ამაიაკ ზაქარიას ძე ქობულოვი (დ. 1906, თბილისი, — გ. 10 თებერვალი, 1955, მოსკოვი) — საბჭოთა უსაფრთხოების სამსახურების მოხელე, გენერალ-ლეიტენანტი (1945). სტალინური რეპრესიების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ბოგდან ქობულოვის უმცროსი ძმა; წარმოშობით თბილისელი სომეხი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1921 წელს მსახურობდა წითელ არმიაში, შემდეგ მუშაობდა ბუხჰალტრად, მ. შ., „ბორჯომის“ ქარხანაში. 1929 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ შინსახკომის სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში. დაწინაურდა ლავრენტი ბერიას აღზევებასთან ერთად; ითვლებოდა ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრად. 1937-1938 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო შინსახკომის ახალციხის და გაგრის რაიონული განყოფილებების უფროსი, აფხაზეთის ასსრ შინსახკომის სამმართველოს უფროსი, აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, 1938 წლის დეკემბრიდან — უკრაინის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის I მოადგილე.

1939 წლის აგვისტოში ქობულოვი გაიგზავნა საბჭოთა საელჩოს რეზიდენტად ბერლინში. გერმანელებმა სწრაფად გაშიფრეს და აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას — თითქოს გერმანიის ჯარების მობილიზება არ იყო საბჭოთა კავშირზე თავდასხმისთვის გამიზნული. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია საბჭოთა ლიდერების დეზინფორმირება. მიუხედავად ამისა, 1941 წელის ივლისში მოსკოვში დაბრუნებული ქობულოვი სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს უზბეკეთის სსრ-ში, სადაც 1945 წლის იანვრამდე იმსახურა. შემდეგ მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, იყო გულაგის უფროსის I მოადგილე. ბერიას და ბოგდან ქობულოვის დაპატიმრების შემდეგ, 1953 წლის ივნისში ამაიაკ ქობულოვი (იმ დროს შსს-ის საკონტროლო ინსპექციის უფროსის მოადგილე იყო) დააპატიმრეს და 1954 წლის ოქტომბერში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1955 წელს პროკურატურამ უარი თქვა ქობულოვის შეწყალების წერილებზე. იმავე წელს დახვრიტეს. რეაბილიტირებული არ ყოფილა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Петров Н. В., Скоркин К. В. Кто руководил НКВД, 1934—1941 : справочник / Под ред. Н. Г. Охотина и А. Б. Рогинского. — М.: Звенья, 1999. — ISBN 5-7870-0032-3.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება