ლავრენტი ბერია
ლავრენტი პავლეს ძე ბერია (დ. 17 (29) მარტი, 1899, მერხეული, სოხუმის ოკრუგი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია ― გ. 23 დეკემბერი (სხვა მონაცემებით 26 ივნისი), 1953, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა პოლიტიკური, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (1945 წლიდან), სოციალისტური შრომის გმირი (1943 წლიდან). სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს წრეებში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. 1953 წელს ბერია დააპატიმრეს შპიონაჟის და აგრეთვე შეთქმულების ბრალდებით.
ლავრენტი ბერია | |
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 მარტი, 1953 – 26 ივნისი, 1953 | |
წინამორბედი | სემიონოვ იგნატიევი |
მემკვიდრე | სერგეი კრუგლოვი |
საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ნოემბერი, 1938 – 29 დეკემბერი, 1945 | |
წინამორბედი | ნიკოლაი ეჟოვი |
მემკვიდრე | სერგეი კრუგლოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 იანვარი, 1934 – 31 აგვისტო, 1938 | |
წინამორბედი | პეტრე აგნიაშვილი |
მემკვიდრე | კანდიდ ჩარკვიანი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ნოემბერი, 1931 – 18 ოქტომბერი, 1932 | |
წინამორბედი | ლავრენტი ქართველიშვილი |
მემკვიდრე | პეტრე აგნიაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 1927 – 31 დეკემბერი, 1930 | |
წინამორბედი | შალვა მათიკაშვილი |
მემკვიდრე | უწყების გარდაქმნა |
დაბადებული | 17 (29) მარტი, 1899 მერხეული, სოხუმის ოკრუგი |
გარდაცვლილი | 23 დეკემბერი, 1953 (54 წლის) მოსკოვი, რუსეთის სფსრ |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | კომპარტია (1918-1952) |
მეუღლე | ნინა გეგეჭკორი |
შვილები | სერგო ბერია |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებალავრენტი ბერია დაიბადა 1899 წლის 29 მარტს ქუთაისის გუბერნიაში, სოხუმის ოკრუგის სოფელ მერხეულში, მართა ჯაყელის და პავლე ბერიას ოჯახში.
მართა (1868–1955 წწ.), იყო ღრმად მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი, ცდილობდა შვილები ეკლესიურად აღეზარდა, თავად დიდ დროს ატარებდა ეკლესიაში და იქვე გარდაიცვალა. იგი იყო გურიის რეგიონიდან, კეთილშობილური ქართული ოჯახიდან და პავლე ბერიაზე (1872–1922) დაქორწინებამდე, ის იმყოფებოდა ქორწინებაში. მისი პირველი ქმარი იყო სოფელ ჯგალში (ამჟამინდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მცხოვრები დიმიტრი კვარაცხელია, სოფლის მღვდლის, ამ არემარეში საკმაოდ ცნობილი ადამიანის, პეტრე კვარაცხელიას ძმა. დიმიტრი ადრე გარდაიცვალა და მართას მისგან დარჩა ორი შვილი - თამარი და კაპიტონი.[1][2]
დაქვრივებული ჯაყელის ქალი გათხოვდა პავლე ბერიაზე, რომელიც ჯგალში ჩადიოდა ხოლმე სამუშაოდ. პავლემ მართა, თავის შვილებთან ერთად, სოფელ მერხეულში წაიყვანა, სადაც საბოლოოდ დასახლდნენ კიდეც. მართას აქ შეეძინა ლავრენტი და ანეტა.
განათლება ლავრენტი ბერიამ მიიღო ჯერ სოხუმის ტექნიკუმში, შემდეგ სწავლა განაგრძო ბაქოს საშუალო მექანიკურ-სამშენებლო სასწავლებელში, რომელიც 1919 წელს დაამთავრა და ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომელიც არ დაუსრულებია.
1917 წლის მარტში ლავრენტი ბერია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (ბოლშევიკების) რიგებში შევიდა, 1917 წლის ივნისიდან დეკემბრამდე რუსეთის კავკასიის არმიაში ტექნიკოს-პრაქტიკანტად მსახურობდა.
