აკაკი წერეთელი

ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი [ძვ. სტ. 9 ივნისი], 1840, სხვიტორი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია — გ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1915, სხვიტორი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულების ერთ-ერთი ლიდერი. სტრიქონები აკაკის ლექსიდან „ხატის წინ“ გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნში „თავისუფლება“.

აკაკი წერეთელი
დაბადების თარიღი 9 (21) ივნისი, 1840
დაბადების ადგილი სხვიტორი, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1915(1915-01-26) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი საჩხერე
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus გამზრდელი, სულიკო და თორნიკე ერისთავი
მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია
შვილ(ებ)ი ალექსი წერეთელი
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

წარმომავლობა რედაქტირება

 
აკაკი ბავშვობაში.

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 (21) ივნისს ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედის მხრიდან აკაკი წერეთელი იყო იმერეთის მეფის პირდაპირი შთამომვალი. იმერეთის მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო აკაკის დედა - ეკატერინე აბაშიძე. ეკატერინეს ბაბუა ქაიხოსრო აბაშიძე იყო 1810 წლის იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო ეკატერინეს მამა ივანე აბაშიძე იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი. ამ აჯანყებების გამო ეკატერინეს ოჯახს რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დევნიდა. 12 წლიდან ეკატერინე მამია V გურიელის კარზე იზრდებოდა, 20 წლისა კი როსტომ წერეთელს მიათხოვეს.

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 ივნისს, სოფელ სხვიტორში. ამ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ბავშვის გაძიძების ძველი ქართული ტრადიცია. აკაკი სოფელ სავანეში, გლეხების, ფარსადან ყანჩაველის და მანო სადუნიშვილის ოჯახში გაგზავნეს აღსაზრდელად. მოგვიანებით ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“, აკაკი დიდი პატივისცემით იხსენიებს ძიძობის ინსტიტუტს.

განათლება რედაქტირება

1852 წელს აკაკი შინ დააბრუნეს სკოლაში სწავლის დასაწყებად. ის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. სკოლაში გავრცელებული ხელისგულზე სახაზავით ცემის პრაქტიკის გამო, აკაკის არ უვარგოდა კალიგრაფია. მასწავლებლების, ფრანგი ტურესის და პოლონელი როდზიევიჩის საუბრის მოსმენამ აკაკის გადააწყვეტინა სწავლის გაგრძელება სანქტ-პეტერბურგში სამხედრო სასწავლებელში. 1859 წელს მან შეწყვიტა სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში და ოთხი თვე ემზადებოდა როდზიევიჩთან. იმავე წელს გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში, სადაც უკვე ცხოვრობდა მისი ძმა იასონი. იასონი მსახურობდა კონვოიში. აკაკი თვალს ადევნებდა ქართველების კონვოის ქართველი მოსამსახურეების ცხოვრებას სანქტ-პეტერბურგსა და ცარსკოე სელოში და გადაიფიქრა სამხედრო განათლების მიღება. სანაცვლოდ, გადაწვიტა ჩაებარებინა უნივერსიტეტში. ამასვე ურჩევდნენ სანქტ-პეტერბურგელი ქართველი სტუდენტები, რომელთა შორისაც ბევრი ქუთაისელიც იყო. 1859 წელს აკაკი გახდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი. სტუდენტების ნაწილთან აკაკის არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას ჯაშუშობაც კი დააბრალეს. ამ ვითარების და მატერიალური გაჭირვების გამო აკაკიმ უნივერსიტეტის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა. მან 1862 წლის მარტში ჩააბარა უკანასკნელი გამოცდა და წარადგინა საკანდიდატო ნაშრომი, რომელიც კომისიამ მოიწონა. მაგრამ აკაკიმ დიპლომი ვერ მიიღო, რადგან არც გიმნაზიის დიპლომი ჰქონდა მიღებული, მისი მიტოვების გამო.

ოჯახი რედაქტირება

აკაკი წერეთელი დაოჯახებას არ აპირებდა, მაგრამ 1864 წელს მოსკოვში ყოფნის დროს მოულოდნელად და დაუფიქრებლად ცოლად მოიყვანა ნატალია ბაზილევსკაია. მასთან ჰყავდა შვილი ალექსი. აკაკის ოჯახი იშვიათად ჩადიოდა საქართველოში, შვილს ქართული ენაც არ უსწავლია, ის საბალეტო თეატრის ანტერპრენორი გახდა და ბევრს მოგზაურობდა. მეუღლე აკაკის ხშირად სთხოვდა ფულს და აკაკიც ვალებს იღებდა და უგზავნიდა მას ფულს სხვადასხვა ქალაქებში. 1909 წელს პარიზში სამკურნალოდ მყოფ აკაკის ოჯახის წევრები არ დაეხმარნენ.

