ინდუსტრიული რევოლუცია

(გადამისამართდა გვერდიდან ინდუსტრიალიზაცია)

ინდუსტრიული რევოლუცია, ინდუსტრიალიზაცია — პერიოდი 1750 წლიდან 1850 წლამდე, სადაც ცვლილებებმა მიწათმოქმედებაში, მრეწველობაში, სამთო მრეწველობაში, ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებში ღრმა ეფექტი მოახდინა საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და კულტურულ გარემოებებზე.

ჯეიმზ უატის ორთქლის მანქანა.

ტერმინით „ინდუსტრიული რევოლუცია“ აღინიშნება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და, შესაბამისად, ახალ ინდუსტრიულ ეპოქას. თავისი ისტორიული მნიშვნელობით მას 10 ათასი წლის წინ კაცობრიობის მომთაბარეობიდან ბინადარ ცხოვრებისა და სამიწათმოქმედო მეურნეობის წესზე გადასვლა თუ შეედრება, რომელიც „ნეოლითური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი. თუკი ინდუსტრიული რევოლუცია ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის პროცესს აღნიშნავს, ტერმინი „ინდუსტრიალიზაცია“ უფრო ეკონომიკურ და ტექნიკურ მოდერნიზაციას გულისხმობს. ინდუსტრიული რევოლუციის თავდაპირველი წანამძღვარია კაპიტალის თავდაპირველი დაგროვება. ინდუსტრიალიზაცია ხანგრძლივი პერიოდია და ის მსუბუქი მრეწველობის განვითარებით იწყება. მისთვის დამახასიათებელია ცალკეული დარგების არათანაბარი განვითარება.

ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ ინგლისი, ხოლო მისი დაწყების თარიღად XVIII საუკუნის 60-იანი წლებია მიჩნეული. პირველად ინგლისში მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე.წ. „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირავებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე.წ. „შემოღობვათა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული, გლეხობის პაუპერიზაიცია გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაში ეძებნა დასაქმება.

ფეოდალური სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში ინგლისის დაწინაურებას ხელს უწყობდა ისიც, რომ კონტინენტური ევროპისაგან განსხვავებით, ინგლისელ თავადაზნაურებს კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალებოდათ (მაგ., აბსოლუტისტურ საფრანგეთში, ამგვარი საქმიანობისათვის თავადაზნაურობას ღირსების აყრა და ტიტულის ჩამორთმევა ემუქრებოდა).

სამრეწველო ბურჟუაზიის რიგების შევსებას სათავადაზნაური წოდების წარმომადგენლებით განაპირობებდა აგრეთვე ტრადიციული სამემკვიდრეო პრიმოგენიტურის პრინციპი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა წოდებრივ მობილურობას, აიძულებდა რა მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ პირებს საზოგადოებრივი იერარქიის მაღალი საფეხურიდან უფრო დაბალზე ჩამოქვეითებას.

ინდუსტრიალიზაციის დასაწყისი

რედაქტირება

ინგლისში ინდუსტრიალიზაცია ბამბის საფეიქრო მრეწველობაში დაიწყო. თავდაპირველად ინდოეთიდან შემოსული მოდურ ბამბის ქსოვილებზე მოთხოვნილების ზრდასთან ერთად, გაჩნდა მათი წარმოების გაფართოების საჭიროება. მონური შრომის შედეგად მიღებული იაფი ნედლეული ამერიკული კოლონიების ბამბის პლანტაციებიდან მოედინებოდა. ამ მოზღვავებული ნედლეულის გადამუშავება, თავის მხრივ, საწარმოო პროცესის მექანიზაციას მოითხოვდა. 1765 წელს ინგლისელმა ფეიქარმა ჯეიმზ ჰარგრივსმა ძაფის სართავი მექანიზმი გამოიგონა, შემდგომში მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული „სართავი ჯენი“ (ჰარგრივსმა თავისი გამოგონებას თავისი ქალიშვილის პატივსაცემად „ჯენი“ დაარქვა). ამას მოჰყვა მექანიკური საქსოვი დაზგის გამოგონება. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის ინგლისში ჩნდება ორთქლის მანქანაზე მომუშავე პირველი საფეიქრო ფაბრიკები. მანუფაქტურული(ხელით) წარმოება მექანიზებული საფაბრიკო წარმოებით იცვლება. ახალი საფეიქრო ინდუსტრიის ცენტრი ლანკაშირი გახდა, ლივერპული კი მთავარი პორტი, რომელიც მის ტვირთებს ემსახურებოდა.