კარიერის დასაწყისი
რედაქტირება1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებულმა რუსეთის არმიამ საქართველოს ოკუპაციის წარუმატებელი ცდის შემდეგ ბაქოსკენ დაიხია. დემორალიზებული არმია საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით გამოიყენეს. 1918 წლის აპრილში შეიქმნა ე. წ. ბაქოს კომუნა. 1918-1920 წლებში ლავრენტი ბერია ბაქოში ჯერ დეპუტატთა საბჭოს სამდივნოში, ბაქოს კომუნის განადგურების შემდეგ (1918 წლის სექტემბერი) ერთ-ერთ ქარხანაში — კანტორის მოხელედ, ხოლო შემდეგ ბაქოს საბაჟოზე მუშაობდა. 1920 წლის აპრილში საბჭოთა რუსეთის XI წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიპყრო. 1920 წლის აპრილ-მაისში ლავრენტი ბერია საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოსთან არსებული კავკასიის ფრონტის სარეგისტრაციო განყოფილების რწმუნებული იყო. XI წითელი არმიის სამხედრო-რევოლუციურმა საბჭომ ლავრენტი ბერია საგანგებო დავალებით არალეგალურად გაგზავნა საქართველოში. 1920 წლის ივნისში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დააპატიმრა. საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლის საფუძველზე საქართველოში საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სერგეი კიროვმა ლავრენტი ბერიას განთავისუფლება მოითხოვა. ლავრენტი ბერია პატიმრობიდან გაათავისუფლეს და აზერბაიჯანში გაასახლეს.
აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ, 1920 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველად მუშაობდა. 1920 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა. მის მოვალეობას წარმოადგენდა ბაქოში ბურჟუაზიის ექსპროპრიაციის განხორციელება და ქალაქის მუშათა საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესება. 1921 წლის მაისიდან 1922 წლის ნოემბრამდე ლავრენტი ბერია აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის საიდუმლო-პოლიტიკური ნაწილის უფროსის მოადგილე იყო, შემდეგ — უფროსი, ბოლოს კი აზერბაიჯანის სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა საქართველოშიც წარმატებული გამოდგა. 1922-1926 წლებში იგი ჯერ საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი, ხოლო შემდეგ საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა საქმის გამოძიება. მალე ლავრენტი ბერია დააწინაურეს. 1926 წლის 2 დეკემბრიდან 1931 წლის 3 დეკემბრამდე ლავრენტი ბერია საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, ამიერკავკასიის სფსრ-ში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილე და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 1926 წლის დეკემბრიდან 1931 წლის 17 აპრილამდე ის ამიერკავკასიის სფსრ-ში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენლობის საიდუმლო-ოპერატიული სამმართველოს უფროსადაც მუშაობდა. 1927 წლის 4 აპრილიდან 1930 წლის 30 დეკემბრამდე ლ. ბერია იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1931 წლის 17 აპრილიდან 3 დეკემბრამდე ლავრენტი ბერია იყო ამიერკავკასიის სფსრ-ის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე და ამიერკავკასიის ფედერაციაში საბჭოთა კავშირის გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი. იოსებ სტალინის ნების თანახმად, ლავრენტი ბერიას სამსახურებრივი კარიერა პარტიულ ორგანოებში გაგრძელდა.
საქართველოს ლიდერის პოზიცია
რედაქტირება1931 წლის 14 ნოემბერს ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან 1938 წლის 31 აგვისტომდე დაჰყო (ამ პერიოდში, 1937 წლის მაისიდან 1938 წლის 31 აგვისტომდე ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანიც იყო). 1932 წლის 17 ოქტომბერს ლავრენტი ბერია საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ის 1937 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა.
