კონსტანტინე გამსახურდია

ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გამსახურდია.

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 15 მაისი [ძვ. სტ. 3 მაისი], 1891[2][3], სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).

კონსტანტინე გამსახურდია
დაბადების თარიღი 3 (15) მაისი, 1891
დაბადების ადგილი აბაშა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 1975(1975-07-17)[1] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია კოლხური კოშკი
საქმიანობა პოეტი, დიპლომატი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ჟანრი ისტორიული რომანი
მიმდინარეობა ექსპრესიონიზმი, მოდერნიზმი
Magnum opus დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, და დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა
ჯილდოები ლენინის ორდენი, რუსთაველის პრემია, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და შრომის წითელი დროშის ორდენი
მეუღლე მირანდა ფალავანდიშვილი
შვილ(ებ)ი ზვიად გამსახურდია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1891 წელს (ზოგი ცნობით 1893 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.

ევროპაში

რედაქტირება

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1913 წლის გაზაფხულზე კონსტანტინე გამსახურდია იძულებული ხდება დროებით სამშობლოში დაბრუნდეს. კიტა აბაშიძის მზრუნველობით ამჯერად მას შავი ქვის მრეწველთა სტიპენდია დაენიშნა და 1913 ოქტომბრიდან 1914 წლის მარტამდე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1914 წლის ზაფხულში მწერალი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა იქაურ უნივერსიტეტში. გერმანიაში გატარებული დრო იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი მწერლის ცხოვრებაში, რამაც არსებითად განსაზღვრა მისი მომავალი შემოქმედებითი მიზანსწრაფვა. ამ დროისათვის კონსტანტინე გამსახურდიას უკვე აქვს დაწყებული აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. მისი, ლექსები, წერილები და თარგმანები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ასევე თანამშრომლობდა გერმანულ პერიოდიკაში.

გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მწერალი პირადად გაეცნო და დაუმეგობრდა თომას მანს. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, კ. გამსახურდია დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ის თითქმის ერთი წელი იყო დაპატიმრებული, შემდეგ კი თომას მანის დახმარებით გაათავისუფლეს და კვლავ მისცეს გერმანიაში სწავლის უფლება. 1916 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ სწავლა გააგრძელა ბერლინის უნივესიტეტში, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. იმავე წლის ბოლოს იგი დაბრუნდა სამშობლოში, აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და პოლიტიკურ საქმიანობაში. მან მუშაობა დაიწყო გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, 1918 წელს გამოსცა ჟურნალი „პრომეთე“, რომლის ირგვლივაც შემოიკრიბა ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლები. იგი იყო მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 
კონსტანტინე გამსახურდია 1914 წელს

1918 წლის სექტემბერში კ. გამსახურდია კვლავ გერმანიაში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა საქართველოს გერმანიის საელჩოს ატაშედ. 1919 წელს ჩააბარა გამოცდები ბერლინის უნივერსიტეტში და მიიღო უფლება უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომის ასაღებად დაეცვა ნაშრომი, რის შედეგადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სადიპლომო ნაშრომის თემა იყო: „საქართველოს მეფე ერეკლე მეორე“. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი. გერმანიაში ყოფნის პერიოდში გამსახურდიამ გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა, დაწერა არაერთი მხატვრული ნაწარმოები, წერილები, გერმანულ პრესაში გამოაქვეყნა სტატიები და თარგმანები.

 
მწერალი ევროპაში მოგზაურობის დროს

1920 წელს მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და ჩაება როგორც ლიტერატურულ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. 1922 წელს კონსტანტინე გამსახურდიამ გამოსცა ჟურნალი „ლომისი“ გ. ტაბიძესთან და ლეო ქიაჩელთან ერთად, 1922-1923 წლებში - ჟურნალი „ილიონი“, 1923 წელს კი - „საქართველოს სამრეკლო“ და „ქართული სიტყვა“. საბჭოთა ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ქართველ პატრიოტ მწერლებთან ერთად ოციან წლებში მწერალმა შექმნა „აკადემიური ასოციაცია“. 1923 წელს კ. გამსახურდია რამდენიმე თვით გაემგზავრა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები. მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში და განაგრძო სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა. თუმცა ხელისუფლებამ გამოაძევა ის უნივერსიტეტიდან, დახურა მისი რედაქტორობით გამომავალი „ილიონი“ და „საქართველოს სამრეკლოც“. ამას მოჰყვა 1924 წელს მისი დაპატიმრება, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

დაბრუნება

რედაქტირება
 
ფოტოზე: ვახტანგ კოტეტიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი, 1921

1926 წელს მწერალი მესამედ დააპატიმრეს „შპიონაჟის“ ბრალდებით და მიუსაჯეს საკონცენტრაციო ბანაკში 10 წლით გადასახლება. 1927 წლის დეკემბერში რეპრესირებული მწერალი ავადმყოფობის გამო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი გამოსვლა საქართველოს მწერალთა პირველ ყრილობაზე, სადაც მან გაილაშქრა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ გამოსვლის გამო მას უწოდეს „შინაური ემიგრანტი“. 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: „კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმისა და „შავი ჩოხის“ ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე“.

ბოლო წლები

რედაქტირება

კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია, ასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

შემოქმედება

რედაქტირება

პირველი ნაწარმოებები

რედაქტირება
 
გამსახურდია სხვა მწერლებთან ერთად

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა „აკადემიური მწერლობის კავშირის“ ჟურნალებს: „ილიონი“, „ლომისი“, „საქართველოს სამრეკლო“. ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“, 1924) თავი იჩინა გამსახურდიას ექსპრესიონისტულმა მსოფლგანცდამ. ამ ეტაპზე მწერლისათვის არსებობს ერთი რეალობა, რომელიც ხელოვანის სულში აღმოჩენილი და გარდაქმნილი სინამდვილეა. ფსიქოლოგიზმი შენაცვლებულია ანტიფსიქოლოგიზმით. „ზარები გრიგალში“ (1924) რწმენაშერყეული ადამიანის აპოთეოზია: საკუთარმა მოწოდებამ მისი უფერული სიცოცხლე დიდ ვნებად აქცია, ზნეობრივ ექსტაზს აზიარა და შემდეგ ფიზიკურად გაანადგურა. სოციალურ – ზნეობრივი ხასიათის ნოველებშიც კი გამსახურდიას გმირი ბუნებაში უფრო მკვიდრად გრძნობს თავს, ვიდრე საზოგადოებაში („ქოსა გახუ“, 1927-1929; „ტაბუ“, 1925-1927; „ხოგაის მინდია“, 1937). ნოველაში „მკვდართან შეხვედრა“ (1919) ქართულ მწერლობაში პირველად იქცა დამოუკიდებელ პრობლემად ადამიანის, პიროვნების გაუცხოების საკითხი. პიროვნება დათრგუნულია გარეშე საგნების მოზღვავებით. ადამიანები არაკომუნიკაბელურნი არიან. ისინი ვერ შველიან ერთმანეთს. მკვეთრად გამოხატული დეკადენტური ესთეტიზმით ხასიათდება „პორცელანი“, „ლილ“ (1922), „ქალის რძე“ (1929). მძლავრი ეროვნულ-მოქალაქეობრივი თვალსაზრისი ასაზრდოებს ნოველებს „ფოტოგრაფი“ (1919), „ტაბუ“, „მშვენიერება“.

 
კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტი

სოციალური რომანები

რედაქტირება

ეროვნული სულისკვეთება, მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გასდევს გამსახურდიას პირველ რომანსაც, „დიონისოს ღიმილი“ (1925). კონსტანტინე სავარსამიძის სახით ნაჩვენებია ზნეობრივი ტრაგიზმი XX ს. 10-იანი წლების ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალისა, რომელმაც ეროვნული იდეალები მშობლიურ წიაღში კი არ განავითარა, არამედ დასავლეთის საგანმანათლებლო ცენტრებში და ამ იდეალებსა და მაშინდელი საქართველოს სინამდვილეს შორის წარმოჩენილი უფსკრულის პირისპირ აღმოჩნდა. მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ – ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი“ ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია. თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი – ტრილოგიის, „მთვარის მოტაცების“ (1935-1936) მთავარი გმირი. ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებითად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემას; ინდივიდუალისტური კულტურის შეუთავსებლობას ახალ კოლექტივისტურ ნებასთან. თარაშ ემხვარი არ თანაუგრძნობს ახალ ცხოვრებას, ვერ პოულობს მის თანმხვედრ გზას და იღუპება. ავტორმა მისი დაღუპვა მთვარის (უძველესი ქართული წარმართული ღვთაება) მოტაცებას შეუდარა; ამასთან, გაბედულად დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ წაქცეული ათასწლოვანი კულტურა მხოლოდ განადგურებისა და შეჩვენების ობიექტად არ უნდა ქცეულიყო.

