ქართულ-ოსური კონფლიქტი
ქართულ-ოსური კონფლიქტი — ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოსა და მის ავტონომიურ ოლქს შორის, რომელიც 1980-იან წლებში გაღვივდა 1991–1992 წლებში კი ომში გადაიზარდა. 2008 წელს კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, დაიწყო სამხედრო კონფრონტაცია, რამაც საბოლოოდ რუსეთ–საქართველოს ომის სახე მიიღო.
კონფლიქტის სათავეები
რედაქტირებასაქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეთნიკური დაძაბულობა ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1920 წ.წ) პერიოდიდან იღებს სათავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მენშევიკური მთავრობა ოსებს რუს ბოლშევიკებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რაც ოსური მხრიდან საპასუხო რეაქციებს იწვევდა. 1918–1920 წლებში რამდენიმე ოსური აჯანყება განხორციელდა, რომელთა მთავარ მიზანსაც დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენდა. რეგიონში ძალადობამ იფეთქა, მას შემდეგ რაც საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ აჯანყების ჩახშობა სცადა და ცხინვალში სახალხო გვარდია და რეგულარული არმიის შენაერთები გაგზავნა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლისა და მისი ძალით გასაბჭოების შემდგომ იქმნება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონმა მიიღო საბჭოთა მმართველობის პირობებში ავტონომიისათვის დამახასიათებელი ყველა უფლება. 1925–1927 წლებში განიხილებოდა სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა, თუმცა 80-იანი წლების მიწურულამდე ავტონომიის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე ექსცესს ადგილი არ ჰქონია.
კონფლიქტის განახლება
რედაქტირებაქართულ-ოსური ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ რაც 1985 წელს საბჭოთა კავშირში დაიწყო საბჭოთა პოლიტიკური ლიბერალიზაციის პროცესები. მიმდინარე მოვლენებმა კვლავ განაახლა ქართველებისა და ოსების წინარე საბჭოური ისტორია და რუსეთის იმპერიის ნგრევის დროინდელი დაპირისპირებები. საქართველოში გააქტიურდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რის პარალელურადაც გააქტიურდნენ სეპარატისტული მოძრაობები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
1989 წლის 29 იანვარს ქართველების ეროვნულ მობილიზაციას ოსებმა სახალხო ფრონტის „ადამონ ნიხასის“ შექმნით უპასუხეს. მხარეებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა „ადამონ ნიხასის“ ლიდერის ალან ჩოჩიევის წერილის გამოქვეყნების შემდგომ, სადაც იგი ითხოვდა სამხრეთ ოსეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან და გაერთიანებას ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ში, მაშინ როდესაც ქართული მხარის მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის სახელწოდებისა და ავტონომიის გაუქმება წარმოადგენდა.
დაპირისპირების ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად იქცა ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე დებატები ქართული ენის საკანონმდებლო სტატუსის თაობაზე. 1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რის საფუძველზეც განისაზღვრა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. ქართული ენა გამოყენებული უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. „ადამონ ნიხასმა“ აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნია დისკრიმინაციულად და ანტი-დემოკრატიულად, იმის გათვალისწინებით რომ ოსური მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცოდა ქართული ენა. რეგიონში დაიწყო სახალხო დემონსტრაციები და გაფიცვები.
14 სექტემბერს, სოფელ ერედვში ქართული მოსახლეობის ინიციატივით ჩატარდა მიტინგი, რომელსაც დაესწრო ქართლის თითქმის ყველა რაიონიდან წარმოგზავნილი დელეგაციები. მომიტინგეებმა გააპროტესტეს იმჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი მდგომარეობა. მათ გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები „ადამონ ნიხასის“ მიერ ერთაშორისი შუღლის ჩამოგდების მცდელობისა და ოს მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილების გაღვივების შესახებ. აღნიშნულმა მიტინგმა ადამონ ნიხასის მძაფრი გულისწყრომა გამოიწვია. ასევე გულისწყრომით გამოხატა თავისი აზრი შ/ს რაიონული განყოფილების პირველადი პარტორგნიზაციის მდივანმა, მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა გ. გაგლოევმა, რომელმაც შეადგინა ერედვის მიტინგის თავისებური სტენოგრამა[1].
26 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის მე-20 მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ საქართველოს უმაღლესი საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედ კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა შემდეგი პუნქტი: “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა”. საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მოთხოვნა ოსური ენის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად “კანონთა ომის” სრული მასშტაბით დაწყება მოჰყვა[1].
19 ოქტომბერს, სამაჩაბლოდან წავიდა ცხინვალის პედინსტიტუტის ქართველ სტუდენტთა დელეგაცია, რათა პატივი მიეგო მერაბ კოსტავას ხსოვნისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა დეკანატის ზოგიერთ წარმომადგენელს, ადგილი ჰქონდა მუქარასაც[1].
25 ოქტომბერს, ცხინვალის სახელმწიფო დრამატული თეატრის ქართულ დასს ჰქონდა სეზონის გახსნა. მაყურებისათვის უნდა წარედგინათ „მაია წყნეთელი“, მაგრამ თეატრის დირექციამ არ შეუშვა ქართული დასი თეატრის შენობაში იმ მოტივით, რომ ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას. ქართული დასის სპექტაკლები მუდმივად იშლებდა[1].
26 ოქტომბერს, ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა ოსური და რუსული ფაკულტეტების (ოსი ეროვნების) სტუდენტთა კრება. ქართველები დაითხოვეს დარბაზიდან. კრებას უძღვებოდნენ ლექტორები, „ადამონ ნიხასის“ აქტიური წევრები: მ. ცხოვრებოვა და ა. ჯიოევა. კრებამ მოითხოვა: 1. ჩამოერთვას საქართველოს ისტორიის საათები ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებელს ალ. ურთქმელიძეს, რადგან იგი „სწორად“ არ კითხულობს საქართველოს ისტორიის კურსს; 2. არ გვინდა საქართველოს ისტორიის სწავლა; 3. არ გვინდა ქართული ენის სწავლა; 4. პრორექტორობიდან განთავისუფლდეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქურდაძე (ინსტიტუტში ერთადერთი ქართველი, რომელსაც ეკავა თანამდებობა); 5. ყველას დავუმტკიცოთ, რომ ეს ტერიტორია სამაჩაბლო კი არა, ალანიაა; 6. სანამ არ დაკმაყოფილდება ყველა ეს მოთხოვნა, სწავლას არ დავიწყებთ[1].
26 ოქტომბერს, ცხინვალის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, ცხინვალის რაიკომის მდივნის მ. ოსტაევას და „ადამონ ნიხასის“ ერთ-ერთი ლიდერის ა. ჯიკაევის მეთაურობით ხალხი შეიჭრა, მათ ჩაშალეს სასწავლო პროცესი და ტექნიკუმში ჩაატარეს კრება. ქართულმა მხარემ პროტესტის ნიშნად დატოვა ტექნიკუმის შენობა. კრებამ მიიღო გაფიცვის დადგენილება და ტექნიკუმის თავზე ააფრიალეს ფსევდოალანური დროშა[1].
27 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შეწყდა ქართული გაზეთის „საბჭოთა ოსეთის“ გამოცემა, ოსი თანამშრომლების გაფიცვის გამო[1].
30 ოქტომბრიდან, სამაჩაბლოში შეწყვიტეს საქართველოს რადიოს გადაცემები, მის მაგივრად ჩართეს მოსკოვის რადიო[1].
10 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკად. ამასთანავე მიიღო გადაწყვეტილება „ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ”, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად ცხადდებოდა ოსური ენა. გარდა ამისა, სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს განეხილათ სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლებისა და ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი[2].
16 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ქმედებები კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია და გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII სესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები[3].
23 ნოემბერს, პროტესტის ნიშნად თბილისიდან 15 000 ქართველი 400 ავტობუსით ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ერთად ცხინვალისაკენ დაიძრა. აღნიშნული ქმედება ოსური მხარის მიერ აღქმული იქნა როგორც ძალის დემონსტრირება, რასაც დაუპირისპირა ოსი მეამბოხეები, საბჭოთა არმიის მე-8 ლეგიონის ჯარისკაცები და პოლიციელები, რომლებმაც გადაკეტეს ქალაქში შესასვლელი გზა. შეტაკებებს მოჰყვა პირველი მსხვერპლი. აღსანიშნავია, რომ 1990 წლიდან „ადამონ ნიხასის“ პოზიციებს შეუერთდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმაღლესი პარტიული ნომენკლატურაც და გახდა მათი რადიკალური მოთხოვნების მხარდამჭერი და გამხმოვანებელი.
1990 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინა პერიოდში ქართულ-ოსური ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა.
20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მე-20 მოწვევის XIV სესიამ მიიღო დეკლარაცია „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“. საბჭოს არ ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია და ის ეწინააღმდეგებოდა სსრკ-ის კონსტიტუციას. 1990 წლის 21 სექტემბერს მიღებული დადგენილება გაუქმებულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ. 16 ოქტომბერს ცხინვალში მოწვეული იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მე-15 სესია, რომელმაც კვლავაც დაადასტურა გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“, გარდა ამისა მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩვენების შესახებ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ პრაქტიკულად არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში. ქალაქ ცხინვალში ამომრჩევლების მხოლოდ 1,7 %-მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. 1990 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა სამხრეთ ოსეთის აო-ს უზენაესი საბჭოს არჩევნები. ახალ არჩეულ საბჭოში ეთნიკურად ოსები დომინირებდნენ.
11 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ასევე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები. ამასთანავე ბათილად და იურიდული ძალის არმქონედ გამოცხადდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის” უმაღლესი საბჭოს დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები. უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ცხინვალსა და ჯავაში. ამავე დღეს მოკლეს 2 ქართველი და მათი დამხმარე ოსი პოლიციელი, რის შემდეგადაც საქართველოს ხელმძღვანელობამ ცხინვალის და ჯავის რაიონებში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გააგზავნა შსს კურსანტი თანამშრომლები.
1991–1992 წლების ომი
რედაქტირება1991 წლის 4 იანვარს სეპარატისტებმა სცემეს ქართველი პოლიციელი და პოლიციის განყოფილებას მოთხოვეს იარაღის ჩაბარება 24 საათის განმავლობაში. 5 იანვარს საღამოს ცხინვალში შევიდა საქართველოს იმდროინდელი შსს-ს 3000-კაციანი ჯგუფი. რომელმაც სეპრატისტების შეარიღებულ ფორმირებებს მისცა 24-საათიანი ვადა იარაღის დასაყრელად.
6 იანვარს ცხინვალში დაახლოებით შუადღის 4 საათზე ოსებმა საქართველოს მაშინდელ მილიციას ცეცხლი გაუხსნეს და ცხინვალის და ჯავის რაიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, 7-ში მოხდა ცეცხლის შეწყვეტა 2 საათით, მაგრამ ოსებმა შეტაკებები კვლავ განახლეს, მაშინდელი შსს ქართულმა ნაწილმა დატოვა ჯავის რაიონი. ქართული მილიცია ძირითადად აკონტროლებდა ცხინვალის ცენტრს და შემოგარენში არსებულ ქართულ სოფლებს. ქართულმა მილიციამაც ნელნელა დაიწყო ცხინვალიდან გამოსვლა, რადგან მათ მხოლოდ ქალაქის ცენტრის რამდენიმე შენობა ეჭირათ, ქართული მოსახლეობა კი უკვე გასული იყო ქალაქიდან, პოზიციების შენარჩუნება კი არახელსაყრელი იყო, რადგან ყველა მხრიდან ცეცხლში იყვნენ მოქცეულნი.
7 იანვარს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გობაჩოვმა გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს სსრ-ის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა. აგრეთვე გააკრიტიკა სეპარატისტებიც და ასევე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებაც. გორბაჩოვმა ასევე მოითხოვა ქართული და ოსური საჯარისო ნაწილების მთლიანი გაყვანა და რეგიონში მხოლოდ სსრკ-ს შინაგანი ჯარების დატოვება, რაც ქართულმა მხარემ საქართველოს სუვირენიტეტში ჩარევად აღიქვა და არ დამეორჩილა ამ გადაწყვეტილებას.