ბერიამ მოახდინა თბილისში საბჭოთა დამსჯელი ორგანოების ცენტრალიზება. მანამდე ორი დამსჯელი ორგანო მოქმედებდა, საქართველოსა და ამიერკავკაიის რესპუბლიკების ჩეკები. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხალხის დაჭერას, დახვრეტასა და გადასახლებაში. ბერიამ, რომელიც ამ დროს საქართველოს სსრ-ს ცეკას პირველი მდივანი იყო. ამ ორგანოების ცენტრალიზაცია მოახდინა და ერთგვარი სისტემა შეიტანა მათ მუშაობაში. შექმნა სამეული (ე.წ. ტროიკა) სერგო გოგლიძის, ვლადიმერ დეკანოზოვის და ამაიაკ ქობულოვის შემადგენლობით. გაამარტივა გამოძიებისა და სიკვდილის მისჯის პროცესი. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართველი ინტელექტუალების, მიხეილ ჯავახიშვილის, დიმიტრი შევარდნაძის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სხვათა წინააღმდეგ რეპრესიებს.
კარიერა მოსკოვში
რედაქტირება1938 წელს პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლაში ჩაბმულმა იოსებ სტალინმა თავისი ფავორიტი მოსკოვში გადაიყვანა. 1938 წლის 22 აგვისტოს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის — ნიკოლოზ ეჟოვის პირველ მოადგილედ დაინიშნა, იმავდროულად, 1938 წლის 29 სექტემბერს გახდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1938 წლის 25 ნოემბერს ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დაინიშნა, ამასთან, სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაც შეინარჩუნა. 1938 წლის 17 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად თბილისიდან გადაყვანილი თავისი ფავორიტი ვსევოლოდ მერკულოვი დანიშნა.
1938 წლის მარტში ლავრენტი ბერია საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს (1952 წლიდან პრეზიდიუმის) წევრობის კანდიდატად აირჩიეს (პოლიტბიუროს წევრი 1946 წლის მარტში გახდა). იოსებ სტალინი ლავრენტი ბერიას ხელში დიდ ძალაუფლებას უყრიდა თავს. 1941 წლის 3 თებერვალს, ისე, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა არ დაუტოვებია, ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ამავე დროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის შემადგენლობიდან გამოყოფილ იქნა სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველო და იგი დამოუკიდებელ კომისარიატად — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატად გარდაიქმნა. 1941 წლის 20 ივლისს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატები კვლავ გაერთიანდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატად, სახალხო კომისრის თანამდებობა ლავრენტი ბერიამ შეინარჩუნა. 1943 წლის 14 აპრილს კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს კვლავ გამოეყო სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი.
გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის 30 ივნისს, შეიქმნა საგანგებო ორგანო — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი (თავმჯდომარე იოსებ სტალინი), რომლის წევრი ლავრენტი ბერიაც იყო. 1944 წლის მაისიდან ლავრენტი ბერია დაინიშნა თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე მან 1944 წლის სექტემბრამდე დაჰყო. როგორც თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, ლავრენტი ბერია აკონტროლებდა სამხედრო მრეწველობის (არტილერიის, ნაღმმტყორცნების, საავიაციო ძრავების, თვითმფრინავებისა და სხვ.) წარმოებას.
1944 წლის 3 დეკემბერს ლავრენტი ბერიას ურანის გამდიდრების მიზნით მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელობა დაევალა. 1945 წლის 25 აგვისტოდან 1953 წლის მარტამდე იგი სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტთან (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოსთან) არსებულ ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალურ კომიტეტს (ატომური ბომბი გამოსცადეს 1949 წლის 29 აგვისტოს).
სამამულო ომის შემდგომი პერიოდი
რედაქტირება1945 წლის 29 დეკემბერს ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის თანამდებობა დატოვა და მთელ დროს სახალხო კომისართა საბჭოში (1946 წლიდან მინისტრთა საბჭოში) მოღვაწეობასა და ატომური ბომბის დამზადების მიზნით შექმნილ სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელობას უთმობდა.
