პავლე ინგოროყვა

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე

პავლე იესეს ძე ინგოროყვა (დ. 1 ნოემბერი, 1893, ფოთი — გ. 20 ნოემბერი, 1983, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, რუსთველოლოგი.

პავლე ინგოროყვა
დაბ. თარიღი 1 ნოემბერი, 1893(1893-11-01)
დაბ. ადგილი ფოთი
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1983(1983-11-20) (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქმიანობა ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ფოთში. იქვე დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 19 წლის ასაკში, სწავლა დაიწყო სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი „ძველ-ქართული სასულიერო პოეზია“. ეს იყო ქართული სასულიერო პოეზიის ძეგლთა შესწავლის და გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდა. 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია „თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1916 წელს, სამშობლოში დაბრუნდა.

1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის „გალობანი ვარძიისანი“. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო „საქართველოს მწერალთა კავშირის“ წევრი. 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ინგოროყვამ მოამზადა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები საქართველოს საზღვრებისა და მოსახლეობის შესახებ. 1920 წელს მან მოამზადა ადმინისტრაციული დაყოფის პროექტი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაუბრუნდა სამეცნიერო საქმიანობას. 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო „შავჩოხიანთა ჯგუფის“ წევრი. 1924 წელს დააფუძნა და 1924-1925 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „კავკასიონს“. 1925 წელს ჟურნალი აკრძალა ხელისუფლებამ როგორც „შოვინისტური“ გამოცემა. 1925 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა „ქართული წიგნი“, რომელმაც ინგოროყვას რედაქციით 1926-1928 წლებში გამოსცა ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული. აღნიშნული მრავალტომეულის და ეროვნული ხასიათის სხვა წიგნების გამოცემის გამო, 1933 წელს გამომცემლობა დახურეს. 1924-1928 წლებში, დაიწყო აქტიური მუშაობა „ვეფხისტყაოსნისა“ და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929-1939 წლებში განაგებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას. 1936-1938 წლებში იყო „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ რედაქციის განყოფილების გამგე. ეს პროექტი არ განხორციელდა, რისი მთავარი მიზეზი იყო სარედაქციო წევრთა დიდი ნაწილის რეპრესიები. 1955 წელს უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე მონოგრაფიაში „გიორგი მერჩულე“ აფხაზეთის შესახებ გაკეთებული დასკვნების გამო. ნაშრომი საბჭოთა ცენზურამ სტამბიდან ამოიღო და ტირაჟის დიდი ნაწილი გაანადგურა.

პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სამეცნიერო მოღვაწეობა

რედაქტირება

პავლე ინგოროყვამ თავისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და „ვეფხისტყაოსნის“ კვლევას. მან ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ – 1953 და 1971 წლებში. შექმნა უამრავი ნაშრომი: „რუსთაველიანა“ (1926), „რუსთაველიანაზე“ (1927), „რუსთაველი და მისი პოემა“ (1937), „რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა“ (1940-1941), „შოთა რუსთაველი“ (1937), „რუსთველიანას ეპილოგი“ (1963).

მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია „გიორგი მერჩულე“ (1954). მასში განხილულია V-X საუკუნეების ქართული სასულიერო პოეზია, გამოვლენილი და გამოქვეყნებულია მანამდე უცნობი პოეტ-ჰიმნოგრაფების თხზულებები. ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი.

ინგოროყვას ეკუთვნის გამოკვლევები ქართველ მწერლებზე. ავტორია მონოგრაფიებისა „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1938), „აკაკი წერეთელი“ (1940), „ილია ჭავჭავაძე“ (1951). გამოსცა ვ. ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის. მისივე რედაქტორობით გამოიცა გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „ჩვენი საუნჯის“ VI ტომი, თანარედაქტორია „შაჰნამეს“ II ტომის, „ქილილა და დამანას“ და „ვისრამიანის“ გამოცემებისა.

ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 205.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება