23-ე ბრიგადა (აფხაზეთი)
23-ე მექანიზებული ბრიგადა — საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ძირითადი სამხედრო ძალა, რომელიც ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ თავდაცვით ზღუდეს ქმნიდა სოხუმის დასაცავად აფხაზეთის ომის დასაწყისიდან დასასრულამდე.
შექმნა
რედაქტირებააფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. ძირითადად სოხუმიდან და მისი რაიონის სოფლებიდან. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ბრიგადის წამყვანი ძალა სოხუმის პირველი ბატალიონი, რომელიც აჩადარას ხიდთან განლაგდა. ბრიგადის ბატალიონები უკვე ნოემმბრის ბოლოსთვის გუმისთის მთელს ფრონტზე განლაგდნენ. მათი უმრავლესობა შეივსო ადგილობრივი მოხალისეებისაგან სოხუმიდან, ლინდავიდან, კელასურიდან, ჩამბიდან, ოქტომბრიდან, კამანიდან და სოხუმის რაიონის სხვა სოფლებიდან. მოგვიანებით ბრიგადას შეუერთდა რუთავის ბატალიონი. 1993 წლის იანვრისთვის ბრიგადა სოხუმის დაცვის უმნიშვნელოვანეს ძალას წარმოადგენდა.
შემადგენლობა
რედაქტირებაბატლაიონის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა. მასში სულ შედიოდა ოთხი სრული და სამი არასრული ბატალიონი.
- I ბატალიონი — წარმოადგენდა ბრიგადის ყველაზე ძლიერ ბატალიონს, რომელიც ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში იყო განლაგებული. მას ევალებოდა აჩადარას ხიდის და სოხუმში შემავალი ახალი მაგისტრალის დაცვა. ბატალიონს მეთაურობდა დავით ღვინჯილია, პირველ ასეულს კი გენადი გიორბელიძე და რევაზ კოპალიანი. ბატალიონმა სოხუმის დაცვით ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ღირსეულად შეასრულა საკუთარი მოვალეობა.
- II ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო სოხუმელი და რუსთაველი მოხალისეებისაგან. იგი სოხუმის დაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა.
- III ბატალიონი — ძირითადად დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი სვანური მოსახლეობისაგან. წარმოადგენდა დაცვითი ხაზისცენტრალურ ნაწილს.
- IVბატალიონი — დაკომპლექტებული იყო ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოხალისეებისაგან. წარმოადგენდა ბრიგადის რეზევრს და იდგა უშუალოდ ქალაქში.
- VI ბატალიონი — პირველი ბატლაიონის მსგავსად წარმოადგენდა ფრონტის ერთ ერთი ყველაზე ცხელი წერტილის სარკინიგზო ხიდის დამცველ ბატლაიონს. ფრონტის უკიდურეს სამხრეთი ფრონტის დამცველს. მეექვსე ბატალიონმა ერთ ერთი უმძიმესი დარტყმა მიიღო სოხუმის დაცვის ბრძოლებში და ღირსეულად შეასრულა საკუთარი მოვალეობა. ბატალიონს მეთაურობდა ვიცე პოლკოვნიკი თემურ ზარანდია.
- კამანის ბატალიონი — წარმოადგენდა ბატალიონის უკიდურეს ჩრდილოეთით არსებულ ბატლაიონს, რომელიც იცავდა სოფელ კამანს და სოხუმის ჩრდილოეთით არსებულ სტრატეგიული სიმაღლეების ნაწილს. ბატალიონი განადგურდა სეპარატისტებთან ბრძოლაში. მისი მეთაური იყო ზაზა პაკელიანი.
- ქიმიური ბატალიონი — ბრიგადის დამხმარე ბატლაიონი. იბრძოდნენ სოხუმის გარშემო მაღლობებისთვის გამართულ ბრძოლებში და კინდღის ბრძოლებში. ბატალიონს მეთაურობდნენ როლანდი მაისურაძე და იურა გიორბელიძე.
ბრიგადას სარეზერვო დახმარებას უწევდა სოხუმის სამხედრო პოლიცია.
ბრიგადის შემადგენლობის რაოდენობა მერყეობდა 2000 ჯარისკაცამდე.
ბრძოლები
რედაქტირებაბრიგადამ მონაწილეობა მიღო აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლისმღვრელ გუმისთის ბრძოლაში სადაც ფაქტობრივად ერთადერთ თავდაცვით ორგანიზებულ ზღუდეს წარმოადგენდა. გმირული წინააღმდეგობის და ორგანიზებულობის წყალობით ბრიგადამ შეძლო ბევრად მრავალრიცხოვანი მტრის არა მარტო შეჩერება არამედ მისი სრული დეორგანიზება. ყველაზე დიდი დარტყმა პირველმა და მეექვსე ბატალიონებმა მიიღეს. თვითმხილველები როგორც მოწინააღმდეგის, ასევე ჩვენი მხრიდან აღნიშნავდნენ, რომ „მსგავსი ჯოჯოხეთი ბრძოლაში არც კი წარმოედგინათ“.
ბრიგადის ნაწილებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს კინდღის ბრძოლებში, სოხუმის სიმაღლეების შტურმში, ოპერაციაში „სოხუმის ფარი“, სადაც დამრტყმელ ძალას პირველი ბატალიონი წარმოადგენდა. ასევე დესანტის გასანადგურებელ ოპერაციებში.
სოჭის შეთანხმების შემდეგ სოხუმიდან არტილერია და მძიმე მექნიკა მთლიანად ფოთში გაიტანეს. სოხუმში მხოლოდ გამოცდილი ბატალაიონები დატოვეს და გადააკეთეს ე.წ. „შინაგან ჯარად“. 23-ე ბრიგადიდან ასეთები იყვნენ პირველი, მეექვსე და მესამე ბატალიონები. ჯარიკაცები ძირითადად ავტომატური შაშხანების ამარა დარჩნენ მზარდი მტრის წინააღმდეგ. სეპარატისტების მიერ ზავის დარღვევის მომენტში ბრიგადა და ფრონტი ფაქტობრივად დეორგანიზებული იყო ქართული მხარის მეამიტური მოქმედებების გამო. ამიტომაც სოხუმზე შეტევისას ბრიგადის ბატალიონების უმრავლესობამ მოულოდნელი დარტყმები მიიღო გუმისთის ფრონტზე. თუმცა მათ ქალაქის დაცემამდე 27 სექტემბრამდე არ დათმეს პოზიციები. პირველი ბატალიონი კი, რომელიც აჩადარასთან ტექნიკის გარეშე იდგა და მტრის მასიურ შეტევას რესურსების გარეშე ოთხ დღეს უძლებდა უკან დაიხია და სოფელ ლინდავაში გამაგრდა. ბატალიონი აგრძელებდა ბრძოლას სეპარატისტების წინააღმდეგ. 24 სექტემბერს ამავე სოფელში მოხდა დიდი შეტაკება, რომელსაც მისი მიწასთან გასწორება მოყვა. პირველმა ბატალიონმა უკან დაიხია და სოფელ კელასურში გამაგრდა, სადაც ქალაქში შემავალ ბატალიონებს 27 სექტემბერამდე ებრძოდა. ბრიგადის მეთაურმა გენო ადმაიამ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და დამხმარე ძალებით ქალაქში შეღწევა სცადა და სწორედ კელასურთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა. მეექვსე და მესამე ბატლაიონები კი დიდი დანაკარგით, მაგრამ გმირული ბრძოლით დაბრუნდნენ სოხუმის ქუჩების ბრძოლებიდან. ამის შემდეგ ბრიგადამ სვანეთის გავლით ჩააღწია ქუთაისამდე. ოფიციალურად ბრიგადამ 1994 წლამდე იარსება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“: ტ.I, გვ.48 თბ., 1997
- ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია. „აფხაზეთის ლაბირინთი“. თბილისი, 1999.
წყაროები
რედაქტირება- საზოგადოებრივი არხის 2006 წელს გადაღებულ დოკუმენტური ფილმი „როგორ დაეცა სოხუმი“. ავტორი მიხეილ ბასილაძე. რეჟისორი: ლევან ახობაძე. თარიღი: 2006.
- რუსთავი 2-ის 2013 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სოხუმის უკანასკნელი დღე“. ავტორი თომა ჩაგელიშვილი
- რუსთავი 2-ის 2015 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აფხაზური გასეირნება“ ავტორი თომა ჩაგელიშვილი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დაუვიწყარი ბრძლის დავიწყებული გმირები — რადიო თავისუფლება
- ქართული დოკუმენტლისტიკა — „ვეტერანი“