როდესაც სტალინი 70-ს მიუახლოვდა, მის გარემოცვას შორის გამძაფრდა ფარული ბრძოლა მემკვიდრეობისთვის. ომის დასასრულს ერთ-ერთ გამოკვეთილ კანდიდატად ითვლებოდა ანდრეი ჟდანოვი, რომელიც ომის დროს მსახურობდა კომუნისტური პარტიის ლიდერად ლენინგრადში, 1946 წლიდან კი კულტურულ საკითხებს კურირებდა. 1946 წლის შემდეგ ბერიამ დაამყარა ალიანსი მალენკოვთან და შეეწინააღმდეგა ჟდანოვის აღზევებას.
ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი სერგეი კრუგლოვი არ იყო ბერიას მომხრე. ასევე, 1946 წლის ზაფხულისთვის, ბერიას კაცი, ვსევოლოდ მერკულოვი, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელად შეცვალა ვიქტორ აბაკუმოვმა. აბაკუმოვი ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვას (სმერშ-ს) 1943 წლიდან 1946 წლამდე, მას აკავშირებდა მჭიდრო თანამშრომლობა ბერიასთან, თუმცა მეტწილად განიხილავდა მას როგორც კონკურენტს. კრუგლოვმა და აბაკუმოვმა სასწრაფოდ დაიწყეს უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელობაში ბერიას ხალხის ახალი ხალხით ჩანაცვლება. მალე, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე სტეპან მამულოვი იყო ბერიას ერთადერთი ახლო მოკავშირე, რომელიც დარჩა საგარეო დაზვერვის გარეთ, რომელსაც ბერია აკონტროლებდა.
მომდევნო თვეებში აბაკუმოვმა დაიწყო მნიშვნელოვანი ოპერაციების განხორციელება ბერიას კონსულტაციის გარეშე, ხშირად მუშაობდა ჟდანოვთან და მოქმედებდა სტალინის უშუალო ბრძანებით. ერთ-ერთი პირველი ასეთი ნაბიჯი იყო ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის საქმე, რომელიც დაიწყო 1946 წლის ოქტომბერში და საბოლოოდ გამოიწვია სოლომონ მიხოელსის მკვლელობა და მრავალი სხვა წევრის დაპატიმრება. მას შემდეგ, რაც ჟდანოვი მოულოდნელად გარდაიცვალა 1948 წლის აგვისტოში, ბერიამ და მალენკოვმა გააძლიერეს თავიანთი ძალაუფლება ჟდანოვის თანამოაზრეების გაწმენდის გზით ე.წ. "ლენინგრადის საქმეში". სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ჟდანოვის მოადგილე ალექსეი კუზნეცოვი; ეკონომიკური ხელმძღვანელი ნიკოლაი ვოზნესენსკი; პარტიის ხელმძღვანელი ლენინგრადში, პიოტრ პოპკოვი; და რუსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მიხეილ როდიონოვი. თუმცა ბერიამ ვერ შეძლო მიხაილ სუსლოვის მოშორება, რომელიც ითვლებოდა იმ პერიოდში მზარდი პოლიტიკური კარიერის პიროვნებად და სტალინის ერთ-ერთ მემკვიდრედაც კი.
1949 წელს ლავრენტი ბერიას სტალინური პრემია მიენიჭა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX ყრილობის (1952 წ.) შემდეგ იოსებ სტალინმა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმთან შექმნა „ხელმძღვანელი ხუთეული“, რომლის წევრი ლავრენტი ბერიაც იყო.