ისტორიული რომანები

რედაქტირება

გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“ (1939) გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.

გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი“ ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.

 
გამსახურდიას სახლი აბაშაში

როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა რომან „ბელადის“ პირველი ნაწილი. მაგრამ შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია. რომანში „ვაზის ყვავილობა“ (1955), რომელიც მან სტალინს მიუძღვნა, გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.

სხვა ნაშრომები

რედაქტირება

გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე – „გოეტეს ცხოვრების რომანი“ (1934). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.

თავის ისტორიულ რომანებში გამსახურდია ფართოდ იყენებს არქაულ ენობრივ ნიღაბს სიძველის კოლორიტის, განცდის შესაქმნელად. ასეთი მხატვრულ – ენობრივი პოზიცია ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის საერთო ტენდენციად კი არ მიაჩნია, არამედ საკუთრივ ისტორიული რომანის პრინციპად. თუმცა გამსახურდიას თანამედროვე თემატიკაზე შექნილი ნაწარმოების თავისებურმა ენობრივმა მანერამაც გამოიწვია აზრთა მძაფრი სხვადასხვაობა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება

რჩეული მოთხრობები და ნოველები

რედაქტირება
  • მშვენიერება
  • ქოსა გახუ
  • ფოტოგრაფი
  • ლილ
  • პორცელანი
  • ჯამუ
  • დამსხვრეული ჩონგური
  • დათვი
  • ამბავი ხუთასი ბოლნისელისა
  • დიდი იოსები
  • ხოგაის მინდია
  • სიბრძნე სიცრუისა
  • ქალის რძე
  • კლარა
  • გამოუყენებელი ბინოკლი
  • ვერცხლის ბეჭედი
  • მტრების მეგობრობა
  • ქართული ჩაბალახი
  • ნაპოლეონი
  • მკვდართან შეხვედრა
  • საათები
  • ზარები გრიგალში
  • დედავ, მისტიურო ქალო!
  • ტაბუ

რჩეული იგავები

რედაქტირება
  • ჯავშნოსანი და გუდურა
  • მელა და აქლემი
  • ძაღლი
  • ბუ და არწივი
  • ბაგრატ მეფე და მეწისქვილე
  • უნებლიე ქურდი
  • ჭადარი და კაკალი
  • გულუბრყვილო სპილო

რჩეული ნარკვევები

რედაქტირება
  • უკრაინის თემიდი
  • მკვდრეთით აღმდგარი ქვეყანა

რჩეული ესეები და წერილები

რედაქტირება
  • ქართველობა და უცხოეთის გენია
  • ციტატები
  • აპოლოგია რუსთაველისა
  • ლექცია ვაჟა ფშაველაზე (ვიდეო)
  • როგორ ვწერ?
  • წერილი ვაჟისადმი
  • ომი რუხთან
  • ღია წერილი გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი
  • „კარგი ევროპელი“ (არტურ ლაისტი)
  • „ალექსანდრე აბაშელი“
  • ირაკლი აბაშიძე
  • საქართველოს საკითხი საზღვარგარეთ
  • ქართველობა და უცხოეთის გენია
  • „პოეზიის დღე“
  • ჩვენი კულტურ-პოლიტიკა
  • ქართველ მწერალთა კონფერენციაზე
  • DECLARATIA PRO MEA
  • გაორებული საქართველო
  • წერილი პატიმარი პოეტისადმი
  • სტენოგრამა
  • ღია წერილი სომხეთის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის ედუარდ თოფჩიანისადმი
  • ფრაგმენტი კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებებიდან
  • მაგიური შანდლები
  • მწერლის დღიურიდან
  • ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი
  • პასუხი
  • ვინ არის შოვინისტი?
  • ბარათები სიყვარულზე
  • რებეკა ვაშაძეს
  • რებეკა ვაშაძის დღიურები
  • ბარათები ნათელა გამსახურდიასადმი

თარგმანები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოსო სიგუა, „მარტვილი და ალამდარი“, ტ. 1
  1. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ. 1, თბ., 2013, გვ.624
  3. კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე, ჟურნ. საბჭოთა ხელოვნება, თბ., 1961, N8-9, გვ. 97-100