სენაკი

ქალაქი საქართველოში

სენაკი (მეგრ. სანაკი) — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 

ქალაქი
სენაკი
მეგრ. სანაკი

სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°16′08″ ჩ. გ. 42°04′04″ ა. გ. / 42.26889° ჩ. გ. 42.06778° ა. გ. / 42.26889; 42.06778
ადრეული სახელები ახალსენაკი, მიხა ცხაკაია, ცხაკაია
ცენტრის სიმაღლე 28
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 21 596[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
რუსები 0,19 %
სომხები 0,18 %
ასურელები 0,11 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 413[2]
საფოსტო ინდექსი 4100[3]
ოფიციალური საიტი senaki.gov.ge
სენაკი — საქართველო
სენაკი
სენაკი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სენაკი
სენაკი — სენაკის მუნიციპალიტეტი
სენაკი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 288 კმ-ით. (რკინიგზით 272 კმ). სენაკში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულ-შემოდგომაზე. იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5°C, იანვრისა 5,4°C, აგვისტოსი 22,8°C. ნალექები 1670 მმ წელიწადში.

სენაკის ტერიტორია რელიეფის ფორმის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ მხარეზე ქალაქი, მთელ სიგრძეზე შხეფიდან კურორტ მენჯამდე, მიყვება ეკის მთის კალთებს და მცირე სიმაღლის სერებსა და ბორცვებს. ქალაქის ცენტრი და სამხრეთ ნაწილი ვაკე და გაშლილი ადგილია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 28 მეტრია. ქალაქის ტერიტორია ძირითადად იშლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარეების ტეხურისა და ცივის (ცი') შორის. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე ფიცუ (ტეხურის ერთ-ერთი შენაკადი).

სენაკი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. მას სამეგრელოს რეგიონში ცენტრალური მდებარეობა უჭირავს და აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრს ერთმანეთთან.

სენაკის რელიეფის პანორამული ხედი

სახელწოდება

რედაქტირება

სენაკის ტერიტორიაზე დაარსებული ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც ახალი სენაკი/ახალსენაკი. 1933 წელს ქართველი საბჭოთა რევოლუციონერისა და პოლიტიკური მოღვაწის პატივსაცემად მიხა ცხაკაია ეწოდა, 1976 წლიდან კი ცხაკაია (ეპითეტის გარეშე). 1989 წელს ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „სენაკი“.

სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: „მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“. გადმოცემით, დღევანდელი ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება. იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის ცნობით, შესაძლოა სახელწოდება „სენაკი“ უკავშირდება მდინარე ტეხურის ძველ ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას სინაგპი/სინგამე. პოპულარული, ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტოპონიმი სენაკი (მეგრ. სანაკი) მომდინარეობს ერთ-ერთი მეგრულ-ლაზური ტომის — ზანების სახელწოდებიდან  — (ზანი → სანი → სანაკი).

დაარსება

რედაქტირება
 
ახალსენაკის რკინიგზის სადგური, XX ს. დასაწყისი

სენაკი დასახელებულია შუა საუკუნეების რამდენიმე საეკლესიო-საისტორიო წყაროში. კერძოდ: „საცაიშლო გამოსავლის დავთრის მინაწერებში“ (1616-1621 წწ.) აღნიშნულია: „სენაკს საყდარი მაცხოვრისა ორის მისის სასახლითა“ (ქსძ, III, გვ. 533); შემდეგი დავთარი გვამცნობს: „არის წყარიგზას და სენაკს ოთხი მსახური“ (ქსძ, III. გვ. 481). 1648 წელს ვამეყ დადიანის მიერ შედგენილ „შეწირულობის წიგნში“ აღნიშნულია: „სენაკს საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით...“ (კაკაბაძე, I, გვ. 53) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ დღევანდელ ძველ სენაკს, სადაც თავდაპირველად მდებარებდა მხარის მთავარი სავაჭრო ადგილი და სენაკის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.

1871 წელს დაიწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რკინიგზის სადგურის აშენება გადაწყდა თეკლათის ტერიტორიაზე დღევანელი ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე. სწორედ სადგურის მშენებლობამ განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის წარმოქმნა ახალ ადგილას, რომელმაც უპირატესობა მალე წაართვა ძველ სენაკს.