ომისშემდგომ წლებში ბერია მეთვალყურეობდა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმების დამყარებას და ირჩევდა მათ საბჭოთა კავშირის მხარდაჭერილ ლიდერებს. 1948 წლიდან დაწყებული, აბაკუმოვმა წამოიწყო რამდენიმე გამოძიება ამ ლიდერების წინააღმდეგ, რაც დასრულდა 1952 წლის ნოემბერში რუდოლფ სლანსკის, ბედრიჩ გემინდერისა და სხვათა დაპატიმრებით ჩეხოსლოვაკიაში. ამ ადამიანებს ხშირად ადანაშაულებდნენ სიონიზმში და ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაში. ეს იყო არაპირდაპირი ბრალდებები ბერიას წინააღმდეგაც, რადგან ისრაელისთვის დიდი რაოდენობით ჩეხური იარაღის მიყიდვა მისი თანხმობით განხორციელდა. საერთო ჯამში, ჩეხოსლოვაკიის 14 კომუნისტი ლიდერი, მათგან 11 ებრაელი, გაასამართლეს და დახვრიტეს (სლანსკის სასამართლო პროცესი).
1951 წელს დაიწყო ე.წ. ექიმთა საქმე, როდესაც ქვეყნის გამოჩენილი ებრაული წარმოშობის ექიმები საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიდერების მოწამვლაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. პარალელურად, საბჭოთა პრესამ დაიწყო ანტისემიტური პროპაგანდისტული კამპანია, რომელსაც ევფემისტურად უწოდეს "ბრძოლა უძირო კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ". თავდაპირველად დააკავეს 37 კაცი, რომელთა რიცხვი მოგვიანებით გაიზარდა. ათობით საბჭოთა ებრაელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, დააპატიმრეს, გაგზავნეს გულაგში ან დახვრიტეს. სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 1953 წლის 5 მარტს, ბერიამ გაათავისუფლა ყველა დაკავებული ექიმი, გამოაცხადა, რომ მთელი საქმე შეთითხნილი იყო და დააკავა საქმის უშუალო მწარმოებლები.
სტალინის გარდაცვალება
რედაქტირება1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდა სამეული — ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი და ნიკიტა ხრუშჩოვი. მათ შორის პირველი დღიდანვე ფარული ბრძოლა დაიწყო. ლავრენტი ბერიამ დაიკავა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა და პარალელურად სათავეში ედგა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ სამინისტროს — საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს. მისი ინიციატივით, 1953 წლის 9 მაისს გამოცხადდა ამნისტია, რომლის ძალითაც სასჯელაღსრულების ადგილებიდან განთავისუფლდა 1,2 მილიონი ადამიანი, შეწყდა რამდენიმე გახმაურებული საქმის (მაგალითად, „ექიმთა საქმის“, „მეგრელთა საქმის“) ძიება, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა დაახლოებით 400 ათასი ადამიანის მიმართ. ლავრენტი ბერია მოითხოვდა სამხედრო ხარჯების შემცირებასა და ზოგიერთი ძვირად ღირებული პროექტის (მაგალითად, თურქმენეთის მთავარი არხის, ვოლგა-ბალტიის არხის და სხვ.) დაფინანსების შეწყვეტას. მისი დაჟინებული მოთხოვნით საბჭოთა მხარე დათანხმდა კორეაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასა და მოლაპარაკების დაწყებას. ბერია ცდილობდა იუგოსლავიასთან ურთიერთობის მოგვარებას, წინააღმდეგი იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და მოითხოვდა მის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას. ყოველივე ეს „ცივი ომის“ თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდა.
ლავრენტი ბერიას პოლიტიკური კურსი ძალზე პოპულარული გახდებოდა, რაც ხელს არ აძლევდათ გეორგი მალენკოვსა და ნიკიტა ხრუშჩოვს, ასევე საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის სხვა წარმომადგენლებს (ვიაჩესლავ მოლოტოვს, ნიკოლაი ბულგანინს, ლაზარ კაგანოვიჩს, კლიმენტ ვოროშილოვს, გეორგი ჟუკოვს და სხვ.). საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტა ერთსულოვანი იყო იმაში, რომ კრემლში ქართველთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო. 54 წლის ლავრენტი ბერიას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსვლა მათთვის ტრაგედიის ტოლფასი იყო. „ვიდვიჟენცები“ კარგად გრძნობდნენ, რომ ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება მათი კარიერის დასასრულს ნიშნავდა.
ნიკიტა ხრუშჩოვმა შეძლო გეორგი მალენკოვის და პოლიტიკური ელიტის ცნობილი წარმომადგნენლების მიმხრობა და მათი ინიციატივით, 1953 წლის ივნისში ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება. შეთქმულებისა და ლავრენტი ბერიას მკვლელობის დეტალები დღემდე არ არის ცნობილი. არსებობს რამდენიმე ვერსია: პირველი — ლავრენტი ბერიას თვითმფრინავი ბერლინიდან მოსკოვისკენ ფრენისას ჰაერშივე გაანადგურეს; მეორე — ლავრენტი ბერია დააპატიმრეს მოსკოვში თვითმფრინავის დაშვებისთანავე და იქვე დახვრიტეს; მესამე — ლავრენტი ბერია მოკლეს მოსკოვში, საკუთარ ბინაში, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ; მეოთხე — ლავრენტი ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს მოსკოვში, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. საქართველოს ბიბლიოთეკებიდან ამოღებულ იქნა მრავალი წიგნი, გაზეთი და ჟურნალი, სადაც ბერია იყო ხოტბაშესხმული, ან უბრალოდ მოხსენიებული და ამოიშალა ბერიას გვარი.
ოჯახი
რედაქტირება- მეუღლე — ნინო თეიმურაზის ასული გეგეჭკორი (1905–1991), კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი, 1953 წლის ივლისში დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს.[3]
- ვაჟი — სერგო ბერია (დაიბადა 1925 წელს) მოგვიანებით იძულებული გახდა დედის გვარზე გადასულიყო. 1948-1953 წლებში იგი მუშაობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მესამე მთავარი სამმართველოს №1 საკონსტრუქტორო ბიუროში. სერგო ბერია 1953 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს და 1954 წლის ნოემბერში გადაასახლეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იკვლევდა მამის მკვლელობის ისტორიას. 2000 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თხოვნა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციის თაობაზე.
სპეციალური წოდებები
რედაქტირება- სახელმწიფო უშიშროების I რანგის კომისარი (11.09.1938);
- სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისარი (30.01.1941);
- საბჭოთა კავშირის მარშალი (09.07.1945).
ჯილდოები და მედლები
რედაქტირება- (№80, 30.09.1943);
- (№1236 — 17.03.1935, №14839 — 30.09.1943, №27006 — 21.02.1945, №94311 — 29.03.1949, №118679 — 29.10.1949);
- (№7034 — 03.04.1924, №11517 — 03.11.1944);
- (08.03.1944);
- (საქართველოს სსრ, 03.07.1923);
- (საქართველოს სსრ, 10.04.1931);
- (აზერბაიჯანის სსრ, 14.03.1932);
- (სომხეთის სსრ),
- საიუბილეო მედალი „მუშურ-გლეხური წითელი არმიის XX წელი“,
- ტუვის რესპუბლიკის ორდენი (18.08.1943);
- სუხე-ბატორის ორდენი (№31 — 29.03.1949),
- (მონღოლეთის , №441 — 15.07.1942);
- მედალი „25 წელი მონღოლეთის სახალხო რევოლუციიდან“ (№3125 — 19.09.1946);
- I ხარისხის სტალინური პრემია (29.10.1949 და 1951 წ.);
- სამკერდე ნიშანი „საკავშირო საგანგებო კომისიის — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკი (V)“ (№100);
- სამკერდე ნიშანი „საკავშირო საგანგებო კომისიის — სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკი (XV)“ (№205, 20.12.1932).
სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ ლავრენტი ბერიას ყველა ჯილდო ჩამოერთვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3
- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 45-51, ISBN 978-9941-0-5532-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლავრენტი ბერია და კვარაცხელიები paqtebi.ge
- ↑ ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს “მეგრელთა საქმე” iberiana.wordpress.com
- ↑ სხვა ერი არასოდეს დაგიფასებს სამსახურს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-25. ციტირების თარიღი: 2021-12-25.