25 იანვარს, ქართული მხარე შეუთანხმდა ოსურ მხარეს, ცხინვალიდან დარჩენილი მილიციის თანამშრომლების (დაახლ. 400 ადამიანი) სრულად გაყვანაზე და ცეცხლის შეწყვეტაზე. ოსურ მხარეს კი უნდა გადაეცა მიტაცებული 60 ერთეული იარაღი. თუმცა ამის შემდგომ კონფლიქტი უფრო გაღმავდა, სადაც ადგილი ჰქონდა პერიოდულ შეტაკებებს. რუსულმა მხარემ დაიწყო მოხალისეების ჩამოყვანა ცხინვალში რეგიონში. ქართველების შეირაღებაში მაშინ ძირითადად შედიოდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე ბრონირებული საბრძოლო მანქანა.
31 იანვარს, მოხდა ფართომასშტაბიანი შეტაკება ქართველ და ოს სეპარატისტებს შორის ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ამის შემდგომ, აპრილის დასაწყისამდე მხარეების პოზიციები ძირითადად არ შეცვლილა. მცირე შეტაკებები ხდებოდა ცხინვალის რაიონის სოფლებში, ხოლო მარტიდან — ზნაურის რაიონშიც. გაჩნდა 10 000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებული პირი.
1991 წლის მარტში ზვიად გამსახურდიამ და ბორის ელცინმა ხელი მოაწერეს „ყაზბეგის პროტოკოლი“, რომელიც ითვალისწინებდა არალეგალური ჯგუფების განიარაღებას სამხრეთ ოსეთში და ერთობლივი ქართულ-რუსული სამხედრო ძალების შეყვანას რეგიონში.[4]
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ კვლავ მოუწოდა სსრკ-ის ხელმღვანელობას სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ. 1992 წლის იანვარში სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ ჩაატარა რეფერენდუმი, რომელმაც დაადასტურა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების მოთხოვნა. საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ტორეზ კულუმბეგოვი.
20 მაისს, ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სოფელ ძარის გზაზე მოხდა ტრაგედია, რომლის დროსაც სატვირთო ავტომობილში დაუდგენელი შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ჩაიცხრილა ჩრდილოეთ ოსეთში მიმავალი ეთნიკური ოსი მშვიდობიანი მოსახლეობა. ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, 16 ადამიანი კი, დაშავდა.
1992 წლის 19 იანვარს ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ოსებმა მიიღეს და 92 %-მა დაუჭირა მხარი გაერთიანებას ჩრდილოეთ ოსეთთან. 1992 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ გაათავისუფლა დაპატიმრებული კულუმბეგოვი. 1992 წლის მაისში სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ომის შეწყვეტა და მოლაპარაკებები
რედაქტირებასაქართველოსთვის სამწუხაროდ, გარდაუვალი აღმოჩნდა კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის ჩართვა. 1992 წლის 24 ივნისს, სოჭში რუსეთისა და საქართველოს ლიდერების, ბორის ელცინისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას. ომმა საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანა ორივე მხარისათვის. დაიღუპა 600-მდე ადამიანი, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, 65 ათასი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი.
დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის შეწყდა საბრძოლო მოქმედებები. ამასთანავე, შეიქმნა შერეული საკონტროლო კომისია — ოთხმხრივი ორგანო საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მონაწილეობითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ჩართულობით. კომისიას დაევალა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულების მეთვალყურეობა, კონფლიქტის მოგვარების გზების შექმნა და განხორციელება, დიალოგის ხელშეწყობა, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. დოკუმენტის საფუძველზე ასევე შეიქმნა გაერთიანებული სამშვიდობო ძალები – ქართველების, რუსებისა და ოსების მონაწილეობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მშვიდობის აღდგენა, წესრიგისა და სამართლიანობის შენარჩუნება კონფლიქტის ზონაში.
1993 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ მიიღო კონსტიტუცია. 1993–2000 წლებში სიტუაციის დარეგულირებისა და მხარეებს შორის ურთიერობების აღდგენისა და გამყარების მიზნით მრავალი სხვადასხვა დონის შეხვედრა გაიმართა და არაერთ შეთანხმებასა და მემორანდუმს მოეწერა ხელი. მიუხედავად ამისა, ვითარება კვლავ დაძაბული იყო, არ სრულდებოდა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმებს, კრიმინოგენული სიტუაცია კი კონტროლს არ ექვემდებარებოდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი იყო ედუარდ შევარდნაძისა და ლუდვიგ ჩიბიროვის გახშირებული შეხვედრები: 1996 წელს ვლადიკავკაზში, 1997 წელს ჯავაში, 1998 წელს ბორჯომში, რომელთა დროსაც ნათლად გამოჩნდა პოზიტიური დინამიკა. მხარეები საუბრობდნენ ისეთ მნიშნველოვან საკითხებზე, როგორიცაა დევნილთა დაბრუნება, რეგიონის ეკონომიკურ განვითარება, კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოების ერთობლივი დაცვა და ა.შ.
