სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოლექტივიზაცია (მრავალმნიშვნელოვანი).

კოლექტივიზაცია, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია სსრ კავშირშისაბჭოთა კავშირში განხორციელებული აგრარული რეფორმა, რომლის მიზანი იყო წვრილ გლეხურ მეურნეობათა გაერთიანება მსხვილ სოციალისტურ მეურნეობებად - კოლმეურნეობებად. კოლექტივიზაციას საფუძვლად ედო სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაცია და საზოგადოებრივი საკუთრების ყოვლისმომცველი სისტემის ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მექანიზმების მეშვეობით. იგი მიმდინარეობდა 1929-1933 წწ. კოლექტივიზაციას თან ახლდა ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიები.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მოახდინა მემამულეთა მიწების ნაციონალიზაცია და 150 მილიონი ჰექტარი მიწა უსასყიდლოდ გადაეცა გლეხებს, თუმცა ლენინს მიაჩნდა, რომ მიწა გლეხთა წვრილ საკუთრებაში არ უნდა დარჩენილიყო და გაერთიანებულიყო კომუნებში, არტელებსა და ამხანაგობებში. რსფსრ-ში ასეთი გაერთიანებების ჩამოყალიბება 1918 წელს დაიწყო. 1927 წლის 1 ოქტომბრისთვის კოოპერატივებში გაერთიანებული იყო გლეხური მეურნეობების 32%.

კოლექტივიზაცია დღის წესრგში დადგა ინდუსტრიალიზაციასთან ერთად. დასახული იყო წვრილი გლეხური მეურნეობების გადასვლა მსხვილ წარმოებაზე, რასაც ექნებოდა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კოლექტივიზაცია ოფიციალურ კურსად განსაზღვრა სკკპ XV ყრილობამ. კოლმეურნეობებს გადაეცა დიდძალი ტექნიკა, გაჩაღდა ბრძოლა წვრილ გლეხურ მეურნეობებთან და ე.წ. კულაკებთან, ანუ მდიდარი და შეძლებული გლეხებთან. კოლექტივიზაციის ძირითადი ტალღა განხორციელდა 1929 წელს. ამ წელს დაიწყო კულაკების, როგორც კლასის ლიკვიდაცია. პირველი ხუთწლედის ბოლოს კოლექტივიზაცია მეტწილად დასრულებული იყო. 1937 წელს კოლმეურნეობები აერთიანებდნენ სოფლის მოსახლეობის 93%-ს. 1940 წელს საბჭოთა კავშირში არსებობდა 326900 კოლმეურნეობა, ერთ კოლმეურნეობაზე მოდიოდა საშუალოდ 500 ჰა ნათესი ფართობი, ერთი კოლმეურნეობა საშუალოდ 79 კომლს აერთიანებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოხდა წვრილი კოლმეურნეობების გაერთიანება მსხვილ, მრავალდარგიან კოლმეურნეობებად.

კოლექტივიზაცია საქართველოში

რედაქტირება

საქართველოს სსრ-ში 1921 წელს იყო 2 კომუნა და 33 ამხანაგობა, მათ მფლობელობაში იყო 1475 დესეტინა მიწა. 1926 წლისთვის მათმა რიცხვმა 58-ს მიაღწია. 1940 წელს არსებობდა 4266 კოლმეურნეობა, ერთი კოლმეურნეობა საშუალოდ 112 კომლს აერთიანებდა, ერთ კოლმეურნეობაზე მოდიოდა საშუალოდ 185 ჰა ნათესი ფართობი,

„განკულაკება“ საქართველოში ძალზე მწავავედ წარიმართა. ხელისუფლებმა გლეხებს წაართვა ადგილ-მამულები, მიწა, დაქირავებული მუშები, პირუტყვი, სამუშაო მანქანები, ინვენტარი კოლმეურნეობის სასარგებლოდ. განკულაკებულთათვის ასეთი ყოფა აუტანელი შეიქმნა და მათი მხრიდან მწვავე წინააღმდეგობები გამოიწვია, დაიწყო მასობრივი გამოსვლები და დაუმორჩილებლობის მცდელობები. მათ პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართეს. ხალხი წვავდა და ანადგურებდა კოლექტივში შესატან ქონებას, თავს ესხმოდა ხელმძღვანელ ორგანოებსა და მუშაკებს.

რეპრესიები

რედაქტირება

ხელისუფლება ყოველგვარი დათმობის გარეშე მიმართავდა უხეშ და განუკითხავ ძალადობას, შეძლებული გლეხობა „ექსპლოატატორებად“ მონათლა: მამა შვილს დაუპირისპირა, ოჯახის წევრთა შორის განხეთქილება შეიტანა. დაიწყო ურჩთა მასობრივი დაპატიმრებები. 1932 წ. 7 აგვისტოს კანონით „სოციალისტური საკუთრების“ სრულიად უმნიშვნელო რაოდენობის ხელყოფაც კი 10 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა, საზოგადო საკუთრების მითვისება კი სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას ითვალისწინებდა. საეჭვო პირებს „სამეულები“ ასამართლებდნენ და ან მეზობელ რაიონებში, ან ადმინისტრაციული წესით ციმბირში ასახლებდნენ.

საგრძნობად გაიზარდა „შავსიელთა“ რაოდენობა არა მარტო კულაკებისა და „ნეპმანების“, არამედ „პოლიტიკურად არასაიმედო“ პირების ხარჯზე. ყველა საეჭვო ადამიანი „ხალხის მტრად“ შერაცხეს. მათ სამსახურიდან ათავისუფლებდნენ, შვილებს კი სკოლიდან რიცხავდნენ.

შედეგები

რედაქტირება

განუკითხაობამ 1933 წელს – კოლექტივიზაციის დასრულების წელს, – გამოიწვია მასობრივი შიმშილი, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველაზე მეტად დაზარალდა მარცვლეულის მწარმოებელი რეგიონები: – უკრაინა, ყუბანი, ვოლგისპირეთი და სხვ. უკრაინაში, კერძოდ, 7 მილიონი კაცი გაწყდა შიმშილით. უკრაინის ამ უსაშინლესი ტრაგედიის 50 წლისთავი სამგლოვიარო მარშებით აღინიშნა ევროპის დედაქალაქებში 1983 წელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება