობით. ბოლშევიკმა აჯანყებულების 1500-იანი რაზმი გუდაუთიდან დაიძრა სოხუმისკენ. ქალაქის თავ ჩხიკვიშვილის განკარგულებაში 70-80 ადამიანი იყო, რის გამოც მან სოხუმის დაცვა ვერ შეძლო.[5] ბოლშევიკებმა დაიკავა აფხაზეთის ტერიტორია კოდორის უბნამდე და გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლება. საპასუხო შეტევა საქართველოს სახალხო გვარდიამ დაიწყო 17 მაისს დილით დღის 3 საათზე აიღო სოხუმი. 1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელმაც დაადასტურა აფხაზეთის არსებობა საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით. 1918-21 წლებში სოხუმი იყო პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი და სოხუმის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ
რედაქტირება1921 წლის 31 მარტიდან სოხუმი გახდა აფხაზეთის სსრ-ს დედაქალაქი, ხოლო 1931 წლის 19 თებერვლის შემდეგ — აფხაზეთის ასსრ-ის დედაქალაქი. საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში სოხუმი იქცა მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრად. აიგო მრავალი ახალი შენობა-ნაგებობა, სანატორიუმები, სასტუმროები, მოეწყო სანაპირო ზოლი და გადიდდა პორტი. გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა. განვითარდა მანქანათმშენებლობის, მსუბუქი და კვების მრეწველობა. სოხუმში მოქმედებდა 40-მდე სამრეწველო საწარმო, მათ შორის ქიმიური და აირის აპარატურის ექსპერიმენტული ქარხნები, საკონსერვო, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების, ღვინისა და რძის ქარხნები, ტყავ-ფეხსაცმლის, თევზისა და ხორცის კომბინატები, სამკერვალო, თამბაქოს და საკონდიტრო ფაბრიკები. მდინარე გუმისთაზე აშენდა სოხუმის ჰესი. 1961 წელს დამტკიცებულ იქნა ქალაქის გენერალური გეგმა (არქ. ე. ბაგრატიონი, ა. ნიკოლაიშვილი გ. თელია).
განვითარდა განათლება და კულტურა. 1987 წლის მონაცემებით მოქმედებდა 10-მდე სამეცნიერო დაწესებულება, მათ შორის სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელი სადგური და სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელი სადგური, ორი უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრეთვე 3 პროფ-ტექნიკური სასწავლებელი, 2 დრამატული თეატრი (ქართული და აფხაზური), სახელმწიფო ფილარმონია, 5 კინოთეატრი, 22 ბიბლიოთეკა, 4 მუზეუმი, ტელევიზია. ამავე პერიოდში მოქმედებდა 5 საავადმყოფო, 4 პოლიკლინიკა.
განვითარდა ტურიზმი, მოქმედებდა 4 ტურისტული ბაზა და ერთი პანსიონატი, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, სასტუმროები და სააბაზანო მინერალური წყლების აბაზანებისთვის.
სოხუმი იყო მსხვილი სატრანსპორტო კვანძი, სადაც თავს იყრიდა საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები. ქალაქს ემსახურებოდა ბაბუშარის აეროპორტი, რკინიგზის ორი სადგური (ლეჩქოფის და კელასურის) და ნავსადგური. კარგად იყო განვითარებული საქალაქო ტრანსპორტი. 1968 წელს ამოქმედდა სოხუმის ტროლეიბუსის სისტემა.
აფხაზეთის ომი
რედაქტირებააფხაზეთის ომის პერიოდში სოხუმი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. მასზე გადიოდა გუმისთის ფრონტი, რომელსაც იცავდა 23-ე ბრიგადა. ქალაქმა ამ პერიოდში უამრავი თავდასხმა გადაიტანა. ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრუდა. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10 000-ზე მეტი შენობა. ომის შემდგომმა ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა კოლაფსმა გაანადგურა ქალაქის ეკონომიკა. მოსახლეობის 65 %-მა დატოვა ქალაქი და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. 1993 წლის 27 სექტემბრიდან სოხუმი დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
დემოგრაფია
რედაქტირებარუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს სოხუმი მრავალეთნიკური ქალაქი იყო. 1921-1979 წლებში ქალაქის მოსახლეობა ხუთჯერ გაიზარდა. საბჭოთა პერიოდში იზრდებოდა ქალაქის მოსახლეობაში ქართველებისა და აფხაზების ხვედრითი წილი. მოსახლეობის ზრდას განაპირობებდა არა მხოლოდ ბუნებრივი მატება, არამედ მიგრაცია სოფლებიდან ქალაქში. ისტორიულ მაქსიმუმს მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია 1989 წელს. აფხაზეთის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსახლეობის სტრუქტურა.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ქართველები | აფხაზები | რუსები | სომხები | ბერძნები | უკრაინელები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1864[6] | 304 | ||||||||
1876[7] | 1 161 | ||||||||
1893[8] | 2 523 | ||||||||
1897 | 7 998 | 11,9% | 1,8% | 0,0% | 13,5% | 14,3% | |||
1910[9] | 25 001 | 14 207 | 10794 | ||||||
1915[10] | 40 000 | ||||||||
1921 | 21 100 | 11,2% | 3,1% | 23,7% | 9,4% | 10,7% | 10,4% | ||
1939 | 44 299 | 19,9% | 5,5% | 41,9% | 9,8% | 11,3% | 4,6% | ||
1959 | 64 730 | 31,1% | 5,6% | 36,8% | 10,5% | 4,9% | 4,3% | ||
1970 | 101 800 | ||||||||
1979 | 114 400 | 38,3% | 9,9% | 26,4% | 10,9% | 6,5% | 3,5% | ||
1989 | 119 150 | 41,5% | 12,5% | 21,6% | 10,3% | ||||
2003 | 43 716 | 4,0% | 65,3% | 16,9% | 12,7% | 1,5% | 1,6% | ||
2011 | 62 914 | 2,8% | 67,3% | 14,8% | 9,8% | 1,0% | |||
2018 | 65 168 |
არქიტექტურა
რედაქტირებაქალაქი განაშენიანებულია ზღვისპირა ვაკეზე. დაგეგმარებულია სწორი ქუჩებით. არქიტექტურულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დასასვენებელის სახლი (1935; ნ. სევეროვი), სანატორიუმი „უკრაინა“ (1936; ი. შტეინბერგი), აფხაზეთის ასსრ მთავრობის სასახლე (1939, ვ. შჩუკო, ვ. გელფრეიხი), სასტუმრო „აფხაზეთი“ (1938, ი. გოლუბევი, ი. შჩუკო), დრამატული თეატრი (1952, მ. ჩხიკვაძე), სუბტროპიკულ მეცნიერებათა ინსტიტუტის შენობა (1969, ო. პაიჭაძე, თ. ყიფშიძე, კ. წულაია) და სხვა.
კურორტი
რედაქტირებასოხუმი შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა. სამკურნალო საშუალებებია კლიმატოთერაპია, ზღვაში ბანაობა (მაისი-ოქტომბერი) და მინერალური წყლები (აზოტიანი, სულფატურ-ალორიდულ-ნატრიუმიან-კალციუმიანი, სუსტი გოგირდწყალბადიანი მეთანიანი და სხვა). მინერალურ წყლებს უმეტესად აბაზანებისთვის იყენებენ.
სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური ხასიათის და ნერვული ფუნქციური დაავადებანი.
ცნობილი სოხუმელები
რედაქტირებაღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- სოხუმის ბოტანიკური ბაღი
- ბაგრატის ციხე
- ბესლეთის ხიდი (XII ს.)
- სოხუმის სტელა
- ძველი სოხუმი (XIX ს.)
გალერეა
რედაქტირება-
სოხუმის მერია
-
თამარის ხიდი
-
ხედი სოხუმზე, 1915 წ.
-
სოხუმი სატელიტიდან
-
სუხუმ-კალე, ციხესიმაგრე XIX საუკუნის დასაწყისში
სოხუმის ისტორიული რუკები
რედაქტირება-
ფრაგმენტი ანტონიო ლაფრერის (1512–1577) რუკიდან
-
გერჰარდ მერკატორი, ამსტერდამი, 1630 წ.
-
გერჰარდ მერკატორი (1512–1594), 1609 წ.
-
ჯაკომო გასტალდი (1500–1566). ფრაგმენტი
-
ნიკოლას ვისხერი, 1690, ამსტერდამი. ფრაგმენტი
-
ჰენდრიკ ჰონდიუსი, 1636. ფრაგმენტი
-
ჯაკომო გასტალდი (1500–1566). ფრაგმენტი
-
რობერტ გრინი, 1686. ფრაგმენტი
-
ჯონ სპიდი, ლონდონი, 1676. ფრაგმენტი
-
ტიმოთე გაბაშვილი, იმერეთის სამეფოს რუკა, 1778
-
ჟან ბაპტის ლუი კლუე, ფრაგმენტი „Géographie Moderne-დან“, პარიზი, 1787.
-
გილერმო სოლერის პორტოლანის ფრაგმენტი (1385 წ.). წითელ ფონზე გამოსახული ხელით აღნიშნულია დადიანის სოხუმი (სევასტოპოლი) – დადიანის სამთავროს დედაქალაქი. პორტოლანი დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლაშხია შ. ბერაძე თ. უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 502-503.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მახარაძე ნ., სარალიძე ა., „თბილისის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების ისტორიიდან“, „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 14-15.
- ↑ გაზეთი „სახალხო საქმე“ N176 1918 წ.
- ↑ Chevronnaya S. "Short History of Abkhazia and Abkhazian-Georgian Relations" "Conflict in the Caucasus" — Glastonbury 1994
- ↑ Из отчета о работе второго крестьянского съезда Сухумского округа
- ↑ В.Чхиквишвили о большевистской авантюре Абхазии
- ↑ Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 216
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ С.Пирцхалава' "Забытый край" -о положении в Абхазии