იგორ ნარმანია
იგორ ნარმანია (დ. 25 მარტი, 1947, სოფ. ილორი, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 4 იანვარი, 2010, სენაკი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო) და პოლიტიკური მოღვაწე. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი (1974). საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990–1991).
იგორ ნარმანია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 მარტი, 1947 |
დაბადების ადგილი | ილორი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 2010 (62 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სენაკი, საქართველო |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო |
შვილ(ებ)ი | ბესიკი,[1] ეკატერინე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1947 წლის 25 მარტს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში.[1]
დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1970 წლიდან იყო აღნიშნული ტექნიკუმის მასწავლებელი, საქართველოს რესპუბლიკური სპორტული დაოსტატების სკოლის სენაკის ბაზის მწვრთნელი ძიუდოში, სენაკის საბავშვო სპეციალური სასპორტო სკოლის მწვრთნელი.
უმაღლესი განათლება მიიღო დნეპროპეტროვსკში, შემდეგ — სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მოღვაწეობდა თბილისის სპორტული დაოსტატების სკოლაში.[2]
1987 წლის 31 იანვარს ხობის რაიონის სოფლებში საგვიჩიოსა და ჭალადიდში (ახლანდ. საბაჟო) მომხდარი წყალდიდობის დროს გადაარჩინა ათობით ადამიანი. 1989 წლიდან ჩაბმული იყო ეროვნულ მოძრაობაში. იყო სენაკში პოლიტიკური მოძრაობა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე. იყო პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას რწმუნებული დასავლეთ საქართველოში.[2]
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში.[2]
1991 წლის დეკემბრიდან იდევნებოდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. „მხედრიონმა“ არაერთხელ დაარბია და გაძარცვა მისი ოჯახი.[2]
ჰყავს 2 შვილი და შვილიშვილი, იგორ ნარმანია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ საქმეთა მდივანი და ამავე პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.[3][4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ბესიკ ნარმანიას დეკლარაცია. declaration.gov.ge (27 აპრილი, 2009). ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 „საქართველოს რესპუბლიკა“ : გაზ., 2010, № 4 (6370), გვ. 11.
- ↑ https://www.ghn.ge/news/294272-natsionaluri-modzraobis-akhalgazrdul-qrilobaze-levan-khabeishvilma-akhalgazrduli-organizatsiis-mdivani-tsaradgina
- ↑ https://www.timer.ge/erthiani-nacionaluri-modzraobis-politikur-sabchos-daemata-20-tsevri