პალეოლითი

ქვის ხანის ყველაზე ადრეული პერიოდი
(გადამისამართდა გვერდიდან ძველი ქვის ხანა)

პალეოლითი (ბერძ. παλαιός პალეო... — ძველი და λίθος ...ლითი — ქვა; ძველი ქვის ხანა) — ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდი. ქვის ხანის დაყოფა პალეოლითად და ნეოლითად ეკუთვნის ინგლისელ არქეოლოგსა და ეთნოგრაფს ჯონ ლებოკს (ტერმინი შემოღებულია 1865). პალეოლითის დასაწყისია უძველესი განათხარი ადამიანების (ჰომო გაბილისი, პითეკანთროპი) არსებობის ხანა და გეოლოგიურად პლეისტოცენის ადრინდელ საფეხურს შეესაბამება. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. პალეოლითის ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული. საჩეხი, წვეტანა, საფხეკი, საჭრისი, დანა და სხვა იარაღები. ამზადებდნენ ხისა და ძვლის იარაღსაც. მეურნეობა მიმთვისებლური იყო, მისდევდნენ შემგროვებლობას, ნადირობასა და თევზჭერას. შუა პალეოლითში (მუსტიეს ეპოქა, ნეანდერტალელი ადამიანი) ჩნდება რელიგიის წარმოდგენები, ისახება ხელოვნური ასდრესი ფორმები. პალეოლითი იწყება დაახლოებით 2–2,5 მლნ. წლის წინ (ოლდოვაის კულტურა, აღმოსავლეთი აფრიკა).

გლიპტოდონზე ნადირობის სცენა, დამახასიათებელი იყო პალეოლითის ხანისთვის.

პალეოლითში გამოიყოფა 3 საფეხური — ქვედა (ადრინდელი), შუა (მუსიეს ეპოქა) და ზედა (გვიანდელი).

საქართველოში პალეოლითური კულტურის არსებობა პირველად დადასტურებული იყო 1914 წელს საკაჟიას მღვიმეში. პალეოლითის მეცნიერულ შესწავლას ჩვენში საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის პირველი მეოთხედიდან. 1926 წელს პროფ. გ. ნიორაძემ აღმოაჩინა და მაღალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა დევისხვრელის მღვიმე. დღეისათვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:

  • საქართველოს შავი ზღვის ზოლი (აფხაზეთის ჩათვლით) და მისი მიმდებარე ენგურის ხეობა;
  • რიონ-ყვირილის აუზი;
  • შიდა ქართლი (დღევანდელი სამაჩაბლოს ტერიტორიისა და კავკასიონის სამხრეთ კალთების შუა ზოლის ჩათვლით);
  • მდინარე მტკვრის დაბალმთიანეთი ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში;
  • ჯავახეთის ზეგანი;
  • იორ-ალაზნის აუზი.

საქართველოში 400-ზე მეტი პალეოლითური ძეგლია, მათ შორის 70-ზე მეტი აშელის ხანისაა (3 მღვიმური და 1 ღია ტიპის სტრატიფიცირებული), 200-ზე მეტი — მუსტიესი (20 ძეგლი მღვიმური, დაახლოებით 130 ზედა პალეოლითისა და მეზოლითის ხანის). მე-3 და მე-5 რეგოინებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ორმხრივი დამუშავების ტექნიკით ნაკეთები იარაღი (ხელცულები, საჩეხები და სხვა).

შუა პალეოლითში იარაღის დამუშავებითა და ტიპობრივი და შედგენილობით 4 ლოკალური ჯგუფი გამოიყოფა:

  • ჯრუჭულ-კუდარის ჯგუფი - ტიპური მუსტიე. ახასიათებს ქვის გაპობის ლევალუაზური ტექნიკა, ლამელების, წვეტანებისა და კონვენგენტური სახოკების დიდი რაოდენობა, იარაღის ნაწილობრივ ორმხრივი დამუშავება, წაგრძელებული პროპორციები და სხვა. ძირითადად ჭრუჭულის ტიპის ძეგლებითაა წარმოდგენილი.
  • ცუცხვათის ჯგუფი — დამახასიათებელია ქვის გაპობაში არალევალუაზური ტექნიკა, ტიპობრივი და დაკბილული მუსტიესათვის დამახასიათებელი იარაღის თანაარსებობა და თანაფარდობა. წარმოდგენილია ცუცხვათის მღვიმეთა კომპლექსის ძეგლებით.
  • ჯგუფი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ძეგლით - წოფი I. იგი ქვის გაპობით, იარაღთა ტიპობრივი შედგენილობითა და დამუშავების ხერხებით მუსტიეს კულტურის შარანტის ვარიანტს უახლოვდება.
  • ცხინვალის ჯგუფი - ტიპური მუსტიე, დამახასიათებელია ერთგვაროვანი ნედლი მასალა (ანდეზიტი), მკვეთრად გამოხატული ლევალუაზური, ლამელარული ინდუსტრია და ლევალუაზური ტიპოლოგია. წარმოდგენილია სოფელ კეხვის, დამპალეთის, თამარაშენისა და კუსრეთის ღია ტიპის არასტრატიფიცირებული ძეგლებით.

საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურული ძეგლები ერთიანდება 3 დიდ ქრონოლოგიურ ჯგუფში:

  • ადრინდელი საფეხურის;
  • განვითარებული საფეხურის;
  • გვიანდელი საფეხურის ძეგლები.

მეზოლითური ხანის ძეგლები ცალკე IV ჯგუფს ქმნიან. საქართველოს ზედა პალიოლითური და მეზოლითური კულტურებისათვის ზოგადი დამახასიათებელი ნიშნებია: სხვადასხვა ქრონოლოგიურ ჯგუფში შემავალი ქვის ძირითადი ნაწარმის ურთიერთსიახლოვე და მსგავსება; ჯგუფებს შორის მკვეთრი ქრონოლოგიური და კულტურული გამოიჯნულობის (ორიანიაკი, სოლუტრე, მადლენი) არარსებობა; მიკროლითური ტექნიკური და მიკროლითური გეომეტრიული მოყვანილობის იარაღის ადრე გამოჩენა და გვიანობამდე შემორჩენა; რქისა და ძვლის ნაკეთობათა ერთგვაროვნება; ე. წ. სოლუტურული კულტურის არარსებობა და მცირე ხელოვნური ნიმუშების ნაკლები რაოდენობა.

პალეოლითის ხანის გამოქვაბულების მხატვრობები მრავლადაა შემორჩენილი ესპანეთში, საფრანგეთში, ციმბირში, საჰარაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, რაც იმას მეტყველებს, რომ პირველყოფილი ადამიანები ამ ადგილებში ცხოვრობდნენ. აქ ჩამოთვლილი ქვეყნების გამოქვაბულ-ძეგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. ფრანკო-კანტაბრიული ზონის (საფრანგეთ-ესპანეთის ტერიტორია) შემორჩენილი ნიმუშები. მათ შორისაა ალტამირას (ესპანეთი), ლასკოს (საფრანგეთი), ტასილის (ეგვიპტე, საჰარა) გამოქვაბულები, რომელთა მოხატულობაც პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თუშაბრამიშვილი დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდ. ყვირილას ხეობაში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1963, ტ. 23 B;
  • ნიორაძე გ., პალეოლითის ადამიანი დევის-ხვრელში, ტფ., 1933 (საქართველოს მეზეუმის შრომები, ტ. 6.);
  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1969,
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970
  1. მაჭარაშვილი ნ., სილაგაძე ნ., მსოფლიო ხელოვნება, თბილისი: „მერიდიანი“, 2010, ISBN 9789941101779.