საბჭოთა კავშირის პერიოდი

რედაქტირება

1921 წელს ახალსენაკს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. საბჭოთა პერიოდში ქალაქში განვითარდა საფეიქრო და კვების მრეწველობა. ამოქმდდა ხალიჩების საქსოვი კომბინატი, ჩაის ორი ფაბრიკა, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ხილის, წყლების, პურის, ტუნგოს გადამამუშავებელი და სხვა. მოქმედებდა მეციტრუსეობის მეურნეობა. გაიზარდა ქალაქის მოსახლეობა. 1933 წელს სენაკს ეწოდა ცხაკაია მიხა ცხაკაიას პატივსაცემად.

30-იანი წლებიდან სენაკთან ახლოს განვითარება დაიწყო ბალნეოლოგიურმა კურორტმა მენჯმა. იმავე პერიოდში სენაკთან ახლოს გაშენდა სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო-საჰაერო ბაზა. დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადა არის დისლოცირებული. პარალელურად სენაკში გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულეებების ქსელი, აშენდა სახალხო თეატრი, 3 კინოთეატრი, 2 კულტურის სახლი, 6 ბიბლიოთეკა, სამხატვრო გალერეა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, მუზეუმები და ა. შ.

დამოუკიდებლობის შემდეგ

რედაქტირება
 
სამხედრო შეტაკებები სენაკთან, 90-იანი წლები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლები სენაკისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. სწორედ სენაკი მოექცა 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ეპიცენტრში. შედეგად ქალაქი რამდენიმეჯერ გაიძარცვა და დაიბომბა. სენაკში მოქმედი ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და გაპარტახდა. გავერანდა კურორტი მენჯი. მოიშალა აქტიური კულტურული ცხოვრება.

მძიმე ეკონომიკური პირობები დაეტყო ქალაქის მოსახლეობასაც; მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საცხოვრებლად ქვეყნის დედაქალაქსა და საზღვარგარეთს მიაშურა.

რამდენიმეჯერ დაიბომბა სენაკი რუსეთ-საქართველოს ომის (2008 წ.) პერიოდშიც.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ სენაკში ცხოვრობს 21 596 ადამიანი.[1] დაარქივებული 2016-09-24 საიტზე Wayback Machine. ამ მაჩვენებლით საქართველოს ქალაქებს შორის სენაკი მე-11 ადგილზეა. ქართველების გარდა (99,4 %), სენაკში ცხოვრობენ რუსები 0,19 %, სომხები 0,18 %, ასირიელები 0,11 % (2014 წ.). გასული საუკუნის 70-80-იან წლებიდან ქალაქი მასიურად დატოვეს ებრაელებმა, რომლებიც სენაკში საკმაოდ მსხვილ თემს ქმნიდნენ.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 28 938 -- --
2002[4]   28 082 -- --
2014[1]   21 596 9 853 11 743

რელიგურ ცხოვრებას სენაკში უძველესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.

ადმინისტრაცია და პოლიტიკა

რედაქტირება

სენაკი არის სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მას ჰყავს საყოველთაო არჩევნების წესით არჩეული მერი. 2021 წლის არჩევნების შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ვახტანგ გადელია ასრულებს.

ეკონომიკა

რედაქტირება

ტრანსპორტი

რედაქტირება

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სენაკს კვეთს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზა. სენაკზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. ამ ავტომაგისტრალთან სენაკი აკავშირებს ქალაქ ფოთს, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებს.

ამავდროულად სენაკი წარმოადგენს ფოთი-თბილისი და ზუგდიდი-თბილისი სარკინიგზო ხაზების შემაერთებელ კვანძს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სენაკიდან 3 კმ-ში ფუნციონირებდა სამოქალაქო აეროპორტი, საიდნაც ფრენები ხორციელდებოდა როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთის ქალაქების მიმართულებით.

90-იან წლებამდე ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად განიხილებოდა ტროლეიბუსის ხაზის მშენებლობა. 1982 წელს დაიწყო საბაგირო ხაზის გაყვანა ქალაქის ცენტრალური პარკიდან ქუთაისის ქუჩამდე თუმცა არ დასრულებულა.

