ევროპა გალიაში
ევროპა გალიაში — კონსტანტინე გამსახურდიას სოციალური რომანი, რომლის წერა 1937 წელს დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო დაუმთავრებელი დარჩა.
„ევროპა გალიაში“ | |
---|---|
| |
ავტორი | კონსტანტინე გამსახურდია |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | ქართული |
ჟანრი | სოციალური რომანი |
გამომცემელი | ლიტერატურული საქართველო |
გამოცემის თარიღი | 1937 |
რომანში „ევროპა გალიაში“ ასახული უნდა ყოფილიყო ევროპის სინამდვილე – ბრძოლა რესპუბლიკური ესპანეთისთვის. რომანის ცალკეულ თავები ქვეყნდებოდა „ლიტერატურულ საქართველოში“. მაგრამ 1937 ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, დაიწყო სახელმწიფო ტერორი. მწერალი იძულებული გახდა თავი მიენებებინა თანამედროვეობაზე წერისთვის და ისტორიულ მასალაზე გადართულიყო. „ევროპა გალიაში“ დაუმთავრებელი დარჩა.
რომანის შვიდი თავი გამოქვეყნდა:
- ქვეყანა ვრცელია...
- გაცდენილი პარტია ტენისის
- უცნაური შემთხვევა პანსიონ კობურგში
- მაჰარაჯას მაიმუნი
- მარკების კოლლექციონერის შეგონებანი
- წვიმა
- ფრაუ მაიორი ბორგავდა გერმის ბალიშებში...
რომანის შესახებ
რედაქტირება„მთვარის მოტაცების“ დასრულების შემდეგ კონსტანტინე გამსახურდიამ ახალი რომანის წერა დაიწყო. ეს იყო „ევროპა გალიაში“, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ევროპის სინამდვილე, ბრძოლა რესპუბლიკური ესპანეთისთვის, რაც მაშინ უაღრესად მეთოდური თემა იყო. „ლიტერატურული საქართველო“ უკვე აქვეყნებდა ცალკეულ თავებს. ლავრენტი ბერიას ეს რომანი არ მოსწონდა, მაგრამ მწერლის ჩანაფიქრს მიესალმა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: 1937 წლის 3 მარტს ცეკას პლენუმზე სტალინმა სახელმწიფო ტერორი გამოაცხადა – განსხვავებული აზრის პირებთან კამათი დასრულდა. მათი ლიკვიდაცია უნდა მომხდარიყო. ამავე წლის 15 მარტს ბერიამ იგივე გაიმეორა და ქართული გვარ-სახელებით დააკონკრეტა, თავს დაესხა ტროცკისტებს, ცისფერყანწელებს, აკადემიური ჯგუფის წევრებს... სხვებთან ერთად მწვავედ გააკრიტიკა კონსტანტინე გამსახურდიაც, როგორც ფაშისტური ელფერის მებრძოლი ნაციონალისტი, თუმცა მწერლის დიდი ნიჭიც აღიარა და თქვა, საჭიროა მისი ხალხის სამსახურში ჩაყენებაო.
ამის შემდეგ დაიწყო კონსტანტინე გამსახურდიას სასტიკი კრიტიკა. მწერალი თავს იცავდა. ხშირად სიტყვით გამოდიოდა, სტალინსა და ბერიას განადიდებდა, მიმართავდა ცეკას, მაგრამ ამაოდ. შინსახკომში უკვე წამების შედეგად ათქმევინეს ლიდა გასვიანს, ბუდუ მდივანს, ნიკოლო მიწიშვილს, დავით წერეთელს, არჩილ მიქაძეს, დავით ლომინაძეს, გერმანე მგალობლიშვილს, ტიციან ტაბიძეს, მიხეილ ჯავახიშვილის, რომ კონსტანტინე იზიარებდა ფაშისტურ იდეებს. ბერიამ მწერალს სტალინზე რომანის დაწერა შეუკვეთა.
გარდა იმისა, რომ მწერალი უმწეო მდგომარეობაში იყო, აქ კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებდა: სტალინი ცხადდებოდა რევოლუციონერად, ჩაგრულთა მამად, რომელმაც შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა. მის მიერ ჩადენილ სისასტიკესა და ტირანიაზე კი არც საზოგადოებამ და არც კონსტანტინემ ჯერ არაფერი იცოდნენ. მწერალმა თავი დაანება რომანს – „ევროპა გალიაში“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. თავი მიანება თანამედროვეობას და თუ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, მთავარი თანამედროვეობაა, ისტორიულ მასალაზე მუშაობა ნაკლებად საინტერესოაო, – ახალმა სიტუაციამ სწორედ ისტორიაში გადაიყვანა.[1]