1996 წელს გაიხსნა ერგნეთის ბაზრობა, რომელიც თავდაპირველად ქართული მხარის მიერ ხალხის დაახლოებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმად აღიქმებოდა. ქართულ–ოსური ურთიერთობების ნეგატიური შემობრუნება დაიწყო მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთში დე–ფაქტო პრეზიდენტად ედუარდ კოკოითი აირჩიეს. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ოფიციალურმა განცხადებამ ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
კონფლიქტის შემდგომი განვითარება
რედაქტირებავარდების რევოლუცია
რედაქტირებავარდების რევოლუციიით ქვეყნის სათავეში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის მოვლენების წარმატებით დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით დაიწყო მოქმედება. მის მთავარ სამიზნეს ედუარდ კოკოითის რეჟიმი წარმოადგენდა, რომელიც კონტრაბანდით საზრდოობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობდა. ერგნეთის ბაზრობის ირგვლივ არსებული ვითარება საგანგაშო და საქართველოს უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკების შემცველი იყო. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ დაიხურა შავი ბაზარი, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქციები ოსური მხარისაგან. ივლისის ბოლოს დაიწყო დაპირისპირება ქართულ სამშვიდობო ძალებსა და ოს პოლიციელებს შორის, რომელთაც ასევე ეხმარებოდნენ შტატგარეშე სამხედროები რუსეთიდან.
რეგიონში ვითარება გაუარესდა 10–11 აგვისტოს, როდესაც ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, ქართულ და ოსურ სოფლებში გაიხსნა ცეცხლი და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. კონფლიქტში ასევე ჩართულნი აღმოჩდნენ გაერთიანებული სამშვიდობო ძალების შემადგენელი ქართული და ოსური ძალები. 13 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია და სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო პრეზიდენტი კოკოითი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 17–18 აგვისტოს შერეული სამშვიდობო კომისიის საგანგებო სხდომებზე აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და დემილიტარიზაციის პროექტებზე. თუმცა ორივე მხარისათვის ნათელი იყო, რომ ზავი დროებითი იყო და ბრძოლა შეიძლებოდა ნებისმიერ დროს განახლებულიყო. 19 აგვისტოს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
სამშვიდობო ინიციატივები
რედაქტირება2004 წლის 22 სექტმებერს გაეროს 59–ე გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა კონფლიქტების გადაწყვეტის გეგმა, რომელიც ნდობის აღდგენის პარალელურად მოიცავდა რეგიონის დეკრიმინალიზაციას, დემილიტარიზაციას და უსაფრთხოების ფართო გარანტიებს.
2005 წლის იანვარში სააკაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან გაახმოვანა ინიციატივები ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე. საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული გეგმის მთავარ მიზანს ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანება წარმოადგენდა და ითვალისწინებდა ფართო ავტონომიას, ოსური ენის ოფიციალურ სტატუსს. ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული იყო ერთობლივი, შერეული ქართულ–ოსური პოლიციური ქვედანაყოფის შექმნა.
2005 წლის ივლისში კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად იყო სამხრეთ ოსეთისათვის მიეცა ფართო ავტონომია და პრივილეგირებული საგადახადო და ეკონომიკური რეჟიმი. რეგიონს ექნებოდა პარლამენტის არჩევის უფლება, დაწესდებოდა ოსეთის კვოტა საქართველოს პარლამენტში. 2005 წლის დეკემბერში გამართულ ეუთოს ლიუბლიანას მინისტერიალზე კი გამოცხადდა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის უფრო კონკრეტული და დროში გაწერილი ვერსია. რუსეთით ზურგგამაგრებულმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ ამ შეთავაზებებზე უარი თქვა.
არჩევნები
რედაქტირება2006 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში გაიმართა სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც კვლავ დაადასტურა რეგიონის „დამოუკიდებლობა“ საქართველოსგან. ამასთანავე ჩატარადა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 96 %-ით პრეზიდენტად კვლავაც არჩეულ იქნა ედუარდ კოკოითი. დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად ქართულ და ოსურ სოფლებში ჩატარდა “ალტერნატიული არჩევნები”, რომელიც სამხრეთ ოსეთის „ხსნის კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული. სეპარატისტების მიერ არკონტროლირდებად ტერიტორიებზე ხმების 80,25 % დიმიტრი სანაკოევმა მიიღო და პრეზიდენტად სწორედ ის დასახელდა. მისი საარჩევნო პროგრამა მხარს უჭერდა საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსის აღდგენასა და ეკონომიკური პროგრამის შემუშავებას. დეკემბერში დიმიტრი სანაკოევმა შექმნა მთავრობა, რომელიც სოფელ ქურთაში განლაგდა.
2007 წლის 10 მაისს სანაკოევი საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. დიმიტრი სანაკოევმა მეორე დღესვე ოსურად მიმართა საქართველოს პარლამენტს და კონფლიქტის მოგვარების გეგმა წარუდგინა. განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ სოფლებში სატრანსპორტო გზების ბლოკირების ბრძანება გასცა, სანაკოევის მთავრობას კი გაძევებით დაემუქრა.
2008 წლის მოვლენები
რედაქტირება2008 წლის გაზაფხულზე დაძაბულობამ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმაღლეს ხარისხს მიაღწია. 6 მარტს რუსეთმა დაარღვია დსთ–ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილება “აფხაზეთში/საქართველო კონფლიქტის დარეგულირების შესახებ” და აფხაზეთს დაწესებული ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. ქართულმა მხარემ რუსეთის ამგვარ ქმედება აფხაზეთის სრული მილიტარიზაციის დაწყებად გამოაცხადა. მომდევნო თვეების განმავლობაში ქართულ–რუსული ურთიერთობები კანონებისა და ურთიერთბრალდებების შემცველი განცხადებების საინფორმაციო ომში გადაიზარდა. 21 მარტს რუსეთის დუმამ აღმასრულებელ ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცა ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
ქართულ–რუსული დაპირისპირების პარალელურად სიტუაცია დღითიდღე მძიმდებოდა კონფლიქტის ზონებში, იღუპებოდნენ მშვიდობისმყოფელები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 3 ივლისს, ოსური სოფლის დმენისის პოლიციის უფროსის ნოდარ ბიბილოვის აფეთქების შემდგომ. მომხდარ ფაქტში ოსურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. იმავე დღეს ნაღმზე აფეთქდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის სანაკოევის მანქანა, თავად სანაკოევი უვნებლად გადარჩა. მომხდარი ქართულმა მხარემ ტერორისტულ აქტად შეაფასა.
2008 წლის 8 ივლისს რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა კიდევ ერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. ქართულმა მხარემ აღნიშნულ ქმედების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა უწოდა და საქართველოს ელჩი რუსეთში “კონსულტაციებისათვის” გამოიწვია. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საქართველოს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ესტუმრა.
სამხედრო წვრთნები
რედაქტირება2008 წლის ივლისში რუსეთმა ჩაატარა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები კოდური სახელწოდებით “კავკასია 2008”. წვრთნები ჩატარდა უშუალოდ საქართველო–რუსეთის საზღვართან და მასში მონაწილეობდა 8000-ზე მეტი ჯარისკაცი. რუსული წვრთნების პარალელურად საქართველოშიც დაიწყო ერთობლივი წვრთნები კოდური სახელწოდებით “დაუყოვნებელი პასუხი 2008”, რომელშიც ქართველებთან ერთად მონაწილეობდნენ ამერიკული, სომხური, აზერბაიჯანული და უკრაინული ძალები.
აგვისტოს ომი
რედაქტირება2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ომი დაიწყო. სამხრეთ ოსეთმა საქართველო დაადანაშაულა ფართომასშტაბიან აგრესიაში ცხინვალის წინააღმდეგ. მაშინ როდესაც საქართველო აცხადებდა, რომ ინტენსიურად იბომბებოდა ქართული სოფლები კონფლიქტურ ზონაში. იმავე საღამოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და სამხრეთ ოსეთსაც მოუწოდა იმავე ქმედებისაკენ. ასევე მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისაკენ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთი ისარგებლებდა მაქსიმალური ავტონომიით საქართველოს შემადგენლობაში. ქართული მხარის განცხადებით სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები არ წყვეტდნენ თავდასხმას ქართულ სოფლებზე და აძლიერებდნენ სახმელეთო ძალებს რეგიონში. აღნიშნული ქმედებებით კი საქართველოს „აიძულებედნენ“ დაერღვია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ცალმხრივად აღებული ვალდებულება.
8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოიწვია რუსეთის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც დაგმო საქართველოს აგრესიული ქმედებები სამხრეთ ოსეთში. რუსული მხარის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნებოდა მშვიდობის გარანტორი კავკასიაში.
8 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა რუსული სამხედრო ძალა და ტექნიკა. 9 აგვისტოს თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტმა შემდგომ კი პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. იმავე დღეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა დაიწყეს. 12 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ომი ფორმალურად დასრულდა.
6 პუნქტიანი გეგმის თანახმად კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს უნდა შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და დაებრუნებინა სამხედრო ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. გეგმა ასევე ითვალისწინებდა ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფას და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაბრუნების პროცესის ხელშეწყობას. ასევე საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.
ომის შედეგები
რედაქტირება25 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. 2008-2015 წწ. -ში სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქი ასევე აღიარა ნიკარაგუამ (2008, სექტემბერი), ვენესუელამ (2009, სექტემბერი), ნაურუმ (2009, დეკემბერი) და ტუვალუმ (2011). თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტში ტუვალუმ აღიარება უკან გაიწვია.
რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით სამხრეთ ოსეთმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. კერძოდ კი დე–ფაქტო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადავიდა ახალგორის რაიონი და ე.წ. „ლიახვის დერეფანი“, რომლის შემადგენლობაშიც 9 სოფელი შედის: თამარაშენი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, სვერი, ქემერტი, ძარწემი, ხეითი.
2010 წლის 7 აპრილს რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ შორის გაფორმდა შეთანხმება გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე. 2013 წლიდან კი რუსეთის მხარდაჭერით ოსურმა მხარემ დანარჩენ საქართველოსთან გამყოფ ზოლზე სასაზღვრო ნიშნებისა და მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012], ISBN 978-9941-0-5972-8.
- ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „ქართულ-ოსური კონფლიქტის მიზეზების, დინამიკის, გადაწყვეტის გზების ძიებისა და სავარაუდო მიმართულებების შესახებ“, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ სერია N1 (2005).
- ნოდია, გია, სქოლტბახი, ალვარო პინტო. საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი – პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევბი და პერსპექტივები (თბილისი: CIPDD, NIMD, 2006)
- Kaufman, Stuart J., Modern Hatreds, The Symbolic Politics of Ethnic War, (Ithaca and London: Cornell University Press, 2001) 106-107
- სოსიაშვილი გ., „ქართულ-ოსური ურთიერთობები და სამაჩაბლო“ // ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, გორი: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021, № 4, გვ. 212-231.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მოკლე ისტორია”
- “ინფორმაციული ცნობა “ქართულ–ოსური” კონფლიქტის შესახებ” დაარქივებული 2020-04-15 საიტზე Wayback Machine.
- აგვისტოს ნანგრევებში (თბილისი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, 2009) 22.
- Konig, Marietta. The Georgian-South Ossetian Conflict.
- Nichol Jim, Russia-Georgia Conflict in August 2008: Context and Implications for U.S Interests (Congressional Research Service, 2009):3.
- ქართულ-ოსური კონფლიქტი - უახლესი ისტორიის გაკვეთილები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 „სამაჩაბლო“, N1, ოქტომბერი 1989
- ↑ Решение чрезвычайной XII сессии Совета народных депутатов Юго-Осетинской автономной области двадцатого созыва о повышении статуса Юго-Осетинской автономной области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-10. ციტირების თარიღი: 2015-05-06.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N11 (591), გვ. 7-8, თბ., 1989 წ. ISSN 0203-2023
- ↑ ჯონსი, 2013, გვ. 82