ედუარდ ჯაბეს ძე კოკოითი (ოს. Кокойты Джабейы фырт Эдуард; დ. 31 ოქტომბერი, 1964) — ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2001 წლის 18 დეკემბრიდან 2011 წლის 10 დეკემბრამდე.[1]

ედუარდ კოკოითი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცხინვალში, დაამთავრა მე-5 საშუალო სკოლა. მცირე ხანი რადიოსაკვანძო განყოფილებაში ელექტრომექანიკოსად მუშაობდა. 1980 წელს საქართველოს სსრ-ის ჩემპიონი ხდება თავისუფალ ჭიდაობაში; მოგვიანებით - სპორტის ოსტატი. 1988 წელს დაამთავრა სამხრეთ ოსეთის ოლქის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზკულტურის მასწავლებლის ფაკულტეტი. ინსტიტუტში ირჩევენ კომკავშირის კომიტეტის მდივნად, რის შემდეგ კომკავშირის სტრუქტურებში განაგრძობს მუშაობას.

1990-1991 წლების კონფლიქტის პერიოდში შექმნა და მეთაურობდა ოსეთის დამცველთა რაზმს, რომელიც თავის მხრივ კრი კოჩიევის ჯგუფის ნაწილი იყო. 1990-1993 წლებში სამხრეთ ოსეთის ოლქის პარლამენტის დეპუტატია. 1997 წლის თებერვალში სამხრეთ ოსეთის ოლქის პირველი პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა ამავე რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციაში. 2001 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ოსეთის მეორე პრეზიდენტი ხდება, იმარჯვებს რა ხმების 53%-ით.

კოკოევის გამარჯვება მოულოდნელი, თუმცა მეტწილად თედეევის კლანის, სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახი, მხარდაჭერის დამსახურება იყო, შესაძლოა მისი ალბერტ "დიკ" თედეევთან და მის ძმა ჯამბულატთან მეგობრობის გამო. ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში და რუსეთის გუნდის მწვრთნელია, რომელმაც მეტწილად დააფინანსა და ორგანიზება გაუწია კოკოითის საარჩევნო კამპანიას. კლანი ადრე ლუდვიგ ჩიბიროვს უჭერდა მხარს, თუმცა მათ შორის მომხდარი უთანხმოების შემდეგ კოკოითს მიემხრო.

კოკოითის გაპრეზიდენტების შემდეგ თედეევის კლანის წევრები ამ არცნობილი რესპუბლიკის საბაჟო სამსახურისა და ტვირთგადაზიდვების გამგებლები გახდნენ ტრანსკავკასიის მაგისტრალზე როკის გვირაბის გავლით. ეს მაგისტრალი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის არტერიაა, რაც ასევე მთავარი გზაა კონტრაბანდის, ნარკოტიკებისა და იარაღის ვაჭრობისთვის. ამ მაგისტრალით მიღებული შემოსავლები უმთავრესი შემოსავალია სამხრეთ ოსეთის მთავრობისთვის.

2003 წლის ივლისში კოკოითი თედეევთა წინააღმდეგ ილაშქრებს, ათავისუფლებს რა თედეევს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან, ხოლო კლანის კერძო შეირაღებულ დაჯგუფებას იარაღის დაყრას უბრძანებს. კოკოითის მტკიცებით უშიშროების საბჭოს მდივანს, ისევე როგორც თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარეს კრიმინალებთან ჰქონდათ კავშირი. ამ ინციდენტს ცხინვალში სროლები და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

კოკოითს საქართველოს მთავრობასთან მტკიცე პოზიცია უჭირავს გაერთიანების წინააღმდეგ, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე იმ შემთხვევაში თუ სამხრეთ ოსეთს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს (რასაც თბილისის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება