იორ-ალაზნის აუზის კულტურა
იორ-ალაზნის აუზის კულტურა — იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე, საკმაოდ დაწინაურებული მიწათმოქმედი, მესაქონლე, მეტალურგი და მეთუნე ტომების მატერიალური კულტურა.
ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში შედიოდა ჯერ მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. III ათასწლეული), შემდეგ თრიალეთის კულტურის (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი) გავრცელების სფეროში. გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ მთელი ცენტრალური ამიერკავკასიისათვის დამახასიათებელი კულტურა ჩანს გავრცელებული. დაახლოებით ძვ. წ. XIII საუკუნიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველის განვითარების საფუძველზე ჩამოყალიბდა განსხვავებული კულტურა. მისთვის დამახასიათებელია ე. წ. კახური შედგენილტარიანი სატევრები და მახვილები, ბრინჯაოს მთელმასრიანი შუბისპირები მასრაზე ორი რელიეფური სარტყლით, კონცენტრული ღარებით შემკული თიხის ჭურჭელი და სხვა.
დაახლოებით ძვ. წ. XI საუკუნიდან ამ კულტურის განვითარების შედეგად გაჩნდა 3 ლოკალური ვარიანტი, რომელთა გავრცელება დაახლოებით ისტორიულ კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრებს ემთხვევა. მატერიალური კულტურის ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან ძირითადად საბრძოლო იარაღის თავისებურებით განსხვავდება. ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის ბოლოდან, სახელმწიფოს წარმოშობის წინა საფეხურზე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოხდა მატერიალური კულტურის ნიველირება, თუმცა ძვ. წ. II ათასწლეულში შემუშავებული ამ კულტურის დამახასიათებელი ზოგი ნიშანი ახ. წ პირველ საუკუნეებშიც გადმოვიდა. ეს გარემოება აღნიშნულ პერიოდში მატერიალური კულტურის განუწყვეტელ განვითარებას ადასტურებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომთათიძე გ., ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს სამარხებში, თბ., 1974;
- ფირცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV-VII სს), თბ., 1973;
- მისივე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბ., 1965;
- ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრების თრიალეთში, თბ., 1969
- ფირცხელაური კ., ქსე ტ. 5., გვ. 199, თბ., 1980