მანქანათმშენებლობამ გაზარდა მოთხოვნილება იმ დროისთვის მთავარ ენერგომატარებელზე — ქვანახშირზე და შესაბამისად, ბიძგი მისცა სამთომადნო მრეწველობის განვითარებას. ინდუსტრიული პროდუქციის (საფეიქრო, სამთომადნო) ზრდასთან ერთად, აქტუალური გახდა მისი ტრანსპორტირების საკითხი. შემთხვევითი არაა, რომ პირველი ორთქმავალი ლოკომოტივი ინგლისში შეიქმნა და მსოფლიოში პირველმა რკინიგზამ სწორედ მანჩესტერი და ლივერპული დააკავშირა ერთმანეთთან (1825). მანქანათმშენებლობისა და რკინიგზის მშენებლობის პარალელურად ვითარდებოდა მეტალურგიული მრეწველობა.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ ინგლისი სხვებისათვის მისაბაძ „მსოფლიო საამქროდ“ აქცია. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ინდუსტრიალიზაციის პროცესი კონტინენტურ ევროპაშიც იწყება და სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული ინტენსივობით ვითარდება. განსაკუთრებით გერმანია დაწინაურდა, სადაც ინდუსტრიალიზაციის გზა პრუსიამ გაუკვალა. ერთიანი გერმანული სახელმწიფოს შექმნის დროისთვის (1871) გერმანია უკვე განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა იყო, XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში კი მსოფლიო ბაზარზე ინგლისის მთავარი კონკურენტი გახდა.

ინდუსტრიალიზაცია სსრკ-ში

რედაქტირება

სსრკ-ში ინდუსტრიალიზაციას სათავეში ედგა კომუნისტური პარტია და მისი ლიდერი სტალინი. პარტიის მიერ წარმოებული სოციალური მშენებლობა ითვალისწინებდა მრეწველობის ინდუსტრიალიზაციას, მსხვილი წარმოების უპირატეს განვითარებას. ინდუსტრიული რევოლუციის განხორციელება გადაწყდა 1925 წელს. საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაცია წარიმართა მძიმე მრეწველობის უპირატესობით. 1940 წლისთვის სამრეწველო პროდუქციის წარმოება 1928 წელსთან შედარებით გაიზარდა 6,8-ჯერ. საბჭოთა კავშირის სამრეწველო პროდუქციის წარმოებით გადავიდა მსოფლიოში მეორე და ევროპაში პირველ ადგილზე და აგრარულიდან ინდუსტრიულ ქვეყნად გადაიქცა. ინდუსტრიალიზაცია სსრკ-ში გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც.

ინდუსტრიალიზაცია საქართველოს სსრ-ში

რედაქტირება

საქართველოს სსრ-ში ინდუსტრიალიზაციას სერიოზული წარმატება ვერ შეიძლება მოეპოვებინა, რადგან მრეწველობის დონე 1925 წლისათვის 1914 წლის დონეს ვერ უტოლდებოდა. თუმცა, ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური ეფექტი კოლექტივიზაციაზე გაცილებით დიდი იყო. საქართველოს სსრ-ში ინდუსტრიალიზაციის მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგმულ იქნა ჰიდროენერგიის ათვისებისა და ჰესების მშენებლობის მიმართულებით. აშენდა ჰიდროელექტროსადგურები ზაჰესი (1923-1927) და რიონჰესი (1927-1933). გარდა მსხვილი ჰესებისა, აშენდა მრავალი მცირე ჰესი. ჰიდრორესურსების ათვისების შედეგად პირველი წარმატებები მოპოვებულ იქნა ქვეყნის ელექტრიფიკაციაში. განვითარდა მძიმე მრეწველობა. მეტი ინტენსივობით ამუშავდა ჭიათურის მანგანუმის ქარხანა, ტყიბულისა და ტყვარჩელის ქვანახშირის წარმოება, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 1933 წელს ამუშავდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მსუბუქ მრეწველობაში ამუშავდა აბრეშუმის, კვების მრეწველობის, სამკერვალო ფაბრიკები.

ლიტერატურა

რედაქტირება