არზაყან ემუხვარი
არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი (დ. 26 ოქტომბერი, 1880, ჩხორთოლი — გ. 24 მარტი, 1939, პარიზი) — ქართველი აფხაზი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე.
არზაყან ემუხვარი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1880 |
დაბადების ადგილი | ჩხორთოლი |
გარდაცვალების თარიღი | 24 მარტი, 1939 (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ადფრ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საფრანგეთი |
განათლება | ქუთაისის სასულიერო სემინარია |
მეუღლე/ები | მარიამ ჩიკვაიძე |
შვილ(ებ)ი |
ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაარზაყან (დიმიტრი) ემუხვარი 1880 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა სოფელ ჩხორთოლში, მართლმადიდებელი მშობლების თავად ყიზილბაქ (კონსტანტინე) მურზაკულის ძე ემუხვარისა და ბზიფელი ხიმზადა ომარის ასულ მარღანიას ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ და არზაყანი, დედმამიშვილებთან (ივა, ანა, ვარვარა) ერთად, ძიძის ოჯახში იზრდებოდა.
პატარა არზაყანი ძიძის ოჯახმა ოქუმის პირველდაწყებით სკოლაში შეიყვანა, შემდეგ - ახალსენაკის სასულიერო სკოლაში. 1895 წლიდან ის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მე-4 კლასში გადავიდა, 1896 წლიდან კი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სემინარიაში სწავლისას რედაქტორობდა სემინარიელების ახალგაზრდულ ჟურნალს „რიჟრაჟი". იყო ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი. ქუთაისში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა და მიემხრო მესამე დასს.
სემინარია დაასრულა 1902 წელს და სამხედრო ბეგარის გადაუხდელობის გამო მოსთხოვეს ჯარში წასვლა. მას შეეძლო ტფილისის საინუკერო სასწავლებელში შესულიყო და ოფიცერი გამხდარიყო. სამხედრო კარიერაზე უარი თქვა, გახდა რსდმპ-ის წევრი. ორი წელი იბრძოლა, რომ გაწვევისთვის თავი დაეღწია. გავლენიანი ნაცნობების წყალობით ამას მიაღწია კიდეც. 1905 წლის რევოლუციის დროს იყო სოხუმის რესპუბლიკის ხელმძღვანელი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, ის დააპატიმრეს და 1908 წელს თბილისის სასამართლოს პალატამ ერთი წელი მიუსაჯეს. ასეთი მცირე სასჯელი მან გავლენიანი ნათესავების დახმარებით მიიღო. სოხუმის ციხეში ერთწლიანმა პატიმრობამ მისი ავტორიტეტი კიდევ უფრო გაზარდა აფხაზ მოსახლეობაში. 1912 წელს სოხუმის რეალურ სასწავლებელში გათავისუფლდა ქართველი მასწავლებლის ადგილი და ემუხვარმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, თუმცა რეაქციამ შეძლო მისი დაბლოკვა.
1917 წელს ემუხვარი დაინიშნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის რწმუნებულად სოხუმის ოკრუგში. ემუხვარი იყო პროქართული ორიენტაციის ლიდერი. აფხაზი მოსახლეობის ფართო ფენებში არზაყან ემუხვარის მცდელობით სულ უფრო მძლავრდებოდა დემოკრატიული მოძრაობა ლოზუნგით – „გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან". ემუხვარი იყო თავმჯდომარე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსი, რომელმაც დაადგინა შესულიყო აფხაზეთის ამიერკავკასიის სეიმში. სეიმის დაშლის შემდეგ აფხაზ ნაციონალისტთა ერთმა ნაწილმა ორიენტაცია ოსმალეთის იმპერიაზე აიღო, 1919 წლის 12 მარტს არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ ემუხვარის მეთაურობით კი კურსი აიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში გაერთიანებაზე ავტონომიის სტატუსით. ამ კურსის აღებაში დიდი როლი შეასრულა არზაყან ემუხვარმა. ამავე წლის მაისში ის აირჩიეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, ასევე იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
1921 წელს რსფსრ-ის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, არზაყანმა მეუღლე და შვილები ქუთაისში სიმამრთან გახიზნა. თვითონ კი საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1921-1922 წლებში სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ პრაღაში გადავიდა და იმ დღიდან დაიწყო საქართველოში ოჯახის წევრებისათვის წერილების, ღია ბარათებისა და ვიზების გაგზავნა. 1927-1933 წლებში არზაყან ემუხვარი ხელმძღვანელობდა ქართულ კოლონიას პრაღაში. მეგობრობდა მიხეილ და ლიდია უბირიებთან და მათ ოჯახში პოულობდა სულიერ სიმშვიდეს.
1939 წლის 8 მარტს, მეგობრების თხოვნით, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობას და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღო არზაყან ემუხვარი პარიზში ჩავიდა. მას დიდი სიხარულით შეხვდნენ მეგობრები: აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, გრიგოლ ურატაძე და სხვები. 18 მარტს არზაყან ემუხვარი ყველასთვის მოულოდნელად ავად გახდა და 24 მარტს სისხლის მოწამვლით კლოდ ბერნარის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ის საბჭოთა კავშირის აგენტებმა მოწამლეს.
ოჯახი
რედაქტირებაარზაყან ემუხვარის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ცხოვრება ძალიან გაუჭირდა საქართველოში დარჩენილ მის ოჯახს. არზაყანმა მომავალი მეუღლე მარიამ მიხეილის ასული ჩიკვაიძე (1880–1943 წწ.) ქუთაისში სწავლისას გაიცნო, 1902 წელს შეუღლდნენ და ჯვარი პეტრე-პავლეს ეკლესიაში დაიწერეს. აფხაზეთში მარიამი სათავეში ედგა ქართული ენის სწავლებას. წყვილს სამი შვილი შეეძინა: უფროსი ვაჟი 1908 წელს დაბადებული ვლადიმერი (კუჭიკო) 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა, შუათანა პატარაობაშივე გარდაიცვალა, გივი ემუხვარი (1921-2000 წწ.) კი მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. ერთხანს, სამშობლოდან გადახვეწილი, რუსეთში იმალებოდა. იქვე შეირთო მეუღლე ლუდმილა მიხეილის ასული კოვალენსკაია, რომელთანაც ერთადერთი ასული მარინე ემუხვარი შეეძინა. მარინე ემუხვარი მეუღლესთან ამირან ხაჭაპურიძესა და ვაჟიშვილ დავითთან ერთად სანქტ–პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
კონსტანტინე გამსახურდიამ არზაყან ემუხვარის ვაჟს, ვლადიმერ ემუხვარს წერილი მისწერა:
ემუხვარი კონსანტინე გამსახურდიას მთვარის მოტაცების ერთ–ერთი გმირის თარაშ ემხვარის პროტოტიპია. ემუხვარი დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 137.
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 223-224, ISBN 978-9941-0-9318-0.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 659.
- ჩიტაია დ., „აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში“, თბილისი, 2006
- შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 47-76.