მრეწველობა

რედაქტირება

2016 წელს სენაკთან ახლოს საფუძველი ჩაეყარა ევრო 4 სტანდარტების ცემენტის ქარხნის მშენებლობას. საწარმო უმსხვილესი ეკონომიკური ობიექტი იქნება სენაკის ტერიტორიაზე და მისი პროდუქცია ექსპორტზე გავა.[2] დაარქივებული 2020-09-28 საიტზე Wayback Machine.

სენაკთან ახლოს მდებარეობს სხვადასხვა სახის კვებითი დანიშნულების (ფქვილი, რძის პროდუქტების, ხორცის, ღვინის, ჩაის) კომბნინატები; ასევე თხილის, დაფნის, ხე-ტყის დამამუშავებელი საამქროები.

ქალაქის ცენტრიდან 3 კმ-ით არის დაშორებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. საბჭოთა კავშირის პერიოდში მას საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი ჰქონდა, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ათასი დამსვენებელი სტუმრობდა. დღეს კურორტი აღარ ფუნციონირებს. მენჯის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალით გამორჩეულია სენაკიდან 17 კმ.-ით დაშორებული ნოქალაქევიც, რომლის პოპულარულობა ყოველწლიურად იზრდება.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
აგურის სახლები მ. კოსტავას ქუჩაზე

სენაკის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი, რომელიც აგებულია ნეობაროკოს სტილში კლასიციზმის ელემენტებით. იგივე არქიტექტურულ სტილს იმეორებს სენაკის რკინიგზის სადგურის შენობა, სამხატვრო სკოლა (ამჟამად ჟიული შარტავას მუზეუმი) და ე. წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობა.

სენაკისთვის დამახასიათებელია 60-70-იან წლებში წითელი აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლები და პატარა, კოხტა ეზოები, რომელიც გვხვდება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ევროპული ტიპის რეგულარული დაგეგმარებითა და განაშენიანებით გამოირჩევა.

ქალაქის არქიტექტურულ იერსახეზე უარყოფითად იმოქმედა 90-იანი წლების უკონტროლო პროცესებმა და ურბანული გარემოსადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ (განსაკუთრებით კურორტ მენჯის ტერიტორიაზე).

განათლება

რედაქტირება

სენაკი თავიდანვე განათლების თვალსაჩინო ცენტრი იყო. 1884 წელს აკაკი წერეთელის თაოსნობით ძველ სენაკშიგაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი. აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია. 1882 წელს სენაკში გადმოტანილ იქნა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1885 წელს დაარსდა სკოლა. დღეს სენაკში არსებობს შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასევე პროფესიული კოლეჯი, სახელმწიფო და კერძო სკოლები.

თეატრი და მუზეუმები

რედაქტირება
 
ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი

ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. 1881 წელს, ქართული თეატრის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, პირველი წარმოდგენა დაიდგა სენაკშიც. 1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის არქიტექტურულად გამორჩეული შენობა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მასმედია

რედაქტირება
  • ტელეკომპანია „ეგრისი“
  • გაზეთი „კოლხეთი“
  • პერიოდული გამოცემა „ჩვენი სენაკი“ (ამჯერად მხოლოდ ელექტრონულ სივრცეში)

ყოველწლიური დღესასწაულები

რედაქტირება

ეგრისობა - სახალხო ღონისძიება და ფესტივალი სენაკში. აღინიშნება ყოველი წლის შემოდგომაზე, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. დღესასწაული პირველად აღინიშნა 1989 წელს. აღდგა 2014 წლიდან.[3] დაარქივებული 2023-04-30 საიტზე Wayback Machine.

მეგობარი ქალაქები

რედაქტირება

გამოჩენილი სენაკელები

რედაქტირება

სენაკის ცენტრალურ პარკში დაკრძალულები არიან პოეტი გიორგი ჭალადიდელი და საბჭოთა კავშირის გმირი ა. წურწუმია. სენაკში დაიბადნენ:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 247-248.
  • ცხადაია პ. „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებები - სენაკის რაიონი". გამომცემლობა „უნივერსალი" 2013
  • ელიავა გ. „სენაკის რაიონის ტოპონიმიკა". საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო. თბილისი, 1989

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.