საკალანდარიშვილოს ციხე

საკალანდარიშვილოს ციხე — ციხესიმაგრე მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, საკალანდარიშვილოს უბნის სიახლოვეს, მაღალ მთაზე[1]. ციხე შედგება ერთი კოშკისა და ორი გალავნისაგან.

პირველი გალავანი აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრავდა კოშკში შესასვლელს. მეორე გალავანი კოშკს უვლის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. გალავნის ხაზი წრიულია, ისე როგორც თხრილისა (გალავნის მაქსიმალური ზომებია: 23X26 მ). ორივე გალავანი კოშკზე მეტადაა დაზიანებული და ზოგან 4-5 მეტრის სიმაღლეზეა შერჩენილი. ამ კედლებზეც არავითარი ამბრაზურა არ არის შემორჩენილი. არც ის ჩანს, თუ როგორ მთავრდებოდა გალავნის ზედა ხაზი.

კოშკი თითქმის კვადრატული გეგმისაა (გარე ზომები - 7,0X7,2 მ). მისი აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები შუაზეა გაპობილი. კოშკს თავიც მორღვეული აქვს, ამიტომ სართულიანობა არ ირკვევა. აღმოსავლეთის კედლის ცენტრალური ნაწილი გამორღვეულია, მაგრამ ერთგან დარჩენილია მცირე ფრაგმენტი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ კარი მეორე სართულზე ყოფილა. პირველი სართული ჩამონაყარი ქვებითაა სავსე, მაგრამ ჩანს, რომ სარდაფის სართული კამაროვანი ყოფილა, ერთგან ჩასასვლელიცაა. ზედა ორი სართული სართულშუა გადახურვა კი კოჭოვანი ყოფილა. დარჩენილ კედლებში არავითარი ამბრაზურები არ არის. კოშკის კედლები ნაგებია ისეთივე კირქვით, როგორც სხვაგან. ფასადები მოპირკეთებულია მქისედ გათლილზედაპირიანი ქვით. წყობა ჰორიზონტალური რიგებით ისეთივეა, როგორც იმ ეპოქის სხვა ძეგლებზე. გალავნის მოპირკეთებაც მსგავსია, მაგრამ ქვები უფრო მოზრდილია და წყობაც ცოტათი ჩამოუვარდება კოშკისას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე, „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევის ხუროთმოძღვრება“, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ. 1991 წ.

სქოლიო რედაქტირება