სალიტერატურო მოღვაწეობა რედაქტირება

 
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში

საქართველოში დაბრუნებულ წერეთელს სამსახური არ უძებნია, გადაწყვიტა, რომ არსად ემუშავა. შემოსავალს მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობით იღებდა. აკაკი მალე ჩაერთო მამებისა და შვილების ბრძოლაში, აკრიტიკებდა ძველი თაობის წარმომადგენლებს. 1875-1876 წლების სვანეთის აჯანყების შემდეგ აკაკი წერეთელი გამოდიოდა სასამართლოზე აჯანყებულების ერთ-ერთ ადვოკატად. საჩხერეში მოიწვია გეოლოგი სვიმონოვიჩი ჭიათურის მანგანუმის საბადოს შესასწავლად. 1889 წლის მაისში შესთავაზეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის დირექტორობა, თუმცა უარი თქვა. გარდა იმისა, რომ არ უნდოდა სამსახურში ჩადგომა, მას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ბანკების მიმართ.

ნაწყვეტი ფილმიდან „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“

მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა“, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო 1907 წელს დაპატიმრებულიც კი იყო. 1905 წელს აღტაცებით შეხვდა რუსეთის რევოლუციას, რომელსაც მიუძღვნა ლექსები „თქვენი ჭირიმე“ და „ნატვრა“. რუსეთ-იაპონიის ომში რუსეთის დამარცხებას მიუძღვნა ლექსი „გურული ნანინა“

 
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.

წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი. ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 1908 წელს, რომელიც, ისევე როგორც 1912 წლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში გრანდიოზულ დღესასწაულად გადაიქცა. ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. 1912 წელს მონაწილეობდა არჩევნებში, სადაც დამარცხდა.

1912 წლის ნოემბერში დაწერა ანდერძი, რომლითაც ქონების ძირითად ნაწილს უტოვებდა ოჯახს, სხვიტორის მამულს კი წერა-კითვის საზოგადოებას, ვენახი კი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 74 წლის ასაკში, ტვინში სისხლის ჩაქცევისგან. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის გამზირი.

შემოქმედება რედაქტირება

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

აკაკი წერეთლის მსოფლმხედველობის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა პოემა „გამზრდელი“ (1898), რომლითაც თავადაც ამაყობდა. ლექსებიდან ცნობლია ლექსი „სულიკო“, რომელიც პოპულარულ სიმღერად იქცა. ლიტერატურაში დავაა იმის შესახებ, თუ ვის ან რას გულისხმობს აკაკი ლექსში ნახსენებ საყვარელში. ყველაზე გავრცელებული ვერსიებია სამშობლო (ვასილ ბარნოვი), სატრფო (გრიგოლ რობაქიძე) და ღმერთი (აკაკი ბაქრაძე). „ჩემი თავგადასავლი“ ავტობიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებია, რომელშიც საკუთარი ბავშვობა და განათლება აქვს აღწერილი. ორი პოემა მიუძღვნა აკაკიმ საქართველოს გაქრისტიანებას: „ანდრია პირველწოდებული“ და „წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“. ეს უკანასკნელი კვალდაკვალ მიჰყვება „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ტექსტს. ლექსში „ჩემი ჭმუნვა“ უპირისპირდებოდა მარქსიზმს. ლექსში „ძმობა, ერთობა და სიყვარული“ მხარს უჭერდა ხალხთა მეგობრობას.

ლიტერატურა რედაქტირება

 
აკაკი სასიკვდილო სარეცელზე (დავით აბაშიძის ფოტო)
  • აბაშიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 304.
  • ბაქრაძე ა., აკაკი წერეთელი: ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2015, ISBN 978-99940-28-99-3.
  • ინგოროყვა, პ.: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი: ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი - თბილისი: მერანი, 1983
  • ასათიანი გ., სათავეებთან, თბილისი, 1982;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბილისი, 1974;
  • ზანდუკელი მ., თხზულებანი, ტ. 2 - ახალი ქართული ლიტერატურა, თბილისი, 1972;
  • მახარაძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, გამოც. მე-3, ტ. 1, თბილისი, 1972;
  • ხინთიბიძე ა., აკაკის ლექსი, თბილისი, 1972;
  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართლი ლიტერატურის შესახებ, თბილისი, 1970;
  • გაჩეჩილაძე ა., აკაკი წერეთელი, თბილისი, 1966;
  • ასათიანი ლ., ცხოვრება აკაკი წერეთლისა, გამოც., მე-2, თბილისი, 1965;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 1, 4, თბილისი, 1958, 1963
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბილისი, 1959;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: